საზოგადოება

iberiamagazine.com – 1 წლისაა!

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჟურნალი „იბერიის“ ციფრული პლატფორმა: iberiamagazine.com

ჟურნალის შესახებ

XI კლასში ვიყავით „იბერიის“ დაარსების იდეა რომ დაგვებადა. ჟურნალის დაარსება, საქართველოში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულმა ინფორმაციულ-იდეოლოგიურმა ომმა განაპირობა.

ეს ბოლო წლებია, ჩვენი სამშობლო არასწორი მიმართულებით განვითარებას აგრძელებს. სამწუხაროდ, კვლავ აქტუალური გახდა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ – ცრუ საქმიანობამ, ქედმაღლობამ და ნიჰილიზმმა კვლავ იჩინა თავი ქართულ საზოგადოებაში, რასაც დაემატა მტრების გააქტიურება ინფორმაციულ-იდეოლოგიურ ომში. ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოების დაქსაქსვა, დაყოფა და ქვეყანამ წინსვლა შეწყვიტა. ცივილიზებული სამყარო სწრაფი ტემპებით ვითარდება, საქართველო კი, უკვე მრავალი წელია, შიდა პრობლემების ჭაობშია ჩაფლული და დღემდე ვერ ახერხებს გამოღწევას.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ ჯანსაღ, მიუკერძოებელ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მოწოდებულ ინფორმაციებს. ინფორმაციებს, რომელთა ცოდნაც აუცილიებელი წინაპირობაა საზოგადოების გაერთიანებისთვის. ჩვენ ავირჩიეთ ილია ჭავჭავაძის გზა, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს ეროვნული იდეით გააერთიანებს, გააერთიანებს ყველას, ვისთვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნება იქნება უპირატესი.

„იბერია“ The Movement TV-ზე

2016 წელსვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა მასალების შესაგროვებლად. პირველივე დღიდან მხარს გვიჭერდა და ჟურნალის მომზადებაში აქტიურად ჩაერთო აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი და მწერალი მიხო მორჩილაძე. შევხვდით და ვესაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს: ფილოსოფოს ნოდარ ნათაძეს, ისტორიკოს ბეჟან ჯავახიას, ჟურნალისტ ნატო კორსანტიას, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას, ფილოლოგ რუსუდან მეგრელიშვილს, შვეიცარელ ქართველოლოგს თომას ჰოიზერმანს, პედაგოგ ზურაბ ლეჟავას, რომელთა წერილები და ინტერვიუები „იბერიის“ პირველ ნომერში გამოვაქვეყნეთ. ვეწვიეთ ენათმეცნიერების ინსტიტუტსაც, სადაც ქართული მართლწერისა და მართლმეტყველების შესახებ სტატიის მომზადებაში დაგვეხმარნენ.

„იბერიის“ პირველი ნომრის ყდა

პირველი ნომერი დაიბეჭდა გამომცემლობა „არტანუჯში“, ჩვენი მასწავლებლის, ისტორიკოს ბუბა კუდავას მხარდაჭერით.

„იბერია“ იმედის დილაში

მადლიერებას გამოვხატავთ მწერლების – როსტომ ჩხეიძის, ლაშა ბუღაძისა და დათო ტურაშვილის მიმართ, რომლებმაც საინტერესოდ შეაფასეს „იბერია“ და ხაზგასმით აღნიშნეს ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების აქტუალურობა.

https://www.youtube.com/watch?v=PIxBXaqFn5A
როსტომ ჩხეიძე აფასებს „იბერიას“
„იბერია“ „სხვა შუადღეში“

მიუხედავად იმისა, რომ „იბერიის“ პირველი ნომრის ტირაჟი არც ისე დიდი იყო (500 ცალი), მაინც მოვახერხეთ ჟურნალების სოფლის სკოლებში დარიგება. პირველი პრეზენტაცია გავმართეთ ფშავში, მაღაროსკარის საჯარო სკოლაში.

ახალი ეტაპი: iberiamagazine.com

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, რის შესაძლებლობასაც „იბერიის“ მხოლოდ ბეჭდური ვერსია არ გვაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჟურნალის ციფრული ვერსია და აგვეთვისებინა სოციალური ქსელები. 2018 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო „იბერიის“ ახალი ეტაპი – შეიქმნა ჟურნალის ელექტრონული ვერსია, რომელიც მალევე გარდაიქმნა ციფრულ პლატფორმად, რამაც საშუალება მოგვცა უფრო ხშირად, ხარისხიანად და თანამედროვედ მიგვეწოდებინა ხალხისთვის ინფორმაციები. ციფრული პლატფორმის შექმნასთან ერთად, მაშინვე გაჩნდა ახალი შესაძლებლობები:

  • შემოგვიერთდა უამრავი ახალგაზრდა, რომელიც დღემდე აქვეყნებს წერილებს ჩვენს საიტზე
  • დავიწყეთ მასალების გამოქვეყნება უცხო ენებზეც
  • საფუძველი ჩავუყარეთ პროექტს – თავისუფალი აზრი, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ჩვენი საიტის მეშვეობით მიაწვდინოს ხალხს ხმა
  • მოგვეცა საშუალება გამოგვექვეყნებინა რონდელის ფონდის მკვლევრების მასალები
  • საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზების მიზნით დავიწყეთ საინტერესო და უნიკალური მასალების გამოქვეყნება, რომელთა ავტორია ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დავით ჩუბინიძე, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მას
  • „იბერიამ“ მოიცვა უამრავი ახალი დარგი თუ სფერო

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ახალ პროექტებს, რომელთა მიზანიც უცვლელი იქნება – გაერთიანდეს ქართველი ხალხი ეროვნული იდეით.

ჩვენ წარმატებულად ვაგრძელებთ საქმიანობას და მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომ შემოგვიერთდნენ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს ჩვენი პლატფორმის განვითარებაში. ნებისმიერი დარგის სპეციალისტისა თუ მოყვარულისთვის ჩვენთან კარი ყოველთვის ღია იქნება.

მხოლოდ ერთად შევძლებთ ძლიერი და ერთიანი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებას!

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button