საზოგადოება

გრიგოლ რობაქიძე – ვიზიონერი

“Visionnaire dont les contemporains ne sont pas encore nés” („ვიზიონერი, რომლის გამგებიც ჯერჯერობით არავინაა“) – ეს წარწერა გასდევს ნიკო კაზანძაკისის „ჩემი ფრანცისკ ასიზელის“ იმ ეგზემპლარს, რომელიც რობაქიძეს მიუძღვნა.

გრიგოლ რობაქიძე, მეოცე საუკუნის ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენელი და უდიდესი მწერალი, 1880 წელს იმერეთში, სოფელ სვირში დაიბადა. იგი იყო ქართველი სოციალ-დემოკრატებისა და პირველი კომუნისტების თაობის წარმომადგენელი, ამიტომ მისი განვლილი გზა დიდად არ განსხვავდებოდა იმ გზისგან, რომელიც უმეტესობამ გაიარა. მოკრძალებულ ოჯახში დაბადებულმა რობაქიძემ შეძლო ევროპაში მიეღო განათლება, რამაც მისი მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა და დიდებულ მოაზროვნედ აქცია.

გრიგოლ რობაქიძე

რობაქიძემ სიცოცხლისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა, თუმცა მის მითოსურ აზროვნებაში ბავშვობის მოგონებებს მუდამ ეღვიძა: „ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი. რაღაცა დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე, ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ, ჩემს ცნობიერებაში, ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშებთან და ცხოველებთან ერთად…“ – მოგვითხრობს მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ ესკიზში – „ჩემი ცხოვრება“.

საინტერესოა, რომ აკაკი წერეთელი გახლდათ ერთ-ერთ პირველი იმ დიდ ქართველთაგან, ვინც გრიგოლ რობაქიძე საჯაროდ შეაქო და ახალგაზრდა მწერალს ამ სიტყვებით საკუთარი ადგილიც დაუთმო: „უფალო განაგდე მონა შენი“. ეს მოხდა 1911 წელს, როდესაც რობაქიძემ წაიკითხა მოხსენება ნიცშეს შესახებ.

ევროპული აზროვნებისა და ხელოვნების შეცნობა მწერალმა საკუთარი შემოქმედების  მუდამ კრიტიკული გააზრებით შეძლო. მან საქართველოში დასავლური აზროვნების სტანდარტები შემოიტანა, რათა კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდა ქართულ შემოქმედებით ენერგიას. ტიციან ტაბიძე „ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში წერდა: „სიმბოლიზმი ჩვენში გრ. რობაქიძემ შემოიტანა“.

სხედან: სიმონ ჩიქოვანი, შალვა რატიანი, არისტო ჭუმბაძე, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, რაჟდენ გვეტაძე, გიორგი ლეონიძე. დგანან: ვარლამ რუხაძე, დემნა შენგელაია, ბესო ჟღენტი, აკაკი სულავა, გრიგოლ ცეცხლაძე, აკაკი გაწერელია, ვალერიან გაფრინდაშვილი.

1931 წელს გრიგოლ რობაქიძემ გერმანიაში 1 წლით ცხოვრების უფლება მიიღო, მაგრამ უცხოეთში წასული მწერალი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 1945 წლამდე გერმანიაში ცხოვრობდა, შემდგომ კი შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც 1962 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა კიდეც.

გრიგოლ რობაქიძე საბჭოთა რეჟიმს სიცოცხლის ბოლომდე კალმით ებრძოდა. მან არაერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნაწარმოები შექმნა, სადაც ნათლად არის ასახული ის რეალობა, რომელშიც ქართველებს 70 წლის განმავლობაში უწევდათ ცხოვრება.

„ჩაკლული სული“ არის პირველი ანტისაბჭოთა ნაწარმოები, რომელიც მწერალმა 1932 წელს დაწერა. მასში ზუსტად არის ასახული იმ პერიოდის საბჭოთა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მეტიც, „ჩაკლული სულით“ რობაქიძემ განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა მომავალი, რაც 1937 წლის და მომდევნო რეპრესიებში გამოიხატა.

„ჩაკლული სული“ ცალკეულ სიუჟეტებად დაყოფილი, რომანია, რომელიც საბოლოოდ განზოგადებული საბჭოთა კავშირის ერთიან მხატვრულ სახეს ქმნის.

ნაწარმოების მთავარი გმირი მწერალი თამაზ ენგურია, რომელიც რევოლუციის მოწინააღმდეგეა და არ იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც კომუნისტები საზოგადოებაში აქტიურად ნერგავენ. მიუხედავად ამისა, თამაზს გაწითლებულ თბილისსა და საბჭოთა ცენზურის გვერდით ცხოვრება უწევს.

დასაწყისში, თამაზი ერთ-ერთ სუფრაზე მოხვდება, სადაც რევოლუციის მომხრეები და ახალგაზრდა ვაჟკაცი – ლევანი შეკამათდებიან. მწერალს ლევანი ჩინებულად ჰყავს აღწერილი: „ახალგაზრდა კაცს ლევანი ერქვა, ოცდახუთი წლისა ძლივს იქნებოდა. ქართულ რასას მასში ნამდვილი ვაჟკაცის სახე გამოეკვეთა. პროფესია არ ჰქონდა, არც სჭირდებოდა. სიცოცხლის სიხარული ტალღასავით მოაქვს მზის სხივს. ლევანი თვითონ იყო მზის ტალღა. რა საჭიროა მზის ხოტბა, თუკი მზის შუაგულში ცხოვრობ? იგი არ წერდა ლექსებს. რა საჭიროა მეცნიერებით თავის დამძიმება, თუკი ციცაბო კლდეზე ამაყ ჯიხვს უცქერ და ხელში ისარი გიჭირავს? ლევანი სწავლაზე არ გადარეულა, უბრალოდ ხარობდა, რომ ცოცხლობდა. ის ადამიანთა ნარჩევი იყო, ლამაზი და ჯიშიანი. ათასწლეულებს ემუშავათ მისი შექმნისთვის…“

სწორედ მას გამოესარჩლება თამაზი სუფრაზე და საბოლოოდ მოყვება ისტორიას, თუ როგორ გაატყავებენ ცოცხლად ჯიშიან, ულამაზეს თეთრ ცხენს ასწლეულების მანძილზე დაგროვილი ბოღმით აღსავსე და გაბოროტებული გლეხები. ეს ისტორია თამაზისთვის პროლეტარული რევოლუციის ნამდვილ სახეს: შურისძიების სისხლიან სურათს წარმოადგენს, თუმცა, ამავდროულად, მონაყოლი გამოძახილია საქართველოს ისტორიის არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, როდესაც დიდკაცებს სასტიკად უსწორდებოდა ქართველი ხალხი შეძახილებით: „ჯიშიანია! ჯიშიანია!“

„ჩაკლულ სულში“, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის რეალობაში, ადამიანები უნდობლობითა და შიშით არიან განმსჭვალულები, არ შეუძლიათ საკუთარი აზრების საჯაროდ გამოხატვა, შეზღუდულია მწერლობა, იქმნება მხოლოდ შეკვეთილი, ნაწარმოებები. ადამიანური ურთიერთობები დაძაბულობის გარეშე აღარ არსებობს. აღარ არსებობს სილაღე, სიჯანსაღე. ყველგან სიყალბე სუფევს. ყველა უფრთხის სტალინის ურყევი ნების შემსრულებელ სადამსჯელო მანქანა – გპუ-ს. ჩაშვებები და დასმენები უახლოესი მეგობრებისგანაც აღარ არის გასაკვირი, „კედლებსაც ყურები აქვს“. ერთეულებიღა დარჩნენ, ვინც უსამართლობას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ხმის ამოღებასაც ვეღარ ასწრებენ, ისე ნადგურდებიან, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად.

ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია „სტალინის ჰოროსკოპი“, სადაც მწერალს სტალინის პორტრეტი ბრწყინვალედ აქვს გადმოცემული. „სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა…“; „პრეისტორიული ხვლიკის გაქვავებული თავი…“; „სტალინი ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა, თითქოს სურდა რაღაცას დამალვოდა ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა. იდუმალი ჯადო, რომელსაც შეუძლია ადამიანი უჩინარი გახადოს, ზღაპარი როდია…“; „გველივით იცვლიდა კანს და ამით ხელშეუხებლად ინახავდა შინაგან არსებას. მაგრამ თავდაცვის სხვა ხერხიც ჰქონდა: სინამდვილის გაბაიბურება…“

ეს ეპიზოდი საინტერესოა ისტორიული კუთხითაც, თუ როგორ მოახერხა სტალინმა ლენინის ნდობის მოპოვება, ტროცკის დამარცხება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სიმბოლურია, რომ ტროცკი საქართველოს საკითხს შეეწირა.

სტალინი მალევე იქცა ცივსისხლიან ბელადად, რომელსაც არ იზიდავდა არც სულიერი და არც მიწიერი სიამოვნებები. მან შეუვალობითა და სისასტიკით მოახერხა ხალხში შიშის დანერგვა. სწორედ ამ შიშით იყო განპირობებული ის აღტაცება, რომლიც ხალხს მისი დანახვისას გააჩნდა, თუმცა დგებოდა მომენტები, „როცა ის – შეუდრეკელი – დროებით დენის ქსელიდან გამობობღდებოდა დარეტიანებული და გაუცხოებული, როცა შეშინებული გრძნობდა, როგორც ეცლებოდა ღონე, აი, მაშინ, სტალინი მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი იყო, უბრალო ქართველი. მაშინ ახსენდებოდა შორეული საქართველო, რომლისგანაც ესღა შემოენახა: საცივისა და კახური ღვინის გემო, მრავალჟამიერის ჰანგი და ქართული გინება: „მაგათი დედა კი ვატირე!“

გრიგოლ რობაქიძე

საბჭოთა სისტემამ უდიდესი ტანჯვა მიაყენა მთავარ გმირს. მუდმივად შიშში მყოფი თამაზის დასმენის შედეგად სიკვდილით დასაჯეს ლევანი, რამაც საბოლოოდ დასცა და სულიერად გაანადგურა იგი. „თამაზის არსებაში სიკვდილმა უკვე გაიარა, ხრწნის კვალი დატოვა და მისი სხეული გვამის სულით იყო გაჟღენთილი.“

მიუხედავად ამისა, ნაწარმოები მოულოდნელად სრულდება: მწერალმა იგი „სამარიდან აღმდგარ ლაზარეს შეადარა“, ქრისტეს დაჭრილი ნეკნებიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთს ნაზიარებ იმ ადამიანს, რომელიც თავის თავში ეძებს და შინაგანად პოულობს კიდეც სულიერი განახლების ძალასა და ენერგიას: „თამაზმა შუბლზე სიოს შეხება იგრძნო. ის თამაზი აღარ იყო. იგი სხვა იყო, იქნებ აღარც იყო ადამიანი, მის წინ დიდი ძლიერი სინათლე გამოჩნდა.“

გრიგოლ რობაქიძე

აღსანიშნავია, გრიგოლ რობაქიძის სხვა ნაწარმოებები და პუბლიკაციები, რომლებიც ემიგრაციის დროს გამოაქვეყნა. მაგალითად, „იმამ შამილ“, სადაც მწერალი შესანიშნავად გადმოსცემს შამილის „ჯიხვურ ბუნებასა“ და ვაჟკაცობას. იგი, როგორც კავკასიის მთების შვილს შეეფერება, საკუთარი დედის რჩევის მიუხედავადაც კი, დაზავებას თავისუფლების იდეისთვის ბოლომდე ბრძოლას არჩევს. „იმამ შამილ“ ქართულ მწერლობასა და რეალობაში ახალ სიტყვადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან აქამდე, ქართველები, ძირითადად, რუსული ჩინ-მედლებით მორთულ გრიგოლ ორბელიანს აქებდნენ შამილის შეპყრობისთვის.

ასევე, შეუდარებელია რობაქიძის „ქართული გენია როკვით განფენილი“, რომელიც ჟენევაში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტის გამოძახილია. მწერალი ქართულ ცეკვას ლიტერატურაში აცოცხლებს. „მროკავთა დასში არც ერთი ვაჟი არაა ნიჟინსკი, არც ერთი ქალი პავლოვა. ხოლო: ვერა-რომელი ნიჟინსკი იცეკვებს მაგალითად „ქართულს“ ისე, როგორც ცეკვავს ამას რომელიმე ვაჟი ამ დასისა – ვერცა-რომელი პავლოვა გაჰყვება ვაჟს მაგალითად იმავე „ქართულში“ ისე, როგორც ამას ასრულებს რომელიმე ქალი უწყებული დასითგან. ეს იმიტომ, რომ: ქართული ბალეტი არის: ბალეტი ჯიშის; რასის.“

ძალიან საინტერესოა „რადიო თავისუფლების“ არქივებში შემორჩენილი გრიგოლ რობაქიძის „მიმართვა ახალგაზრდობას“, რომელიც ეთერით 1954 წელს გადაიცა: „ბოლშევიკები გაჰყვირიან, ხალხურ დემოკრატიას ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიაც სჩანს – „დემოს“ ბერძნულად ნიშნავს ხალხს. მაშასადამე, ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს – ხალხური ხალხოკრატია!“

დიდი ქართველი ახალგაზრდებს საკუთარ გულისთქმას უზიარებს და აღნიშნავს, რომ სამშობლოდან გადახვეწილი მუდამ თვალცრემლიანი ფიქრობს საქართველოსა და ქართულ ახალგაზრდობაზე. იგი მოუწოდებს მათ იბრძოლონ თავისუფლებისთვის და დაამარცხონ ის დიდი ბოროტება, რომელსაც ბოლშევიზმი ჰქვია.

გრიგოლ რობაქიძე პირველი ქართველი მწერალია, ვინც სიცოცხლეშივე გაიკვალა გზა გერმანელი მკითხველისკენ. ის ამით მხოლოდ საკუთარ კარიერაზე არ ზრუნავდა: „მე ვვარაუდობდი, ჩემი, როგორც მწერლის, გამოჩენა ევროპაში სამსახურს გაუწევდა ჩემს მშობლიურ ქართულ ლიტერატურას. მისი თხუტმეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ზოგიერთ ევროპულ ენაზე ნათარგმნი იყო მხოლოდ სხვადასხვა ავტორის რამდენიმე ლექსი, მე-12 საუკუნის პოეტის, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი და კიდევ მე-10 საუკუნის ერთი თხზულება, რომელიც ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებას აღწერს. ვვარაუდობდი, აგრეთვე, რომ ევროპისთვის არ იქნებოდა უინტერესო, გასცნობოდნენ ჩემი ხალხის ლიტერატურას. ეს მით უფრო, რომ ჩემი ხალხის ენას თვლიან ერთ-ერთ უძველეს ენად.“ (წერილი მარი როლანს, 1950)

გრიგოლ რობაქიძე

რობაქიძის გერმანულად გამოქვეყნებულმა რომანებმა, მოთხრობებმა და ესსეებმა გარკვეული ხნით, მართლაც დაანახვა ევროპას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მცირე ხნით ამოტივტივებული და კვლავ გამქრალი საქართველოს თვითმყოფადი კულტურა. სამწუხაროა, რომ დღეს მას თითქმის აღარავინ კითხულობს. მხოლოდ ისინი გადაფურცლავენ მის წიგნებს, ვისაც უჩნდება სურვილი შეიტყოს მეტი საქართველოს შესახებ.

და ბოლოს, უსათუოდ უნდა გავიხსენოთ რობაქიძის შთამბეჭდავი გერმანულენოვანი პოეზია. სანიმუშოდ გაგაცნობთ მის შესანიშნავ ლექსს – „დამშრალი წყარო“ (“Versiegter Brunnen”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწერა:

 „პარტახი კალთის ბნელ სიღრმეში,
სადაც ჯერ კიდევ დაქანცული წანწკარებს წვეთი.
საკუთარ თავში მიქცეული ხევდება მზერა,
გამშრალი ხახა, კუბო შენი სიცარიელის.
გამშრალ ხახაში ყრუდ, პირქუშად დუღს მძიმე გზნება.
ო, შენ, ვინც მხოლოდ სხვის წყურვილს ცნობდი,
ახლა ქცეულხარ თვით წყურვილად და მონატრებად.
მფრთხალი, ფხიზელი, ვეღარ უძლებ უძლეველ სურვილს,
სურვილს, რომელიც დაჟინებით სოფლისკენ გიხმობს,
ზღურბლთან ჩაშლილი უბრუნდები ადგილის დედას,
რომ მის მწყალობელ კალთაში ჩაწვეს
დამშრალი ტანი, ძღვნად გაცემული.
აგავსებს მადლით, დაღლილ სხეულს გაჟღინთავს ტრფობით.
მერე, ოდესმე, დაბრუნდები თვალნათლიერი,
შენი ჩუხჩუხი გაზაფხულის მაცნე იქნება.
დამათრობელი, მოჩურჩულე მიწის წიაღში
და ნეტარებით ნაპირამდე ამოივსები,
სად გელოდება მფრთხალი შველი, რომ გაოცებით
უცქიროს თვის მოლანდებას,
გულს გადაუხსნი, დაარწყულებ და გაიბრწყინებს
შენი სინათლე იმის დიდრონ, თაფლა თვალებში,
ტკბილო წყაროო, ხმოვანებავ ახლადშობისა.“

ლექსის მთარგმნელი: ამირან სვიმონიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი – „უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია“
  • აკაკი ბაქრაძე – „კარდუ“
  • გრიგოლ რობაქიძე – ნაწერები წიგნი I
  • თომას ჰოიზერმანი – „ბედისწერის სიყვარული“ (“Amor Fati”)
  • რუსუდან ნიშნიანიძე – “XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან…“

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button