ისტორია

კლიტოს შავი

მსოფლიოს ისტორიას მრავალი სახელოვანი სამხედრო მეთაური ახსოვს, ერთ-ერთი  ასეთი, რომლის ისტორიული ფინალი უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით იმსახურებდა, იყო კლიტოს შავი, ალექსანდრე მაკედონელის სარდალი.                                                                                             

კლიტოს შავი დაიბადა ძვ.წ. 375 წელს მაკედონიაში, მამამისი დროპიდე იყო ალექსანდრეს მამის ფილიპეს თანამებრძოლი და მასთან დაახლოვებული პირი, რაც ჩანს იქედან, რომ როდესაც ალექსანდრე დაიბადა, ფილიპემ დროპიდეს ქალიშვილი ლანიკა შვილის აღმზრდელ ძიძად მიიღო, ხოლო ვაჟი კლიტოსი ალექსანდრეს ახლო მეგობარი და მომავალში მისი ერთ-ერთი გამორჩეული სარდალი გახლდა.

 ძვ.წ. 334 წელს, როდესაც ალექსანრემ სპარსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია წამოიწყო და ჰელესპონტი  (დარდანელის სრუტე) გადალახა, კლიტოსი უკვე როგორც ვეტერანი სამხედრო მეთაური, (თავის მხრივ გამოცდილი სარდლის ფილოტას ქვეშ) სამეფო აგემის ( მაკედონიის სამხედრო ელიტალური ქვედანაყოფი) რჩეულ ჰეტერთა (ალექსანდრეს მუდმივი მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი გვარდია) ცხენოსან გვარდიას ხელმძღვანელობდა.

იმავე წლის მაისის ბოლოს მდინარე გრანიკოსთან მოხდა პირველი შეტაკება მაკედონელებსა და სპარსელებს შორის, ამ ბრძოლაში კლიტოსმა ალექსანდრე სიკვდილისაგან იხსნა: როდესაც გაცხარებული ბრძოლის დროს სპარსთა სარდალი სპითრიდატე ალექსანდრეს უკნიდან მიეპარა და ხმლით თავის გაჩეხვას დაუპირა, კლიტოსმა მოულოდნელად მიუსწრო და ხმლიანი ხელი მოაჭრა სპარსს, ამ ბრძოლის შემდეგ კლიტოს შავის რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა და შემდეგ ბრძოლებში მეფეს გვერდიდან არ მოსცილებია.

გრანიკოსის ბროლაში კლიტოს შავი სპარსთა სარდალს აჭრის ხელს
გრანიკოსის ბროლა

 ძვ.წ. 330 წელს ალექსანდრეს წინააღმდეგ გამჟღავნდა შეთქმულება, რომლის მეთაურობაში დაადანაშაულეს სარდალი ფილოტა. იგი სიკვდილით დასაჯეს, ალექსანდრემ მოაკვლევინა მისი მამაც, იმ დროისათვის უკვე მიდიის სატრაპად დანიშნული ვეტერანი და სახელოვანი გენერალი პარმენიონიც,ჰეტერთა ელიტარული ცხენოსანი ჯარი კი ორად გაყო და ერთი ნაწილის მეთაურად კლიტოს შავი დანიშნა, ხოლო მეორის, მისი უახლესი მეგობარი ჰეფესტიონი. ვეტერანი გენერლების   ამოხოცვამ ჯარის ნაწილში დიდი წყენა გამოიწვია, მათ შორის იყო კლიტოსიც, რომელიც ალექსანდრეს მამის ფილიპეს დროიდან მოყოლებული ფილოტასა და პარმენიონის თანამებრძოლი იყო. ამ ამბების შემდეგ ეტყობა ალექსანდრე კლიტოსს ბოლომდე აღარ ენდობოდა.

ძვ.წ. 328 წელს ალექსნდრეს სურდა კლიტოსი ბაქტრიისა და სოგდიანის სატრაპად დაენიშნა, ეს ერთის მხრივ კლიტოსის დამსახურებების მიმართ კეთილი ჟესტი გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ალექსანდრე ცდილობდა, კლიტოსი  ინდოეთში ლაშქრობის წინ ძირითადი სამხედრო კამპანიებისაგან თანდათან ჩამოეშორებინა. იმავე წელს მარაკანდაში ალექსანდრემ  (თანამედროვე სამარყანდი, უზბეკეთის რესპუბლიკა), დიოსკურებისადმი მიძღვნილი წვეულება გამართა, რომელიც მალე ღვინის ღმერთის დიონისესადმი მიძღვნილ ღრეობაში გადაიზარდა, ღრეობის პროცესში მას ჰერაკლესა და სხვა მითიურ გმირებს ადარებდნენ. როდესაც ღვინომ ყველანი საკმაოდ დაათრო, ერთ მომენტში მან მამამისი ფილიპე გაიხსენა და თქვა, რომ ის მასზე დიდია, რომელმაც მაკედონია ძლევამოსილ იმპერიად აქცია. ერთი სიტყვით ტყუილს არაფერს ამბობდა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მაკედონელთა ნაწილს არ მოსწონდა მეფის ახლებური ხედვები, რომელიც ფაქტიურად მაკედონელსა და ბარბაროსს თანასწორად აღიქვამდა და ბევრ შემთხვევაში უარყოფდა ძველ მაკედონურ წეს-ჩვეულებასა და ტრადიციებს, ყოველი ზემოთ მოყვანილი მოვლენებიდან  გამომდინარე, ,,ტრადიციონალისტთა“ ბანაკში აღმოჩნდა კლიტოს შავიც. ღვინისაგან გაბრუებულმა კლიტოსმა მოთმინება დაკარგა და მეფეს მწარედ შეეკამათა, რომ იგი მამას უნდა უმადლოდეს ბევრ რამეს, რომ მამამისმა ფილიპემ გააერთიანა მაკედონია და მას მემკვიდრეობით უკვე წილად ხვდა ძლიერი სახელმწიფო, რომ იგი უკანონოდ მიიწერდა ყველა გამარჯვებას, რომ ამაში ყველაზე დიდი დამსახურება უბრალო ჯარისკაცებს მიუძღოდათ და რომ არა ის, როდესაც სიცოცხლეს გადაარჩინა გრანიკთან, ახლა უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა.

ასეთი მწარე სიტყვების შემდეგ ალექსანდრე ძალიან გაცხარდა, ერთ მომენტში მოახერხეს და კლიტოსი გააშორეს იქაურობას, თუმცა მისდა საუბედუროდ ის ისევ შემობრუნდა, გააგრძელა მეფის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება და მის ღვთიური წარმომავლობის მცდელობას დასცინა. აქ უკვე ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა, უახლოეს მცველს შუბი გამოსტაცა და მოულოდნელად კლიტოსი მკერდში განგმირა. როდესაც აზრზე მოვიდა და დაინახა თუ რა გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა, იმავე შუბით სცადა თავის მოკვლა. ამის შემდეგ მეფე განმარტოვდა და სამი დღე გლოვობდა მისი უახლოესი მეგობრისა და მამაცი მხედართმთავრის სიკვდილს. ასე ტრაგიკულად დასრულდა ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი უახლოესი მეგობრისა და მამაცი სამხედრო მეთაურის სიცოცხლე.

ალექსანდრე მაკედონელი კლავს კლიტოს შავს

,,აი ასეთი მადლიერებით ვუპასუხე ჩემს გამზრდელ ძიძას: მისი ორი ვაჟი ჩემს დიდებას შეეწირნენ მილეტთან ბრძოლაში, ხოლო მისი ძმა, ერთადერთი ნუგეშისცემა მისი მარტოობისა მოვკალი მე წვეულებაზე“. რუფუს კვინტუს კურცია, ,,ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button