ახლო აღმოსავლეთი

ვაგნერის დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში

ვაგნერი წარმოადგენს რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც კერძო სამხედრო კონტრაქტორი ორგანიზაცია. ვაგნერის მოქმედების არეალს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთი (სირია და ლიბია) წარმოადგენს, თუმცა რუსეთის დაქირავებული სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტშიც აქტიურად მონაწილეობენ.

ცნობილია, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს, რომელსაც, ამავდროულად, ბრალი ედება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და განხორციელებული კიბერშეტევის გამო.

ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმერ პუტინი

ბოლო წლებში რუსეთის საგარეო სამხედრო წარმატებები დამოკიდებული გახდა სწორედ ვაგნერის დაჯგუფებაზე.

სირიაში ვაგნერი 2015 წელს გამოჩნდა კოლაფსის პირას მყოფი ასადის რეჟიმის გადასარჩენად და ენერგეტიკული ობიექტებისა და ნავთობსაბადოების დასაცავად. მას შემდეგ დაქირავებული რუსი სამხედროები სირიაში ასადის რეჟიმის მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ.

ასადის რეჟიმი ცნობილია ომში ჩადენილი არაერთი დანაშაულით, რაშიც რუს სამხედროებსაც მიუძღვით წვლილი. სირიული ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადყოფენ, რომ რუსებს სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავთ მოკლული.

სირიაში დაახლოებით 2 500 დაქირავებული რუსი სამხედრო იბრძვის.

ვაგნერმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა 2018 წლის თებერვალში, როდესაც დაჯგუფება თავს დაესხა სირიაში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს. 4 საათიანი ბრძოლის შედეგად ვაგნერის 550 მებრძოლიდან დაახლოებით 300 ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ვაგნერის დაქირავებული ათასობით რუსი სამხედრო იბრძვის ლიბიაშიც, გენერალი ხალიფა ჰაფთარის მხარეს, რომლის მიზანია აიღოს ქალაქი ტრიპოლი და გაანადგუროს გაეროს მხარდაჭერილი ლეგიტიმური მთავრობა.

ლიბიის ახალი და უახლესი ისტორია

ვაგნერის დაჯგუფება, ასევე, ცნობილია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და სუდანის კონფლიქტებში ჩართულობით. 2018 წელს დეტალების გარკვევას შეეცადნენ ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს ცენტრალური აფრიკის რეგიონში მოკლეს გაურკვეველი წარმომავლობის 9 კაციანმა დაჯგუფებამ.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირები ნათელია და ვაგნერი რუსეთის მთავრობის კერძო გასამხედროებულ დაჯგუფებად ითვლება, კრემლში ხშირად უარყოფენ ამ კავშირებს, რათა თავიდან აირიდონ კრიტიკული შეკითხვები.

ვლადიმერ პუტინი (ცენტრში) და ვაგნერის წევრები, მათ შორის დაჯგუფების დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი (მარჯვნიდან პირველი)

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button