საზოგადოება

ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით

2018 წელს 18 წლის ზუკა მაისაშვილმა გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში, ბებიისა და ბაბუის მხარდაჭერით, 16 წლის ბიძაშვილთან – თოკო მაისაშვილთან ერთად მშობლიურ კუთხეში ჩამოაყალიბა ღვინის კომპანია „ღვინუკა“. ამჟამად „ღვინუკა“ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტ – სოფელ წესში იწარმოება. პირველ ეტაპზე კომპანია ასხამს რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებულ თეთრსა და შავ მშრალ ღვინოებს.

ღვინუკას შეფუთვა


კომპანიის მიზანია გააცოცხლოს რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში დავიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები, შემდგომ კი მათთგან აწარმოოს ღვინოები.ამისთვის პირველ ეტაპზე სადემოსტრაციო ნაკვეთზე გაშენდება რაჭული მცვივანის ვაზის ჯიში.

ღვინუკას ოფიციალური ფეისბუქი

„ღვინუკა“ გამოირჩევა არა მხოლოდ ენდემურობითა და გემოთი, არამედ იმით, რომ ამ კომპანიის შექმნის იდეის უკან, მაისაშვილების ოჯახის ძალიან საინტერესო ისტორია იმალება. ისტორია მხოლოდ გადმოცემით იყო ცნობილი, თუმცა საბედნიეროდ, რაჭაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა 1879 წელს დაწერილი წერილი, რომელშიც ზუკა მაისაშვილის წინაპარი, წიფის გვირაბის მთავარი ინჟინერი, წარმატებული მეწარმე და მეცენატი ზურაბ მაისაშვილი წერს ნდობით აღჭურვილ პირს:


„თქვენო პატიოსნებავ!
თადეოზ კიკოლას ძევ!
თითონ შენ იცი, რომ მე მივდივარ ხაშურზედ, ჩემს საქმისთვის, სადგომად და რადგანაც არავინ მყავს ჩემს სახლშიდ, გარდა ჩემისა ამისთვის გთხოვ მიიღო მართველობა ჩემი ყოველივეს საცხოვრებლისა, ყოველ საგანზედ, უფლება გაქვს ჩემგან იწარმოებდე, პასუხს იღებდე უკეთუ რამე საჩივარი აღმოჩნდეს აგრეთვე არეულობა…
უკეთუ რამე ვნება მიყენება გახდეს რაითმე ჩემს საცხოვრებელზედ და რასაც შენ ჩემს საქმეზედ აწარმოებ მე შენ გენდობი და საჩივარს არსად არ განვაცხადებ.
დავრჩები შენი ვექილობა.
ესე ეკუთნის კეთილს მსურველს თადეოზ კიკოლას ძეს მაისაშვილს 
ზურაბა მაისაშვილი-1879სა აპრილსა 7-სა დღესა.
რომელ ამა ვექილობაზედ ზურაბ მაისაშვილმა თავისი საკუთარი ხელი მოაწერა, მას შინა ჩემთან და დასმითა ბეჭდითა.“

ზურაბ მაისაშვილი
წერილის ორიგინალი

ისტორია

ისტორია ასე იწყება: 1850-იანი წლებისთვის მაღალმთიანი რაჭის სოფელ წესში პატარა ბიჭუნა დაიბადა, სახელად ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილი. სამწუხაროდ, ადრევე დაობლდა და მისმა ბიძებმა გადაწყვიტეს 12 წლის ზურაბა ვლადიკავკაზში წაეყვანათ. მართლაც ასე მოხდა, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ქალაქში ზურაბამ ბევრი ხელობა ისწავლა. სწორედ ამ პერიოდისთვის იწყებოდა საქართველოში წიფის გვირაბისა და რკინიგზის გაყვანა, სადაც ზურაბა მაისაშვილმა უბრალო მუშიდან-უბნის უფროსამდე (ანუ მთავარ ინჟინრამდე)  განვლო გზა. წიფის გვირაბის ძირითადი სამუშაოები 1887 წლისთვის დასრულდა, ხოლო ამ რაჭველმა კაცმა გადაწყვიტა მთელი მისი დაგროვილი დანაზოგები და კაპიტალი თავისი მშობლიური მხარისთვის მოეხმარა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მან შეიძინა ჰექტრობით მამულები,  დაიწყო ამ მიწების დამუშავება და სხვადასხვა წარმოების განვითარება (მეცხოველება, მევენახეობა, მემარცვლეობა, ხის წარმოება), ააშენა დიდი რაჭული ოდა და  დიდი მარანი, სადაც ტონობით ღვინო იწურებოდა ქვევრებში. ამავდროულად, ამ ყველაფერთან ერთად მეცენატობასაც მისდევდა, რადგან უშუალოდ ზურაბას და მისი თანამოაზრეების დაფინანსებით აშენდა მისი მშობლიური სოფლის, წესის და მიმდებარე სოფლების (ხიმში, კვაცხუთი) სკოლები.

წიფის გვირაბის მშენებლები და დამფინანსებლები

არსებობს ასევე გადმოცემა, რომ როდესაც ალიხანოვ-ავარსკი (რუსი გენერალი) ეგზეკუციების მიზნით სოფლებს და რეგიონებს აწიოკებდა ზურაბა მაისაშვილი მას ხიდკრის ხეობაში დახვედრია, მისი ჯარი შემოუპატიჟებია, ნადიმი გაუმართავს, სადაც მოლაპარაკების გზით გენერალი ალიხანოვი უკან გაბრუნებულა, ასე იხსნა ზურაბა მაისაშვილმა მაღალმთიანი რაჭა (დღევანდელი ონის მუნიციპალიტეტი) აწიოკებისგან.

ზურაბა მაისაშვილი დაახლოებით 1919 წლისთვის გარდაიცვალა. რაც შეეხება მის მემკვიდრეობას, პირველი წლები მას მისი შვილები განაგებდნენ, რომელთაც განათლება მაშინდელი რუსეთის იმპერიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული, ხოლო გასაბჭოების შემდეგ მაისაშვილების ოჯახს არსებული ქონება და სიმდიდრე კომუნისტებმა ჩამოართვეს, როგორც მდიდარ გლეხებს, გააკულაკეს, მხოლოდ პატარა მიწის და ორი ოთახის ამარა დატოვეს, მეტიც, ის უნიკალური სახლი, რომელშიც მაისაშვილები ცხოვრობდნენ (უნიკალური რადგან ლურსმნის გარეშე იყო აგებული ხის დიდი რაჭული ოდის ტიპის სახლი) კომუნისტებმა დაშალეს და მისგან სამედიცინო პუნქტი, სკოლა და ბაღი ააშენეს. ამ ყველაფრის ფონზე 1924 წლისთვის დახმარება ძირითადად ტყვია-წამლით სავსებით ლოგიკური იყო, თუმცა 24 წლის აჯანყება როგორ დამთავრდა ყველასათვის ცნობილია…

მაისაშვილების სახლი აშენებულია 1870-იან წლებში

შემდეგ იყო 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმი, სადაც არანაირი კერძო ინიციატივა არ არსებობდა, თუმცა მაისაშვილების ოჯახი თავის უკვე პატარა, მაგრამ მაინც არსებულ მამულს უვლიდნენ და იერსახეს უნარჩუნებდნენ. და აი სულ რაღაც 5 წლის წინ ასევე ზურაბ მაისაშვილმა (პოლიციელი) გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად (მანანა მაჩაიძე-ექიმი), მას შემდეგ რაც პენსიაზე გავიდა მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდა და მამულის აღდგენა დაეწყო, ორივე მათგანი აქტიური საქმიანობა დასრულებული ჰქონდათ, როგორც ძალოვან უწყებაში, ასევე სამედიცინოში სფეროში. ახლა კი სურდათ მთელი ეს დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება თავისი სახლ-კარისთვის მიემართათ, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ როგორც ზურა, ასევე, მანანა რაჭველები არიან და მათი სიყვარული ამ კუთხის მიმართ განსაკუთრებით დიდია. დღეს-დღეობით ორივენი როგორც ძველს, ასევე, ახლად გაშენებულ ვენახს უვლიან და შემდეგ ოჯახთან ერთად ღვინოს ასხამენ, რომელიც უამრავი ადამიანის აღტაცებას იწვევს თავისი გემოს, ფერისა არომატის გამო. ამ ყველაფერში ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლება, ზურაბ (ზუკა) და თორნიკე (თოკო) მაისაშვილებმაც აუბეს მხარი და 2018 წელს პატარა მოგებული გრანტით ღვინის სახელწოდებით „ღვინუკას“ წარმოება დაიწყო.

დღესდღეობით ზუკას „ღვინუკა“ ორი სახეობის ღვინოს ასხამს ესენია: რაჭული თეთრა და რაჭული ძელშავი და ის თბილისში ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება, ასევე, რამდენიმე შემოთავაზება აქვს ექსპორტზე გასატანად.

ასე გამოიყურება მაისაშვილების ისტორიული სახლი დღეს

სამომავლო გეგმები

ზუკას და თოკოს გეგმები ამით არ შემოიფარგლება და ის ამ შემოდგომაზევე აპირებენ არყის წარმოებას, რადგან ფიქრობენ, რომ ერთი მხრივ მათ რჩება ჭაჭა და რისი გამოყენებაც შეიძლება, ასევე, ფიქრობენ, რომ რაჭაში უდიდესი ხილის რესურსია მიტოვებულ მამულებში, რომელიც უბრალოდ ლპება და არავინ იყენებს. სწორედ ამიტომ, ისინი აპირებენ დაუკავშირდნენ მიტოვებული სახლების მფლობელებს და მათგან შეიძინონ ხილი, რომლისგანაც შემდეგ არაყს გამოხდიან და მის რეალიზებას მოახდენენ. ამვადროულად, სამომავლოდ აპირებენ თავისივე ვენახიდან მოყვანილი ყურძნით ყველასთვის ცნობილი ხვანჭკარის წარმოებას.

ზუკას და თოკოს საბოლოო მიზანი რაჭაში ღვინის შატოს აშენებაა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ ტურისტის მიღებას, რაჭული ტრადიციული კერძებით გამასპინძლებასა და, რაც მთავარია, იმ სილამაზის და სიდიადის ჩვენებას რაც რაჭაში არსებობს.

ღვინუკას სპეციალური გამოშვება

დასკვნის სახით

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ღვინუკას“ მთავარი მიზანი იმ რაჭული ჯიშების წინ წამოწევაა, რომლებიც დღეს ბევრისთვის უცნობი და მივიწყებულია მაგ: რაჭული თეთრას, რაჭული ხიხვის, კურდღელაურის მსგავსი ჯიშები.

ამ კომპანიის ისტორია მისაბაძი უნდა იყოს თითოეული საქართველოს მოქალაქის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ, აღვადგინოთ და განვითარების გზაზე დავაყენოთ სოფლები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. პესიმისტებისთვის კი ვიტყვი:
ღვინუკას“ მაგალითმა დაგვანახა, რომ შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და, რაც მთავარია, საქართველოს ყველა კუთხეს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი და რესურსი.

ზუკა მაისაშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button