ახლო აღმოსავლეთი

საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფარული დაპირისპირება იემენში

სამხრეთ იემენის ქალაქ ადენს და მის პორტს განსაკუთრებული გეოგრაფიული მახასიათებლები გააჩნიათ, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მთიანი რეგიონებით გარშემორტყმულ ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ღრმაწყლოვან დამცავ ბარიერს. აღსანიშნავია პორტის ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან სიახლოვეც, რომელიც მას წითელ ზღვასთან აკავშირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც ადენსა და მის პორტს აკონტროლებს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონში ჩამოყალიბებულ გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ბალანსზე.

მხარეები და მათი სტრატეგიები

იემენის კონფლიქტში ძალიან ბევრი მხარეა ჩართული, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, სამხრეთის გარდამავალი საბჭო (სგს), საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰუსიტები.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესები იემენში, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მოსახვეჭად, ხოლო საუდის არაბეთის მთავარი მიზანი უფრო იდეოლოგიური ხასიათისაა და ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების – ჰუსიტების ძალაუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. ამ კონფლიქტში არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობს თავი წარმოაჩინოს საუდის არაბეთის „უმცროს ძმად“, თუმცა რეალობა ის გახლავთ, რომ ორივე მხარეს განსხვავებული, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და სტრატეგიაც კი გააჩნიათ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მცდელობები ქალაქ ადენზე საკუთარი ზეგავლენის გასაზრდელად ჯერ კიდევ 2008 წლიდან იწყება, როდესაც მათ გააფორმეს ადენის პორტის „განვითარების“ სადავო შეთანხმება, რომელიც იემენის მთავრობამ 2013 წელს გააუქმა. არაბთა გაერთიანებული საამიროები ადენის განვითარების სტრატეგიაში ხედავს შესაძლებლობას, რომ იგი სხვა არაბული სახელმწიფოების ჰეგემონიისგან დამოუკიდებლად იქცეს თავისუფალ რეგიონალურ ძალად.  2015-2020 წლებში იემენის კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამჟამად, საკუთარი ზეგავლენის გავრცელებას დისტანციურად, მისი მოკავშირე, სგს-ს დახმარებით ახერხებს, რომელიც 2019 წლიდან აკონტროლებს ადენსა და სოკორტას არქიპელაგს. საამიროები, ასევე, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის პრეზიდენტ – აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის საუდის არაბეთიდან ადენში დაბრუნებას.

2014 წლიდან მოყოლებული იემენის სამოქალაქო ომში ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საუდის არაბეთის სტრატეგია, რომ ჩრდილოეთ იემენში ჰუსიტები დაემარცხებინა უშედეგო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ჩრდილოეთის ბრძოლებმა იემენში კიდევ უფრო მეტი სიცარიელე გააჩინა, რომლის ათვისებასაც ჩუმად და წარმატებით შეუდგა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რითიც კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია ადენსა და მის შემოგარენში. ამის სანაცვლოდ, საუდის არაბეთმა მრავალმხრივი სტრატეგიის გამოყენება გადაწყვიტა: პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც ადენის ყურეს და აბ-ელ-მანდების სრუტეს ირანის გავლენებისგან დაიცავს; რბილი ძალის გამოყენება „საუდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გეგმა იემენისთვის“ მეშვეობით, რომელიც ჩრდილოეთ იემენს შეეხება და ძალისხმევა, რომ დაჩქარდეს იემენის ლეგიტიმურ მთავრობასა და სგს-ს შორის 2020 წლის ივლისში გაფორმებული რიადის შეთანხმება.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ჰუსიტები ცდილობენ შეასუსტონ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების აღიარებული მთავრობა, ასევე, სგს, რადგან ხელი შეუწყონ ირანის გავლენების გავრცელებას ჰორმუზის სრუტის მიღმა, ადენის ყურესა და აბ-ელ-მანდების სრუტეზე.

ახლანდელი სიტუაცია

2019 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ადენს სგს-ს დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. რიადის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰადიმ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ბრძანება გასცა და ადენის გუბერნატორად სგს-ს პრეზიდენტი, აჰმედ ჰამედ ლამლასი დანიშნა. ერთი შეხედვით, ამ ნაბიჯით ადენში სგს-ს თვითგამოცხადებული მმართველობა გაუქმდა და ლეგიტიმურ მთავრობას გადაეცა, თუმცა სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კვლავ უმნიშვნელო როლს ასრულებს ცენტრალური ბანკის, პორტისა და ზოგიერთი სამინისტროს ოფისის მართვაში, ისიც ქვეყნის გარედან.

იემენის რუკა და კონტროლის ზონები (30 ოქტომბერი, 2020)

2019 წლის აგვისტოს შემდეგ იემენის ლეგიტიმურ მთავრობას ადენში სამხედრო წარმომადგენლობა, ფაქტიურად, საერთოდ არ ჰყოლია. სგს-მ კი თავის დროზე მოახერხა საბრძოლო მოქმედებების ხანფარში (აბიანის პროვინცია, ადენიდან დაახლოებით 70 კმ-ის მოშორებით) გადატანა, ადენში კი გააორმაგა ჯარისკაცების რაოდენობა, ასევე, დაიწყო ახალი მებრძოლების აქტიური მომზადება და წვრთნები საბრძოლო მოქმედებებში დრონების ჩართულობისთვის.

სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესებს ემსახურება და იემენის ორად გაყოფას ემხრობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულად აკონტროლებს ადენს და ლაჰჯის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიებს. სგს-ს „უსაფრთხოების სარტყლის ძალები“ (Security Belt Forces), ინსტიტუციური უსაფრთხოების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, იცავენ ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორებიც არის: პორტი, აეროპორტი, ცენტრალური ბანკი და ადენის გადამამუშავებელი კომპანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ ინსტიტუციებზე ლეგიტიმური მთავრობა კვლავ ინარჩუნებს ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰუსიტებისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, უპირატესობას  საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ანიჭებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადენში სგს-ს გავლენები სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლობის ხარჯზე უფრო და უფრო იზრდება. საუდის არაბეთი კი კოალიციასთან ერთად ჩრდილოეთ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეალობა გახლავთ ის, რომ 2015 წლიდან საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, სხვა არაბულ და დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად, ახლო მოკავშირეებს წარმოადგენენ კოალიციურ ძალებში, რომელთა ძირითადი მიზანი იემენში ჰუსიტებისა და სხვა ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციებისა თუ დაჯგუფებების დამარცხებაა.

წყარო: Regional conflict over Yemen: Agendas and outcomes

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button