ახლო აღმოსავლეთი

რატომ ხდება აშშ-სა და რუსეთის შეტაკებები სირიაში?

სირიაში, აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებების რიცხვმა მას შემდეგ იმატა, რაც დონალდ ტრამპმა სირიიდან 1000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა, მოგვიანებით, გადაიფიქრა და მცირე რაოდენობით სამხედრო ძალა, შედარებით კონფლიქტურ რეგიონებში, ნავთობის საბადოების დასაცავად მაინც დატოვა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახალმა განაწილებამ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუს სამხედროებს საკუთარი პოზიციების გაფართოების საშუალება მისცა. ასე მხარეები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მათ შორის დაპირისპირებები გახშირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ცდილობს თავიდან აირიდოს მომაკვდინებელი და ძალადობრივი შეტაკებები, აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის რეგიონში დაპირისპირება ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი მათ მარიონეტულ ან მოკავშირე დაჯგუფებებს შორის მუდმივად ხდება. აღსანიშნავია, რომ ზეწოლა ამერიკელებზე – შეინარჩუნონ წარმომადგენლობა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სულ უფრო იზრდება, იმის ფონზე, რომ რუსეთი, მათი შევიწროვებითა და განდევნით ცდილობს ახალი ტერიტორიების დაკავებას.  

აგვისტოში, თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს, რუსულ და ამერიკულ საპატრულო ძალებს შორის მორიგი შეტაკება დაფიქსირდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის განცხადებით, ელ-მალიქიასთან აშშ-სა და რუსეთის პატრულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მოხდა შეჯახება. აღმოჩნდა, რომ შეხლა-შემოხლის დროს რუსული ჯავშანმანქანა განზრახ დაეჯახა ამერიკულ ნაღმგამძლე სატრანსპორტო საშუალებას (M-ATV), რის შედეგადაც ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი საკმაოდ სერიოზულად დაშავდა. ამ ინციდენტს პროგნოზირებადი წინააღმდეგობრივი განცხადებები მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამავდროულად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თვალნათლივ ჩანდა, თუ როგორ ავიწროვებდა დაპირისპირების დროს ორი რუსული სამხედრო ვერტმფრენი ამერიკულ საპატრულო ეკიპაჟს. მსგავსი საკითხების მიმართ რუსეთის აშკარად პროვოკაციული დამოკიდებულება, კიდევ უფრო ზრდის რისკებს, მომავალში, მხარეებს შორის ვიხილოთ პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირება.  

ეს ინციდენტი გახლდათ მხოლოდ ერთ-ერთი იმ შეტაკებებიდან (მაგალითად, აშშ-სა და სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) საერთო პატრულზე პრო-სამთავრობო დაჯგუფების თავდასხმა, ან აშშ-ის სამხედრო კოლონაზე განხორციელებული თავდასხმა, ასევე, ასადის რეჟიმის მხარდამჭერი დაჯგუფების მხრიდან, რომელსაც ცალსახად რუსეთი ხელმძღვანელობდა), რომლებიც, ბოლო პერიოდში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის არასტაბილურ რეგიონში განლაგებულ ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის ხდება. რუსეთის სტრატეგია ნათელია: მას სურს შეამოწმოს, თუ სად გადის აშშ-სთვის წითელი ხაზები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რაც უფრო თავშეკავებული იქნება მსგავს რუსულ პროვოკაციებზე აშშ-ის პასუხი, მით უფრო შორს შეტოპავენ რუსი სამხედროები და მაქსიმალურად შეეცდებიან ამერიკელებს რეგიონში პოზიციები დააკარგვინონ, საბოლოოდ კი სრულად განდევნონ სირიიდან.

გარდა ამისა, მზარდი დაძაბულობა აშშ-სა და რუსეთს შორის, შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო დროს ამერიკული კომპანიის – Delta Energy-ს გაფორმებულ კონტრაქტს სირიის ქურთისტანის თვითმმართველ ადმინისტრაციასთან, რომელიც ნავთობის მოპოვებას ეხება. ამით აშშ-ს, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, ნავთობით მდიდარ სირიაში გრძელვადიანად ყოფნის ახალი მიზეზი გაუჩნდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასადის რეჟიმის მომხრეთა ბანაკში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთიც ცდილობდა მსგავსი შეთანხმების გაფორმებას, თუმცა თვითმმართველმა ადმინისტრაციამ კატეგორიული უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე.

შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილის გაყვანის შემდეგ, რომლებმაც რეგიონში ისლამური სახელმწიფო დაამარცხეს, აშშ სამხედრო წარმომადგენლობას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ნავთობის საბადოების დაცვის მიზეზით ინარჩუნებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება ამ მასშტაბით ამერიკელთა წარმომადგენლობას 25 წლის განმავლობაში ითვალისწინებს, რომელიც მიმართული იქნება SDF-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ადგილობრივი და საექსპორტო ინფრასტრუქტურის (თურქეთისა და ერაყის გვალით) უსაფრთხოდ განვითარებისკენ.

კიდევ ერთი მიზეზი აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაღვივებისა, შეიძლება იყოს უშედეგო მოლაპარაკებები თვითმმართველ ადმინისტრაციასა და დამასკოს მთავრობას შორის, რომლის ხელშეწყობაც რუსეთმა ვერ შეძლო.

ცხადია, რომ ამდენი მიზეზის მიუხედავად, სირიის „ინციდენტები“ შემთხვევითი არ არის და გამომდინარეობს აშშ-სა და რუსეთს შორის უფრო ფართო, გლობალური დაპირისპირებიდან. რუსეთის სტრატეგია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთია: ცეცხლზე ნავთის დასხმა და მუდმივი ქაოსის წარმოქმნა, ამიტომ, უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნების დაპირისპირება არა მარტო სირიაში, არამედ სხვა რეგიონებშიც ვიხილოთ.

გამოყენებული მასალა – Why Are U.S. and Russian Forces Clashing in Syria?

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button