ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №3 – კართაგენი

ლეგენდის თანახმად, კართაგენი ძვ.წ 814 წელს ფინიკიელმა დედოფალმა – ელისამ (ცნობილია, როგორც დიდონა) დააარსა. ქალაქი მნიშვნელოვნად განვითარდა ძვ.წ 332 წელს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ფინიკიელთა ქალაქი ტვიროსი გაანადგურა. ფინიკიელებმა მაშინ კართაგენს შეაფარეს თავი. ქალაქს თავდაპირველად ახალი ქალაქი (ყართ-ადაშთ) ერქვა, რათა ახლოს მდებარე ძველი ფინიკიური ქალაქის – უტიკასგან განესხვავებინათ. ბერძნები ქალაქს კარჩედონს უწოდებდნენ, რომაელებმა კი ეს სახელი კართაგოსად გადააკეთეს.

თავიდან კართაგენის სანაპიროზე პატარა პორტი მდებარეობდა, სადაც მხოლოდ ფინიკიელი ვაჭრები ჩერდებოდნენ გემების შესაკეთებლად და მარაგების შესავსებად, თუმცა მოგვიანებით, იგი ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ძლიერ ქალაქად იქცა. ქალაქს რომი დაუპირისპირდა. კართაგენ-რომის მრავალწლიანი (ძვ.წ 264-146) კონფლიქტი პუნიკური ომების სახელითაა ცნობილი, რომლის შედეგად რომაელებმა კართაგენი მიწასთან გაასწორეს.

სავაჭრო ქალაქი

დიდებული ფინიკური ქალაქის – ტვიროსის დაცემის შემდეგ, დევნილი ტვიროსელები ქალაქში დაგროვილ სიმდიდრესთან ერთად კართაგენში გაიქცნენ. ისინი, ვინც ალექსანდრე მაკედონელმა შეიწყალა, იმდენად მდიდრები იყვნენ, რომ საკუთარი სიცოცხლე იყიდეს. სწორედ ეს ადამიანები დასახლდნენ კართაგენში და მათ აქციეს  ქალაქი ფინიკიის ახალ სავაჭრო ცენტრად.

კართაგენი

კართაგენელებმა ადგილობრივი აფრიკელები საკუთარი ტერიტორიიდან გააძევეს, ბევრი მათგანი დაიმონეს, ხოლო დანარჩენებისგან ხარკის მიღება დაიწყეს. დროთა განმავლობაში მათ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს მეზობელ ნუმიდიის ტომებთან, რომელთა მრისხანე კავალერიაც კართაგენელების ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

სანაპიროზე მდებარე პატარა დასახლებული პუნქტიდან, კართაგენი უზარმაზარ ქალაქად იქცა და მისი გავლენა მრავალ კილომეტრზე ვრცელდებოდა. ასი წელიც არ გასულა, როდესაც იგი ხმელთაშუა ზღვისპირეთში უმდიდრეს ქალაქად იქცა. არისტოკრატები მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდნენ, ნაკლებად მდიდრები კი მოკრძალებულ, მაგრამ მიმზიდველ სახლებში. გადასახადებისა და ხარკის რეგულარული ზრდა ქალაქის შემოსავლების მატებასა და სარფიანი სავაჭრო გარიგებების სტაბილურ არსებობას განაპირობებდა.

კართაგენს უზარმაზარი ნავსადგური გააჩნდა: 220 ადგილიანი გემთსაშენითა და მის გარშემო ნახევარწრეზე აღმართული მოკაშკაშე სვეტებით, რომლებიც ბერძნული ქანდაკებებით იყო შემკული. კართაგენელთა სავაჭრო გემები მუდმივად სტუმრობდნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთში არსებული პორტების უმეტესობას, ხოლო რეგიონში უძლიერესი კართაგენული საზღვაო ფლოტი, სავაჭრო გემების დაცვასთან ერთად, ახალი ტერიტორიების და რესურსების აღმოჩენასა და ათვისებაშიც მონაწილეობდა.

პუნიკური ომები

სწორედ გაფართოების პროცესის დროს ჩაერთო კართაგენი რომთან კონფლიქტში. თავიდან რომი კართაგენზე სუსტი იყო, ამიტომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. კართაგენის საზღვაო ძალები დიდი ხნის განმავლობაში ავალდებულებდნენ რომს იმ ხელშეკრულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც მათ ეკრძალებოდათ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ვაჭრობა.

როდესაც კართაგენმა სიცილია დაიპყრო, რომმაც უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ რომაელებს საზღვაო ბრძოლების გამოცდილება არ გააჩნდათ, მათ მაინც ააგეს „ყორნებითა“ (Corvus) და საბორდაჟე ხიდებით აღჭურვილი 330 გემი, რომელთა საშუალებით მოწინააღმდეგის გემბანზე გადასვლა იყო შესაძლებელი. ამრიგად, საზღვაო ბრძოლებმა მიწაზე გადმოინაცვლა და პირველი პუნიკური ომიც (ძვ.წ 264-241) დაიწყო. დიდი ძალისხმევითა და ბრწყინვალე საბრძოლო ტაქტიკის გამოყენებით რომმა ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებებით დაამარცხა კართაგენი ძვ.წ 241 წელს. კართაგენს ბრძოლებში დიდი ზარალი მიადგა და იძულებული გახდა, რომისთვის სიცილია დაეთმო.

პირველ პუნიკურ ომში, უძლიერესი ფლოტის მქონე კართაგენთან ბრძოლა რომაელებს ძალიან უჭირდათ, თუმცა უპირატესობის მოპოვება მტრის ტექნოლოგიის მოპარვით შეძლეს: პოლიბიოსის ცნობით, რომაელებს ხელში ჩაუვარდათ კართაგენის ფლოტის ერთ-ერთი კვინკვირემა – დიდი, საბრძოლო ტიპის ხომალდი, რომელსაც დიდი უპირატესობა ჰქონდა უფრო მცირე ტრირემებთან. რომაელმა ხომალდთმშენებლებმა უმოკლეს დროში (60 დღეში) შეძლეს ასეთივე ხომალდების აგება, რის შედეგადაც რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს კართაგენელები და უპირატესობა მოიპოვეს წყალში.

ამ ომის შემდეგ კართაგენს საკუთარ დაქირავებულ მებრძოლებთან და გაღარიბებულ ფენებთან დაპირისპირება (ძვ.წ 241-237) მოუხდა, თუმცა გენერალ ჰამილკარ ბარკას ხელმძღვანელობით ბრძოლაში გაიმარჯვა და აჯანყებაც ჩაახშო.

ამ კონფლიქტებმა კართაგენი საგრძნობლად დაასუსტა. რომაელებმა სარდინიისა და კორსიკის კართაგენელთა კოლონიები დაიპყრეს, რასაც ვერაფრით შეეწინააღმდეგა ფინიკიელთა უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფო. ისინი თავს არიდებდნენ რომაელებთან დაპირისპირებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ესპანეთში ახალი ტერიტორიების შემოერთებით ცდილობდნენ, თუმცა კონფლიქტი კვლავ გაღვივდა, როდესაც ჰანიბალი თავს დაესხა რომის მოკავშირე ქალაქს – საგუნტს.

მეორე პუნიკური ომი (ძვ.წ. 218-202), ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რადგან ჰანიბალი ესპანეთიდან, ალპების გადალახვით შეიჭრა იტალიაში. ამ მოულოდნელობის წყალობით ჰანიბალმა რომაელები თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა. აღსანიშნავია მეორე პუნიკური ომის ყველაზე მნიშვნელოვანი – კანეს ბრძოლა, სადაც სახელგანთქმულმა გენერალმა კვლავ გაიმარჯვა, თუმცა არასაკმარისი რაოდენობის ჯარისკაცებისა და საკვების მარაგის ამოწურვის გამო, საბოლოო წარმატებას ვერ მიაღწია. ძვ.წ 202 წელს რომაელმა გენერალმა სციპიონ აფრიკელმა ჰანიბალი ჩრდილოეთ აფრიკაში, ზამას ბრძოლაში დაამარცხა და კართაგენმა კვლავ დაზავება ითხოვა.

„ორივე მხედართმთავარი ერთდროულად გამოჩნდა. მათ ბადრაგი მინდვრის მოპირდაპირე ბოლოებში დატოვეს და ზუსტად შუაგულში შეეყარნენ ერთმანეთს. თითოეულს თითო თარჯიმანი ახლდა. ერთმანეთს შეხვდა არა მარტო თავისი დროის, არამედ ყველა დროისა და ყველა ხალხის უდიდესი მხედართმთავარი, როგორიც კი ადამიანთა მეხსიერებას შემოუნახავს. ისინი დიდხანს დუმდნენ – ურთიერთაღტაცების გრძნობამ ორივეს ენა წაართვა.“ – რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ჰანიბალისა და სციპიონ აფრიკელის შეხვედრაზე.

დასუსტებული კართაგენი ვალის გადასახდელად ბრძოლას განაგრძობდა, ამავე დროს მეზობელი ნუმიდიის მეფის – მასინისას თავდასხმების მოგერიება უწევდა. მეორე პუნიკური ომის დროს მასინისა რომაელების მოკავშირე იყო, რომლებმაც იგი კართაგენის დასარბევად წაახალისეს. კართაგენი ჩაერთო ომში ნუმიდიის წინააღმდეგ, რითიც დაარღვია საზავო ხელშეკრულების პირობა, რომელიც მათ ჯარის მობილიზებას უკრძალავდა.

კართაგენს მიაჩნდა, რომ მასინისას თავდასხმებისთვის პასუხი უნდა გაეცა, რასაც რომის გაღიზიანება მოჰყვა და მას მორიგი გადასახადი დააკისრა.

მას შემდეგ, რაც ყველა დაკისრებული ვალი გადაიხადა, კართაგენი წესით რომს აღარ უნდა დამორჩილებოდა, თუმცა რომაელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. მათ ჰანიბალის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა. სენატორი კატონ უფროსი სენატის სხდომაზე ამბობდა: „გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს!“.

კართაგენის დაცემა

რომაელებმა კართაგენელებს მოთხოვეს ქალაქის დანგრევა და მოშორებით თავიდან აშენება, რაზეც, ცხადია, კართაგენელებმა უარი განაცხადეს. ასე დაიწყო მესამე პუნიკური ომი (ძვ.წ 149-146). ამჯერად რომაელებს სარდლობდა სციპიონ აფრიკელი უმცროსი, შთამომავალი სახელოვანი პუბლიციუს კორნელიუს სციპიონისა. მას კართაგენი დაცემამდე, სამი წლის განმავლობაში ალყაში ჰყავდა მოქცეული. რომაელებმა მიწას ცეცხლი წაუკიდეს და ქალაქი სრულად დაანგრიეს. მოგვიანებით მითიც წარმოიშვა იმის შესახებ, რომ თითქოს რომაელებმა დანგრეული კართაგენის მიწა გადახნეს და მარილი მოაყარეს, რომ ამ ადგილას არაფერს გაეხარა. კართაგენის სამფლობელოები რომის ხელში გადავიდა, რეგიონში ცენტრალურ ქალაქად უტიკა იქცა.

კართაგენის ალყა

მოგვიანებით, იულიუს კეისარმა შეიმუშავა კართაგენის აღდგენის გეგმა. მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ ეს გეგმა შესრულდა, კართაგენი აღდგა და საკმაოდ მნიშვნელოვან რომაულ კოლონიას წარმოადგენდა რეგიონში, იმპერიის დაცემამდე.

გვიანდელი ისტორია

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად კართაგენი კვლავ იქცა მნიშვნელოვან ქალაქად, სადაც ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა რომში ჩასვლამდე. იგი ბიზანტიის იმპერიის ხელში განაგრძობდა არსებობას, რომელმაც ვანდალების განმეორებითი შემოტევის დროს კართაგენი შეინარჩუნა. ახ.წ 698 წელს მუსლიმებმა კართაგენის ბრძოლაში ბიზანტიელები პირწმინდად დაამარცხეს და აფრიკიდან გააძევეს, ქალაქი კი მიწასთან გაასწორეს. მოგვიანებით მათ განავითარეს კართაგენის მეზობელი – ტუნისი და აქციეს ახალ სავაჭრო ქალაქად და რეგიონის მმართველ ცენტრად.  

კართაგენის ნანგრევები თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე მდებარეობს და დღემდე მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობასა და არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს. ძველი კართაგენის ნავსადგურისა და ნაგებობების მონახაზი დღემდე შესამჩნევია.

კართაგენი დღეს

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button