საზოგადოება

გენერალი გიორგი კვინიტაძე

„მთელი ცხოვრება რუსეთის სამსახურში გავატარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ შეძლება მეძლევა, ჩემს სამშობლოს ვემსახურო.“ – ასე გამოეხმაურა გიორგი კვინიტაძე საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ დეპეშას, რომელმაც მისი გენერლად დანიშვნის შესახებ ამცნო.

როგორც ჩანს, გიორგი კვინიტაძეს მებრძოლი სული მემკვიდრეობით ერგო. მისი ბაბუა, სვიმონ ჩიქოვანი იმერეთის მეფის, სოლომონის მხარდამხარ იბრძოდა. მას შემდეგ, რაც იმერეთში რუსები შევიდნენ, იგი თურქეთში გადაიხვეწა, თავისი შვილი კი – ივანე ჩიქოვანი, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ თავად ციციშვილებს დაუტოვა აღსაზრდელად. ივანე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც გვარი კვინიტაძედ შეიცვალა და რუსეთის არმიას შეუერთდა. 14 წლის ასაკში კი პირველად გავიდა ბრძოლის ველზე დაღესტანში და მონაწილეობა მიიღო გუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. მან ჩრდილოეთ კავკასიის მთებში მალევე გაითქვა სახელი საკუთარი შეუპოვრობითა და ვაჟკაცობით. ივანე მრავალმხრივ ნიჭიერი აღმოჩნდა, სამხედრო საქმესთან ერთად, იგი რამდენიმე უცხო ენასაც ფლობდა, ამიტომ საგანგებო დავალებებზე სწორედ მას გზავნიდნენ. მაგალითად, კავკასიაში მოგზაურობისას, ალექსანდრე დიუმას იგი ხლებია თან. ივანე კვინიტაძე უხვად იყო დაჯილდოვებული ჩინ-მედლებით, ასე, რომ იგი საკმაოდ ცნობილი და მეტად პატივსაცემი კაცი გახლდათ საქართველოში.

პოლკოვნიკი ივანე კვინიტაძე (ჩიქოვანი)

სიმბოლურია, რომ მისი შვილი, ერთ დროს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მხედართმთავარი – გიორგი კვინიტაძე, ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ხალხის, დაღესტნელების მიწაზე დაიბადა 1874 წლის 21 აგვისტოს. ცხადია, რომ იგი, მამამისის მსგავსად, სამხედრო საქმის მოყვარული აღმოჩნდა და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი განათლება მიიღო. თავდაპირველად თბილისის კადეტთა კორპუსი დაამთავრა, შემდეგ სწავლა პეტერბურგში, კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. მოგვიანებით, მან წარმატებით დაამთავრა ვარშავის ფარიკაობის სკოლა. კვინიტაძეს საველე გამოცდილებაც არ აკლდა: საკუთარი მოთხოვნით იგი გაამწესეს შორეული აღმოსავლეთის ჯარებში. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც მეტყვიამფრქვევეთა რაზმს მეთაურობდა. ასევე, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იგი კავკასიის ფრონტზე „პლასტუნკების“ დივიზიის შტაბის უფროსი იყო. წარმატებას მიაღწია ერზრუმის შეტევით საბრძოლო ოპერაციაშიც.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ, გერმანელ და ავსტრიელ სამხედროებთან ერთად

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ იწყება მისი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ნიკოლოზ თოხაძე წერს: „1917 წლიდან 1921 წლამდე გ. კვინიტაძეს ბედმა არგუნა არა მხოლოდ მოწმე გამხდარიყო, არამედ ხშირად მონაწილეობაც მიეღო იმ მოვლენებში, რომელიც საქართველოში ხდებოდა. ამ მოვლენებში ხშირად პასუხისმგებლობაც დაეკისრა.“

1917 წლიდანვე კვინიტაძე აქტიურად ჩაერთო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შენების პროცესში, განსაკუთრებით დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა თბილისის ერთადერთ სამხედრო სასწავლებელს, რომლის დამაარსებელიც თავად იყო.

გენერალი გიორგი კვინიტაძე მებრძოლებთან ერთად

გიორგი კვინიტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა თანამდებობა. მას სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან საკმაოდ წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდა. იგი რამდენჯერმე გადააყენეს დანიშნული თანამდებობიდან, რადგან პოლიტიკურ მოუქნელობასა და უკომპრომისო ხასიათს აბრალებდნენ, თუმცა კრიტიკულ მომენტებში კვლავ მას მიმართავდნენ დასახმარებლად. მაშინ, როდესაც რუსეთში ბოლშევიკური მოძრაობა ძლიერდებოდა, დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ძლიერი შეიარაღებული ძალები. სწორედ გიორგი კვინიტაძე იყო ყველაზე გამოცდილი კაცი სამხედრო საქმეში. მისი აზრით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგიც არ ყოფილა. კვინიტაძე აქტიურად ითხოვდა რეფორმებს სამხედრო განხრით, რაც საქართველოს ნამდვილად წაადგებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობაში სხვანაირად ფიქრობდნენ.

მან არაერთხელ დაამტკიცა პროფესიონალიზმი, 1919 წელს სამხრეთ საქართველოში ჩაატარა წარმატებული სამხედრო ოპერაცია და ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის” მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები დაამარცხა. 1920 წელს იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წელს მოახერხა აზერბაიჯანიდან შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილების დამარცხება. მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გადევნებოდნენ დამარცხებულ წითელ არმიას და ბოლომდე გაეთავისუფლებინათ აზერბაიჯანიც, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დაბლოკა. მოგვიანებით, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: „მოხდა ის, რასაც გენ. კვინიტაძე წინდაწინ ამბობდა 1920 წელს, როდესაც შეგვაჩერეს ბორჩალოში და ნება არ მოგვცეს გაგვესრისა ბოლშევიკები და მათგან აზერბაიჯანი გაგვეწმინდა…“

და დადგა ის საბედისწერო მომენტიც საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგებსაც დღემდე იმკის, როგორც ქართველი ხალხი, ასევე, ქართული სახელმწიფო. 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს საზღვარი წითელი არმიის შენაერთებმა გადმოკვეთეს. 16 თებერვალს, როდესაც საბჭოთა ჯარი თბილისს მოადგა, თანამდებობიდან მოხსნეს გენერალი ოდიშელიძე და მის მაგივრად გიორგი კვინიტაძე დანიშნეს. გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან კავალერიის მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას მოასწავებდა. უკანდახევის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ვეღარ მოახერხა მტრის შეკავება და 25 თებერვალს თბილისი დაეცა. ბრძოლები ერთხანს კიდევ გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.

„იყო კივილი, წყევლა-წუხილი
და ქაჯურ ვალსში იყავ ჩართული;
ეს თბილისია თმაგაწეწილი
და მწუხარება ჩვენი-ქართული“

ასე აღწერს გალაკტიონი ამ უდიდეს ტრაგედიას.

გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა წევრებთან ერთად, გენერალი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა. მისი სამხედრო კარიერაც ასე დასრულდა.

ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ გამოიცა „ჩემი მოგონებები“, სადაც იგი სუბიექტურად და დამახინჯებულად აღწერს საქართველოს სამხედრო მოქმედებებს და ბრალს სდებს გენერალ კვინიტაძეს არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებებში, რამაც, მისი აზრით, საქართველოს დამარცხება განაპირობა. საპასუხოდ, 1954 წელს გენერალმა გამოსცა ბროშურა „ჩემი პასუხი“, რომელშიც მან ჟორდანიას მოგონებებს ქართველი ერისა და მხედრობისთვის დამამცირებელი უწოდა და არგუმენტირებულად გააბათილა წაყენებული ბრალდებები. ბროშურამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა და მას არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ემიგრაციულ პრესაში.

რთულია ერთმნიშვნელოვნად განაცხადო, თუ ვინ იყო ამ სიტუაციაში მართალი, რადგან საქართველოს მარცხი, სამხედრო წარუმატებლობასთან, ერთად მრავალმა სხვა, მათ შორის, პოლიტიკურმა ფაქტორმაც განაპირობა.

გიორგი კვინიტაძემ მთელი დარჩენილი სიცოცხლე საფრანგეთში გაატარა. ცნობილია, რომ ბოლო წლებში, ერთ დროს გმირად წოდებული გენერალი, საკუთარი სახლის სარდაფში წარმოებული მაწვნით ინახავდა ოჯახს. გარდაიცვალა 1970 წელს.

ცხადია, რომ გენერალი გიორგი კვინიტაძე დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ფაქტიურად დასაწყისიდანვე მას ებარა სამხედრო მიმართულება, რაც რესპუბლიკის პოლიტიკურ ძლიერებას განაპირობებდა. ამ წლებში გენერალი ემსახურებოდა სამშობლოს და არა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ინტერესებს, რაც არაერთხელ გამოიხატა მათ დაპირისპირებაში. აღსანიშნავია მისი ღვაწლი და მისწრაფება იუნკერთა აღზრდაში. პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.

იმას, რომ გენერალი კვინიტაძე ქართველი ხალხის ეროვნულ ცნობიერებაში სამშობლოსთვის მებრძოლი გმირია, სახალხოდ გავრცელებული სიმღერის ეს მონაკვეთიც მოწმობს:

„კოჯრის მთაზე დაფლეთილი
თეთრი დროშა ფრიალებდა,
კვინიტაძის ზარბაზნები
სკდებოდა და გრიალებდა…“

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button