ისტორია

„რა არის ტყუილის საფასური?“

ჩერნობილის კატასროფაზე არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი მაინც საბჭოთა პროპაგანდის გავლენის მსხვერპლია. საბჭოთა ხელისუფლება დიდი ხანი მალავდა ჩერნობილის კატასტროფის მიერ გამოწვეულ საშინელ შედეგებს, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მათი მონაცემები 1987 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რომლის მიხედვითაც ჩერნობილში დაღუპულთა რიცხვი სულ რაღაც 31 ადამიანია. რეალურად კი ჩერნობილის მოვლენებს 100 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

სალიკვიდაციო სამუშაოები | კადრი სერიალიდან

ვალერი ლეგასოვის თვითმკვლელობამდე საბჭოთა კავშირი არც კი აღიარებდა დიდი სიმძლავრის არხული ტიპის რეაქტორის გაუმართაობის პრობლემას და მხოლოდ რამდენიმე კაცს აბრალებდა აფეთქებას. ლეგასოვმა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კასეტებზე ჩაწერა ყველა ის რეალური მიზეზი, რომლის გამოც მოხდა აფეთქება. ამ კასეტებს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის მეცნიერების ასოციაციის წევრებისთვის იყო ცნობილი, თუმცა ლეგასოვის თვითმკვლელობის შემდეგ ვეღარ შეძლეს დამალვა. საბჭოთა კავშირში მდებარე ყველა რეაქტორს, რომლებსაც ადრე თუ გვიან, დიდი ალბათობით, ჩერნობილის მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა (საბჭოთა კავშირი ფულის დაზოგვის მიზნით აშენებდა სტანდარტულისგან განსხვავებულ, იაფფასიან ატომურ სადგურებს) ჩაუტარდა მოდიფიკაცია. მეცნიერები, რომლებიც უარყოფდნენ ოფიციალურ ვერსიას გახდენენ რეპრესიების მსხვერპლი, ზოგი მათგანი დაიჭირეს, ზოგი კი დახვრიტეს.

ვალერი ლეგასოვი

ფაქტია, რომ ჩერნობილის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა ჩერნობილის ატომური რეაქტორისგან გამოწვეულ შესაძლო საფრთხის შესახებ. საბჭოთა ხელისუფლება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა, და, მეტიც, ჩერნობილში მომუშავე პერსონალსაც კი უმალავდა ატომური რეაქტორის შემცველ საფრთხეებსა და რისკებს.

საბჭოთა ხელისუფლება აფეთქების შემდეგაც არ ითვალისწინებდა უსაფრთხოების ნორმებს. ყველა, ვინც სარკინიგზო ხიდიდან ადევნებდა თვალს ცეცხლში გახვეულ ატომურ სადგურს გარდაიცვალა, რის გამოც ამ ხიდს „სიკვდილის ხიდი“ უწოდეს.

„სიკვდილის ხიდის“ სცენა სერიალში

ადრე თუ გვიან დაიღუპნენ ასევე, იმ მეცნიერთა უმრავლესობა, რომლებიც აფეთქებისას სადგურზე იმყოფებოდნენ და მეხანძრეები, რომლებიც ცეცხლის ნაცვლად ქიმიურ ნივთიერებებს ებრძოდნენ. იმ 400 მეშახტისგან, რომლებიც სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ატომური რეაქტორის საბოლოო დადნობის თავიდან აცილებას, 100-მა 40 წლამდეც კი ვერ მიაღწია. როგორც საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა, სამი მყვინთავი, რომელიც წყლის ავზების გასახსნელად მოხალისედ გამოცხადდა, სამივე დაიღუპა, რეალურად კი ორი მათგანი დღესაც ცოცხალია. სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად დაახლოებით 600 000 კაცი (მათ შორის ქართველებიც) გაგზავნეს ჩერნობილში, რომელთა დიდი ნაწილიც დაიღუპა ან მძიმედ დაავადდა. რადიაციამ გამოიწვია ონკოლოგიური დაავადებების სწრაფი ზრდა უკრაინასა და ბელარუსიაში, განსაკუთრებულად დიდი რიცხვი დაფიქსირდა ბავშვებში. საბჭოთა ხელისუფლების ყველაზე დიდ დანაშაულად კი მოსახლეობის გაუფრთხილებლობა და ევაკუაციის დაგვიანება იყო. სანამ აშშ-ის სატელიტმა არ დააფიქსირა კოსმოსიდან ატომური სადგურის ავარია, მანამდე საბჭოთა მესვეურები შესაძლო საფრთხის თავიდან ასარიდებლად არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ. მოსახლეობის საშიში ზონებიდან ევაკუაცია და რადიაციის საწინააღმდეგო ზომების მიღება კი პირველად ევროპაში დაიწყეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ჩერნობილის სიახლოვეს მცხოვრები 300 000 ადამიანის ევაკუაცია საბჭოთა კავშირის მხრიდან, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ ეს დროებითი იყო, რეალურად კი იქ ცხოვრება დღემდე შეუძლებელია.

ევაკუაცია

HBO-ს დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებულმა მინისერიალმა 33 წლის შემდეგ გამოააშკარავა სიმართლე და სრულიად გააშიშვლა საბჭოთა სისტემა. სერიალი დოკუმენტური სიზუსტითა და უმაღლეს დონეზე შესრულებული მხატვრული სცენებით ასახავს ჩერნობილის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს. სერიალში არ გვხვდებიან სტანდარტული გმირები და ანტიგმირები, სერიალში გვხვდებიან რეალური საბჭოთა ადამიანები, რომელთაგან ზოგი რეალურად აანალიზებს პრობლემას, ზოგი კი სისტემის მსხვერპლად რჩება. 33 წლის განმავლობაში მალავდნენ საბჭოელები საკუთარი სისტემის საბოლოო კრახს – ჩერნობილის კატასტროფის რეალურ მიზეზს. ამ სერიალმა ცხადყო, რომ ავარია არა ცალკეული პიროვნებების, არამედ მრავალწლიანი საბჭოური იდეოლოგიით შექმნილი პროდუქტის – საბჭოთა ადამიანების ბრალი იყო. ანატოლი დიატლოვი, ვიქტორ ბრიუხანოვი, ნიკოლაი ფომინი – ეს პიროვნებები ნათლად წარმოადგენენ მთელი საბჭოთა იდეოლოგიის არსს.

ვიქტორ ბრიუხანოვი, ანატოლი დიატლოვი და ნიკოლაი ფომინი სასამართლოზე

ისინი წამოადგენენ რეჟიმზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავისაც აღარ სწამთ, წარმოადგენენ საბჭოთა სისტემის პროდუქტს – რეალობას მოწყვეტილ უსულო არსებებს. დიატლოვის მთავარი მიზანი არა ატომურ სადგურში ექსპერიმენტის წარმატებითა და უსაფრთხოდ, არამედ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებაა, რადგან მას ასე ჰქონდა დავალებული. იქ მომუშავეებიც შიშისგან ემორჩილებიან და ასრულებენ დავალებებს, რომელიც შემდგომ აფეთქებას გამოიწვევს. როდესაც ბრიუხანოვს აღვიძებენ და ავარიის შესახებ ატყობინებენ, პირველი აინტერესებს არა იქ მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება, არამედ ის, თუ კიდე ვინც იცის ამის შესახებ. მათ მდგომარეობას ეხმიანება ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“, რომელიც ცხადად გადმოსცემს, თუ როგორ აყალიბებდნენ საბჭოთა ადამიანებს.

აკიმოვი, დიატლოვი და ტუპტონოვი | კადრი სერიალიდან

სწორედ საბჭოთა კოლექტივის (დაწყებული ლიდერი მიხეილ გორბაჩოვით, დამთავრებული ჩერნობილის ატომური სადგურის ზედამხედველით ანატოლი დიატლოვით) დამსახურებით 1886 წელს მოხდა უდიდესი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის საფასურსაც დღემდე იხდის მოსახლეობა.

მიხეილ გორბაჩოვი (მარცხნივ: სერიალში / მარჯვნივ: რეალურ ცხოვრებაში)

„რა არის ტყუილის საფასური?“ – ამ შეკითხვაზე პასუხი საბჭოთა კავშირმა 1991 წელს იგემა, როდესაც საბოლოოდ ჩამოიშალა რეპრესიული იმპერია. მიხეილ გორბაჩოვმა თავად აღიარა ეს 2006 წელს: „საბჭოთა კავშირის რეალური დაშლის მიზეზი ალბათ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა იყო.“ თუმცა დღემდე აგრძელებს არსებობას საბჭოთა იდეოლოგიაზე დაფუძნებული, ოდნავ მოდერნიზებული რუსეთის იმპერია, რის გამოც კვლავ იარსებებს შეკითხვაც: „რა არის ტყუილის საფასური?“

უცნობი ფაქტები

ერთ-ერთი ქართველი სამხედრო, რომელიც საბჭოთა ჯარში მსახურობდა იხსენებს, რომ მისი ნაწილი ჩერნობილთან ახლოს მდინარის პირას იყო განწესებული. ჯარისკაცებისთვის არავის უთქვამს რეალურად რა ხდებოდა ჩერნობილში. ზოგი ჯარისკაცი მდინარეშიც კი ბანაობდა, ასევე, იჭერდნენ თევზებს. სამწუხაროდ, არავინ იცოდა, რომ მდინარე რადიაციით იყო დაბინძურებული.

მარცხნივ: ქართველი სამხედრო ბაჩო | კადრი სერიალიდან

როდესაც პრიპიატიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო, ჯარისკაცები მიმავალ ავტობუსებში მსხდომ ადამიანებს ხელს უქნევდნენ, თუმცა მათგან ვერაფერს ამჩნევდნენ. ცოტა ხანში კი ჯარისკაცები მიხვდნენ, ავტობუსებში არა ცოცხალი, არამედ, გარდაცვლილი ადამიანები მსხდარან. საბჭოთა ხელისუფლება მსხვერპლის დასამალად ნებისმიერ მეთოდს მიმართავდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button