ისტორიასაზოგადოება

სვიმონ I დელი

XVI საუკუნე იდგა – უმძიმესი პერიოდი საქართველოსთვის. ქვეყანა ოთხად იყო დახლეჩილი: კახეთის სამეფო, ქართლის სამეფო, იმერეთის სამეფო და სამცხის საათაბაგო. ოთხ საქართველოს სამი მეფე და ერთი ათაბაგი მართავდა. ძმათა სისხლისღვრით გატანჯულიყო ქვეყანა: იყო მტრობა საქართველოებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ორი უზარმაზარი იმპერია უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ბრძოლები კი ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე იმართებოდა. ამ ბრძოლებში ყველაზე დიდ დანაკარგს ისევ საქართველო განიცდიდა. ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძოდა საქართველოსთვის, სამხრეთიდან ოსმალეთი, აღმოსავლეთიდან კი – სპარსეთი. საქართველოს ოთხი მმართველიდან მხოლოდ ქართლის მეფე, ლუარსაბ I არ ეგუებოდა ურჯულოთა ბატონობას და გამალებით იბრძოდა საქართველოს კვლავ გაერთიანებისთვის. ლუარსაბი, რომლის ბრძოლამაც შედეგად ქართლის გათავისუფლება გამოღო, 1556 წელს გარისის ბრძოლაში უკვე ღრმად მოხუცებული გმირულად დაეცა და, მისივე ანდერძის თანახმად, ბრძოლაშივე აკურთხეს მეფედ მისი ვაჟი – სვიმონი. ბრძოლას თავიდანვე ახალგაზრდა უფლისწული მეთაურობდა და ისე თავგამოდებით იბრძოდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტახტის ღირსეული მემკვიდრე იყო. ქართველებმა ყიზილბაშები სასტიკად დაამარცხეს. ქართლს კი ახალი მეფე ჰყავდა – 19 წლის სვიმონი.

საქართველო XVI ს-ის დასაწყისში

სვიმონი მართლაც ღირსეული მეფე აღმოჩნდა. იგი თავიდანვე მამამისის გზას დაადგა, რასაც რომში გაგზავნილი მისივე წერილი ადასტურებს, რომელშიც იგი მწუხარებით აუწყებს რომის პაპს ლუარსაბის გმირულად დაღუპვის ამბავს: ,,ეგრეთვე ვაუწყებ თქვენს სიწმინდესა, რომ ნეტარმა მამაჩემმა, წმინდა ლუარსაბმა … სარწმუნოებისათვის გვირგვინი მიიღო ღვთისგან, იესო ქრისტეს სიყვარულის გამო მოიკლა ბრძოლაში უსჯულოთა აგარიანთაგან; მან ირჩია თვისის სისხლის დაღვრა და წამება, ვიდრე მათი ბოროტი ნების ასრულება. ამის შემდგომ, ღვთის შეწევნით, ჩვენ მივიღეთ ტახტი ჩვენის მამისა და მას აქეთ დღე და ღამ ეარ მოგვისვენია არაოდეს ომისაგან, ავდარშიაც კი, რა გაჭირვება და განსაცდელი არ გამოგვივლია ქრისტეს სიყვარულში: დავწყლულდი ომში, ტყვედ შემიპყრეს სპარსელებმა და საპყრობილეში ჩამაგდეს… რაოდენი შეწუხება და ტანჯვა არ გამოვიარე, მაგრამ გული მაინც არ გამტეხია, თავს გავსწირავ და ეგრეთვე ჩემს ქორფა შვილსაც; დავღვრი ჩემს სისხლს უკანასკნელ წვეთამდე ჯვარცმულის იესო ქრისტეს და ღვთის სიყვარულისთვის. ვიდრე პირში სული მიდგას, ხელს არ ავიღებ ოსმალეთის წინააღმდეგ ომზე და არასოდეს უქმად ვყოფ იმ დაუფასებელ სისხლსა, რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა ჩემთვის.”
სვიმონს სიყრმიდანვე მამა ზრდიდა, კაცი, რომელიც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ არაფერს იშურებდა. სვიმონი ახალგაზრდობაშივე სწავლობდა ბრძოლას და იღებდა განათლებას, განსაკუთრებით კარგად ისტორიაში ამეცადინებდნენ, რათა კარგად ცოდნოდა, თუ რის გამო იბრძოდა მამამისი ასე თავგამოდებით და რის გამო მოუწევდა მას ამ ბრძოლაში ჩართვა. ამ გარემოში აღზრდილ განათლებულ სვიმონს სიყრმიდანვე დაესახა ოცნებად საქართველოს გაერთიანება და რისი ქართლელი იყო, რომ სიჯიუტე არ გამოეჩინა და ცხოვრების ბოლომდე არ ებრძოლა ამ ოცნების ასახდენად?!

სვიმონ I

სვიმონი გამეფებისთანავე შეუდგა საქმეს. მიუხედავად უამრავი ღალატისა მეფემ მაინც შეძლო ერთგული ხალხის შემოკრება. მათ შორის იყო მეფის ერთ-ერთი თანამოაზრე და თანამებრძოლი არჩილ მუხრანბატონი. იგი შიშის ზარს სცემდა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოთარეშე ყიზილბაშებს, რის გამოც 1560 წელს სპეციალურად გაგზავნილმა ყიზილბაშთა ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო გამორჩეული სპარსი მეომრებით, იგი თავისივე სასახლის მახლობლად, სოფელ საფურცლეში შეიპყეს ოჯახიანად (იმ დროს მუხრანბატონთა ოჯახში საქართველოსთვის თავგანწირული მებრძოლები იზრდებოდნენ, წამოიზარდა რა არჩილის ძე – ერეკლე მუხრანბატონი, მაშინვე შეუდგა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას და თავიც ბევრჯერ ისახელა). სვიმონისთვის ეს დიდი დანაკარგი იყო, ისედაც დანაწევრებულ საქართველოში რთულად თუ მოიძებნებოდნენ არჩილისნაირი მებრძოლი და მეფის ერთგული ერისკაცები. რა თქმა უნდა, ქართლის მეფე არ გამტყდარა და ახლა კიდევ უმფრო მეტი შემართებით განაგრძობდა ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ოთხ ბრძოლას გადაიტანს სვიმონი. გამარჯვებებსაც ნახავს და დამარცხებებსაც, თუმცა 1569 წელს ფარცხისში გამართული ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის. როგორც ჩანს, მაშინდელ ქართლში ორი კატეგორიის ხალხი ცხოვრობდა: ერთნი, ვისაც ძლიერ უყვარდათ მეფე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მისი ერთგულები რჩებოდნენ და სხვანი, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაყიდიდნენ საკუთარ მეფესა და ქვეყანას. სვიმონის ლაშქარში ერთგულებთან ერთად მრავლად იყვნენ მოღალატეებიც, რაც ხელს უშლიდა მეფეს გეგმების განხორციელებაში. სწორედ ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა თავების ჭრით გართული მეფე მცირე ამალით ღრმად შეჭრილა მტრის ლაშქარში ისე, რომ ეს ვერც შეუმჩნევია. ვინმე მოღალატე ყორღანაშვილს კი დაუნახავს მეფე და მაშინვე უცნობებია სპარსელებისთვის ეს ამბავი. მიესივნენ და შეიპყრეს ლომივით მებრძოლი მეფე. წარმოიდგინეთ, მეფის შეპყრობის ამბავს რომ გაიგებდნენ ერთგული მეომრები, რა თავგანწირვით შეებმებოდნენ მტრის ურიცხვ ლაშქარს მეფის გამოსახსნელად, თუმცა უშედეგოდ…
ტყუილად არ მითქვამს, რომ მეფის ერთგული ხალხიც არსებობდა: ამ ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეწინავე დროშის სარდალს – საჩინო ბარათაშვილს გზად შემოხვდა მოღალატე ყორღანაშვილი და მეფის ერთგულმა სარდალმა მაშინვე ხევში მოისროლა გამყიდველი.

სვიმონ I

არ მითქვამს, რომ სვიმონს ჰყავდა ძმა – დავითი, რომელიც ასევე მოღალატე აღმოჩნდა: შაჰს ეახლა, ერთგულება შეჰფიცა, გამაჰმადიანდა და დაუთ-ხანის სახელით ჩაიბარა თბილისი. 1567-68 წლებში სვიმონმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ყიზილბაშთა ლაშქარი მოღალატე ქართველ დიდებულებთან ერთად, რომლებსაც მისი ძმა, დაუთ-ხანი მეთაურობდა. რა დიდი განსაცდელი იქნებოდა საკუთარი ძმის ღალატი კაცისთვის, რომელიც ისედაც მარტო ცდილობდა მასზე ბევრად ძლიერ მტერთან შებმას!?
სვიმონმა მართლაც ბევრი რამ გადაიტანა: იხილა, თუ როგორ მოკლეს მამამისი ურჯულოებმა მის თვალწინ ბრძოლაში, შეიპყრეს მეფის უერთგულესი კაცი და თანამებრძოლი არჩილ მუხრანბატონი, ძმამ ზურგი აქცია და მტრის ჯარს წარმოუძღვა მის წინააღმდეგ, თვითონ მეფეც ღალატით შეიპყრეს და ტყვეობის შვიდი წლის განმავლობაში საშინელ პირობებში მყოფს, დილეგში გამომწყვდეულს აწამებდნენ, იქნებ, როგორმე აეძულებინათ, დაეგმო ქრისტიანობა და ეღიარებინა მაჰმადიანობა, ტყვეობაში ყოფნის დროს, კახთა მეფის – ალექსანდრეს დავალებით, ქართლის მოღალატე დიდებულებმა ააწიოკეს სვიმონის ოჯახი და წაიღეს მთელი საგვარეულო საჭურჭლე… მეტი რაღა უნდა გადაიტანოს ადამიანმა რომ გატყდეს? მაგრამ არა, სვიმონი არ ტყდებოდა, ჭკვიანურად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯით დაბრუნდა ქართლში და იგივე შემართებით განაგრძო საქართველოსთვის ბრძოლა.
სვიმონმა შვიდი წელი გაატარა ტყვეობაში და ამ შვიდი წლის მანძილზე ქართლს მეფე არ ჰყოლია. უმეფოდ დარჩენილ მოსახლეობას მტერთაგან კარგი დღე არ დაადგებოდა, ამიტომ მონატრებიათ ქართლელებს სვიმონი და ამ შვიდი წლის მანძილზე კიდევ უფრო შეუყვარებიათ. სვიმონის დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ ქართლელები და ამოუდგნენ გვერდში უკვე ოსმალებთან საბრძოლველად. სვიმონმა განაგრძო ბრძოლა, ამჯერად ოსმალების წინააღმდეგ. მაჰმადიანობის ცრუ აღიარება და ქართლში ოსმალებთან საბრძოლველად ჩამოსვლა იყო სვიმონ მეფის ერთადერთი შანსი ტყვეობიდან დახსნისა. ეს შანსი მეფემ სწორად გამოიყენა, მიიღო მაჰმადიანობა, თუმცა გულით კვლავ ქრისტიანი რჩებოდა, რაც რომის პაპისადმი მიწერილ წერილშიც კარგად ჩანს. სვიმონი განუწყვეტლივ უმართავდა ოსმალებს პარტიზანულ ბრძოლებს. მეფეს სპარსელებმა დამხმარე ჯარიც კი არ გამოაყოლეს. ის ქართლელებთან ერთად იბრძოდა და ერთიან, თავისუფალ საქართველოზე ფიქრს წამითაც არ წყვეტდა. ამ ბრძოლებმა ოსმალთა გამოგზავნილი ჯარი მკვეთრად შეასუსტა, სულთანმა უძლურობის გამო რამდენიმე მთავარსარდალიც კი გამოცვალა, თუმცა სვიმონს ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას.

სვიმონ მეფის ხელმოწერა

სვიმონ მეფეს ქართველებმა დელი უწოდეს, რადგან იგი მართლაც გამოირჩეოდა გიჟური გადაწყვეტილებებით. მეფე ყოველი ბრძოლის წინ სამ ფიალა წითელ ღვინოს სვამდა, რათა ოდნავ შემთვრალს ლომივით ებრძოლა და ტკივილი ვეღარ ეგრძნო. მეფის პირადი ცხოვრებიდან, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ შემოგვრჩენია, თუმცა დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ყოველი მარცხის შემდეგ განმარტოვდებოდა სვიმონი, დაიკარგებოდა და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ ჩნდებოდა ახალი შემართებით. დაუყოვნებლივ იწყებდა მზადებას მორიგი ბრძოლისთვის. სვიმონი საკმაოდ ტრაგიკული მეფე იყო, მასაც ჰქონდა ემოციები, ალბათ, საკმაოდ მძაფრიც, რახან მარცხს ასე განიცდიდა. გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი და ღვინის სიყვარულიც ამაზე მიუითითებს, უნდოდა დარდი სწრაფად გაექარვებინა, სიმთვრალეში ჩაეძირა უარყოფითი ემოციები და კვლავ გაეგრძელებინა ბრძოლა. საინტერესო იქნებოდა მეფის სასიყვარულო ისტორიაც, სამწუხაროდ, არც ამაზე გვსმენია არაფერი, თუმცა გამორიცხულია, ასეთ კაცს ვინმე არ ჰყვარებოდა. სვიმონსთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა სამშობლო იდგა და ალბათ ამიტომ არ აძლევდა საკუთარ თავს პირადულის გამომჟღავნების უფლებას. მას კარგად ესმოდა, თუ რა იყო მეფური პასუხისმგებლობა მისი წინაპრების წინაშე და სწორედ ამიტომ იყო გამორჩეული. მის არაორდინალურ გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, შეცდომებიც დაუშვია, თუმცა ძირითადად ყოველთვის გამართლებული იყო დელი მეფის ქმედება. სხვანაირად ვერაფერს გააწყობდა იგი მცირერიცხოვანი ქართლელთა ჯარით უზარმაზარ მტრებთან. სვიმონის ამბები სწრაფად მოედებოდა ხოლმე მთელს საქართველოს. როგორც ჩანს, მეფე სხვა კუთხეებშიც შეეყვარებინათ. ერთხელ, როდესაც სვიმონი იმერეთში სალაშქროდ მიდიოდა, სოფელ კოლბოურში წინ ერთი იქაური დედაკაცი შემოეყარა და შეეხვეწა – ,,ჩემი შვილიც თან იახლე შენს ლაშქართან ერთადო.” სვიმონს საკმარისად ჰყოლია ლაშქარი და ზედმეტი მებრძოლი აღარ მოინდომა: ,,დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო?” – მიუგო დედაკაცს ხუმრობით. ქალს ეტყობა გულში ჩარჩა მეფის ეს სიტყვები და უკანმობრუნებული მეფე რომ ნახა ლაშქარშემოფანტული (იმერეთში სვიმონი ღალატით დამარცხდა), თავადაც გაეხუმრა: ,,ხელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალ იყავ, ვეჭვობ ახლა კი გამოგფხიზლებიაო.” კიდე მრავალი ისტორია შემოუნახავს ხალხს მეფე სვიმონზე…

ქართველი მებრძოლები სიყრმიდანვე იღებდნენ სპეციალურ სამხედრო განათლებას და აღზრდას. ქართველ მოლაშქრეს 15 წლის ასაკში უკვე უნდა სცოდნოდა: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის (ოროლის) ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი. ასე იზრდებოდა მეფეც და ამ შვიდ უნართან ერთად, საბრძოლო ტაქტიკებსაც სწავლობდა და პოლიტიკურ განათლებასაც ეუფლებოდა. შეუდარებელ მებრძოლთან ერთად, სვიმონი ჭკვიანი პოლიტიკოსი და ტაქტიკოსიც იყო, რამაც არაერთ ბრძოლაში იჩინა თავი. ერთადერთი იდეა ამოძრავებდა სვიმონს – ერთიანი, თავისუფალი საქართველოსი, ისეთში, სადაც 4 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები.
სვიმონ მეფე წარმომავლობით ქართლელი იყო, კერძოდ, გორიდან. მეფეს ძალიან უყვარდა ეს ქალაქი. ის ძირითადად გორის ციხეში იდგა. მტერი თუ ხელში ჩაიგდებდა გორს, სვიმონი უმალვე ათავისუფლებდა, რითიც გორელების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ თავი გაეწირათ მეფისთვის. დღეს კი, სამწუხაროდ მეფის პატარა ბიუსტიც არ დგას ამ ქალაქში. წესით კი გორის ციხესთან აღმართული უნდა იყოს სვიმონ მეფის ძეგლი და ამ ქალაქის ხსენებაზე პირველი იოსებ სტალინი კი არა, დელი სვიმონი უნდა გვახსენდებოდეს ქართველებს.

სვიმონ მეფე 1600 წელს სტამბოლში, ტყვეობაში გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთი ბრძოლის დროს შეიპყრეს ოსმალებმა. მეფეს ცხენი ტალახში ჩაუვარდა, მტრის ზურგში იყო მოქცეული მცირე ამალასთან ერთად. მეფე რომ ტალახში ჩავარდა, ერთ გათათრებულ ქართველს, საკვირველია და გვარად ბარათაშვილს, დაუნახავს და ოსმალებისთვის შეუტყობინებია. საკვირველი იმიტომაა, რომ ერთმა ერთგულმა ბარათაშვილმა ერთგულება გამოიჩინა მეფის მიმართ, როდესაც მოღალატე ყორღანაშვილი ხრამში გადაჩეხა, ახლა კი ამავე გვარის წარმომადგენელმა მეფე გაყიდა… ოსმალები მიესივნენ სვიმონს. მასთან დარჩენილი გავეშებული ქართველები შეებნენ მტერს, თუმცა სიმრავლის გამო ვერ მოერივნენ, შეაკვდნენ მათ მეფის დასაცავად. ასე შეიპყრეს ქვეყნისთვის თავდადებული, ყიზილბაშთა თავზარდამცემი, ოსმალების რისხვად წოდებული მეფე სვიმონი. ამ ამბით გახარებულმა სულთანმა სამდღიანი ზეიმი გამოაცხადა მთელს იმპერიაში. მთელი სამეფო საჭურჭლე შესთავაზა უფლისწულმა გიორგიმ სვიმონის გამოსახსნელად, თუმცა უარით გაისტუმრა სულთანმა. საბოლოოდ დათანხმდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ხანში შესული მეფე ტყვეობაში გარდაიცვალა. იგი მცხეთაში ჩამოასვენეს და სვეტიცხოველში, მის შესაფერის ადგილას: მამამისის გვერდით დაკრძალეს. წარმოიდგინეთ, რა ტკივილი დაატყდა ქართლს და სრულიად საქართველოს.
იქნებოდა კი, დღეს საქართველო, რომ არა სვიმონ მეფის თავდადებული ბრძოლა და მისწრაფება ქვეყნის გაერთიანებისკენ? რომ არა მისი “გიჟური” გადაწყვეტილებები? რომ არა მისი პოლიტიკური გამჭრიახობა? რომ არა სიყვარული უფლისა და საკუთარი ქვეყნისა? სვიმონმა ჭეშმარიტად აღასრულა რომის პაპისადმი მიწერილ წერილში დადებული ფიცი.
მართლაც, შეუდრეკელი, ძლიერი, გონიერი, დიდებული მეფე იყო სვიმონ I, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი უჭირავს. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ მისი დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე და განვაგრძოთ ბრძოლა იმისთვის, რასაც ამ ტრაგიკულმა მეფემ მთელი თავისი ცხოვრება შესწირა.

“ქართლს ხმალი იმან შეარტყა, მტერნი გახადა კიდითა…”

გიორგი სვიმონიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button