ავტოსპორტისპორტიფორმულა 1

მუსიკა და ავტოსპორტი

ავტოსპორტზე, ავტომრბოლელებსა და ავტომობილებზე ბევრი მუსიკოსი ქმნის სიმღერას და თვითონ თუ არა, სხვა მომღერალი ასრულებს. გვხვდება შემთხვევები, როცა შოუბიზნესის წარმომადგენელი ისე არის გატაცებული რბოლებით, რომ თვითონ ხდება პროფესიონალი ავტომრბოლელი. თუნდაც, ლეგენდარული Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი ავიღოთ, რომელსაც სპორტული ავტომობილების შესანიშნავი კოლექცია არ აკმაყოფილებს და ე.წ. „სისწრაფის ფესტივალებში“ ან ოფიციალურ რბოლაში თვითონვე მონაწილეობს. თუმცა დღეს ორი სახელოვანი პიროვნების შემოქმედება გამოვარჩიეთ.

ჯორჯ ჰარისონი – “Faster”

“Faster” ჯორჯ ჰარისონის მე-3 “სინგლია” ლეგენდარული “ბითლზის” ყოფილი წევრის სახელოვანი ალბომიდან – “George Harrison”. “Faster” 1979 წლის 30 ივლისს გამოვიდა და დიდი დისკის მეორე მხარეს იწყებს,  კომპაქტდისკზე კი მე-6 მუსიკაა. ის გამოუშვეს, როგორც ალბომის მე-3 “სინგლი”, მაგრამ აშშ-ში სხვა სიხშირით გამოვიდა.

ჯორჯ ჰარისონი ადრეც ყოფილა ფორმულა 1-ის რბოლებზე, მაგრამ 1977 წელს მუსიკოსი რეგულარულად ესწრებოდა შეჯიბრებებს და სიმღერების შექმნისგან ისვენებდა. ჰარისონი ნიკი ლაუდას “უოტკინს გლენზე” რბოლის შემდეგ ესაუბრა და ამ შეხვედრის შთაბეჭდილებით სიმღერის დაწერა გადაწყვიტა, რათა სიამოვნება მიეღო, როგორც თვითონ ამბობდა “ნიკი-ჯოდი-ემერსონის ჯგუფს” ანუ ნიკი ლაუდას, ჯოდი შექტერს, ემერსონ ფიტიპალდის და მათ მეგობრებს. ჰარისონმა სიმღერის სათაური ჯეკი სტიუარტის წიგნიდან გადმოიღო, შემდეგ კი მელოდია შექმნა. მისი სიმღერა ავტოსპორტისთვის დამახასიათებელი ხმით არის გაჯერებული. ამას მოწმობს 1978 წლის დიდი ბრიტანეთის გრან-პრის ხმოვანი ეფექტის დამატებაც. მოგვიანებით მუსიკოსმა განაცხადა:

“ძალიან ვიხალისე ფორმულა 1-ის ბევრ ავტომრბოლელთან და მათ ჯგუფთან ერთად-მათი დახმარებით სულ სხვანაირად აღვიქვი ის სფერო, რომელსაც მუსიკალური ბიზნესიდან ვაკვირდებოდი”.

სიმღერა იმ პერიოდის ფორმულა 1-ს და შვედი რონი პეტერსონის ხსოვნას მიეძღვნა. “სინგლი” ჰარისონმა გამოუშვა იმ მიზნით, რომ მხარი დაეჭირა 1978 წელს სიმსივნით გარდაცვლილი შვედი გუნარ ნილსონისსახელობის  ფონდისთვის, რომელიც პილოტის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა და სიმსივნით დაავადებულებს ეხმარებოდა. პოპულარულობის მიუხედავად, “სინგლმა” წარმატებას ვერ მიაღწია.

თუმცა “Allmusic”-ის ონლაინ-გამოცემის კრიტიკოსმა, ლინდსეი ფლეინარმა”Faster”-ის აკუსტიკური და ელექტროგიტარის ხმა შეაქო და სიმღერას “მიმზიდველი როკ-ბალადა” უწოდა.

რობი უილიამსი – “Supreme”

რობი უილიამსის სიმღერა, რომელიც 2000 წელს გამოვიდა და არის მესამე “სინგლი” მისი ალბომიდან – Sing When You’re Winning. მასში შესულია ინტერპოლაცია გლორია გეინორის სიმღერიდან – I Will Survive. უილიამსი ამბობდა, რომ შვეიცარიაში მოგზაურობის პერიოდში, მასთან შეხვედრისას, ხალხი სწორედ ამ სიმღერას ღიღინებდა.

სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლს “Gentlemen Racers” ერქვა და თითქოს ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის, ჯეკი სტიუარტის ერთგვარ პატივისცემას გამოხატავს. მუსიკოსი გამოგონილი გმირის, ავტომრბოლელი ბობ უილიამსის როლს თამაშობს, რომელიც მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მოგებას ცდილობს. უილიამსი ავარიაში მოჰყვება, მაგრამ სწრაფად გამოჯანმრთელდება და ბრძოლას განაგრძობს. საბოლოოდ მაინც კარგავს ტიტულს და გამარჯვების იმედს, რადგან რბოლის წინ დიარეა ემართება და სტარტზე ვერ გამოდის, მენეჯერის უსუსური შეცდომის გამო-მას მოტორჰოუმში ჩაკეტავს, რადგან ჰგონია, რომ იქ არავინ არის.

ჩემპიონის ტიტულისთვის რეალური ბრძოლის ილუზიის შექმნის მიზნით, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, უილიამსის მონაწილეობით გადაღებული მასალა, ჯეკი სტიუარტის კინოქრონიკასთან გააერთიანეს. კლიპში ფართოდ გამოიყენება გაყოფის ტექნიკა, რაც ხშირად შეიძლება დავინახოთ 60-70-იანი წლების ვიდეორგოლებში. სცენები, სადაც რობი უილიამსი მონაწილეობს, მოყვითალო, მარცვლოვანი ტექსტურით არის წარმოდგენილი, რათა ყველაფერი ორიგინალური ჩანდეს, როგორც 35 მილიმეტრიან ფირზე გადაღებული რბოლები ჯეკი სტიუარტის მონაწილეობით. კიდევ ერთი კლიშეს სახით წარმოდგენილია გაზეთის ფალსიფიცირებული სათაურები, ისტორიის მთლიანად გახსნისთვის.

სიმღერას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ის დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების ჩარტების საუკეთესო ათეულში შევიდა. სიმღერა ფრანგულ ენაზეც ჩაწერეს და საფრანგეთში გამოუშვეს, სადაც “ხმის ჩამწერი ეროვნული სინდიკატის” ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button