გეოპოლიტიკაკულტურა

სახელმწიფოებრიობის როლი თანამედროვე საზოგადოებაში

     დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა თანასწორობას გულისხმობს. ასეთ ქვეყნებში არ არსებობენ რაიმე კუთხით პრივილეგირებული კასტები, რომელთა ხმაც უფრო მეტად ფასობს, ვიდრე რიგითი მოქალაქისა. დემოკრატიის თანახმად, საზოგადოება ირჩევს სახელმწიფოს მმართველ ძალას, რომლის არჩევაში ყოველი ამომრჩეველი თანასწორუფლებიანია. აქედან გამომდინარე, საზოგადოება განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკურ გეზს, მის მიზნებს, აყალიბებს ფასეულობებს და ქმნის იმ სოციალურ სივრცეს, სადაც თავად უწევს არსებობა. შეიძლება ითქვას, თანამედროვე საზოგადოება საკუთარი თავის მსაჯულიცაა და მსჯავრდებულიც, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მას სწრორად ჰქონდეს გააზრებული სახელმწიფოს ისტორიული მიზნები, მისი კულტურული თავისებურებანი, ეკონომიკური ფონი და მომავლის პერსპექტივები. ეს ყველაფერი სახელმწიფოებრიობის ძირითადი კომპონენტებია, რაც ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს და მათი გათვალისწინებით ირჩევდეს მმართველ ძალას, რომლის ხელშიც იქნება ქვეყნის ბედ-იღბალი. ზემოთქმული თვალსაჩინოდ ხდის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობის როლი თანამედროვე საზოგადოებაში…

     პიროვნების უმთავრესი სამოქალაქო უფლებაა არჩევნებში საკუთარი აზრის დაფიქსირება. თუ ადრე ჩვენს მაგივრად ყველაფერს მონარქები განაგებდნენ, დღესდღეისობით ადამიანებს შეგვიძლია თავად გადავწყიტოთ რა გვსურს, როგორ გარემოში გვინდა ცხოვრება და რა იქნება ჩვენი კეთილდღეობის გარანტი. ასეთი დიდი განვითარება ისტორიულმა გრადაციამ განაპირობა, ამიტომ ყოველი მოქალაქე თავს ვალდებულად უნდა ვთვლიდეთ თვალყური ვადევნოთ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს და დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სხვას მოუწევს ჩვენს მაგივრად ჩვენივე არჩევნის გაკეთება და ჩვენს დაუკითხავად გადაგვიწყვეტს საკუთარ ბედს. თუ ადამიანი თავს ვალდებულად თვლის იზრუნოს თავის გარემოზე, ემსახურება სიკეთეს და მზადაა საკუთარი ინტერესები გასწიროს თავისი ქვეყნისა და თანამოქალაქეებისთვის, ის ნამდვილი პატრიოტია. ანტიეგოისტური, ანუ ალტრუისტული ფასეულობები განაპირობებს საზოგადოების სახელწიფოებრიობას, ხოლო ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ქვეყნის სწორი გზით განვითარებასა და იდეალური სოციალური ატმოსფეროს შექმნას.

   

 

თავისუფლების თანამედროვე გაგება

     სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი პირობაა მისი, როგორც ტერიტორიული, ასევე, საზოგადოებრივი თავისუფლება. საქართველოსთვის თავისუფლება უმთავრესი საჭიროება იყო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე და, სამწუხაროდ, დღემდე ასეა. ბუნებრივიცაა, თუ რატომ ვადიდებთ ჩვენს ეროვნულ ჰიმნში თავისუფლებას არაერთხელ, ქართული მიწების ოკუპაცია ხომ ყველა ქართველს მოსვენებას არ გვაძლებს, მაგრამ მტრის გასახარლად, ასპარეზზე ჩნდება ახალი თავისუფლების გაგება. ბოლო დროს აღმოცენებული რადიკალი ლიბერალები ქადაგებენ, რომ ჯარში მოქალაქის გაწვევა ზღუდავს მის პიროვნულ თავისუფლებას და ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს თუ დაემატა ისედაც რეზერვდაქვეითებულ ქართულ არმიას (ბოლო დროს გაუქმდა რეზერვი, მაგრამ თანდათან იწყება მისი აღდეგნა) მივიღებთ ისეთ მილიტარისტულ მასას, რომელიც უუნარო იქნება ქვეყანა დაიცვას ჩრდილოელი და არა მარტო ჩრდილოელი მტრისგან. ასეთ შემთხვევაში,  ჩვენ მართლა ვნახავთ თუ რა არის თავისუფლების შეზღუდვა. სრულიად ოკუპირებულ საქართველოში დაიწყება ენის, კულტურისა და რელიგიის დევნა, როგორც ხდებობდა ბოლო ორასი წლის მანძილზე, მეფის რუსეთისა და ბოლშევიკების მიერ. საქართველოსთვის, როგორც პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მრავალი ავის მოსურნე ჰყავს, აუცილებელია  ძლიერი, კარგად მომზადებული და საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარის ფლობა, შესაბამისი ტექნიკითა და მილიტარისტული აღჭურვილობით. გასათვალისწინებელია შვეიცარიის მოდელი, ეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელსაც ნაცისტური გერმანიაც კი ვერ შეეხო და სრულიად დაცულია ყველანაირი საომარი კონფლიქტისგან, უმაღლეს განვითარების დონეს აღწევს მილიტარიზმში, ყველა მოზარდს უტარდება საომარი საბაზისო მომზადების ტრენინგები, თითქმის ყოველ ოჯახში ინახება დაშლილი მოიერიშე შაშხანა და ქვეყანას ძლიერი ჯარის გარდა ჰყავს ასი ათასამდე კარგად მომზადებული რეზერვისტი. ამ კუთხით საინტერესოა ისრაელიც, სადაც ჯარში იწვევენ ვაჟებსა და ქალებს განურჩევლად სქესისა. ამ ქვეყნებს სწორად აქვთ გააზრებული თავიანთი მიზნები, საზოგადოება აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ამის საფუძველზე თამაშობენ გადამწყვეტ როლს მსოფლიო პოლიტიკაში. ზემოხსენებულის გათვალისწინებით მეტად ალოგიკურად ჟღერს რადიკალი ლიბერალების აზრსმოკლებული პოსტულატები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საქართველო გახდება მილიტარისტულად პარალიზებული.

 

ებრაელი სამხედროები
შვეიცარელი მებრძოლი

 

სახელმწიფოს ისტორიული მიზანი

     ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი ისტორიული მიზანი, რასაც ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება უნდა იაზრებედს. თუ გიგანტი სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი გავლენების ყველა მიმართულებით გავრცელაბასა და ბერკეტების ხელში ჩაგდებას (ესაა მათი ისტორიული მიზანი), საქართველო დაარსების დღიდან ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და არ მოიხსენიებოდეს რომელიმე ზე-სახელმწიფოს გუბერნიად. ჩვენი ისტორიული მიზანია ვებრძოლოთ მტერს არა ჩვენი ინტერესების თავზე მოსახვევად, არამედ ჩვენივე თავისუფლებისთვის. ყველას, ვისაც სურს ხელყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მტერია და მათ წინააღმდეგ სიტყვითა და ძალით ერი ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრულნი. ამისათვის კი აუცილებელია საზოგადოება სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს. რეალურად, საზოგადოების სახელმწიფოებრიობა განაპირობებს ქვეყნის თავისუფლებას, იმ შემთხვევაშიც თუ ის დაპყრობილია…

     ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა განაცხადა Al Jazeera-სთან ინტერვიუში , რომ 1989 წლის 9 აპრილის მომიტინგენი არ დაუჩეხავთ რუსებს ორლესული ნიჩბებით, არამედ ისინი ასფიქსიით, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ. ფოტოგრაფი 9 აპრილს ერთ დიდი შოუს უწოდებს, სადაც თავად იდგა და იღებდა ფოტოებს. იმის მტკიცება, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო სისულელე იქნება, რადგან თავად არის მეჩითოვი 9 აპრილის მომსწრე და ყველაზე უკეთ მან იცის, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ის დიდი ალბათობით შეკრულია რუსულ სპეც.სამსახურებთან და მსგავსი აფსურდების საუბარში ჯამაგირს იღებს. მსგავსი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაერთია, მაგრამ ყველაზე მძიმე ისაა რომ, ეს ინტერვიუ ჩაიწერა ა.შ.შ-ის მიერ ყატარში დაარსებულმა მედიამ, რაც ძლიერ ვნებს საქართველოს რეპუტაციას მის საზღვრებს გარეთ. ქართული სოციუმი რომ იყოს ერთიანი, პროგრესული, პატრიოტული და სახელმწიფოებრივი, იური მეჩითოვს და სხვა რუსეთუმეებს არ მიეცემოდათ შესაძლებლობა მსგავსი ანტიქართული ქმედებების განხორციელებისა.

წყარო: ambebi.ge

 

ქართული ზნეობა

   საქართველო ,,ვეფხისტყაოსნის” ქვეყანაა. რუსთაველის პოემა ნათელი მაგალითია ქართული ზნეობისა და ესთეტიკის. ადრე თუ ,,ლაღი და უკადრი” ქართველები განაგებდნენ ქვეყნის ინტერესებს, სადღეისოდ იმდენად დაეცა ქართველთა თავმოყვარეობა, რომ ფულის და მატერიალური ნივთების სანაცვლოდ საკუთარ უმაღლეს უფლებას, საარჩევნო ხმას ყიდიან. ისიც გასაგებია, რომ ,,ნაბოლშევიკარი” ქვეყანისთვის არ არის მარტივი ძველი სამართლიანი, ტოლერანტული და ეროვნული ფასეულობების გამოღვიძება და თანამედროვეობაზე მორგება, მაგრამ არც იმდენად გავცამტვერებულვართ, რომ საკუთარ ღირსებას 5 კილოგრამ კარტოფილსა და ხახვზე ვყიდდეთ (ცნობილია, მარნეულში წინასაარჩევნოდ ხალხს ბოსტნეული დაურიგეს ხმების სანაცვლოდ, უტყუარობის გარანტიისთვის კი ყურანზე აფიცებდნენ!).

     წარმოუდგენელია უზნეო და უკულტურო ხალხმა საზოგადოება შექმნას დემოკრატიულ წყობილებაში. მათთვის არსებობს თეორიული მოძღვრება ანარქიაზე, რომელიც ყველანაირ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციას გმობს, მაგრამ პოლიტოლოგთა აზრით ის ირეალური იდეოლოგიაა და შეუძლებელია იარსებოს. ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი კულტურით. დღემდე მრავალ სახელმწიფოში წარმოუდგენლად მიაჩნიათ ქალის ქვეყნის მმართველად დანიშვნა, ან თუ რომელიმე ქალბატონმა შეძლო, მათთვის ეს წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება. პირველი ევროპელი ქალი პრემიერ მინისტრი გახლდათ მარგარეტ ტეტჩერი, რომელმაც ბრიტანეთის პრემიერის მანდატი 1979 წელს ჩაიბარა. ის გახლდათ პირველი ქალი ლიდერი, რომელმაც ჩაიბარა ქვეყნის სამმართველო ორგანოები ევროპაში. საქართველოში კი მე-12 საუკუნის ბოლოს კორონაციის ყველა რიტუალის დაცვით გაამეფეს თამარი. თამარის გამეფება იმ დროინდელი მსოფლიოს განვითარების დონეს მრავალი საუკუნით წინ უსწრებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ დღემდე არ ჰყოლია ამერიკის შეერთებულ შტატებს  ქალი პრეზიდენტი.

     საქართველომ თავისი კულტურის დახმარებით უნდა შეძლოს ქართველებში მიძინებული დიადი ზნის გამოღვიძება, რომელიც ძლიერ აამაღლებს ჩვენს სახელმწიფოებრივ თვითშეგნებას და ნათლად დაგვანახებს თუ რა გვსურს ქართველებს მთელი ისტორიის მანძილზე და რა არის ჩვენი ეროვნული გადარჩენის ერთადერთი გზა. ყველა ჩვენთაგანმა მომავლის იმედით უნდა გავუძლოთ დღევანდელ მძიმე დროებას და განვაგრძოთ ,,ჩვეულებისაებრ მამულისა სვლა”.

თამარ მეფის ფრესკა, ვარძია

 

 

 

ნიკოლოზ სანიკიძე

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button