ლიტერატურა

მწერლობა და ტოტალიტარიზმი

„ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში

მცირე ბედისაც ვარ მადლობელი“. 

                                                                                                                                                                      გალაკტიონი

1921 წლის 25 თებერვლის საბედისწერო დღეს სერგო ორჯონიკიძის ხელმოწერით მოსკოვში ასეთი დეპეშა გაიგზავნა-ლენინს, სტალინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“. სწორედ ამ დღიდან იწყებს თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას ჩვენს ქვეყანაში „წითელი საუკუნე“-კომუნისტური მმართველობა. გალაკტიონს რომ დავესესხოთ:

„იყო კივილი, წყევლა-წუხილი
და ქაჯურ ვალსში იყავ ჩართული;
ეს თბილისია თმაგაწეწილი
და მწუხარება ჩვენი-ქართული“.

სხვათა შორის, პოეტი-მეფე ლექსის სხვა ვარიანტში ბოლო სტრიქონს ასე წარმოადგენს: “უდაბურება კალუგის ველის და მწუხარება ჩვენი – ქართული“.

ერთი სიტყვით, კალუგის ველის სიცივე და სუსხი მოიტანა ახალმა სინამდვილემ. ფანატიკოსი, უხეში, ტლანქი ბოლშევიკები უკომპრომისო ლოზუნგებით:  “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“, “რელიგია ოპუმია“, “აღსდექ კრულვითა დაღდასმულო, ქვეყანავ, მშიერ მონების“ და დაუსრულებელი: „ძირს“, “ძინს“, “ძირს“. გრძელდებოდა გალაკტიონის მიერ ნახსენები „ქაჯური ვალსი“- ინგრეოდა ყოველივე ძველი და „შენდებოდა“ ახალი: უხეში, დაუნდობელი სინამდვილე, შენდებოდა სისხლით, ტერორით, რეპრესიებით. ახალმა იდეოლოგიამ ყველაფერი მოიცვა და, რაც მთავარია, სამსახურში ჩაიყენა მუზა – ხელოვნება. პრიმიტიული ადამიანები იყვნენ ბოლშევიკები, მაგრამ, ალბათ,ზუსტად ამ პლებეური აზროვნების გამო, გამახვილებული ინტუიციით გრძნობდნენ, რომ ხელოვნება უმოკლესი გზაა ადამიანების ემოციებისა და გონებისაკენ მიმავალი და საერთო ლოზუნგებისა და პროპაგანდი

                      საბჭოური პროპაგანდა

 „ისტერიაში“ ხელოვნებაც  „ჩაერთო“.

კაცობრიობის ისტორიამ მრავალი პარადოქსული კანონი შემოინახა. ზოგი მათგანი დღეს სასაცილოა, ზოგი – უზნეო, არაადამიანური, ვანდალური, ზოგი – საკუთარ დროსა და სივრცეში, ალბათ, სისხლხორცეულად აუცილებელი. ასე შეგვიძლია აღვიქვათ ის უცნაური დადგენილება, საბჭოთა სინამდვილის გარიჟრაჟზე რომ ჩაისახა და ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს რომ მოქმედებდა: ხელოვნებას ევალება (განსაკუთრებით-მწერლობას) ემსახუროს კომუნისტური პარტიის ინტერესებს. ეს იყო საბჭოთა ხელოვნების(9-ვე მუზის!) გენერალური ხაზი და ნებისმიერი გადახრა ამ მიმართულებიდან ისჯებოდა: გადასახლებით, სიკვდილით, პატიმრობით, საზოგადოებისაგან გარიყვით, გაკიცხვით, ”შეჩვენებით“ და ათასგვარი საშინელებით. ასე დაიწყო ხელოვნების იდეოლოგიზაცია „გაწითლება“. რაკი საბჭოეთმა რელიგია უარყო, ღმერთის „ადგილი“ კომუნისტურმა იდეოლოგიამ „დაიკავა“,ხოლო წმინდანებისა-საბჭოთა ბელადებმა. დიდი გასაქანი მიეცა „სახოტბო პოეზიას“,საბჭოურ „ჰიმნოგრაფიას“(უხეში ანალოგიისთვის ბოდიშს ვიხდი). ასე იქმნებოდა თანამედროვე „შედევრები“: 

„დასაბამიდან ამგვარად ხდება:
ადამიანი როდესაც კვდება,
ორი თარიღი დარჩება საფლავს:
ერთი აღნიშნავს მის დაბადებას
და მეორე კი სიკვდილის ამბავს.
შენ კი სიცოცხლის დიად თავდებად
ერთი თარიღი გარგუნა ბედმა,
რადგან სიკვდილი შენს დაბადებას
გვერდით დადგომას ვერ გაუბედავს.“

ეს ლექსი ლენინს ეძღვნება და ასე მკვიდრდება  ხალხის გულში ლოზუნგი:“  ლენინი უკვდავია“ .ასე იქმნება ახალი დროის მითოლოგია. საბჭოთა პოეზიამ მოიცვა მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ცხოვრების ყველა ასპექტი:

„ჩვენს დროშაზე ახატია
ნამგალი და ურო,
საბჭოთა ხელისუფლებავ,
უნდა გემსახურო.“

ნამგალი და ურო საბჭოთა სიმბოლიკა გახლდათ და, სხვათა შორის ,თვით ხელოვნების ისეთ „მოულოდნელ“ სფეროში, როგორიც არქიტექტურაა ,მკვეთრად აისახა ეს. ზემოდან რომ დახედო, იმ დროს აშენებული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სწორედ ნამგლისა და უროს ფორმისაა. საბჭოელებს დიდად ეხერხებოდათ სინამდვილის სათავისოდ ინტერპრეტაცია:

„ცაზე მთვარე ამოსულა,
ნიშანია დარისაო;
კოლექტივი გაძლიერდა,
გაუმარჯოს სტალინსაო“.

ყოველივე ამას ამძაფრებდა ინფორმაციული იზოლაცია. ადამიანს, უბრალოდ, დაკარგული ჰქონდა ავ-კარგის გარჩევის უნარი.  საბჭოთა ქვეყანას რკინის ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, დანარჩენი მსოფლიოსგან მტრის ხატი იყო შექმნილი. “არასაბჭოური“ ხელოვნება ბურჟუაზიულ გადმონაშთად და მტრულ, საშიშ მოვლენად იყო ჩათვლილი. სამაგიეროდ, განდიდებული იყო კომუნიზმის მშენებლობაში ჩართული მშრომელი მასების თავდადება, კოლექტივიზაცია, ქარხნების საყვირის “პოეზია“, ტრაქტორები, დაზგები, ჩარხები და ა.შ. ძალიან ხშირად ნიჭიერი პოეტების მუზაც ეწირებოდა ამ იდეებს. საბჭოური ხელოვნება კრძალავდა(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) სევდას, ნაღველს, შინაგან განცდებს, პირად გრძნობებს, პესიმისტურ განწყობას. ნებისმიერი ემოცია მხოლოდ ბელადებს, ქვეყნის აღმშენებლობასა და ნათელ მომავალს უნდა დაკავშირებოდა. ასე დამკვიდრდა ლიტერატურაში სტერეოტიპური გმირი-მოქალაქე განუმეორებელი საბჭოური ღიმილით სახეზე! იქმნებოდა ნაწარმოებები ტრაქტორებზე, მეჩაიე ქალებზე, რომლებიც თავიანთი თავდადებული შრომით სატვირთო მანქანებს ავსებენ მოკრეფილი ჩაის ფოთლით, მეტალურგებზე, კაშხლის მშენებლებზე და ასე შემდეგ. ეს ყოველივე დღეს, შეიძლება, კომიკურად ჟღერდეს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იყო ყველაზე ტრაგიკული ეპოქა. მუზათა ღმერთისთვის, რომელსაც „ევალებოდა“ იდეოლოგიის სამსახური: შთაგონება დავალებით, კარნახით, ბრძანებით, ფსიქოლოგიური წნეხით, ტერორისა და რეპრესიების შიშით არ მოდის. ხელოვნება თავისუფლებაა, სამყარო, სადაც “შიში სიყვარულს ვერ შეიქს“.

ჯორჯ ორუელის რომანის „1984“პერსონაჟი, იდეოლოგიის პრესისა და პატიმრობის უაზრო დღეების შემდეგ, სრულიად ზომბირებული, ასეთ დასკვნამდე „მიდის“ :“თავისუფლება მონობაშია“.მაგრამ თავისუფლება არ შეიძლება იყოს მონობა, ხელოვანისთვის ეს გამორიცხულია.

რა უნდა ექნა ასეთ სიტუაციაში, ლოზუნგებისა და ტერორის ქვეყანაში, როცა თავისუფლება დანაშაულად არის გამოცხადებული და მონობა-თავისუფლებად, როცა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დამხობის დღეს გაზეიმებენ,გატაშფანდურებენ, გაიძულებენ,წერო,“თებერვალო,საქართველოს გაზაფხული ხარ“, მართლა რა უნდა ექნა ღირსეულ ადამიანს,ღირსეულ მწერალს?

მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონი

და, აი, აქ იწყება ის მთავარი,რასაც საბჭოური  პერიოდის და არა – საბჭოთა მწერლობა – წარმოადგენს. სწორედ მარტვილის გზა გამოვლილმა, წამებულმა მუზამ შექმნა არაჩვეულებრივი სამყარო არაპირდაპირი, მეტაფორული გამოხატვისა, ირიბი მხილებისა, საბჭოეთის დაგმობისა, ადამიანის ტრაგედიისა ტოტალიტარულ სისტემაში. გროგოლ რობაქიძე ემიგრაციაში აქვეყნებს რომანს „ჩაკლული სული“. მე არ ვამბობ,რომ რომანი განსაკუთრებულ ანტისაბჭოურ მატაფორებსა და ალეგორიებს შეიცავს (ეს ბუნებრივიცაა,დაწერილია ემიგრაციაში და საბჭოეთის პირდაპირი მხილებაა). ამ მომენტში უფრო სათაურს მინდა მივაქციო ყურადღება – „ჩაკლული სული“. ბოლშევიზმმა სწორედ სული ჩაუკლა ადამიანს და მის სანაცვლოდ, საბჭოური ღიმილი „მიახატა“, სტანდარტული ღიმილი ნათელი მომავლით აღტაცებისა. ჩაკლული სულის „რეინკარნაციისთვის“ კი იბრძოდა მწერლობა, ნამდვილი, ნამუსიანი მწერლობა. მე-20 საუკუნის ცნობილი მოაზროვნე,ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი თავის ესეში “ხელოვნების დეჰუმაჰიზაცია“ წერს: “ჭეშმარიტად განსაფვიფრებელია ადამიაში ერთი საგნის მეორით შეცვლის აზრობრივი მოთხოვლინება, რაც იმდენად საგნის დაუფლებას კი არ ისახავს მიზნად,რამდენადაც მის მიჩქმალვას.მეტაფორა სხვა საგნით ნიღბავს და მოხერხებულად  მალავს საგანს“ სწორედ ასე ინიღბებოდა მწერლობა, ინიღბებოდა სინამდვილე. პარადიგმებისა და სიმბოლოების ამოხსნა პრიმიტიული საბჭოელებისათვის კი, უმეტესად, ძნელი იყო, თანაც, ვერაფერს ვერ „დაუმტკიცებდი“ მწერალს, გინდა თუ არა, ამ მეტაფორაში საბჭოთა სისტემა იგულისხმეო. გამგები კი იგებდა („არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი“ –  გალაკტიონი).

კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ერთი ნოველა“დიდი იოსები“.ნაწარმოებში 25 თებერვლის ის ავადხსენებული დღეა აღწერილი,როცა „წითლები“ შემოვიდნენ თბილისში. გარდა იმისა,რომ ნოველაში ასახულია,როგორ განიცდის ადამიანი სრულ დეგრადაციას,როგორ იკარგება პიროვნება ამ ქაოსისა და განუკითხაობის პირობებში (უპატიოსნესი მეკურტნე თაღლითად და სხვისი ქონების მიმტაცებლად გადაიქცევა),ნოველაში გვხვდება ერთი საოცარი სიმბოლური სახე-იმჟამინდელი საქართველოს სახე.საყოველთაო ძარცვისა და თარეშის დროს უსინათლო დედაბერი ზის გერმანელების ეკლესიის ეზოში მარღია თვალებს “უსწორებს ღამეს

 და საცოდავად ტირის: “მიშველეთ,მიშველეთ, გამძარცვეს. ადგილის  დედას ჰგავდა საქართველოისას ,შვილების მიერ გაძარცვულსა და ყელგამიჭრილს.“ასეთი გახლდათ ჩვენი ქვეყანა ბოლშევიკების შემოსვლის დღეს. ბუნებრივია, ქართველი მწერალი თავს გაუცხოებულად გრძნობს და ეს განცდა, როგორც დემონი, როგორც ბედისწერა, დევნის მთელი ცხოვრება. კონსტანტინე გამსახურდია წერდა:

კონსტანტინე გამსახურდია

„მე თქვენთვის დამაქვს, კაცუნებო, ნიღაბი შავი,
აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ.
გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი,
შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ.“

ამ „ბოღმიან“ სახეებში კი  ვაჟკაცურად გაისმოდა  გალაკტიონის სიტყვები: “ვწუხვარ, ერთადერთი ვარ“, ან:  “წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის“. პოეტი-მეფე, რომელიც უცნაურ ზმანებებსა და ხილვებში ოსტატურად გადაფარავდა ხოლმე თავის ნამდვილ სათქმელს, (რომელსაც, ვიმეორებ, ნამდვილი მკითხველი და არა“ გადამკითხველი“ მაინც გაიგებდა), მოულოდნელი სითამამით გამოაცხადებდა:

„ეს ოცი წელიწადია –
სამშობლოვ! გულით მწადია –
რომ გარს გეხვიოს, რაც ქვეყნად
სინათლე-სიდიადეა.
გადამთიელი გადია
სწუხს: ბევრი ღამე ათია –
არ სძინავს გაბოროტებულს,
ეს ოცი წელიწადია.“

აგრესიულ, მარად ფხიზელი გადიას თვალსა და ყურს არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი, ესაა, ცოტა ღმად სიმბოლური სახეების წვდომა და ამოხსნა უჭირდა,საამისოდ ინტელექტიც აკლდა და ლექსის გრძნობაც,თორემ რა უნდოდა გალაკტიონის „მშობლიური ეფემერას“ “ წაკითხვას“:

„ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია“.

(1921 წლის ზამთარი-თებერვალი იგულისხმება).

ან:

“მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ,
და არ მახსოვდა, მქონდა იგი თუ მომაგონდა“.

და მაინც, გალაკტიონის ლექსებს შორის ყველაზე მეტად საბჭოური ცხოვრების განაჩენივით გაისმის :

„ია-ვარდი რომ არ არის, სად მოვკრიფო?
საქართველო მხოლოდ პრასი და ქინძია,
საქართველო წინათ იყო სახელმწიფო,
საქართველო ახლა არის პროვინცია.“

სხვათა შორის, გალაკტიონს 20-იან წლებში პოემაც დაუწერია ქაქუცა ცოლოყაშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი ცეკას მდივნის სიძე იყო, მაინც დააპატიმრეს, მალევე გამოუშვიათ, მაგრამ პატიმრობის შემდეგ გალაკტიონის ნამდვილი ხმა აღარავის გაუგონია. იგი თავისი ბოხი, ძლიერი ტემბრის ხმის ნაცვლად, წაგრძელებით,  არტისტულად, დეაწვრილებული ხმით მეტყველებდა. ეს იყო პოეტის ნიღაბი, პროტესტი, ცინიზმი თუ ყველაფერი ერთდ:

„ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების,
ვით მოჩვენებას.  მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს“.

  • ამ სიტყვებში უდიდესი პროტესტი გაისმის იმ ეპოქის მიმართ, რომელმაც, „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“.

ერთმა სოვეტილოგმა სტალინის შესახებ დაწერა –  მან, გრძნეული კირკეს მსგავსად, ჯოხის შეხებით ღორებად აქცია ადამიანები, მაგრამ, კირკესგან განსხვავებით, ის ჯოხი აღარ ჰქონდა, კვლავ ადამიანობა რომ დაებრუნებინა მათთვისო. ასე შეიქმნა დიდი საღორე და ასე იქცნენ ადამიანები ღორებად. „ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში“. – სასოწარკვეთილი ცინიზმით ამბობს გალაკტიონი.

1937 წელი!

ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია “საბჭოური ინკვიზიციის“ ამ საშინელ პროცესში (თვით ინკვიზიციასაც რომ გადააჭარბა თავისი სისასტიკით), საერთოდ ეჭვი შეეპარება ადამიანსა და ადამიანობაში. მუშაობდა პროპაგანდის სისტემა, ყალიბდებოდა საბჭოთა წყობის „მტრის ხატი“, იდევნებოდა ნიჭი, სიტყვა, ფიქრი, ოცნება. შექსპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ჭეშმარიტ ხელოვნებას ასობდნენ ლახვარს“. მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ერთი საინტერესო მოთხრობა “იგი“. ველური ტომის ცხოვრებაა აღწერილი ამ ნაწარმოებში. წელში მოხრილ, ვიწროშუბლიან ველურებში მოულოდნელად წელში გამართული ველური გამოჩნდა. ის იგია – ინდივიდი და გარდა ამ „კატასტროფიული“ თვისებისა, სიტყვებიც აქვს და აზროვნებს კიდეც (ველურის კვალობაზე), ხელოვნების პირველ ნიმუშსაც ქმნის (ხატავს). როგორი იქნება მისი ხვედრი ამ ნაცრისფერ ერთგვაროვნებაში? “იგი ავა დიდი დავიწყების ქარაფზე და გადაეშვება დიდი დავიწყების ხახაში.“ ეს სიკვდილია. ასეთია ტომის ბელადის განაჩენი. ძალიან მეეჭვება, საბჭოთა პერიოდის და არა საბჭოთა მწერალი დიდად აეღელვებინა ველური ტომის განვითარების ისტორიას. აქ გამჭვირვალე ანალოგიაა: ინდივიდის, გამორჩეულის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში! სხვათა შორის, ამავე თემას უძღვნა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი რომანი“დიდოსტატის მარჯვენა“. ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში – ეს მოტივი მსჭვალავს რომანს, რომელიც 1939 წელს გამოვიდა და, ალბათ, 1937-იანი წლების რეპრესიების შთაბეჭდილებების გავლენით იწერებოდა.

1937 წელს ყველაზე მძიმე დრო დაუდგა მწერლობას. გარდა იმისა, რომ ყველა ნიჭიერი დასაღუპად გაიწირა, მთავარი მაინც სხვა იყო: შემოქმედმა, მწერალმა დაკარგა ადამიანის სახე (საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხებოდა). პარტიის დავალებით, ისინი გმობდნენ კომუნიზმის გენერალური ხაზიდან გადახრისა თუ გადახვევის ნებისმიერ პრეცედენტს,გმობდნენ და „ხალხის მტრად“(ეს მაგიური,საბედისწერო სიტყვები იყო), აცხადებდნენ ნამდვილ ,ჭეშმარიტ შემოქმედს.

 გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე

   “მაგრამ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია,

                                                   ჩვენც, ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ“. – წერდა ტიციან ტაბიძე.

ამ „სხვა დროის“ მსხვერპლი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მინდა, არაპირდაპირ მსხვერპლზე შევჩერდე. ადრე ვახსენე, საბჭოეთმა სულიერად მოკლა ადამიანიო და ეს სუმოკლული თუ სულგაყიდული ადამიანები(მწერლები!) დაუნდობლად აბეზღებდნენ და დასახვრეტად იმეტებდნენ თანამოკალმეებს, ამხელდნენ სამშობლოს ღალატში, ჯაშუშობასა და კომუნისტური იდეალების გმობაში. ერთი სიტყვით, როგორც მოგვიანებით ერთი პოეტი იტყვის,“საქართველოში კაენის სულის აღზევებამ გადაიარა.“ადამიანებს იჭერდნენ ღამით, სატვირთო ავტომობილებით გაჰყავდათ ქალაქგარეთ და საკუთარი ხელით გათხრილ საფლავებთან ხვრეტდნენ (ჯალათი შაშურკინი ატარებდა ამ ოპერაციებს) და ნახევრად ცოცხლებს მიწას აყრიდნენ. მძიმე მოსასმენია, მაგრამ ერთმა იმდროინდელმა მწერალმა (საბჭოეთის მხურვალე აპოლოგეტმა), ლექსიც კი უძღვნა იმ ავტომობილს, “ხალხის მტრები“რომ დასახვრეტად მიჰყავდა, შენზე(ავტომობილზე) მშვენიერი და ლამაზი არაფერი მინახავსო.

რეპრესიების დაწყებამდე 2 წლით ადრე  პაოლო იაშვილი წერდა:

„უფალო,უსმინე შევარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს;
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში განწირულს მარად“.

ამ კაცმა 1937 წელს მწერალთა კავშირის შენობაში, როცა დარბაზში სხდომა და „ურთიერთგმობა“ მიმდინარეობდა, ღირსების ტყვია გაისროლა და თავი მოიკლა! ნიშანდობლივია, რომ სწორედ მწერალთა სასახლეში!

გალაკტიონს მოვუსმინოთ:

“სამგლეს და საძაღლეს,
მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი
ვერ მიეყუდები.
აქ არს მოდებული
გაბოროტებული
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.
სულაქოთებული
ქანაობს კრებული
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.“

ამ “კუდების” მონაწილეობითა და „წყალობით“ ბევრი ტრაგედია დატრიალდა.

დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს გალაკტიონის ცოლი,დააპატიმრეს და მოკლეს ტიციან ტაბიძე, ცოტა ხნით ადრე რომ წერდა:

„ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
                                                                  და რკინის ბაწარს- ყელზე რომ მომდებს.“– არც დაინდო „რკინის მუსკულებმა“.

1937 წლის ზაფხულ;ის ერთ ცხელ დღეს (უფრო სწორედ, ღამეს – თანამედროვე „წითელი ინკვიზიცია“ ღამ-ღამობით ატარებდა ასეთ ოპერაციებს), „ჯაყოს ხიზნების“ ავტორი, მიხეილ ჯავახიშვილი, ჯერ დააპატიმრეს და მერე დახვრიტეს. ეს მოხდა არა მარტო იმის გამო, რომ ლავრენტი ბერიამ, 30-იანი წლების ერთ-ერთმა დირიჟორმა და სულისჩამდგმელმა, ვერა და ვერ მოახერხა ჯავახიშვილთან დაახლოება და მისი საბჭოეთის მეხოტბედ ქცევა, არა მარტო იმის გამო, რომ როცა ლავრენტი პავლეს ძე მეტეხის ტაძრის დანგრევას და მის ადგილას რესტორნის აშენებას აპირებდა, მიხეილ ჯავახიშვილი სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად შევიდა მასთან და გადაწყვეტილება შეაცვლევინა, არამედ, რეალურად, ჯავახიშვილი დახვრიტეს იმის გამო, რომ „ჯაყოს ხიზნები“ დაწერა და ეს ნაწარმოები კი კრიტიკაა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა და მის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულისა ჩვენს ქვეყანაში. წიგნი ასახავს იმას, თუ როგორ ჩაიგდო ყველა და ყველაფერი ღირებული ჯაყომ-უცხოტომელმა, ავანტიურისტმა ,გაუნათლებელმა ,მედროვემ, უზნეომ, ძალმომრემ,უმორალო „კაცმა“, რომელმაც  არ

 გალაკტიონი

იცის არაფერი და შეუძლია ყველაფერი: მითვისება, მოხვეჭა, გაბინძურება, გაუფასურება და ცინიკური ჭიხვინი:“მაშ, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა.“აი სწორედ ეს მოიტანა ბოლშევიზმმა-ამოატივტივა ჯაყო! “ყოვლის მთმენი,ვით ჯორ-ცხენი“ ქართველობა კი იტანდა,  ითმენდა, უფრო მეტიც,სულ ტაშ-ფანდურით ზეიმობდა საკუთარი დაქცევის თარიღს-25 თებერვალს.ნამდვილი,ნამუსიანი მწერლობა კი იბრძოდა,იბრძოდა მეტაფორა-ალეგორიებით თუ ალუზიებით.საბჭოთა ცენზურა ზოგჯერ ვერ ხვდებოდა ზოგჯერ არ იმჩნევდა..პოეზია კი ,როგორც გალაკტიონი იტყოდა:“თავზარსა სცემდა… უფრორე მეტად, ვიდრე ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებულთა“.

კოლაუ ნადირაძის ერთი ლექსი მინდა გავიხსენო,დღეს ანტისაბჭოურ „ჰიტად „ ქცეული ლექსი.1988 წელი იყო.გამომცემლობა „მერანმა“ გადაწყვიტა,გამოეცა კრებული“პოეტის ათასი სტრიქონი“.ანბანურად დალაგებული პოეტების ათას-ათასი სტრიქონი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი კრებულში(საბჭოთა პერიოსის მწერლებზეა საუბარი).კომუნისტები ხელმომჭირნე ადამიანები იყვნენ(ქვეყნის მთელი შემოსავალი შეიარაღებას ხმარდებოდა და თავს ფუფუნების უფლებს ვერ აძლევდნენ), ამიტომ, წიგნის მხატვრის იდეით,გადაწყდა,რომ თითოეული ახალი პოეტის გვერდი მარტივად „გაეფორმებინათ“ამ პოეტის ავტოგრაფით, ხელნაწერით. რაკიღა პოეტების უმრავლესობა გარდაცვლილი გახლდათ, ლიტერატურის მუზეუმს მიაკითხეს, რათა ამ ხელნაწერების ფოტოები გადაეღოთ. კოლაუ ნადირაძე,ყოფილი „ცისფერყანწელი“,90 წლისა იყო და აღარ შეაწუხეს ხანდაზმული პოეტი და ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებს ჰკითხეს, რაიმე ხელნაწერი ხომ არ ინახება შემთხვევით კოლაუსიო. მათ უპასუხეს, კი, როგორ არა, შალვა დემეტრაძის არქივშიაო. მოკლედ, აღმოჩნდა 1  ფურცელი, რომლის წაკითხვა აზრად არავის მოსვლია. აიღეს და, პირდაპირ გადაუღეს სურათი. წიგნის აწყობამდე, რა თქმა უნდა, ცენზურამ შეისწავლა ყველა პოეტის 1000-1000 სტრიქონი. ამ „ყოვლისმხედველ“ თვალს „დაუსხლტა“ კოლაუს ლექსი, რადგან ავტოგრაფის ფოტოასლის შემოწმება კაციშვილს არ მოსვლია აზრად.ბუნებრივია,არც გამომცემლობაში წაუკითხავთ ავტოგრაფი და წიგნი ისე ააწყვეს, არავინ იცოდა, რა „ნაღმი“ იყო მის ერთ-ერთ გვერდზე. ბუნებრივია, ლექსის ავტორსაც ოდნვავი წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, რომ მისი „უჯრის პატიმარი“ლექსი მოულოდნელად გათავისუფლდა და წიგნში დაიდო ბინა.ეს ყველაზე სახიფათო წიგნი მაღაზიაში შეიტანეს. აქ კი საბჭოთა მკითხველის ფხიზელმა თვალმა აღმოაჩინა,რომ საბჭოთა საქართველოს საზეიმო თარიღი, რომელსაც ჭეშმარიტი საბჭოთა პოეტები“საქართველოს გაზაფხულსა და გამოღვიძებას“ უწოდებდნენ,ლექსში სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი. კოჯრისა და ტაბახმელას ბრძოლა, დათალხული თბილისი,დადუმებული სიონი და მდუმარე ხალხი, იუნკერთა ცხედრები და, რაც მთავარია, თეთრ ცხენზე მჯდომი, წითელდროშიანი, საკუთარი ერის მიქელ-გაბრიელი-სერგო ორჯონიკიძე! ამ დროს კი ორჯონიკიძის ძეგლი იდგა ამაყად ვაკე-საბურთალოს გზაზე და ეს რაიონიც მის სახელს ატარებდა! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა! წიგნი   „დააპატიმრეს“, ყველა ეგზემპლარიდან ამოხიეს კოლაუს ლექსი და ისე გაყიდეს(არ იზარალეს). ასეთია ისტორია ლექსისა „25 თებერვალი 1921 წელი“

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ქართული მწერლობა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებით“,ლევან გოთუას „გმირთა ვარამით“,მიხეილ ჯავახიშვილის“ლამბალო და ყაშათი,ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბათი“ და ასე შემდეგ…

გალაკტიონს აქვს ერთი ლექსი, ამ შეშლილ საუკუნეზე დაწერილი:

“ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს,
ციდან ცრემლები მოდის ჩაფებით.
გრგვინვა ციდან ცით მიაგვირგვინებს
ელვას-კივილთა აკიაფებით.
განრისხებულა თვითონ ზევესი,
დორბლმორეული თეთრი მელანით.
დაკარგულია გზა მოხევესი…
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.“

ილიასა და ლელთ ღუნიას (მოხევეს ) გზა კი გრძელდებოდა…მერე, 60-იან-70-იან წლებში ახალი მწერლები მოვიდნენ, ახალი მეტაფორები და სიმბოლოები მოიტანეს, მაგრამ ამაზე საუბარი ჟურნალის სხვა ნომრისთვის გადავდოთ.

კონსტანტინე გამსახურდია

რუსუდან მეგრელიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button