კულტურასპორტი

მარკ ოსტერმანი – მხატვარი, რომელმაც ავტოსპორტს, მხიარული შარჟებით, ძეგლი დაუდგა

მარკ ოსტერმანმა საკუთარი მოწოდება მოზარდობისას აღმოაჩინა, როცა ორი ძმისგან, მემკვიდრეობით, ავტოსპორტის, და ხატვის სიყვარული მიიღო.

პირველი ნახატი, 1975 წელს ჟურნალში-L’Auto-Journal გამოაქვეყნა, 1976 წლიდან კი AutoHebdo-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა წამოიწყო, რასაც უამრავი ნახატის გამოქვეყნება მოჰყვა, მომდევნო 15 წლის მანძილზე.

მარკ ოსტერმანი

ის სხვადასხვა ტექნიკას იყენებს, როგორიც არის, მაგალითად, ფერადი ფანქრები, გუაში, ზეთის საღებავები. ახლა კი კომპიუტერული გრაფიკაც დაემატა, რომელიც დიზაინერებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება. რომელი საშუალებაც ამორჩეული არ უნდა იყოს, ყოველი ნახატი, ჩვეულებრივ, ტრადიციული სკეჩებით იწყება, რაც ნამუშევრის საფუძველი ხდება.

ავტომობილებთან ერთად, მარკ ოსტერმანი ავიაციითაც არის გატაცებული.  ამის მიზეზი აშკარად აქვს, რადგან მისი წინაპარი, მეორე მსოფლიო ომის დროს „ლუფტვაფეს“ მფრინავი-გამანადგურებელი იყო. მას მრავალი ცნობილი გმირი მფრინავის ნახატი აქვს შესრულებული. რაც შეეხება, ავტოსპორტს, აქ ოსტერმანმა შესანიშნავ სტილს მიაგნო. მისი ნახატებიდან, სახელგანთქმული ავტომრბოლელები იღიმიან. მარკმა ყველა ნახატი განსაკუთრებულ თარიღს მიუძღვნა და არც ავტომრბოლელთა უნივერსალობა გამორჩენია. ამიტომაც არის მისი ნახატები ასეთი პოპულარული.

მაგალითად, აირტონ სენას კარიკატურა 1993 წელს, „დონინგტონ პარკზე“, წვიმიან ამინდში, McLaren-Ford-ით, ბრაზილიელის არაჩვეულებრივ ტრიუმფს მიეძღვნა. ლიუის ჰემილტონი, McLaren-Mercedes-ით, ფორმულა 1-ში თავის პირველ ტიტულს ზეიმობს. ჟაკ ვილნევმა, 1995 წელს, Reynard-Ford-ით, „ინდიანაპოლისის 500 მილიანი რბოლა“ და CART-ის ჩემპიონატი მოიგო, 1996 წელს, Williams-Renault-თი ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1997 წელს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფერნანდო ალონსომ, Renault-ს ავტომობილით, 2005 წელს მიხაელ შუმახერი პირველად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ძალიან საინტერესო ნახატია, ფორმულა 1-ის 80-90-იანი წლების საუკეთესო ოთხეულის (სენა, პროსტი, მენსელი, პიკე) გზების გადაჯვარედინება-ვინ როგორ მიიწევდა ტიტულისკენ.

ფრანგ ანრი პესკაროლოს ფორმულა 1-ში არ უმართლებდა, სამაგიეროდ გამძლეობაში რბოლებში, კერძოდ კი „ლე მანის 24 საათიან“ შეჯიბრებაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მისმა თანამემამულემ, ჟან-პიერ ბელტუაზმა, კარიერაში ერთადერთი გრან  პრი, მონაკოში 1972 წლის 14 მაისს, წვიმიან ამინდში, BRM-ის ავტომობილით მოიგო.

2012 წლის 15 აპრილს, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, კეკე როსბერგის ვაჟმა, ნიკომ, შანხაიში ჩინეთის გრან პრი მოიგო და Mercedes-ს პირველი ეტაპი მაგებინა, არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიოს წარმატებიდან 57 წლის შემდეგ.

იტალიელი ტაციო ნუვოლარის და ხუან მანუელ ფანხიოს კარიკატურა ზუსტად იმ ეპოქას ასახავს, სადაც ამ ორ უდიდეს ავტომრბოლელს უწევდა მოღვაწეობა. შეადარეთ პილოტის მაშინდელი და ახლანდელი ამუნიცია!

შვეიცარიელმა იოზეფ ანუ ჯო ზიფერტმა, 1968 წლის 20 ივლისს, ,,ბრენდს ჰეჩზე“, Lotus-49B-Ford-ით, კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო.

მარკ ოსტერმანი ავტომოტოსპორტის არც ერთ პოპულარულ სახეობას უყურადღებოდ არ ტოვებს არ ტოვებს. ის NASCAR-ის ლეგენდას , რიჩარდ „კინგ“ პეტისაც შეეხო და ნახატი მოგვითხრობს ამ ადამიანის მიერ „დეიტონას“ ოვალზე, კარიერაში მე-400 და ბოლო რბოლის მოგებას, 1984 წლის 4 ივლისს, Pontiac Grand Prix-ს ავტომობილით. კინგ პეტის ეს რეკორდი დღემდე „მოუხსნელი“ რჩება. რიჩარდ პეტი 1958-1992 წლებში ასპარეზობდა და ამ ხნის მანძილზე შვიდჯერ მოიპოვა NASCAR-ის ჩემპიონის ტიტული. პირველი რბოლა 1960 წელს, ბოლო კი-1984 წელს მოიგო.

1967 წლის 10 სექტემბერს, ჯონ სერტისმა, „მონცაზე“, Honda-RA300-ით, იტალიის გრან პრი მოიგო და ეს იყო კარიერაში მისი ბოლო, მეექვსე გამარჯვება.

ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ, Lotus-Ford-ით, 1972 წელს ხუთი რბოლა მოიგო, ორი-მეორე ადგილზე, ერთი-მესამეზე და სეზონის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა.

სანამ მარიო ანდრეტი ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა, ამერიკაში ავტოსპორტის ყველა სახეობა გამოცადა და ყველგან წარმატებით გამოდიოდა. 1969 წელს მან „ინდიანაპოლისის 500 მილიანი რბოლა“ მოიგო, უძლიერესიც გახდა სეზონის ბოლოს და ფორმულა 1-ში კარიერის გასაგრძელებლად მოემზადა.

ვიკ ელფორდი და დენ გერნი იმ უნივერსალური ავტომრბოლელების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც წარმატებას არა მარტო ერთ სახეობაში აღწევენ და ერთნაირად უძლიერესები არიან ყველგან. ბრიტანელი პილოტი ფორმულა 1-ში ასპარეზობდა, როცა Porsche 911-ით მონტე კარლოს რალი მოიგო. ამერიკელმა კი „ჩემპქარი“, ფორმულა 1, „ლე მანი“ და TransAm-ი “დაიპყრო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარკ ოსტერმანი, ავტოსპორტის გარდა ავიაციითაც არის გატაცებული და მან მეორე მსოფლიო ომის გმირებს, ამერიკელ და გერმანელ მფრინავ-გამანადგურებლებს, თავის შემოქმედებაში, ასევე დიდი ადგილი დაუთმო.ძალიან საინტერესოა გრეგ ბოინგტონის, ჩაკ იგერის, ფრენსის გაბრესკის, ადოლფ გალანდის, ერიხ ჰარტმანის და ჰანს-იოახიმ მარსეის შარჟები.

მარკ ოსტერმანი მიღწეულზე არ ჩერდება და შარჟებს ხშირად ანახლებს ხოლმე, რადგან ავტოსპორტულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button