კავკასიატექნოლოგიები

რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები თურქული დრონების წინააღმდეგ

„ყარაბაღის მეორე ომი“ – როგორც მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უწოდა, გამორჩეულია თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი დამრტყმელი და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების აქტიური გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ შეიარაღებული ძალების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვას, თითოეულ მხარეს ეხმარება მათზე ბევრად განვითარებული და სამხრეთ კავკასიაში ინტერესების მქონე ორი უდიდესი სახელმწიფო: რუსეთი და თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობას უარყოფს, იკვეთება გარკვეული მტკიცებულებები, მაგალითად, დრონების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული სისტემების გამოყენების კვალი, რომელიც კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.

„კრასუხა“ არის მობილური რადიოელექტრონული ჩამხშობი სისტემის დასახელება, რომელსაც, ყარაბაღის კონფლიქტში, სულ მცირე 10 თურქული უპილოტო საფრენი აპარატის (Bayraktar TB2 / ბაირაქთარი) ჩამოგდებას უკავშირებენ. თუ სიმართლეა (ჯერჯერობით არავინ უარყოფს), გამოდის, რომ ეს სისტემა, მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით, სომხეთში მდებარე გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მიდამოებიდან მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა „კრასუხები“ ზაფხულში მომხდარი სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ გადაისროლეს სომხეთში, რათა შეეჩერებინათ აზერბაიჯანის შეიარაღებაში არსებული თურქული დამრტყმელი (Bayraktar) და ებრაული კამიკაძე (IAI Harop, Orbiter) დრონების წარმატებული ოპერაციები.   

თურქულმა ბაირაქთარებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს როგორც სირიასა და ლიბიაში, ასევე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ მათ შეიარაღებაში არსებული თურქული დრონები მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას, ცოცხალ ძალასა და სხვადასხვა სამხედრო ობიექტს. აზერბაიჯანის არმიის წარმატებული სამხედრო ოპერაცია, დიდწილად, სწორედ ამ დრონების დამსახურებაა.

ბაირაქთარი გახლავთ სტანდარტული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც GPS-ის საშუალებით მიემართება სამიზნე ობიექტისკენ. მისი ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იწარმოება, მაგალითად, დრონის მრავალსპექტრულ კამერას (MX-15D) კანადური კომპანია – Wescam ამზადებს, ხოლო მის ძრავას, რომელიც, დაახლოებით 100-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ავსტრიული BRP-Rotax. კანადამ ძალადობის შესაჩერებლად გადაწყვიტა შეეჩერებინა თურქეთისთვის Wescam-ის კამერების მიწოდება, თუმცა კვლავ აგრძელებს ძრავების მიწოდებას, რომლის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია (BRP-Rotax) კანადურ Bombardier Recreational Products ეკუთვნის. ეჭვგარეშეა, რომ ბაირაქთარის სხვა ნაწილებიც ევროპასა და აშშ-ში იწარმოება. 

Bayraktar TB2

„კრასუხა“ არის ფართოხაზოვანი მრავალფუნქციური ჩამხშობი სადგური. მისი მწარმოებელი გახლავთ რუსული KRET (Concern Radio Electronic Technologies), რომელიც Rostec Group-ის წევრია. უკრაინის ომში აქტიური საქმიანობის გამო 2014 წლიდან ეს კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.

KRET წარმოადგენს ჰოლდინგს და შედგება 70-მდე მწარმოებელი კომპანიისგან, რომლებიც მთელი რუსეთის გარშემო მუშაობენ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით და ჰყავთ, დაახლოებით, 50 000 თანამშრომელი.

თავდაპირველად, „კრასუხა“ შეიქმნა რუსული სამხედრო ბაზებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასაცავად – მძლავრი ჩამხშობი სიგნალების წყალობით მას საჰაერო სადაზვერვო რადარები გამოჰყავდა მწყობრიდან. მოგვიანებით კი რუსებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სისტემით შეიარაღებული დრონების განეიტრალებაც შესაძლებელი ყოფილა. მათ ამ სისტემით წარმატებით დაიცვეს ხმეიმიმის ავიაბაზა სირიაში, რომელსაც, მანამდე დრონები ჯგუფურად ესხმოდნენ თავს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ.

რუსული პრესის ინფორმაციით სომხეთში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანის არმიის ბაირაქთარები სწორედ „კრასუხას“ ჩამოყრილია. რამდენიმე მათგანის სურათი გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედებს რუსული რადიოელექტრონული სისტემის უახლესი მოდელი – „კრასუხა-4“. იგი დამონტაჟებულია სატვირთო მანქანაზე, და, ძირითადად, გამოიყენება რუსული ბაზების დასაცავად. რამდენადაც ცნობილია, სისტემა არ არის სომხეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და არც მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს არ არის განთავსებული, თუმცა მისი მოქმედების არეალი 300 კმ-მდეა.

„კრასუხა“ იმავე გზით ახშობს დრონის კომუნიკაციებს, რა გზითაც ბლოკავს და მწყობრიდან გამოყავს ჰაერში სპეციალურ სადაზვერვო პლატფორმებზე ბაზირებული რადარები. აღსანიშნავია, რომ გზააბნეულ უპილოტო საფრენ აპარატზე კონტროლის დამყარება მის შესაძლებლობებს აღემატება. როგორც ჩანს, ბაირაქთარებს სადგურთან კონტაქტის დაკარგვის ან GPS სიგნალის ჩახშობისას არ გააჩნიათ „სახლში დაბრუნების“ ავტომატური ფუნქცია. დრონების უმეტესობა მისიის დასრულების შემდეგ ბაზაზე დაბრუნების მიზნით კვლავ GPS ეყრდნობა. ამიტომ რუსული რადიოელექტრონული სისტემები თურქული და ებრაული დრონების გასანეიტრალებლად მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.

“კრასუხას” სამართავი ცენტრი

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე თურქული დრონი სომხეთის საჰაერო სივრცეში, გიუმრის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი დრონების სურათებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიდან გასროლილი რაკეტების არანაირი კვალი არ ჩანს, რაც კიდევ უფრო ზრდის „კრასუხას“ მონაწილეობის ალბათობას. საინტერესოა ისიც, კონფლიქტის ზონიდან ძალიან შორს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდა მწყობრიდან გამოსული რამდენიმე კამიკაძე დრონი, რაც, სავარაუდოდ, ასევე, ამ სისტემის ნახელავია. აღსანიშნავია, რომ არც თურქულ-აზერბაიჯანულ და არც რუსულ-სომხურ მხარეს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, ამავდროულად, ისინი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კონფლიქტში რუსული რადიოელექტრონული სისტემების მონაწილეობის შესახებ არ უარყოფენ.

სომხეთის მიერ ივლისში ჩამოყრილი აზერბაიჯანული დრონების ნაწილები

გამოყენებული მასალა: https://asiatimes.com/2020/10/russia-knocking-turkish-drones-from-armenian-skies/

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button