აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

18 წლიანი ომის დასასრული ავღანეთში?

აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც 18 წლიანი კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.

აშშ და მისი მოკავშირეები (NATO) დათანხმდნენ, რომ ისინი ავღანეთიდან 14 თვის განმავლობაში სრულად გაიყვანენ ჯარს თუ თალიბები შეთანხმებას არ დაარღვევენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თალიბანის ლიდერები ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის გაგრძელდება. თალიბები იმასაც დათანხმდნენ, რომ ისინი არ მისცემენ ალ-ქაიდას ან სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედების საშუალებას.

რა მოხდა დოჰაში?

შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ის სპეციალურმა დესპანმა – ზალმაი ხალიზადმა, თალიბების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა მულა აბდულ ღანი ბარადარმა და მაიკ პომპეომ, როგორც მოწმემ.

ზალმაი ხალიზადი (მარცხნივ) და მულა აბდულ ღანი ბარადარი ხელს აწერენ სამშვიდობო შეთანხმებას

სიტყვით გამოსვლისას პომპეომ თალიბებს მოუწოდა, რომ ,,შეინარჩუნონ მათი პირობა ალ-ქაიდასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ“.

ბარადარმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ავღანეთის განვითარებას ოთხ დეკადიანი კონფლიქტის შემდეგ: ,,იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა საგარეო ძალა დატოვებს ქვეყანას, ავღანეთი ისლამური რეჟიმის ქვეშ აყვავდება.“

ამავდროულად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი – მარკ ესპერი და ავღანეთის პრეზიდენტი – აშრაფ ღანი, რომლის მთავრობასაც მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

ესპერმა განაცხადა: ,,იმედისმომცემი მომენტია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ავღანეთში მუდმივი მშვიდობის დამყარება მოითხოვს უდიდეს მოთმინებასა და დათმობებს ორივე მხრიდან. აშშ გააგრძელებს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერას.“

რა წერია შეთანხმებაში?

შეთანხმების პირველი 135 დღის განმავლობაში აშშ მის ძალებს ავღანეთში 8 600-მდე შეამცირებს. პროპორციულად შეამცირებენ ძალებს მისი მოკავშირეებიც.

შეთანხმება, ასევე, მოიცავს პატიმრების გაცვლას: 5 000 თალიბი მებრძოლი გაიცვლება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 1 000 პატიმარში 10 მარტს, როდესაც მოლაპარაკება შედგება თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის.

აშშ თალიბანზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და იმუშავებს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების შემცირებაზეც.

როგორ დაიწყო მოლაპარაკებები?

2011 წლიდან ყატარი მასპინძლობდა თალიბების ლიდერებს, რათა განეხილათ ავღანეთის მშვიდობის საკითხი. მათი ოფისი ყატარში 2013 წელს გაიხსნა და იმავე წელს დაიხურა საკმაოდ ჩახლართული პროცესების გამო. მოლაპარაკებებიც შეწყდა.

თალიბანის მებრძოლები

2018 წელს თალიბანის მებრძოლებმა კვლავ გამოთქვეს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის სურვილი, რათა გაეკვლიათ გზა ავღანური მშვიდობისკენ, თუმცა რადიკალურად განწყობილი ისლამისტური დაჯგუფება კვლავ არ თანხმდებოდა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე.

ყატარში გამართული 9 რაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანდა, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2 კვირის განმავლობაში 5 400 ამერიკელი სამხედრო დატოვებდა ავღანეთს. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩაიშალა, რადგან თალიბებმა ერთი ამერიკელი სამხედრო მოკლეს.

2020 წლის თებერვლის მიწურულს კი შედგა ახალი 1 კვირიანი შეთანხმება „ძალადობის შემცირება“, რომელიც იყო მოსამზადებელი პერიოდი 29 თებერვალს გაფორმებული სამშვიდობო ზავისა. ერთ კვირის განმავლობაში მხარეებს ეკრძალებოდათ საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ავღანეთის მთავრობის თქმით თალიბებმა ამ პერიოდში 22 ჯარისკაცი და 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ყველაფრის მიუხედავად 29 თებერვალს მაინც გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.

ავღანეთის კონფლიქტის შესახებ

აშშ ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განცხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ შეიჭრა, რომლის უკანაც ავღანეთში არსებული ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა იდგა.

11 სექტემბრიდან 1 თვის შემდეგ აშშ-მა ავღანეთში განახორციელა საჰაერო თავდასხმები. თალიბანმა კი უარი თქვა მათი ლიდერის – ოსამა ბინ ლადენის გადაცემაზე, რის შემდეგაც კონფლიქტი გაღვივდა.

აშშ-მა საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით თალიბანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციები (მათ შორის ალ-ქაიდა) მალევე ჩამოაშორა ძალაუფლებას, თუმცა ეს ძალები მალევე გადაიქცნენ მეამბოხე წინააღმდეგობის ძალებად და აგრძელებდნენ სასიკვდილო თავდასხმებს.

საერთაშორისო კოალიციამ 2014 წელს ოფიციალურად დაასრულა მისია ავღანეთში და მხოლოდ ავღანელი სამხედროების გაწვრთნის მიზნით დატოვა სამხედროები, ხოლო აშშ-მა, თავის მხრივ, გააგრძელა ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაციების წინააღმდეგ.

წყარო: BBC

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button