კულტურასაზოგადოება

ბოშები საქართველოში

ბოშები წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფს, რომლებმაც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაიდეს ბინა და, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხეს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. ბოშები მთელს მსოფლიოში იბრძვიან საკუთარი სოციალურ-კულტურული უფლებების დასამკვიდრებლად და მათდამი გულგრილი და დისკრიმინაციული განწყობების გამოსასწორებლად, რათა ყველას დაანახონ ის პრობლემები და გაუსაძლისი პირობები, რომელთა ერთადაც მათ ცხოვრება უწევთ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც საქართველოა გამონაკლისი. მათი ჩამოსახლების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, საქართველოში პირველად, სავარაუდოდ, XIX საუკუნეში გამოჩნდნენ. მათ უმეტესი ნაწილი 1930-იანი წლების დროს, უკრაინიდან და მოლდოვეთიდან ჩამოვიდა საქართველოში და უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასახლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრების სტილს უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა, საბჭოთა საქართველოში მათ მოახერხეს საშუალო განათლების მიღება და შეძლეს საკუთარი იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნება. 1990 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში.

დღეს საქართველოს ბოშათა თემი, დაახლოებით 1000 სულს ითვლის. ისინი ცხოვრობენ: თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ გაჩიანში, ლილოს დასახლებაში, თელავისა და გურჯაანის დასახლებებში.

ქობულეთში ბოშათა ერთ-ერთ ყველაზე ფართო დასახლებაა. ისინი სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე უკეთ ცხოვრობენ, არ აქვთ ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემები. ისინი ქალაქის ცენტრთან ახლოს, სარკინიგზო ხაზის აღმოსავლეთით, საკუთარ სახლებში სახლობენ. ქობულეთელ ბოშებს საკმაოდ მყარი კავშირები აქვთ, აქტიურად ეწევიან კულტურის საქმიანობას, ტრადიციულ სამოსებში გამოწყობილნი მართავენ დღესასწაულებს, აქტიურად და წარმატებულად არიან სასკოლო ცხოვრებაში ჩართული, ასევე ინტეგრირებულები არიან ქართველებთან (სკოლაში შექმნეს ბენდი, რომლის წევრიც ბოშებთან ერთად ქართველიც არის). ძირითადად დაკავებული არიან სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებით, რომელსაც შემდეგ ყიდიან. ნაწილი მძღოლად მუშაობს, ზოგი მათგანი მეთევზეობას მისდევს და ა.შ.

ბოშები ქობულეთში | ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი

სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში, სადაც ბოშათა მცირე ნაწილი ცხოვრობს, დაახლოებით 122 ადამიანი. მათგან 10 ოჯახი კომპაქტურად არის დასახლებული, 6 კი მიმოფანტულია აზერბაიჯანელების გარემოცვაში. მათი სახლების ნაწილი კაპიტალურადაა აშენებული, ნაწილი კი ფარდულის მსგავსი ნაგებობას წარმოადგენს. გაჩიანელი ბოშები უკიდურესად გაჭირვებულები არიან – სოფელში არის სასმელი წყლის, გაზისა და ხანდახან ელექტროენერგიის პრობლემაც კი. მათი პრობლემა ისიცაა, რომ არ იღებენ განათლებას, არ აქვთ სამუშაოები და ა.შ. ეს კომპლექსური პრობლემაა და გამოწვეულია, როგორც სახელმწიფოში არსებული სუსტი ინსტიტუტების, ასევე, თავად ბოშური მენტალიტეტის გამოც, რომლებიც არ არიან მიჩვეული მუშაობას, ოფიციალურ სტატუსს და ა.შ. გაჩიანელი ბოშების უმეტესი ნაწილი თავის სარჩენად ვაჭრობს, ლილოს ბაზრობაზე და თბილისის რკინიგზის სადგურთან, ნაწილი მათხოვრობს. ისინი სამათხოვროდ, ძირითადად, თბილისში ჩამოდიან. მათი თქმით, თუ მარტო მათხოვრობენ 2-3 ლარს შოულობენ, ბავშვებთან ერთად კი 5-6 ლარამდე, რადგან ისინი ეცოდებათ.

მიუხედავად სოციალური პირობების განსხვავებისა, ქობულეთელ და გაჩიანელ ბოშებს კვლავ აქვთ გარკვეული ტრადიციები შენარჩუნებული, მაგალითად, გათხოვილმა ბოშამ თავსაფარი უნდა ატაროს. მათ შორის მსგავსებას ისიც წარმოადგენს, რომ თუ ადრე ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლებად ერეოდნენ, დღეს უკვე ბოშები სხვა ეროვნების წარმომადგენელთან ერთადაც ქმნიან ოჯახებს და ინტეგრირდებიან საზოგადოებაში. ისინი ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ.

დღეს საქართველოში ბოშები უმეტესად უმუშევრები არიან. პირველად მათი საფუძვლიანი კვლევა 2007 წელს ჩატარდა და შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: უმუშევრობა, უკიდურესი სიღარიბე, ჯანდაცვისა და განათლების ნაკლები ხელმისაწვდომობა, საზოგადოებისგან იზოლირება, დოკუმენტაციის უქონლობა და ა.შ.

ბოშები თბილისის ფესტივალზე | ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

თუ ბოშებს საკუთარი ენა თითქმის მთლიანად შენარჩუნებული აქვთ, ამას ვერ ვიტყვით სხვა ტრადიციებზე. მაგალითად, მათი გამორჩეული ჩაცმის სტილი, რომელიც საქართველოში თითქმის არ გვხვდება, რაც სიღარიბის პრობლემას უნდა დავუკავშიროთ.

ასევე, საქართველოში ბოშებს ძირითადი მოსახლეობა საკმაოდ დისკრიმინაციულად უდგება და რიგ შემთხვევებში არ თვლის თანასწორუფლებიანად.

ბოშების ყველაზე მწვავე პრობლემად მაინც განათლების სისტემასთან წვდომის ნაკლებობა ითვლება. სკოლაში სიარულის მაჩვენებელი მათში უკიდურესად დაბალია. ბავშვების უმეტესობა სკოლაში არ დადის, რადგან მათ სავაჭროდ ან სამათხოვროდ აგზავნიან, რაც დამატებით შემოსავლის წყაროა, ან მშობლები არიან საშოვარზე გასულები, ბავშვებს კი ოჯახური საქმეების კეთება უწევთ სახლში. სწავლას ხელს უშლის ისიც, რომ ძირითადად, ბოშებს არ გააჩნიათ ოფიციალური დოკუმენტაცია, დაბადების მოწმობა და ა.შ. ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მშობლები განათლებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button