გეოპოლიტიკაკულტურა

რუსული კულტურის ცენტრი თბილისში – მორიგი პოლიტიკური იარაღი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან – ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გრიგორი კარასინმა რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში დააანონსა. მისი აზრით ეს ხელს შეუწყობს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.

„რუსეთ-საქართველოს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი ეს კულტურული ხასიათის ღონისძიება, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას, ინციდენტების გარეშე ჩაივლის“

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

პოლიტიკა და კულტურა

გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. „სადაც კულტურაა იქ პოლიტიკას არაფერი ესაქმება“ და მსგავსი ფრაზები უკვე დიდი ხანია გავრცელებულია საქართველოში. რეალურად კი ამ იდეის გავრცელება სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მზაკვრულად, კულტურის გზით გახდა პოპულარული.

პოლიტიკა და კულტურა რომ ურთიერთგადაჯაჭვული და განუყოფელი ცნებებია, ამას საქართველოს ისტორიაც ადასტურებს.

საქართველოს გასაერთიანებლად, ფარნავაზის დროიდან მოყოლებული („ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული და არღარ იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა.“), ქართველი პოლიტიკოსები უმთავრეს პოლიტიკურ იარაღად სწორედ კულტურის თვალსაჩინო მაგალითს – ქართულ ენას იყენებდნენ. პოლიტიკურად ერთიანი საქართველოს პირველ ფორმულას გრიგოლ ხანცთელთანაც ვხვდებით:„ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.“

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი არის ეკლესია – ქართული კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი: ძლიერი მუსლიმური სახელმწიფოებით გარშემორყმულ საქართველოში ქართული ეკლესია ყოველთვის წარმოადგენდა მძლავრ პოლიტიკურ იარაღს მოსახლეობაში რწმენისა და ერთიანობის შესანარჩნუნებლად. ქართველი მეფეები ყოველთვის ცდილობდნენ ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, რადგან განადგურებულ საქართველოში გაჭირვებისა და უიმედობის ჟამს სწორედ ეკლესია აძლევდა ხალხს იმედსა და რწმენას. მუსლიმთა ბატონობის დროს ეკლესია იქცა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების უმთავრეს დასაყრდენად. შესაბამისად, ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლაც ყოველთვის დიდი იყო.

კულტურა დღემდე ყველაზე მძლავრი პოლიტიკური იარაღია

სახელმწიფოების სამხედრო ძალით დამორჩილება აღარ წარმოადგენს დამპყრობლების პრიორიტეტს, რადგან, ადრე თუ გვიან, ყოველთვის იწვევს დიდ წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას. სამაგიეროდ, წინ წამოიწია კულტურული დაპყრობის იდეამ, რომელიც მართლაც ბევრად უფრო მომგებიანი და გრძელვადიანი აღმოჩნდა. მაგალითად, თუ გადავხედავთ მეფის რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთი სწორედ საკუთარი კულტურის გავრცელებით ცდილობდა დაემორჩილებინა და გადაებირებინა ქართველი ხალხი: რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის გაუქმება და რუსი ეგზარქოსების დანიშვნა, ეკლესიასა და თავად-აზნაურობაში რუსული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების დამკვიდრება – ეს ყველაფერი კულტურული დაპყრობის თვალსაჩინო მაგალითებია.

რუსეთი დღესაც იგივე მეთოდებით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას

რუსეთი დღესაც ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში წარმატებულად იყენებდა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ 2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებლური ასამბლეის ეგიდით ჩამოსული რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი – სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა. მისი მესიჯი ნათელი იყო: საქართველომ აუცილებლად უნდა აირჩიოს მისი ,,მოძმე და ერთმორწმუნე მეგობარი“ – რუსეთი.

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას

ახლა კი გამოჩნდა ახალი საფრთხე – რუსული კულტურისა და ენის ცენტრი თბილისში იქნება მძლავრი პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელში. რუსეთი უკვე საქართველოს ტერიტორიიდანვე შეძლებს ოფიციალურად აწარმოოს ინფორმაციულ-იდეოლოგიური ომი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად ერთმორწმუნე ერებს შორის „მეგობრობას“ ეფუძნება. სწორედ ამ ინსტიტუტიდან შეეცდებიან რუსები ქართველ ხალხს თავს მოახვიონ ის ტყუილები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამოგვიცდია.

აუცილებელია, რომ ზუსტად გავიაზროთ იმ შეცდომების მნიშვნელობა, რაც წარსულში რუსებთან მიმართებით დაგვიშვია. თუ საქართველო კიდევ ერთხელ წამოეგება რუსეთიდან გადმოგდებულ ანკესს, ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საბოლოო იქნება. რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ ჩაიგდებს საქართველოს ხელში, მდიდარი ქართული კულტურა კი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს: ქართული ენა იქცევა – რუსულად, მხედრულ დამწერლობას კირილიცა ჩაანაცვლებს, მრავალხმიანი ხალხური სიმღერების ნაცვლად კი რუსული ესტრადაღა შეგვრჩება ხელში – თუ წარსულის შეცდომებს არ გავიაზრებთ და თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას საზეიმოდ შევეგებებით, ამ ყველაფერს ჩვენთვითონვე მოვაწერთ ხელს.

იხილეთ აგრეთვე:

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button