ისტორიარელიგია

ზოროასტრიზმის გავლენა ქრისტიანობამდელ საქართველოში

ზოროასტრიზმი არის რელიგია, რომელიც ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. ამ რელიგიის დაფუძნებას მიაწერენ ნახევრადლეგენდარულ ზარათუშტრას. ზოროასტრი ანუ ზარათუშთრა. სწორედ ამ სახელისგან წარმოიშვა ტერმინი ზოროასტრიზმი. ტრადიციის მიხედვით, ზარათუშთრამ მიიღო გამოცხადება ღმერთ აჰურა მაზდასგან, რის შემდგომაც აჰურა მაზდას სიტყვები იქადაგა ხალხში. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დრო ზუსტად არ არის ცნობილი. ზარათუშტრას მიაწერენ გათების, ავესტის უძველესი ნაწილი შექმნას. ზოროასტრელთა წმინდა წიგნებს ავესტა ეწოდება. მასში გადმოცემულია სწავლება, რომელიც აჰურა მაზდამ ხალხს მოციქულის პირით გადასცა. ავესტა დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. განსაკუთრებული აღზევება ზოროასტრიზმმა სასანელთა ბატონობის ხანაში განიცადა. მთელ იმპერიაში აიგო ათეშგები, ცეცხლის ტაძრები. ამ დროს სახელმწიფო რელიგიად იქცა ზოროასტრიზმი, აყვავდა ზოროასტრული ლიტერატურა საშუალო ირანულ ენაზე, ფეხლევზე. ზოროასტრიზმის არსი გამოიხატება ღვთისმსახურებაში, მსხვერპლშეწირვაში, განწმენდაში. გამოსარჩევია ცეცხლის მსახურება, მისი თაყვანისცემა, როგორც სინათლის წარმომადგენლისა დედამიწაზე. ცეცხლთან მიკარება მხოლოდ მღვდელმსახურს შეეძლოთ. ზოროასტრიზმი გამოირჩევა მოწესრიგებული იერარქიით, რაც სასანიანთა ეპოქიდან მოდის.

ჯერ კიდევ ძვ.წ-ის VI საუკუნიდან იწყება ცეცხლთაყვანისცემლობის გავრცელება საქართველოში. საისტორიო წყაროები ადასტურებენ, რომ ზოროასტრიზმი ერთ დროს საქართველოშიც იყო გავრცელებული. ეს ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სისტემა საუკუნეთა მანძილზე სპარსეთის სამეფო დინასტიების – აქემენიდებისა და სასანიანების – ოფიციალური კონფესია იყო. ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ოდითგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან. მათ შორის, აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან და ცხადია, ეგრისისა და იბერიის სამეფოებშიც შემოაღწევდა ცეცხლთაყვანისმცემლობა. ახალი წ-აღ-ის III ს-მდე ქართლში ზოროასტრიზმი ვრცელდება მშვიდობიანი გზით. ამდენად გასაკვირი არაა, რომ  ირანის მმართველ ძალებთან მჭიდრო კონტაქტებით, ზოროასტრიზმი ფეხს იკიდებს ქართლის წარჩინებულ ფენებში. ამის გამოხატულებაა ის თეოსოფიური სახელები, რომელსაც ქართლის მეფეები და სხვადასხვა  მოღვაწეები ატარებენ. მაგალითად: ფარნავაზი, ფარნაჯომი, ბაგრატი, აზორკი… ქრისტეშობის შემდგომ III საუკუნიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ირანის ისტორიაში ახალი ხანა, სასანიდური პერიოდი იწყება. იმპერიის გაძლიერებასა და გაფართოებასთან სდევს მძაფრი დაპირისპირება ქრისტიანობასთან. მთავარი მიზანი იყო დაპყრობილი ხალხების გამაზდეანება და იმპერიის განმტკიცება ერთიანი რელიგიური ფაქტორით. ამ ფონზე ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელება ძალდატანებით, განსაკუთრებული ინტენსივობით ხდება სომხეთსა და იბერიაში IV საუკუნიდან. მაზდეანობამ  მოიცვა უამრავი ქვეყანა და მათ რწმენაზე დიდი გავლენა იქონია, მათ შორის წინაქრისტიანულ საქართველოზეც. საქართველოში ეს რელიგია ძირძველ წარმართობას, მნათობთა თაყვანისცემას, კერპთაყვანისმცემლობას შეერწყა, ქართულად გადასხვაფერდა და სახელმწიფო რელიგიადაც იქცა. საქართველოში იმდენად ძლიერი იყო მაზდეანური რწმენა და წარმართული ტრადიციები, რომ ქრისტიანობას საუკუნეები დასჭირდა მის დასაძლევად. სასანიდების დროს, კავკასიის რეგიონში ჰქონდათ ცეცხლთაყვანისმეცლობის დამკივდრების მცდელობა და ხშირ შემთხვევებში გამოსდოდათ კიდეც. ზოროასტრიზმი წინა ქრისტიანული კავკასიის ერთ-ერთი მთავარი რელიგია იყო. ამას მოწმობს საქართველოს და სომხეთის ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური მასალა. მეფე ფარნავაზიდან მოყოლებული, ქრისტიანობის შემოსვლამდე ოფიციალური რელიგია მაზდეიზმი იყო, რომელიც შერწყმული იყო ქართულ წარმართობასთან და რომლის კვალსაც შემდგომში ქრისტიანობა ანადგურებდა. საუკუნეების მანძილზე, განსაკუთრებით ანტიკურსა და ადრექრისტიანულ ხანაში, ქართულ სამყაროს მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კონტაქტები აკავშირებდა ისლამამდელ ირანთან. სწორედ ზოროასტრიზმის ინტენსიური პროპაგანდის შედეგია, რომ IV-VI საუკუნეებში ქართლში, უფრო მეტად მცხეთაში, თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქებში, ირანული, ზოროასტრული მოსახლეობა არსებობდა. ირანული მოსახლეობის, ცეცხლთაყვანისმცემელთა თემების, ცეცხლის ტაძრების, სალოცავების არსებობის შესახებ მოცემულია ცნობები ქართულ წყაროებშიც: “შუშანიკის წამება”, “ევსტათი მცხეთელის წამება”, “მოქცევაი ქართლისა”, “ქართლის ცხოვრება”.

როდესაც საუბარია საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის შესახებ, აღსანიშნავია აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის რაიონში მდებარე ნეკრესის ნაქალაქარი. ნეკრესის დაარსება მეფე ფარნაჯომის სახელს უკავშირდება. ნეკრესში აღმოჩენილია ცეცხლის ტაძარი. ამავე ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ძველი წარწერები. ერთ-ერთ წარწერაში გვხვდება ტერმინი “აზატი”, რომელიც ნიშანვდა თავისუფალს და სავარაუდოდ, პართულ ხანაში უნდა შემოსულიყო. სავარაუდოდ, აზატიდან მოდის ტერმინი აზნაური. გვხვდება ცეცხლთაყვანისმცმელთა საფლავის ქვები, რაზეც არის წარწერების უმეტესობა შესრულებული. ამ ადგილის არქეოლოგიური კვლევის წინამძღოლი ლ. ჭილაშვილი თვლის, რომ დღეს გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ქართული ასომთავრულის განვითარება არ შეიძლება დაუკავშირდეს ქრისტიანობის შემოსვლას და დამკვიდრებას. ეს გაცილებით ადრე მოხდა სხვა სოციალური გარემოსა და რელიგიური მრწამსის პირობებში. ჭილაშვილი ვარაუდობს, რომ ქართული ანბანის შემოღება შეიძლება დაკავშირებული იყოს მაზდეანურ რელიგიის ტექსტების, ლოცვების, ჰიმნების სათარგმნელად და ქართველ მაზდეანთა საკუთარ ეროვნულ ენაზე აღნიშნული ტექსტებით უზრუნველსაყოფად, რელიგიური რიტუალის წარმართვის მიზნით. იგი მიიჩნევს, რომ ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ მწიგნობრობის გავრცელების შესახებ ნდობით უნდა მოვეკიდოთ. ფარნავაზის დროს იწყება ცეცხლის კულტის განსაკუთრებული გავრცელება, მანვე დააფუძნა აჰურა მაზდას იგივე არმაზის კულტი. მწიგნობრობა უნდა გავიგოთ, როგორც რელიგიური შინაარსის კანონთა კრებულის შექმნა. აქ იგულისხმება საეკლესიო წიგნების თარგმნა, კონკრეტულ შემთხვევაში ავესტას გადმოქართულება.

ათეშგა თბილისში

ნეკრესში ქარაგმის ქვეშ მოთავსებული ორი ასო „მ-ბ“ გხვდება. ეს ორი სიტყვის შემოკლება უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ წინაქრისტიანული ხანის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტის აღმსარებლობა იყო, წარწერის ადრესატად შეიძლება ვივარაუდოთ მითრა. მითრაიზმი უძლიერეს წარმართულ მოძღვრებას წარმოადგენდა. მითრა ითვლება სამართლიანობისა და თანხმობის ღმერთად. მითრამ დაკლა აჰურა მაზდას გაჩენილი წმიდა ხარი. შეწირული ხარი ქვეყნის ნაყოფიერებას დაედო საფუძვლად. მითრას კულტი გავრცელებული იყო საქართველოშიც. სწორედ ზემოთ ხსენებული ქარაგმის ქვეშ მოთავსებული ასო „მ“ უნდა აღნიშნავდეს მითრას. ასო „ბ“ უნდა აღნიშნავდეს სპარულ ბაგას ანუ ღმერთს, მიმართვის ფორმაში “უფალო”. დაქარგმებული ორი ასო იკითხება როგორც “მითრა ბაგა”, ქართულად “მზეო უფალო”. მითრას კულტი გაიგივებულია გარკვეული დოზით მზის კულტთან. მზის და შესააბამისად მითრას კულტის ასე წინ წამოწევა ნეკრესში კანონზომიერია, რადგან ნეკრესის მიდამოები უძველესი დროიდანვე გამოირჩევა კულტების სიჭარბით. ამ ტერიტორიაზე გვხვდება ციური მანათობლებისადმი მიძღვნილი სამლოცველო, მითრეუმი, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა და ცეცხლის ტაძარი.

ნეკრესის სტელა

ცეცხლთაყვანისმცემლობის საქართველოში უძველესი დროიდან დამკვიდრების ფაქტზე და მის შერწყმაზე ქართულ სინამდვილესთან, მეტყველებს ზოგიერთი ქართული სიტყვაც. მართალი, ცოდვილი, ცრუ, ნეტარი წმინდა, ჯოჯოხეთი, ეს სიტყვები ძველ ირანულ ეპოქას მიეკუთვნება. მ. ანდრონიკაშვილის აზრით, ქართული სიტყვა „წარმართი“ უკავშირდება სპარსულ „არტოშანს“, რაც ძველ სპარსულად მოწინააღმდეგეს ნიშნავს.  მეცნიერი თვლის, რომ წარ-მ-ართ-ი უნდა იყოს წარმომდგარი სიტყვიდან მ-ართ-ალი. სწორედ, ამ ართ(არტს) უნდა ჰქონდეს კავშირი სპარსულ არტოშანთან.

ათეშგა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი საქართველოში ხუთ ადგილას არის შემოჩენილი: თბილისში, ნიქოზში, ქარელის რაიონში დედოფლის გორაზე, ნეკრესსა და მცხეთაში. თბილისის ათეშგასაგან მხოლოდ ოთხკუთხა შენობაა დარჩენილი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. საგულისხმოა, რომ  ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც ინარჩუნებდა ცეცხლთაყვანისმცემლობა თავის პოზიცებს. როცა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გამოცხადა, მალევე აღზევდა ისლამიც და ირანიდან თითქმის სრულად განდევნა ცეცხლთაყვანისმცემლობა. ეს მაზდეანური საკულტო ნაგებობების, ათეშგების სრულ განადგურებას ნიშნავდა. თბილისში სულ სხვა სურათი გვხვდება, აქ VIII ს-ის ჩათვლით იყო მოქმედი ათეშგა. VIII საუკუნიდან მაჰმადიანმა სარწმუნოებამ ჩაანაცვლა მაზდეანობა, სწორედ ამიტომაც ერთი საუკუნის შემდეგ ათეშგა ფუნქციას კარგავს. ამის ინიციატორი არ იყო არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც მმართველი. პირველი განსხვავებული რელიგია კავკასიაში, რომელიც ქართველთათვის უცხო ტომებმა შემოიტანეს ცეცხლთავანისმცემლობა იყო.

ბიბლიოგრაფია:
ნუგზარ პაპუნაშვილი – მსოფლიო რელიგიები საქართველოში
მზია ანდრონიკაშვილი – ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან
ქეთევან გოდერძიშვილი – პოლემიკა წარმართობასთან ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button