ავტოსპორტიისტორია

ჯორჯ ჰარისონი – გიტარები, მანქანები და ავტოსპორტი

ლეგენდარული „ბითლზის“ მუსიკოსი ავტოსპორტისადმი და სპორტული ავტომობილებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. ის რეგულარულად ესწრებოდა ფორმულა 1-ის რბოლებს და ავტომრბოლელებთან მეგობრობდა. ამაყობდა კიდევაც, რომ რამდენიმეჯერ არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოსთან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან, ერთად ისადილა.

პადოკებში ჰარისონი დიდად სასურველი სტუმარი იყო. არ არსებობდა, რომ არ გამოეკითხა ინჟინერი ან ავტომრბოლელი ამა თუ იმ დეტალის შესახებ. განსაკუთრებით უყვარდა Lotus-ი და დიდ პატივს ცემდა კოლინ ჩეპმენის გუნდის პილოტებს გრემ ჰილს და ჯიმ კლარკს. შოტლანდიელი პილოტი მას ყველა დროის საუკეთესო ავტომრბოლელად მიაჩნდა, რადგან მისი არაერთი გმირობა უნახავს ტრასაზე. ის ეთანხმებოდა, როცა ამბობდნენ, რომ ჯიმ კლარკი უფრო მეტს მიაღწევდა, ერთი გუნდის ერთგული რომ არ დარჩენილიყო. ის ყველას განურჩევლად უყვარდა. ენცო ფერარი ჯიმის გადმობირებაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა.

ჯორჯ ჰარისონს გრემ ჰილისა და მისი ოჯახისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. როცა 1975 წლის ერთ უამინდო, ცივ დღეს, ბრიტანელი ავტომრბოლელი, საკუთარი თვითმფრინავით, ავიაკატასტროფაში მოჰყვა და დაიღუპა, მუსიკოსი ფინანსურად ეხმარებოდა ჰილებს. შემდეგ, როცა გრემის ვაჟმა, დეიმონმა მოტომრბოლელობა გადაწყვიტა, საჭირო თანხის შესაგროვებლად, მოტოროლერით პიცა გადაჰქონდა, დაუღალავად მუშაობდა, რომ მიზნისთვის მიეღწია. აქაც მშველელად ჯორჯ ჰარისონი მოევლინა მას და ჯერ მოტორბოლაში, შემდეგ კი ავტოსპორტში, ფინანსურად ეხმარებოდა. პადოკებშიც ხშირად სტუმრობდა უმცროს მეგობარს, რომელიც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იყო.

აი, რას ამბობდა მუსიკოსი დეიმონ ჰილზე: ,,ჩემპიონატს ყურადღება რომ არ მივაქციოთ, დეიმონი ადამიანობაში არის ჩემპიონი… მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პოულ პოზიშენი და კიდევ სხვა რამ გაქვს მოპოვებული. ვფიქრობ, დეიმონი უდიდესი პიროვნებაა“.

მოტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონმა, ბერი შინმა გადაწყვიტა, რომ კარიერა ავტოსპორტში განეგრძო და ჯონ სერტისის გზა გაემეორებინა. ბრიტანელი პილოტი მოტორბოლაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი იყო, როცა ფორმულა 1-ში კარიერა განაგრძო და 1964 წელს, Ferrari-თ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სწორედ სერტისს დაუკავშირდა შინი და ფორმულა 1-ის ბოლიდის ტესტირებაზე მიწვევა თხოვა. სერტისი დაეთანხმა და 1978 წლის აპრილში, ჩემპიონები ერთმანეთს ტრასაზე შეხვდნენ. ერთ-ერთ ასეთ ვარჯიშზე, ბერი და ჯონი ჯორჯ ჰარისონმაც მოინახულა და ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ შეხვედრას: ,,აღმოვაჩინე, რომ ეს უზარმაზარი ზეწოლაა, არ მინდა ხელი შევუშალო, მათ საქმეში ჩავერიო…ვაღმერთებ მათ და პატივს ვცემ. არც კი იცით, როგორი რთულია, რასაც ისინი აკეთებენ“.

ამას Surtees-TS19-Ford-ის ტესტირება მოჰყვა და კოკპიტში, ბერი შინი… ჯორჯ ჰარისონმა შეცვალა. მუსიკოსი სერტისის დარიგებებს უსმენდა და ტრასაზე ისე იქცეოდა, როგორც თხოვდნენ. სხვათა შორის, ჯონ სერტისი ხუმრობით ამბობდა, ჯორჯ ჰარისონი მუსიკოსი რომ არ ყოფილიყო, ძალიან კარგი ავტომრბოლელი დადგებოდა. ტესტირების დროს ის ზუსტად ასრულებდა მითითებებს.       

ჯორჯ ჰარისონს ფორმულა 1-ის ატმოსფერო ძალიან მოსწონდა. იქ საკუთარ სტიქიაში გრძნობდა თავს. ერთხელ ის სტირლინგ მოსს შეხვდა და თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა: ,,მართლაც ხმაურიანი როკ’ენ’როლია. ავტომრბოლელებიც როკ’ენ’როლის მუსიკოსებს გვანან. იცით, ისინი დღევანდელით ცხოვრობენ და სხვა არაფერი აინტერესებთ, რაც მსოფლიოში ხდება. მათ ხალისი სურთ“.

როცა ჯორჯ ჰარისონი თავის ცნობილ სიმღერას-Faster სტუდიაში იწერდა, ჯეკი სტიუარტი გვერდიდან არ მოშორებია. ისინი ერთად მუშაობდნენ კლიპზე, რომელშიც სარბოლო სცენები არის გამოყენებული. გადაღებების შმდეგ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯორჯ ჰარისონზე თქვა: ,,ის მართლაც სწრაფად მოძრაობის ოსტატია!“ ავტომრბოლელმა ამგვარი დახასიათებისთვის სიმღერის ტექსტის ერთი ფრაზა გამოიყენა.

1977 წელს ჯორჯ ჰარისონი ერთ-ერთ რბოლაზე კენ ტირელის გუნდს ეწვია და საჩუქრად, სახელგანთქმული ექვსბორბლიანი სარბოლო ავტომობილის ტესტირება მიიღო. მუსიკოსი ამ გამოცდილებით კმაყოფილი დარჩა. ჰარისონი Tyrrell-ის ფრანგ ავტომრბოლელს, პატრიკ დეპაიეს ესაუბრა ამ უჩვეულო სარბოლო ავტომობილის თავისებურებებზე.

1979 წელს „დონინგტონ პარკზე“, გუნარ ნილსონის მემორიალურ პრიზზე რბოლაში ჯორჯ ჰარისონი საასპარეზოდ მიიწვიეს, როგორც შვედი ავტომრბოლელისადმი მიძღვნილი სიმღერის-Faster ავტორი და სიმსივნით გარდაცვლილი პილოტის ფონდის მხარდამჭერი. „ბითლზის“ ყოფილი წევრი Lotus-18-Ford-ით გამოვიდა სტარტზე. ჯორჯი სერიოზულ პაექრობაში არ ჩაბმულა, რადგან მასზე გაცილებით ძლიერი, პროფესიონალი ავტომრბოლელები პაექრობდნენ გამარჯვებისთვის, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნება მიიღო.

 „ჯორჯ, რბოლებზე სიმღერის შექმნას ხომ არ აპირებ?“-ჰკითხეს ერთხელ ჰარისონს. საერთოდ, გრან პრის ძალიან ბევრმა გუნდმა მიმართა მას იგივე თხოვნით, მათთან ვიზიტების პერიოდში. ასე, რომ მან Faster შექმნა, სიმღერა განსაკუთრებულ მოვლენაზე, რასაც ავტორბოლა ჰქვია.

ჯორჯ ჰარისონს McLaren-ის ბოქსებში ხშირად ხედავდნენ. ერთხელ ჯეიმს ჰანტმა მეგობარს მის ბოლიდში ჩაჯდომა შესთავაზა და ჰარისონმა აღმოაჩინა, რომ კოკპიტში ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სპეციალური სავარძელი არ შეუქმნიათ.

ჯორჯ ჰარისონის მეგობრების სიაში ავსტრიელი ნიკი ლაუდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონიც ირიცხებოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბრის შემდეგ, ლაუდა გაოგნებული დარჩა, ისე ზუსტად აღუწერა მუსიკოსმა სარბოლო სიტუაცია და შეაფასა.

1980 წელს, როცა მსოფლიოს ორგზის ბრაზილიელი ჩემპიონის, ემერსონ ფიტიპალდის სარბოლო კარიერა ფორმულა 1-ში დასასრულს უახლოვდებოდა, ლონგ ბიჩზე, მეგობარს ჯორჯ ჰარისონი ესტუმრა და Copersucar-Fittipaldi-Ford-ის პილოტს ამხნევებდა. შემდეგ, დაბადების დღეზე, თავისი ლეგენდარული სიმღერის-Here Comes The Sun ტექსტში ფიტიპალდის სახელი ჩასვა და ისე მიულოცა იუბილე. როცა ფიტიპალდიმ კარიერა Indycar-ში განაგრძო, ჰარისონი გასტროლებს ამერიკულ რბოლებს სპეციალურად ამთხვევდა, რომ მეგობარი ენახა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მუსიკოსი  Penske-Chevrolet-ს კოკპიტში ჩასვეს, ტრასაზე გაშვება ვერ გაბედეს, სამაგიეროდ, ჯორჯი ემერსონს ძალზე ზრდილობიანად უხსნიდა, მისი ავტომობილი როგორ უნდა ყოფილიყო უსწრაფესი. 1993 წელს, ჰარისონი დიდად გაახარა ფიტიპალდის გაჩემპიონებამ და „ინდიანაპოლისის 500 მილზე რბოლის“ მეორედ მოგებამ.

წელს, სინგაპურის გრან პრის პადოკებში ჯორჯ ჰარისონი გაიხსენეს, როგორც ერთ-ერთი მუსიკოსი, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა ავტომრბოლელის პროფესიას, პატივს ცემდა ყოველ პილოტს და სწორედ ამიტომ უხაროდათ ბოქსებში მისი გამოჩენა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button