ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №5 – დუბაი

არსებობს დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის განვითარების საინტერესო ისტორია: 1970-იანი წლების დასაწყისში ერთი ბიზნესმენი დუბაიში ჩავიდა. იგი მივიდა შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ მაკტუმის სასამართლოში და მშენებლობის დასაწყებად მიწის ნაკვეთი მოითხოვა. შეიხი დათანმხდა და მას მიწის ამზომველი გააყოლა ადგილის საჩვენებლად. მომდევნო დღეს ბიზნესმენი სასამართლოში დაბრუნდა და უარი თქვა მიწის ნაკვეთზე, რადგან მას მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრთან ბევრად უფრო ახლოს სურდა.  

რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ნახა, თუ რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა დუბაი, იგი სასამართლოში დაბრუნდა. ბიზნესმენმა თქვა, რომ თავის დროზე მან ვერ დააფასა შეიხის შორსმჭვრეტელობა და კვლავ მოითხოვა ის მიწის ნაკვეთი. შეიხმა შეატყობინა, რომ თავდაპირველი ადგილი უკვე დაკავებულიყო და, ამჯერად, სხვა ადგილას გააგზავნა, რომელიც ბევრად უფრო შორს იყო ქალაქის ცენტრიდან. ბიზნესმენმა ზიზღით აქცია ზურგი შეიხის შეთავაზებას, წავიდა და აღარც დაბრუნებულა. მიწის მეორე ნაკვეთი იყო ადგილი, სადაც მოგვიანებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდა.

ტანტალოსის მითის საპირისპიროდ, რომელმაც იპოვნა, მაგრამ არასდროს მოუწყვეტია აყვავებული ხეებიდან ხილი, ეს ბიზნესმენი გამონაკლისი არ ყოფილა, ვინც ეჭვი შეიტანა დუბაის განვითარების პერსპექტივაში. ამავდროულად, ქალაქი ჯერ კიდევ ფოკუსირებული იყო წყალზე, რომელიც ცნობილია, როგორც დუბაი-კრიკი (პატარა უბე). როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდა, მას ხშირად უღებდნენ ფოტოგრაფები სურათებს, როგორც უდაბნოს მოწყვეტილ ნაგლეჯს, უდაბნოს, რომელიც ჭაობიანიც იყო, რის გამოც არსებობდა კოღოების პრობლემა.

დღეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი დუბაის ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთის, შეიხ ზაიდის გზის (E11) კარიბჭეა. 12 ხაზიან მაგისტრალს გარშემო ცათამბჯენების ორი რიგი აკრავს, ფოტოგრაფების საყვარელი ადგილი. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა ათწლეულების განმავლობაში გახლდათ სიმბოლო იმისა, რომ დუბაი მაღალი განვითარების დონეს მიაღწევდა.

150 მეტრიანი შენობა დღესაც მომხიბლავია, თუმცა, ძირითადად, მას ისტორიული დატვირთვა აქვს. როდესაც დუბაიში ახალბედა არქიტექტორი ჩადის, ყოველთვის თხოვენ გამოხატოს აზრი ქალაქის არქიტექტურის შესახებ და, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავი თანამედროვე ცათამბჯენია, მეტწილად მაინც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობის ისტორიით რჩება აღტაცებული, რომელიც მალე მელანქოლიურ ადგილად შეიძლება იქცეს.  

1974 წელს დუბაი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღესაა. 1960-იან წლებში აქ აღმოაჩინეს ნავთობი და ყოფილმა სავაჭრო ქალაქმა, სადაც 1960 წელს დაიგო პირველი ასფალტის გზა, დაიწყო ძალიან სწრაფი განვითარება. გამოჩნდა უამრავი საერთაშორისო ბანკი თუ სასტუმროთა ქსელი. ევროპელები, ჩრდილო-ამერიკელები, არაბები, სამხრეთ აზიელები დუბაიში ჩადიოდნენ, რათა მაქსიმალური მოგება ენახათ. ქალაქის მოსახლეობა ოთხ წელიწადში გაორმაგდა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, 1971

ერთი მხრივ დუბაიში ირანიდან, პაკისტანიდან და ინდოეთიდან გემებით შემოტანილი პროდუქტები კვლავ ძველებურ არაბულ ბაზრობებზე იყიდებოდა, მეორე მხრივ კი დაიწყო ლონდონური მოდის გადმოღება, რადიოს შენობის გარემონტება და ა.შ. ვაჭრობა და მოძრაობა წარმოუდგენლად იზრდებოდა. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ქალაქი ზომაში ოთხჯერ უნდა გაზრდილიყო, რათა არსებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. Financial Times გაკვირვებული წერდა, რომ „ქალაქი დაძაბულობის ქვეშ“ იყო. დასავლელი ემიგრანტები კი ცარიელი ონკანების, უშუქობისა და სხვა პრობლემების გამო პრეტენზიებს გამოთქვამდნენ.

შეიხმა რაშიდმა, რომელსაც ბრიტანული პრესა „ვაჭრობის პრინცს“ უწოდებდა, საკუთარ არქიტექტორს – ჯონ ჰარისს დაავალა შეემუშავებინა სავაჭრო-საგამოფენო ცენტრის დიზაინი. რამდენიმე თვეში ჰარისმა შეიხს წარუდგინა ექვსსართულიანი კორპუსების გეგმა, თუმცა რაშიდმა თქვა, რომ მას სურდა კოშკის მსგავსი შენობა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ერთიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობის გეგმის შემუშავება.

შეიხი რაშიდ ბინ საიდ ალ მაკტუმი

ჰარისმა მორჩილად მოინახულა ნიუ-იორკისა და ტოკიოს ცათამბჯენები და დაიწყო 33 სართულიანი გიგანტის მშენებლობა, რომელიც იმ დროისთვის დუბაისა და ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი შენობა იქნებოდა. ნახევრამდე იყო აშენებული, როდესაც შეიხმა კიდევ უფრო მაღალი მოისურვა და შენობას 6 სართული დაემატა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა დაარწმუნა დუბაი, რომ ქალაქი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდა. კომპლექსი მოიცავდა ყველა იმ ელემენტს, რომელიც გლობალური ქალაქისთვის იყო საჭირო: ძვირადღირებული სასტუმრო, სამი შენობა ძვირადღირებული აპარტამენტებით, საგამოფენო ცენტრი, პარკინგი, ტენისის კორტები და ა.შ. პირდაპირ უდაბნოდან მიუყვებოდი დაღმართს შესასვლელისკენ, სადაც მარმარილოს იატაკები ცვლიდა ქვიშას.

24 საათიანი მენეჯმენტი, დაცვა, ბიზნესმენთა კლუბი, მოგზაურობის სააგენტო, ფოსტა, კინოთეატრი, ეს ყველაფერი სარფიანი გარიგებების წინაპირობას წარმოადგენდა. კონდიციონერი აღარ ნიშნავდა უბრალოდ ფანჯრიდან გადაკიდებულ დიდ ყუთს, ის ტემპერატურის კონტროლირებადმა გარემომ შეცვალა, სადაც მუდამ 22°C იყო.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი „ქალაქი ქალაქში“-ს ადრეულ ვერსიას წარმოადგენდა. შეგეძლო ადგილზე ცხოვრება, მუშაობა და გართობა. ინტერიერი, რომ აღარაფერი ვთქვათ „ოაზისის“ ბაღებზე, ზუსტად შეესაბამებოდა სამუშაო გარემოს. საგამოფენო ცენტრის იატაკი მოდულური იყო, იგი შეიძლებოდა გადაკეთებულიყო ყინულის მოედნად, ან ბოქსის რინგად სტადიონის დასაჯდომებით.

დასვენება შეუფერხებლად ერწყმოდა სამუშაოს. მარკეტინგის კონსულტანტებს ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთის დეკორით შემკული ანტრესოლები, სადაც უფასოდ გთავაზობდნენ ყავას. საერთო სივრცეებში იდგა მაგიდები, ადგილობრივი ტელეფონები, საინფორმაციო დაფები და ა.შ, რათა ვიზიტორებს გაადვილებოდათ უცხო გარემოსთან შეგუება. შეიხ ზაიდის მრჩევლებმა ჯონ ჰარისს თავიდანვე მიუთითეს „ვაჭრობაში კეთილდღეობისა და დასვენების მნიშვნელობაზე“.

ამავდროულად, Hilton-მა მინიბარებისა და „room service” მომსახურეობაც დაიწყო, რაც დღეს სტანდარტულია, მაგრამ იმ დროს ბიზნესმენები სასტუმროებში არა ოთახებს, არამედ საწოლებს უკვეთავდნენ სათითაოდ. ბრიტანელი მომმარაგებლების უამრავი ისტორია არსებობს, თუ როგორ ეძინათ უცნობ ადამიანებს კაცებისთვის განკუთვნილ საერთო სივრცეებში ერთმანეთის გვერდი-გვერდ 1960-70-იანი წლების დუბაიში. ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გახსნასთან ერთად კი გაჩნდა მაღალი დონის დროებით დასარჩენი ოთახები. დუბაიში ჩასულ ბიზნესმენებს შეეძლოთ ეჭამათ ყინულზე გაციებული ამერიკული ლობსტერები. კომპლექსს საკუთარი ელექტროსადგურიც კი გააჩნდა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და ჰილტონი

500 მდიდრული აპარტამენტი, რომელიც ჰილტონის ავეჯით იყო მოწყობილი, საშუალებას აძლევდა ადამიანებს თავი მნიშვნელოვან სტუმრებად ეგრძნოთ. კომპლექსს დუბაის მმართველი ფლობდა და დანარჩენი ქალაქისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსი დანარჩენი ქალაქისგან სრულად იყო მოწყვეტილი. იგი უკავშირდებოდა დუბაის უდიდეს გზაჯვარედინს და 15 წლიანი მშენებლობის შედეგად აშენებულ რაშიდის პორტს. მათ შორის განთავსებული იყო საწყობები, დროებითი სათავსოები და ტენტები. ეს ყველაფერი კი სამხრეთ აზიელი პერსონალით დააკომპლექტეს, რომლებიც თავისუფალ არაბულ ტანსაცმელსა და სანდლებში იყვნენ გამოწყობილნი.  

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობიდან კარგად ჩანდა, რომ შეიხი თანამედროვე ქალაქს ძველი ქალაქისგან მოშორებით აშენებდა. სწორედ ამ მშენებლობის მტვერი ფარავდა დუბაი-კრიკს.

დანარჩენი ქალაქისგან მოშორებით მდგარი დუბაის ყველაზე თანამედროვე შენობა და პორტი საფუძველს უყრიდა ახალი ტიპის ურბანიზაციას: სამშენებლოდ პირველად გამოიყო მიწის ძალიან ფართო სივრცეები, რაც არაურბანულ ურბანიზაციას ნიშნავდა.

დღესდღეობით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სანახაობრივი ხიბლი დიდებულმა ბურჯ ხალიფამ და პალმა ჯუმეირამ დაჩრდილა, თუმცა ეს არ აკნინებს მის ღვაწლს თანამედროვე დუბაის განვითარებაში. სწორედ ამ კომპლექსის შექმნით და ბიზნესის აყვავებით მოიპოვა შეიხმა Times-სა და Financial Times-ში სარეკლამო სივრცეები, რომლის საშუალებითაც დუბაიში უზარმაზარი ინვესტიციების მოზიდვა გახდა შესაძლებელი.

თანამედროვე დუბაი

ინვესტიციების მოზიდვისა და ქალაქის გაყიდვის ერთ-ერთი გზა მისი „ბრიტანული ხარისხის“ ხაზგასმა იყო. ისტორიულად დუბაის განვითარება ყოველთვის ეყრდნობოდა სავაჭრო გზების დაუფლებას, ხის, მეტალის, საკვებისა და სხვა პროდუქტების ცენტრალურ გაყიდვის ქსელად არსებობას. მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა ქალაქი ბრიტანული დიზაინითა და ინჟინერიით უზრუნველყო: გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების მოწყობილობები, შუშა, ალუმინის გაზის აპარატურა და სამზარეულოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბრიტანეთში იწარმოებოდა და იგზავნებოდა რაშიდის პორტში. ბრიტანელი ინჟინრები ბეტონის შერევასაც კი აკონტროლებდნენ. მშენებლობის ერთადერთი ძირითადი არაბრიტანული ნაწილი პაკისტანელი მშენებლები იყვნენ, რომლებიც დროებით ყაზარმებში ცხოვრობდნენ.

1981 წელს იარაღის გაყიდვის საკითხზე აბუ დაბიში ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერი მცირე ხნით დუბაიში გაჩერდა. შეიხმა რაშედმა იგი საკუთარი შენობის თავზე აიყვანა. მათ 30 კმ-ით დაშორებული ახლადამოქმედებული ჯებელ ალის პორტი დაათვალიერეს, რაც ბრიტანელი ინჟინრებისა და ინვესტორების მიერ უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო დუბაის გლობალურ აღმავლობას. იმ დროს ტეტჩერი უთუოდ დაინახავდა შენობიდან მიმავალ ასფალტის თხელ ფენას, რომელიც მომავალში შეიხ ზაიდის გზად იქცა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოემარაგებინათ დუბაი 23 მილიონი წყლის გალონით, რაც მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური ჰიდრატაციისთვის იყო აუცილებელი.

შეიხ რაშიდი და მარგარეტ ტეტჩერი დუბაიში

დღესდღეობით დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქსა და დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრს წარმოადგენს. ის თანამედროვე საქალაქო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. უდაბნოში აშენებული ქალაქი უზრუნველყოფილია ქალაქისთვის აუცილებელი ყველა რესურსით, მათ შორის, წყლის მარაგებით. საგანგებოდ გამწვანებული ადგილები და კონდიცირების სისტემები ადამიანებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ, იმუშაონ და დაისვენონ ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც დუბაია.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button