ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №2 – ბაბილონი

მსოფლიოს დაკარგული ქალაქებიდან არც ერთს შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ბაბილონის ევოლუციურ ბრწყინვალებას, სიძველესა და იდუმალებას. კაცობრიობის ისტორია სწორედ ამ უდაბნოში – დღევანდელი ბაღდადიდან სამხრეთით 100 კმ-ში იწყება.  

ბაბილი” – “ღვთის ჭიშკარი” (შუმერულად: KÁ.DINGIR.RA).

„ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ (რეგიონი ახლო აღმოსავლეთში) მიწაზე, რომელიც ტიგროსისა და ევრფრატის მდინარეებს ესაზღვრება, მრავალი სახელმწიფო არსებობდა: აქადი, ასურეთი, ბაბილონი, ერაყი… ამბობენ, რომ ადამისა და ევას ედემის ბაღიც აქვე ახლოს იყო.

შუამდინარეთი ურბანული ცივილიზაციის აკვანია, ბაბილონი კი მისი პირმშო. ქალაქი პირველად ძვ.წ XXIII საუკუნეში მოიხსენება, უფრო ვრცლად კი მის შესახებ წყაროები ხამურაბის მეფობის დასაწყისში (დაახლოებით ძვ.წ 1792 წ) გვამცნობენ.

ბაბილონის ამ ცნობილმა მეფემ თავი უკომპრომისო კანონთა კრებულით დაგვამახსოვრა, სადაც ხშირად ჟღერს ფრაზა – „სიკვდილით უნდა დაისაჯოს“. ხამურაბი იყო პირველი, ვინც მოქნილი პოლიტიკითა და ფრთხილი დიპლომატიით შეძლო სამხრეთ შუამდინარეთისა და ასურეთის ნაწილის შემოერთება. მან ბაბილონი სამეფო ქალაქად აქცია.

ქალაქის ისტორია ყველასთვის ძალიან მიმზიდველი და ამაღელვებელია, მაგრამ არა ძველი აღთქმის მიმდევრებისთვის, ვისთვისაც ბაბილონი ნამდვილ ანტი-გმირთან ასოცირდება, ეს იყო ებრაელთა გამწყვეტი, ტაძართა ამაოხრებელი, სიმდიდრის მოყვარული დესპოტი – ნაბუქოდონოსორ II, რომელმაც ტახტი ძვ.წ-ით 605 წელს ჩაიგდო ხელში.

ნაბუქოდონოსორ II

დაპყრობითი ბრძოლების ქარიშხლის შემდეგ, ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტესა და სირიაში აითვისა მონუმენტური მშენებლობის ხელოვნება, რის შედეგადაც ბაბილონი ანტიკური სამყაროს უდიდეს და უძლიერეს ქალაქად იქცა. ეს იყო ლურჯი მოჭიქული ფილებით შემოსილი, მოოქროვილი და მოვერცხლილი შენობების, კოშკების, ტაძრების, სალოცავებისა და სასახლეების თვალისმომჭრელი სანახაობა. ამ ყველაფერს კი ისეთი მასიური გალავანი ერტყა, რომ მასზე, ოთხი ცხენშებმული ორი ეტლიც კი მარტივად აუვლიდა ერთმანეთს გვერდს – აღნიშნავს სტრაბონი.

ნაბუქოდონოსორის იმპერიული აღმშენებლობის ნაყოფია ქალაქის ყველაზე ამბიციური და სახელგანთქმული ძეგლი, რომელიც მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, როგორც კაცობრიობის ღმერთთან ამპარტავნული მეტოქეობის განსახიერება. ბაბილონელებისთვის ცნობილი, როგორც 91 მეტრიანი გოდოლი, ან ზიქურატი – ეთემენანქი. მის თავზე ბაბილონის მფარველი ღვთაების – მარდუქის ტაძარი იყო აღმართული, რაც „ზეცისა და დედამიწის მიჯნას“ წარმოადგენდა. ეთემენანქს დანარჩენი მსოფლიო, ძველი აღთქმის მიმდევრების ჩათვლით, ბაბილონის გოდოლს უწოდებდა.

ბაბილონის გოდოლი

„რაც შეეხება ეთემენანქს, ბაბილონის ზიქურატს, საძირკველი მამაჩემმა, ჩემმა წარმომშობელმა – ნაბოპალასარმა ჩაუყარა და 30 წყრთაზე აღმართა, თუმცა ზედაპირს ვერ შესწვდა. მის აშენებას ხელი მე შევუწყვე. ლიბანის მთაზე ტყეში მდგარი დიდებული კედრები ჩემი სუფთა ხელებით მოვჭერი და [ეთემენანქს] სახურავი დავადგი.“

ბაბილონის შესახებ ძირითად ცნობებს გვაწვდის ძვ.წ V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე, ასევე, მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ლურსმული დამწერლობის ტექსტები და არქეოლოგიური გათხრები. ჰეროდოტე ერთ-ერთი პირველია, ვინც ბაბილონს დეტალურად აღწერს. თხზულებაში „ისტორიები“ იგი 10 გვერდს უთმობს ქალაქის აღწერას.

ბაბილონი

„ბაბილონი ფართო ველზე მდებარეობს. უზარმაზარი ქალაქი კვადრატული ფორმისაა და სიგრძეში 23, ხოლო წრიულად 90 კილომეტრია. გარდა გამორჩეული ზომისა, ეს ქალაქი მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე მეტად ბრწყინავს.“ – მოგვითხრობს იგი – „ის გარშემორტყმულია წყლით სავსე ფართო თხრილით, რომლის უკანაც აღმართულია 50 სამეფო წყრთის სიგანისა და 200 წყრთის სიმაღლის კედელი.“

ჰეროდოტე გამოარჩევს მარდუქის ტაძარს, რომელიც ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე გაშენებული ქალაქის იერსახის ერთ-ერთი გამორჩეული შტრიხი გახლდათ:

„ტაძრის ნაგებობა, რომელიც ჩემს დროსაც არსებობდა, კვადრატულია, თითოეული მხარე 400 მეტრია და ბრინჯაოს კარიბჭეები აკრავს. დასაწყისში მტკიცე ცენტრალური გოდოლი დგას, რომლის თავზეც აღმართულია მეორე გოდოლი, შემდეგ მესამე და ასე გრძელდება რვამდე. ყველა მათგანზე ასვლა შესაძლებელია სპირალისებური გზით, რომლითაც გარშემორტყმულია ნაგებობა. შუა გზაზე დგას სავარძლები და თავშესაფარი მათთვის, ვისაც შესვენება სურს. უმაღლესი გოდოლის მწვერვალზე კი აღმართულია დიდებული ტაძარი…“

ძველი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში უამრავი პატარა ტაძარი და სავაჭრო გემების სადგომი იყო, რაც ქალაქის კეთილდღეობას მოასწავებდა. ქუჩების დიდი ქსელიდან, მთავარი ფართო გზა ჩრდილოეთით, თიხის ფირფიტებით მოპირკეთებულ იშთარის კარიბჭემდე მიდიოდა, რომელსაც ფრთოსანი ლომების, თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა და ოქროს ფაფრიანი ლომების გამოსახულებები ამშვენებდა. კარიბჭის დასავლეთით კი, 15 ჰექტარზე, გადაჭიმული იყო ორი დიდებული სასახლის კომპლექსი, რომელიც ბაბილონის რვიდან ერთ-ერთ გამაგრებულ დამცავ ნაგებობას წარმოადგენდა.

იშთარის კარიბჭის გრაფიკული რეკონსტრუქცია

გამომწვარ აგურებზე შესრულებული ნაბუქოდონოსორის ამპარტავნული წარწერები ბაბილონიის მეფეთა იმ ტრადიციას მისდევს, რომლის მიხედვითაც ისინი სამხედრო წარმატებებზე მეტად, არქიტექტურული მიღწევებით ამაყობდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა წარწერამ მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა მთავარი გზის გასწვრივ არსებულ ორ კარიბჭეზე:
„მე ჩავუყარე [კარიბჭეებს] საფუძველი კირითა და აგურით, შიდა ნაწილი კი მბზინავი ლურჯი ფილებით, ხარებისა და მრისხანე ურჩხულების გამოსახულებებით დავამშვენე. ისინი ბრინჯაოთი მოპირკეთებული კედრის ხეებით გადავხურე, კარიბჭის ღიობებს კი სპილენძის ჭიშკრები მყარად მივამაგრე. ყველა ადამიანის გასაოცრად, ისინი ბრინჯაოს მასიური ხარებითა და შემზარავი ურჩხულებით მოვრთე…“

ძვ.წ 597 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაიპყრო. „მეფეთა წიგნი“ აღწერს, თუ როგორ განდევნა მან იერუსალიმიდან მოსახლეობა: ყველა პრინცი და ვაჟკაცი მებრძოლი, 10 000 ტყვე, ხელოსნები და მჭედლებიც კი გადაასახლა. აღარავინ დარჩა, ვინც გადარჩენილ უღარიბეს მოქალაქეებზე იზრუნებდა.

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ აიძულებდა ტყვეებს ემუშავათ მის სამშენებლო პროექტებზე. ნაბუქოდონოსორი არ აგებდა ოქროს კერპებს ხალხში პოპულარობის მოსაპოვებლად, ბაბილონიის მეფე საკუთარი დედაქალაქის აღმშენებლობაში ხარჯავდა მთელ ძალისხმევას.

უცნაურია, რომ ჰეროდოტე არაფერს ამბობს ბაბილონის დაკიდულ ბაღებზე, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთია. თავდაპირველად, ბერძნებმა მისი აშენება ასურეთის ლეგენდარულ დედოფალ – სემირამიდას დაუკავშირეს. ძვ.წ-ის I საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი, დიოდორე სიცილიელი კი წერს, რომ დაკიდული ბაღები არა სემირამიდამ, არამედ, მოგვიანებით, პრინცმა კიროსმა ააშენა. მიუძღვნა ქალს, რომელიც წარმოშობით სპარსელი ყოფილა და მეფისთვის ის მცენარეები მიურთმევია, რომლებიც სპარსეთში ხარობდნენ, რაც სამშობლოს გაახსენებდა.

თუმცა სარწმუნო ცნობების თანახმად, დაკიდული ბაღები ნაბუქოდონოსორს აუგია და დედოფალ ამიტასთვის მიუძღვნია. ზოგიერთი არქეოლოგი კი მიიჩნევს, რომ ბაღების არსებობაც მითი იყო და იმ ლეგენდების ნაწილია, რომლებიც ბაბილონზე მუდამ ითხვზებოდა.

ბაბილონის დაკიდული ბაღების გრაფიკული რეკონსტრუქცია

ჰეროდოტე თავის თხზულებაში თითქმის ყველა სფეროს ეხება: ქალაქის ზოგად გეოგრაფიას, აგურის გამოწვის ტრადიციას, კედლების განლაგებას ქუჩების გეგმის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კულტურას (ქერი, ხორბალი, სეზამი), პალმის ხეების მრავალმხრივ გამოყენებას (საჭმელი, ღვინო და თაფლი), რელიგიურ, სამედიცინო და სექსუალურ პრაქტიკას, გემების სახეობებს, რომლებიც ევფრატზე გადაადგილდებოდა და ა.შ. იგი აღწერს, თუ როგორი რთული გადასალახი იყო კედლები, რომლებიც კირისა და გამომწვარი აგურებით, ტალახისა და ასფალტის მასალებით აშენდა. მისი ნაშთები დღემდე შეინიშნება.

ბაბილონის დაცემა

ნაბუქოდონოსორის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონს რეგიონში კვლავ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა, სანამ სპარსელებმა კიროს დიდის მმართველობის დროს ქალაქი არ დაიპყრეს. ქალაქის კედლები იმდენად მტკიცე იყო, რომ იერიშით მისი აღება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ სპარსელებმა ხერხს მიმართეს: მდინარე ევფრატს კალაპოტი ისე შეუცვალეს, რომ მისი გადალახვა ძალიან გამარტივებულიყო და ქალაქს ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის დროს მდინარიდან დაესხნენ თავს. ბაბილონი, პრაქტიკულად, უბრძოლველად დაეცა.

კიროსი და მისი მემკვიდრეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას, ამიტომ სპარსელთა მმართველობის დროს ბაბილონი ხელოვნებისა და განათლების ცენტრად გადაიქცა.

200 წლის შემდეგ, როცა სპარსეთის იმპერია დაეცა, ქალაქი ალექსანდრე მაკედონელმა ჩაიგდო ხელში (ძვ.წ 331 წ). მაკედონელი ბაბილონის მიმართ დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული და ჯარისკაცებს უბრძანა, ქალაქი არ აეოხრებინათ.

ალექსანდრე მაკედონელის ტრიუმფი ბაბილონში

ძვ.წ 223 წელს ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, დიადოქოსების ბრძოლაში გახვეული ქალაქი უსაფრთხოების მიზნით უამრავმა მოსახლემ დატოვა. უკვე პართიის მმართველობის ხანაში (ძვ.წ 153 წ) კი ქალაქში აღარავინ ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასანიანთა ირანის დროს ბაბილონში სიცოცხლე მცირე ხნით აღსდგა, თუმცა ძველი დიდება აღარასდროს დაუბრუნებია.

VII საუკუნეში არაბებმა ნახევრად ნანგრევებად ქცეული ბაბილონი დაიპყრეს, ქალაქი მალე ბოლომდე განადგურდა და საბოლოოდ დაფარა ქვიშამ, სანამ XVII და XVIII საუკუნეებში ევროპელმა მოგზაურებმა არ დაიწყეს მისი შესწავლა. ბაბილონის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა არტეფაქტებმა რეგიონის მიმართ ინტერესი კვლავ გააღვივა და მისი შესწავლა ბევრმა მკვლევარმა სცადა.

ბაბილონი დღეს

დღეს ბაბილონის ნანგრევები თანამედროვე ერაყში, ბაღდადიდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. 2003 წლის ერაყის ომის დროს ქალაქის ტერიტორია საბრძოლო ბაზად გადაკეთდა, რამაც არტეფაქტები და არქეოლოგიური ველი მნიშვნელოვნად დააზარალა. მიუხედავად ამისა, დღემდე შესაძლებელია ქალაქის ნანგრევებში ნაბუქოდონოსორის სასახლის და ძველი ქალაქის გალავნის ნაწილების დათვალიერება. ასევე, ბერლინის პერგამონის მუზეუმში, შესაძლებელია იშთარის კარიბჭის რეკონსტრუქციის ნახვა.

დღეს ბაბილონის ტერიტორია მნახველებისთვის ღიაა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, ერაყში სტუმრობა უსაფრთხო არ არის.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button