დასავლეთი

რატომ წერენ დიქტატორები წიგნებს?

რა შეიძლება გავიგოთ ავტორიტარიზმზე სადამ ჰუსეინის სასიყვარულო რომანებიდან და კიმ ჩენ ირის კინოკრიტიკიდან.

წიგნი დაბადებისა იწყება ფუნდამენტური მტკიცებით – როდესაც ღმერთი რამეს ბრძანებს, ეს რამე ხდება: „და თქუა ღმერთმან – იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი“. ჩვენ, მოკვდავები, შეიძლება ყოველთვის საკუთარი სიტყვის ერთგულნი არ ვართ, მაგრამ ზუსტად ამაშია განსხვავება ჩვენსა და ღვთიურს შორის – სიტყვისა და საქმის განსხვავების არარსებობაში.

ავტორიტარული ლიდერები უკვე დიდი ხანია ილტვიან ღვთიურთან შერწმისკენ. დიქტატორი არ ხელმძღვანელობს ფაქტებითა და გონებით, მათ იგი უხეშ ძალას ამჯობინებს, რომლის წყალობითაც მისი ყოველი სიტყვა კანონი ხდება, ხოლო ნებისმიერი გამოთქმა გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებაში, რომლის არსებობის ერთადერთი მიზეზიც მისი ნება-სურვილია. ეს კონცეფცია თავად ტერმინშიცაა ჩადებული: დიქტატორი – ანუ ის, ვინც დიქტატს ახდენს, ის, ვისაც სიტუაციის შესაცვლელად ერთი სიტყვა ეყოფა, რადგანაც ამდენად მყარია კავშირი მის სიტყვასა და მოქმედებას შორის.

ეს ოცნება კარგად აისახება შემდეგ ციტატაში: „სიტყვა არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი უფალს ადამიანებისთვის უბოძებია“. მას შეხვდებით არა ბიბლიაში ან ყურანში, არამედ წიგნში, რომლის პოვნაც შეიძლება ნებისმიერ მეჩეთში, ბიბლითეკასა თუ სახელმწიფო დაწესებულებაში. ოღონდ, თურქმენეთში. წიგნს „რუჰნამა“ ჰქვია, ხოლო მისი ავტორობა ითავა საპარმატურ თურქმენბაშიმ, რომელიც ქვეყანას 1985–2006 წლებში მართავდა. „რუჰნამა“, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ლიტერატურული ნამუშევარია: თავდაპირველად, მისი შექმნის მიზანი თურქმენეთის ფოლკლორული ტრადიციების ერთად შეკრება იყო, საბჭოთა კავშირის აღსასრულის შემდეგ თურქმენული ეროვნული იდენტობის განმტკიცებისთვის. საბოლოო ჯამში, „რუჰნამა“ მისი ავტორის ეგოსა და ფანტაზიის გასაოცარ გამოვლინებად იქცა.

ქვეყანაში თავისი პიროვნების კულტის შესაქმნელად, თურქმენბაშიმ აკრძალა ოქროს კბილების ტარება, ფონოგრამაზე სიმღერა, ბალეტი, ოპერა, ცირკი და მოწევა. იანვარს სახელი საკუთარი თავის პატივსაცემად გადაარქვა, ხოლო პურს დედამისის სახელი უწოდა. სექტემბერს სულაც „რუჰნამას“ სახელის მორგება ხვდა წილად. გარდა ამისა, თურქმენბაშიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც მის წიგნს სამჯერ წაიკითხავდა, გარანტირებულად სამოთხეში მოხვდებოდა.

„რუჰნამასთან“ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტი დანიელ კალდერი საკითხით დაინტერესდა და სხვა დიქტატორების ნამუშევრებიც შეისწავლა და საბოლოო ჯამში, „ჯოჯოხეთის ბიბლიოთკა: დიქტატორები, მათი წიგნები და წიგნიერების სხვა კატასტროფები“ დაწერა.  თურქმენბაშის „შედევრის“ გარდა, კალდერმა გამოიკვლია არაერთი მოღვაწის ნაშრომი – ლენინის რთულად გასაგები ტომები, თავმჯდომარე მაოს აფორიზმები და სადამ ჰუსეინის სასიყვარულო რომანები, რომელთა დაწერას და დაბეჭდვას მან თავი 2003 წელსაც კი არ მიანება, როცა ამერიკის ჯარი ბაღდათისკენ მიეშურებოდა.

გამოვლინდა საინტერესო პარადოქსი: ამ წიგნების უმრავლესობა, რეალურად, წესიერად არც კი იკითხება, მაგრამ მაინც ბესტსელერია. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არა წიგნის პოპულარობა ან ხარისხი, არამედ ის ფაქტია, რომ მისი ავტორი დიქტატორია. ჩვეულებრივ, ასეთი წიგნები ან ძალიან გაწელილია (ასე, ენვერ ხოჯას მემუარები 30 ტომისგან შედგება), ან უბრალოდ რთულია გასაგებად, მაგრამ, ვინ გაბედავს, რამე შეგისწოროთ, როცა ყველაფერს რკინის ხელით მართავთ? კიდევ ერთი, რაც ამ წიგნებს აერთიანებს, არის ის, რომ ყველა მათგანი ეტრფის უზადო კავშირს სიტყვასა და საქმე, ტექსტის გავსებულ გვერდსა და სიტყვას შორის. დონ დელილოს წიგნ „მაო II“-ში პერსონაჟი ამბობს: „მაოს კულტი წიგნის კულტი იყო“. აბა, როგორ შეიძლება იყო დიქტატორი შენი წმინდა ტექსტის გარეშე? როგორ შეიძლება, არ გქონდეს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ შენი სიტყვა კანონია?

მართალია, დიქტატორთა ბევრი ნაწარმეობი უბრალოდ არ იკითხება, ისინი კარდინალურად განსხვავდება ხარისხით. ყოველი ესთეტური კატასტროფისთვის საიდანღაც მისი დიზაინერიც გამოჩნდება. ავიღოთ მუსოლინი. კალდერი აღნიშნავს, რომ მისი იდეები და ნააზრევი სულაც არ არის ორიგინალური, მაგრამ, „მუსოლინის ტკბობა ენით გადამდებია“, „იქ არის აღტაცება შეურაცხყოფებით თამაშით, კმაყოფილება დაცინვით, გართობა ღვთისგმობით“ – წერს ავტორი. თავდაპირველად, იგი დასცინის მაოს „საკმაოდ მტანჯველ კანონს“, მაგრამ შემდეგ გვერდზე მაინც აღიარებს, რომ თავმჯდომარე „ლოზუნგთა ოსტატი იყო“, რომელიც ვირტუოზულად არჩევდა ჩინურ იეროგლიფებს, რომლებიც კავშირში იყვნენ ყველაზე ღრმა აზრებთან. ამგვარად, მის დაუნდობელ პროპაგანდაში შეიძლება დაგვენახა სხვა ხმა, „ლირიკული, ძალით, იმედით და დარწმუნების ალით აღსავსე“.

ბევრ დიქტატორს ცხოვრების დასაწყისში წერა სურდა – ეს არის ერთგვარი სიმპტომი მომავალი პოლიტიკოსობისა თუ დესპოტიზმის. როგორც აღმოჩნდა, არსებობს დიქტატორ მწერთალა ორი ტიპი: ისინი, ვინც მთავრობაში მოსვლამდე წერდა და ისინი, ვისი გამოქვეყნებაც უკვე ძალაუფლების სადავეების მიღების შემდეგ დაიწყო. ასე, მაოს, მუსოლინის, ლენინსა და ჰიტლერს ჰქონდათ საკითხები, რომლებზეც თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ხშირად საკმაოდ რადიკალურსაც. ამას ისიც ამტკიცებს, რომ წიგნები მათ თავიანთი იდეებისა და ფიგურის პოპულარიზაციაში დაეხმარნენ. თავის მხრივ, სადამ ჰუსეინი, კიმ ჩენ ირი და ლიტერატურაში მთავრობის შემდეგ მოსული მოღვაწეები საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დილეტანტები არიან.

კალდერი, ცოტა არ იყოს, უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: იგი აკრიტიკებს ამ ადამიანებს, სასტიკ დიქტატორებს, მაგრამ, უნდა გამოყოს ისინი ერთმანეთისგან და ხაზი გაუსვას განსხვავებებს, რომლებიც მისი კვლევის ობიექტებს შორის არსებობს. ეს ჩვენს სახიფათო დროში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა – როცა ფაშიზმი და ავტორიტარიზმი სულ უფრო და უფრო ვრცელდება. საჭიროა არა მარტო დავგმოთ ისეთი წიგნები, როგორც ჰიტლერის „ჩემი ბრძოლაა“, არამედ გავიგოთ, თუ რატომ აინტერესებს ეს წიგნი ამდენ მკითხველს:

„თავისუფალი მეცხრამეტე საუკუნის ეკონომიკური „მეცნიერების“ თეორიული და სტილისტური ტვირთისგან, „ჩემი ბრძოლა“ ქადაგებს ანტიინტელექტუალიზმს, უარყოფს როგორც კლასობრივ ბრძოლას, ასევე „სულში სულის ძებნას“ და უპირატესობას ანიჭებს გაშმაგებულ ზიზღს, რომელიც უფრო ღრმა, სიცოცხლისუნარიანი და მაცდუნებელია ადამიანის სულის ყველაზე ბნელი კუნჭულებისთვის. ეპიკური თავის ვულგარულობაში, თავის განმათავისუფლებელ უბრალოებაში, იგი მიუწვდომელია ეპოქებისთვის და საზღვრებისთვის და ბედის უკუღმართობით, პოვებს უკვდავებას, განასახიერებს რა ჭეშმარიტ და დაუნდობელ ბოროტებას“.

„ჯოჯოხეთის ბიბლითეკაში“ ავტორი გვთავაზობს ერთ-ერთი უმთავრეს ცნებას, რომელიც ჩვენ დროში უნდა გვახსოვდეს: „ნუ მოვატყუებთ საკუთრ თავს, რომ მხოლოდ დიადი ჭეშმარიტებების დახელოვნებული განსახიერება თუ მოახვედრებს წიგნს უკვდავთა პანთეონში. ზიზღის გააფთრებული და მოურიდებელი გამოხატვაც უძლებს დროთი გამოცდას“.

ბევრი სახელმწიფო მოღვაწე, რა თქმა უნდა, წიგნს მასების მხარდაჭერისა და პატივისცემის მოსაპოვებლად წერს. ამერიკულ პოლიტიკაში „გოსტრაითერის“ მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია უკვე ტრადიციაც კია. ამოცანა ბევრნაირი შეიძლება იყოს: გადაწყვეტილების მისაღებად ნიადაგის მომზადება, არჩევნებამდე ხალხისთვის საკუთარი თავის შესახებ შეხსენება, კვალის დატოვება ან უბრალოდ კარიერის ბოლოში ფულის შოვნა. ჩვეულებრივ, ასეთი ნაწარმოებები კარგად ცნობილი წესებით იწერება, მათი ლიტერატურული ღირებულება კი იშვიათად განიხილება (ალბათ, გარდა ბარაკ ობამას „მამაჩემის ოცნებების“ გარდა). ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა.

აი დიქტატორთა ლიტერატურის ჟანრი კი ერთიორად საინტერესოა: იგი არაა შეზღუდული არანაირი მიზნებით და მისი არსებობის ერთადერთი მიზეზი მმართველის პატივმოყვარეობა თუა. დიქტატორს სურს, რომ მისი სიტყვა საქმედ იქცეს და ამავე დროს, ილტვის, რომ მისი სული სიტყვებში ცოცხლობდეს. წიგნის დახმარებით, ის უკვდავების მოპოვებას ცდილობს. საერთოდაც, დიქტატორს თითქოს ვალდებულებაც კი აქვს, რამე დაწეროს: მოცულობითი ტომები პოლიტიკაზე, მდარე ლექსების კრებული ან ნებისმიერი სხვა რამ. კალდერი ამ ფენომენს ასე ხსნის: „იმ პატივისცემის ხარჯზე, რომელიც ხალხს წიგნების მიმართ აქვს, დიქტატორებს სურთ, თავიანთ რეჟიმს სოლიდურობა მიანიჭონ“.

დიქტატორისთვის პატარა ავტორიტარული სახელმწიფო ვირჯინია ვულფის „ჩემი ოთახივითაა“ – აძლევს ხელოვნებისთვის აუცილებელ თავისუფლებასა და სივრცეს. მაგალითად, ამ პირობებში შეიქმნა ორი ერთობ საინტერესო წიგნი. პირველია კიმ ჩენ ირის მოცულობითი და სერიოზული ნამუშევარი „კინოხელოვნებაზე“ – კინოკრიტიკისა და ფილმების წარმოების ტექნიკური მხარის შესახებ ნააზრევის ნაზავი. კალდერმა ამ წიგნზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს, რა თქმა უნდა, Cahiers du cinema არ არის, მაგრამ, მასში აზრი ნამდვილააა“. მეორე კი არის სადამ ჰუსეინის რომანი „ზაბიბა და მეფე“, რომელსაც კალდერი ასე აღწერს: „კარგს მას ვერანაირად ვერ უწოდებ, მაგრამ ჩანს, რომ წიგნი დაწერა ადამიანმა და არა უსულო მონუმენტმა. სხვა დიქტატორების ბევრ წიგნთან შედარებით, რომანი საკმაოდ გულწრფელიცაა“. თუ გსურთ გაგეგოთ, რა შეუძლია ჭეშმარიტ, არაფრით შეკავებულ ეგოს, აუცილებლად შეისწავლეთ ეს ორი მონსტრი – ცოტა არ გეგონებათ.

მაგრამ, დესპოტური ეგოს მფლობელები ადრე თუ გვიან მისივე მსხვერპლნი ხდებიან. ამ ჟანრის წიგნების აბსოლოტურ უმრავლესობაზე მალევე ივიწყებენ, საკმარისია საყვარელი მმართველი საიქიოში გაემგზავროს (ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ ამ შემთხვევაში დასანანი გამონაკლისია). როგორც ვამპირი მზეზე, დიქტატორის წიგნის ლიტერატურული გავლენა ფერფლად იქცევა მისი გარდაცვალების შემდეგ. იწყება, როგორც კალდერმა უწოდა, „დიდი დავიწყების“ პროცესი, რომელიც „ლიდერის გარდაცვალებიდან მალევე, შთანთქავს და ანადგურებს ერთ დროს წმინდა ტექსტის ყველანაირ კვალს“.

ეს ბედი ეწვია თურქმენბაშის „რუჰნამასაც“. თურქმენეთის ამბავს კალდერი ბოლოსთვის ინახავს და გზაში მხოლოდ ზედაპირულად თუ ეხება სხვა მწერლებსა და მათ რეჟიმებს. აქ მისი თხრობა მოულოდნელად ნათელი, მელანქოლიური და გულისამაჩუყებელიც კი ხდება. თურქმენბაში, წერს კალდერი, „ცდილობდა შეექმნა არა იდეოლოგია, არამედ ახალი ისტორია და ახალი მითოლოგია საკუთარი ხალხისთვის… ყველაზე ნიჭიერი ავტორისთვისაც კი ეს გრანდიოზული ამოცანა იქნებოდა, თურქმენბაშის კი საშუალოსაც ვერ ვუწოდებთ. პირდაპირ რომ ითქვას, იგი ძალიან ცუდი ავტორი იყო. „რუჰნამა“ ისტორიული მნიშვნელობის ტექსტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა“.

კალდერი აღწერს თურქმენეთის ტოტალიტარული ბუნების ყველა ასპექტს: სატელევიზიო კონცერტები, რომლებშიც ახალგაზრდები სხვადასხვა ენაზე „რუჰნამას“ კითხულობენ, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული გიდები, რომელიც იმეორებენ წიგნის „სიღრმეზე“, თუმცა არ ძალუძთ, გასცენ პასუხი კითხვას, თუ კონკრეტულად რაშია ეს სიღრმე. აქ კალდერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში „იგრძნობა თავზე მოხვეული ერთსულოვნების ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფს ინტერესს წიგნის მიმართ, ოღონდ იქამდე, სანამ ამ ატმოსფეროს კვებავს გარე ძალა“. კალდერმა რეჟიმი იდეალურ დროს დააფიქსირა: მისი კრახი უკვე ნათელია, უბრალოდ ბოლომდე არაა გაცნობიერებული. კალდერის წიგნის ყველაზე ბასრი და მძაფრი ნაწილები ზუსტად თურქმენეთისადმი მიძღვნილ ნაწილშია.

აუცილებელია აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ „ჯოჯოხეთის ბიბლიოთეკა“ მიუძღვნეს იმას, თუ როგორ ამახინჯებენ და აყალბებენ მწერლები ისტორიას, თვითონ წიგნში არაა არც სქოლიო, არც შენიშვნები. გვაქვს მხოლოდ „რჩეული“ (ანუ, „არასრული“) ბიბლიოგრაფია, რის გამოც რთულია გავიგოთ, რამდენადაა ეს კალდერის ნამუშევარი და რამდენად კოპიო იმ მკვლევართა ნამუშევრებისა, რომლებიც წიგნში ნახსენები ქვეყნების ისტორიაში ერკვევიან. წიგნის ბოლოსკენ, კალდერმა გრძელი ბლოკი მიუძღვნა დაუსახელებელი „თემაში გარკვეული ბრწყინვალე სპეციალისტის“ ციტატს. ამიტომაც, ჩნდება კითხვა, კიდევ რამე ხომ არ დამალა „ჯოჯოხეთის ბიბლიოთეკის“ ავტორმა. როდესაც კითხულობ წიგნს მწერლობისა და ძალაუფლების ურთიერთკავშირზე, რა თქმა უნდა,  ელოდები, რომ დიამეტრალურად საპირისპირო შთაბეჭდილება დაგრჩება. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება არა ავტორმა, არამედ რედაქტორმა ან გამომცემლობამ მიიღო, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ეს ნამდვილად არაა შესაქები პრაქტიკა.

ბოლოს და ბოლოს, მოსაუბრის პიროვნება ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც თემა, რომელზეც ის საუბრობს. „ჯოჯოხეთის ბიბლიოთეკის“ მორალი ხომ ზუსტად იმაშია, რომ ავტორიტარული სახელმწიფოს კონტექსტში, როცა ბუმბულს რკინის ხელი სწვდება, სიტყვები შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობას იძენდნენ.

სტატიის ორიგინალი: New Republic

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button