გეოპოლიტიკატექნოლოგიები

ჩინეთის სპეცსამსახურები ბალტიისპირეთშიც გააქტიურდნენ

ბალტიისპირეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ღელავენ, რომ რუსული საფრთხის გარდა, რეგიონში ჩინეთის სპეცსამსახურებიც იწყებენ გააქტიურებას

მარტის შუა რიცხვებში ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება. „მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კორონავირუსულმა (COVID-19) დაავადებამ გარკვეული პერიოდით სხვა პრიორიტეტები წამოწია წინ, ეროვნული უსაფრთხოება კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება“, განაცხადა VDD-ის ხელმძღვანელმა ნორმუნდს მეჟვიეცმა. მსგავსი ანგარიშები გამოაქვეყნეს მანამდე ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურმა (EFIS), ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული მეორე საგამოძიებო დეპარტამენტმა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამივე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა წლიურ ანგარიშებში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს ბალტიისპირეთში ჩინეთის მზარდ მტრულ მოქმედებებზე.

EFIS-ის მოხსენებაში ხაზგასმულია: „ერთადერთი არსებული საშიშროება, რომელიც საფრთხეს უქმნის ესტონეთის სუვერენიტეტს არის რუსეთის პოტენციური სამხედრო ოპერაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ. ბალტიისპირეთში ნატოს ძალებთან შედარებით, ძალათა ბალანსი აშკარად რუსეთის მხარეს იხრება. კალინინგრადის (ძლიერ მილიტარიზებული რუსული ტერიტორია რეგიონში) გამოკლებითაც კი რუსეთს აბსოლიტური უპირატესობა აქვს შემტევი აღჭურვილობის თვალსაზრისით – ტანკები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, სარაკეტო არტილერია.“

თავის მხრივ, ლატვიური VDD-ის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში რუსული ქმედებები ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ კვლავ გამძაფრებული იყო. შედეგად, VDD-ის დღის წესრიგს რუსეთის გავლენების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებები ადგენდა. 2020 წლის მარტის მოხსენების თანახმად, რუსეთი კვლავ ლატვიური კონტრდაზვერვის უმთავრეს გამოწვევად სახელდება. ეს რუსული საფრთხეები არა მარტო საკუთრად რუსეთის ტერიტორიიდან, არამედ მარიონეტების (მაგ: მოსკოვის მხარდაჭერილი სასაზღვრო კრიმინალური დაჯგუფებები) გზითაც წარმოიშვა, რომელთაგანაც ბევრი დსთ-ს წევრ ქვეყანას წარმოადგენს. ამ რუსულ სადაზვერვო ოპერაციებში შედის არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპანიებში (მაგ: ბალტიკის რკინიგზის მშენებლობაში ჩართული კომპანიები), არამედ ლატვიის მუნიციპალიტეტებში შეღწევა და სხვა, საზღვრისპირა ინიციატივები.

მაგალითად, VDD-მა 2019 წელს გამოავლინა რამდენიმე პოტენციურად საშიში საზღვრისპირა „თანამშრომლობის“ პროექტი ადგილობრივ რუსულ ორგანიზაციებთნ. ორ შემთხვევაში ლატვიურ მუნიციპალიტეტებს დაგეგმილი ჰქონდათ გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება პსკოვის სამხარეო ადმინისტრაციასთან და რუსეთში არსებულ სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, რაც გულისხმობდა რუსეთში წარმოებული სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას, ბუნებრივი რესურსებისა და გარე რეკრეაციული ადგილების მონიტორინგისთვის. ამასთან ერთად, როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ეს პროექტები ითვალისწინებდნენ ვიდეოკონტროლის მონაცემების შენარჩუნებას რუსეთის ტერიტორიაზე და მესამე პირების შესაძლებლობას, რომ დისტანციურად ჰქონოდათ ვიდეო ფაილებზე წვდომა. VDD ასკვნის, რომ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის დაზვერვა ასე ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია ნატოს (EFP) ძალების რაოდენობაზე, აღჭურვილობაზე, გადაადგილებაზე და ა.შ.

ესტონეთის სადაზვერვო სამსახურმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ 2019 წელს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული რუსული კიბერშეტევრბი დაუსჯელი დარჩა და 2020 წელს კვლავ გაგრძელდება მსგავსი ოპერაციები. მოხსენებაში ნათქვამია: „რუსეთი ისეთ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს ანიჭებს უპირატესობას, რომელთა კიბერუსაფრთხოების დონე ძალიან დაბალია და აქვთ ინფორმაციები სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებული“.

ამავდროულად, გასულ წელს ათასობით ლიეტუველმა ისარგებლა რუსეთის უვიზო რეჟიმით მეზობელ კალინინგრადში სამოგზაუროდ. ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამ მოგზაურობებს სპეციალურად უწყობს ხელს, რათა გადაამზადოს ადგილობრივი ლიეტუველი ჯაშუშები. ბოლო დროს ლიეტუვის დაზვერვის თანახმად, რუსეთი იღებს ინფორმაციას უცხოელთა ჩამოსვლის შესახებ და შემდეგ ამოწმებს, თუკი ეს პირები ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ან თუ მათი გადაბირება მარტივია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყოფილ და აქტიურ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, სამართალდამცავებს, სამხედრო მოსამსახურეებს და რუსეთში გამგზავრებულ ჟურნალისტებს.

გასული წლის მდგომარეობით, ლიეტუვამ განაგრძო რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტირება კერძო მწარმოებელ ნოვატეკისგან, რაც, სადაზვერვო სამსახურის თქმით, საფრთხეს უქმნის ლიეტუვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კლაიპედას ტერმინალის გზით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვით, ნოვატეკი თამაშობს იმ გრძელვადიან რუსულ თამაშს, რომლის საბოლოო მიზანი რეგიონალურ გაზის ბაზარზე დომინირებაა. ნოვატეკის აქციის მფლობელები, გენადი ტიმჩენკოს ჩათვლით, რომელსაც აშშ-სგან სანქციები აქვს დაწესებული, წარმოადგენენ ვლადიმერ პუტინის ვიწრო წრეებში მყოფ პირებს.

ვლადიმერ პუტინი და გენადი ტიმჩენკო

რაც შეეხება ჩინეთს

მიუხედავად იმისა, რომ რუსული საფრთხე უმთავრეს გამოწვევად რჩება, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა შეშფოთებულია ჩინური სადაზვერვო სამსახურების ქმედებებით რეგიონში. როგორც VDD აღნიშნავს, ჩინური სპეცსამსახურები უფრო და უფრო ინტერესდებიან ლატვიით. ხოლო 2019 წელს ლატვიის კონტრდაზვერვამ გამოავლინა ჩინური მხარის სასარგებლოდ შიდა ლობირების არაერთი მაგალითი. VDD გამოქვეყნებული ანგარიშის ბოლოს ხაზს უსვამს, რომ ჩინეთის მოქმედებები ძირითადად კერძო და საჯარო სექტორში ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება.

წელს ლიეტუვის დაზვერვამ პირველად გააფრთხილა ხალხი ჩინეთის შპიონაჟის გააქტიურობაზე ქვეყნის შიგნით. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურები ეძებენ მეთოდებს, დაუკავშირდნენ და გავლენა იქონიონ ლიეტუვის მოქალაქეებზე, რასაც ძირითადად კარიერაზე ორიენტირებულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მეშვეობით ცდილობენ.

ლიეტვური და ესტონური სადაზვერვო სამსახურები ეჭვის თვალით უყურებენ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივას და თვლიან, რომ აქედან შემოსული ინვესტიციები კითხვებს აჩენენ ჩინური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. მაგალითად, დასავლურზე უფრო იაფი და ამ ეტაპზე ხარისხიანი ჩინური 5G ქსელების განთავსება გრძელვადიან პერსპექტივაში სახიფათოა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის საელჩომ ტალინში, გააკრიტიკა ესტონური თავდაცვის სამსახურის გამოქვეყნებული ბოლო მოხსენება ყველაფერი უარყო და ცილის წამება უწოდა.

ამის მიუხედავად, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მეორე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკ რემიგიჯუს ბალტრინას თქმით, რისკი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩინეთის კანონი Huawei-სა და სხვა სახელმწიფოსთან ასოცირებულ კერძო კომპანიებს სთხოვს მათი მომხმარებლების მონაცემების შეგროვებასა და ჩინური სადაზვერვო სამსახურებისთვის გადაცემას.

ჰიბრიდული ომი, ჯაშუშობა, ექსტრემიზმი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ყალბი ამბები და პოპულიზმი, ისევე როგორც წინა წლებში, დღესაც მნიშვნელოვანი პრობლემებია ბალტიისპირეთში, თუმცა ახლად გააქტიურებულ ჩინურ სპეცსამსახურებს, იმის ფონზე, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, აუცილებლად უნდა დაუთმონ მნიშვნელოვანი ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა.

სტატიის ორიგინალი: http://euromaidanpress.com/2020/04/03/baltic-intelligence-agencies-increasingly-worry-about-threats-from-china-in-addition-to-russia/

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button