ახლო აღმოსავლეთიტექნოლოგიები

არაბთა გაერთიანებული საამიროები ამერიკულ დრონებს მიიღებს

თეთრი სახლის გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის თანამედროვე შეიარაღებული სისტემების მიყიდვის შესახებ, ხაზს უსვამს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ამ ქვეყნის მიმართ, მას შემდეგ, რაც საამიროებმა ხელი მოაწერეს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას.  

რატომ სურს გაერთიანებულ საამიროებს შეიძინოს ამერიკული დრონები, როდესაც მას უკვე ათობით ჩინური უპილოტო საფრენი აპარატი (უსა) აქვს შეიარაღებაში? და რატომ დათანხმდა ტრადიციულად თავშეკავებული შეერთებული შტატები მოწინავე შეიარაღების გაყიდვას?

ჩინურმა დრონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. სწორედ მათი გამოყენებით მოკლეს ჰუსიტების არაერთი ლიდერი იემენში, ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული მებრძოლები სინაიში, ლიბიაში კი ისინი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხალიფა ჰაფთარს წარმატებით ეხმარებოდნენ ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებაში. მართალია აშშ ძირითადად, უარს ამბობს თანამედროვე შეიარაღების გაყიდვაზე, თუმცა ჩინეთს ეს პრობლემა არასდროს ჰქონია და დღემდე აქტიურად ეწევა დრონების ექსპორტს ამ რეგიონებში. ამავდროულად, პაკისტანში, საუდის არაბეთსა და მიანმარში გაიხსნა ჩინური დრონების ლიცენზირებული საწარმოები. სწორედ ამის წყალობით გახდა ჩინეთი მსოფლიოში შეიარაღების მეორე უდიდესი ექსპორტიორი.

რატომ არის ჩინური დრონები ასე მოთხოვნადი და რატომ იკავებს თავს აშშ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვისგან თავს?

ჩინეთის წინგადადგმული ნაბიჯი

ჩინეთმა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა რთული ნაწილებისგან შემდგარი შეიარაღებული დრონების გამოკვლევა, წარმოება და დახვეწა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სამხედრო კონფლიქტებში ძალათა ბალანსის შესაცვლელად.

მან ექსპორტზე ორი ძირითადი უსა გაიტანა. ორივე მათგანმა დიდ საველე წარმატებას მიაღწია. პირველი გახლავთ CASC-ის შექმნილი „ცისარტყელის“ (“Rainbow”) გამოშვება. მისი ყველაზე პოპულარული ვერსიაა CH-4, რომელიც ეგვიპტეში, ერაყსა და იორდანიაში გაიყიდა. Rainbow-ის წინა ვერსიები ნიგერიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშიც შეამჩნიეს.

მეორე კი გახლავთ, ჩენდგუს ავიაციის ინდუსტრიული ჯგუფის (CAIG) წარმოებული – Wing Loong უპილოტო საფრენი აპარატის გამოშვება. ამ დრონების წყალობით გენერალი ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ნაციონალური არმია, გარკვეული პერიოდის მანძილზე, დიდ უპირატესობას ფლობდა ლიბიაში, გაეროს მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორივე მოდელს გააჩნია არაერთი სასარგებლო თვისება: ჩინურ დრონებს მოქმედების უფრო ფართო დიაპაზონი აქვთ, ვიდრე კონკურენტ მოდელებს (მაგ: თურქული Bayraktar TB2), რაც მათ ძლიერი სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, შეუძლიათ კონკურენტებზე ბევრად უფრო დიდ სიმაღლეზე ფრენა და მეტი რაკეტის გადატანა. ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – სხვა მოდელებთან შედარებით, ჩინური უპილოტო საფრენი აპარატები ბევრად იაფია: თუ ამერიკული MQ-9 Reaper-ის წარმოება $16 მილიონი ღირს, CH-4 Rainbow-ის წარმოება მისი მეოთხედი, მხოლოდ $4 მილიონი ჯდება.

რატომ ცდილობენ ქვეყნები კვლავ ამერიკული დრონების შეძენას და რატომ არ იცვლის აშშ პოზიციას, რომ უახლოესი მოკავშირეების გარდა, არავის მიჰყიდოს საკუთარი შეიარაღება?

აშშ-ის თავშეკავებულობა

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა დრონებმა საკმაო წარმატებებს მიაღწიეს, ისინი მაინც შორს არიან სრულყოფილი ოპერატიული შედეგებისგან. არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც მათ სატელიტურ მართვასა და კონტროლს უკავშირდება. ამავდროულად, მიუხედავად ძალიან მაღალ სიმაღლეზე ფრენისა, ჩინური დრონები მიწის ცეცხლისგან მაინც არ არიან დაცულები, ამიტომ მოწინააღმდეგეს მათი ჩამოგდება არ უჭირს. საბოლოოდ კი ქვეყანას დრონების ჩანაცვლება, სხვებთან შედარებით იაფი, მაგრამ მაინც რამდენიმე მილიონი უჯდება, მათ დამზადებას კი დიდი დრო სჭირდება, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე არსებული ძალათა ბალანსის საპირისპიროდ შემოსაბრუნებლად.

MQ-9 Reaper

რაც შეეხება, ამერიკულ დრონებს, MQ-9 Reaper-ი არის საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილი, სრულყოფილი ოპერატიული შედეგების მქონე, პრაქტიკულად უკონკურენტო უპილოტო საფრენი აპარატი ცაზე. მას შეუძლია, თითქმის, ნახევარი მსოფლიოს გადაფრენა, ასევე, არის პირველი მონადირე-მკვლელი დრონი, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი, მძიმე, ზუსტი და მართვადი ბომბებისა და რაკეტების ტარება.

აშშ მუდმივად თავშეკავებულია უმაღლესი კლასის საბრძოლო დრონების გაყიდვით, რადგან დიდია საფრთხე მათი ბოროტად გამოყენების. ასევე, შესაძლოა ეს ტექნოლოგია მის მოწინააღმდეგეებს ჩაუვარდეთ ხელში (მაგალითად ჩინეთს, რომელიც შემჩნეულია ინდუსტრიულ ჯაშუშობაში), რაც მათ მაღალტექნოლოგიური სამხედრო პროგრამების შექმნაში შეუწყობს ხელს.

ჩინეთს საკუთარი ტექნოლოგიების გაყიდვისას მსგავსი პრობლემები არ აქვს, რის გამოც მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში მზარდია. მეტიც, ჩინურ დრონებს ესაჭიროებათ ჩინელი სპეციალისტები, რომლებმაც ადგილობრივებს უნდა შეასწავლონ დრონების მართვის ტექნოლოგია. აუცილებელია გამოყენებული რაკეტების ახლებით ჩანაცვლებაც, რაც, ქვეყნებმა, ასევე, ჩინეთში უნდა შეიძინონ. სწორედ ამგვარი ჩინური გავლენები  აწუხებს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში.

ჩინეთმა სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტი პირდაპირ მიაბა „სარტყელისა და გზის“ (BRI) ინიციატივას, რაც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ მაგისტრალებს, პორტებს, რკინიგზებსა და სხვა სავაჭრო ინფრასტრუქტურებს. BRI წარმოადგენს ჩინეთის ინდუსტრიული წარმოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების მოპოვების ძირითად არტერიას. ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინპინის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სურვილი, რომ ჩინეთმა თავდაცვის სფეროში აქტიურად ითანამშრომლოს ახალი აბრეშუმის გზის ქვეყნებთან. ლონდონის ეკონომიკის სკოლის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში (PDF) პირდაპირ უკავშირებს ჩინური დრონების გაყიდვას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის წევრ ქვეყნებზე, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზეც.

თავდაპირველად, აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უსა Predator-ის მხოლოდ საექსპორტო, შეუიარაღებელ ვერსიას აწვდიდა, რაც აბუ დაბის არ აკმაყოფილებდა და Reaper-ის ტიპის დრონების ყიდვისკენ მიისწრაფოდა. ასევე, მიაჩნდა, რომ იგი აშშ-სთან ერთად საერთო მტრების წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომ სურდა წვდომა ჰქონოდა აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებაზე, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ, გამოჩნდა ჩინეთი, რომელიც საამიროებს დიდი სიამოვნებით დაეხმარა.

US Predator

აშშ-ის ბოლოდროინდელი შემობრუნება, რომელსაც ხელი შეუწყო ისრაელთან ურთიერთობათა ნორმალიზების შეთანხმებამ, წარმატებული გამოდგა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, რადგან კონგრესის წყალობით თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის შედგა საკმაოდ მნიშვნელოვანი გარიგებები: აბუ დაბის მიეცა უფლება აშშ-სგან შეიძინოს სტელსის ტიპის F-35 გამანადგუებლები და დიდი ხნის ნანატრი Reaper-ები. ისრაელმა ეს გარიგება გააპროტესტა, რადგან, მათი აზრით, დაკარგავენ რეგიონში შეიარაღების მხრივ მოპოვებულ უპირატესობას, თუმცა უშედეგოდ.

F-35 გამანადგურებლები მნიშვნელოვნად აამაღლებენ საამიროების შესაძლებლობებს, თუმცა Reaper დრონები ნაკლებად, რადგან აშშ უკვე მუშაობს ამ ტექნოლოგიის ჩანაცვლებაზე, რომელიც უკვე 13 წელია მოქმედებს. ახალი უპილოტო საფრენი აპარატები უნდა იყოს ახლანდელზე ბევრად უფრო გამძლე, უფრო მძიმედ აღჭურვილი, უნდა დაფრინავდნენ შედარებით სწრაფად და მაღალ სიმაღლეებზე. ასევე, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც დრონებს მისცემს შესაძლებლობას, ადამიანის მართვისგან დამოუკიდებლად იაზროვნონ (მსგავსი მაგალითი უკვე არსებობს: ამერიკულ სადაზვერვო Global Hawk-ს შეუძლია ბრძანების მიცემის შემდეგ ადამიანის წინამძღოლობის გარეშე გაფრინდეს მისიაზე).

თანამედროვე დრონებისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოთ ჯგუფებად ფრენა და, რაც მთავარია, ახალი მოდელები ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყოს წარმოდგენილი. სწორედ ასეთ ტექნოლოგიებზე მუშაობენ ამჟამად აშშ და ჩინეთი.

ახლა კი უკვე დროის საკითხია, თუ როდის გამოჩნდებიან არაბთა გაერთიანებული საამიროების Reaper-ები ლიბიისა და იემენის ცაზე.

წყარო: UAE gets American drones as China ramps up sales

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button