ავტოსპორტიფილმები

ენტონი ჰოპკინსი და სიჩქარის მსოფლიო რეკორდები

სერ ენტონი ჰოპკინსი ყოველთვის ამბობდა, რომ დიდ პატივს ცემს ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავის სამოღვაწეო სფეროში უძლიერესები არიან. როგორც კი მას ხმელეთსა და წყალზე სიჩქარის მსოფლიო რეკორდის მფლობელის, სერ დონალდ კემპბელის, როლი შესთავაზეს, მაშინვე დათანხმდა, რადგან გაგონილი ჰქონდა მისი გმირობების შესახებ.

 Across The Lake (1988)

BBC-ის პროდუქციაში, სახელად „Across The Lake” (ტბის გასწვრივ) როლი სპეციალურად სერ ენტონი ჰოპკინსისთვის შეიქმნა, რადგან, ამბობდნენ, რომ დიდ პატივს ცემდა დონალდ კემპბელის ცდებს ხმელეთსა და წყალზე სიჩქარის რეკორდები დაემყარებინა. ჰოპკინსის გარეშე ადამიანის, რომელიც ხიფათის ზღვარზე ასპარეზობს და რეაქტიული კატამარანით თვითმკვლელი სიჩქარის განვითარებას ცდილობს, სახეს ვერ შექმნიდნენ.

Across The Lake-ში, ბრიტანელი „სიჩქარის მეფის“, დონალდ კემპბელის ცხოვრების ბოლო ორი თვე არის აღწერილი, რომლის როლსაც შესანიშნავი ენტონი ჰოპკინსი ასრულებს. სახელოვანი მამის, სერ მალკოლმ კემპბელის წარმატების შთაბეჭდილებით, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ხმელეთზე სიჩქარის რეკორდი დაამყარა, დონალდი ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ამ სფეროში და წყალზე სიჩქარის რეკორდის დამყარებას, საკუთარი სარეკორდო ტექნიკით, კატამარანით-Bluebird ცდილობს. ეს ცდა ძალზე რთული გამოდგება.

უელსელი მსახიობი, ენტონი ჰოპკინსი, Bluebird-ის ასლში ჩაჯდა და BBC-ის ტელევიზიამ „სიჩქარის მეფის“, დონალდ კემპბელის მიერ წყალზე რეკორდის დამყარების მცდელობა გადაიღო. სცენები კუმბრიაში, Coniston Water-ის მიდამოებში, იქ, სადაც სინამდვილეში განვითარდა მოვლენები, დაიდგა და ჰოპკინსმა მთავარი როლი შეასრულა სატელევიზიო ფილმში-Across The Lake, რომელიც ეთერში 1988 წლის ბოლოს გავიდა. მას შემდეგ, რაც 300 მილ/სთ სიჩქარეზე მეტით მოძრავი Bluebird-ი, რომლითაც დონალდი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა, ავარიის შედეგად ჩაიძირა, სამძებრო სამუშაოებმა დონალდ კემპბელის ცხედრის ადგილმდებარეობა ვერ დაადგინა, სამაგიეროდ რეკორდსმენის თილისმა, დათუნია-Mr. Whoppit, მეორე დღეს წყლის ზედაპირზე მოტივტივე იპოვეს.

ეს დრამატული ჟანრის ფილმი სერ დონალდ კემპბელის ცხოვრების ბოლო დღეებს აცოცხლებს, როცა ის 1967 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობს. ყველაფერს ამოწმებს. ყოველ ნისლიან დილას, თავისი ცისფერი Jaguar E Type-ით ანგარში, სადაც Bluebird-ის სარეკორდო კატამარანი არის მოთავსებული, ინჟინრებს აკითხავს და ყველაფერს ამოწმებს. შემდეგ სარბოლო ამუნიციაში გამოწყობილი კოკპიტში ცოტა ხნით ჯდება და ინჟინრებს მის წყალზე გადაყვანას თხოვს, რათა ნელი სვლით ტრასა გაიაროს და შეამოწმოს, რა მდგომარეობაა, შეძლებს თუ არა ის წყალზე უსწრაფესი გახდეს. სამწუხაროდ, კემპბელმა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოახერხა, რადგან განმეორებითი ცდა კატამარანის ავარიით და წყალში ჩაძირვით დასრულდა. ისტორიას სერ დონალდ კემპბელის ბოლო სიტყვები შემორჩა: ,,ყველაფერი კარგად არის, ნორმალურად მუშაობს…“  სერ ენტონი ჰოპკინსი ამას ყველაფერს შესანიშნავად ასრულებს. თითქოს კინოგადაღება კი არა, სინამდვილეში ხდებოდეს და სერ დონალდ კემპბელი ცოცხალი იყოს. რეკორდსმენის ცხედრის ძებნა დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა. ჯერ დონალდ კემპბელის ქალიშვილმა, მისი ჩაფხუტი აღმოაჩინა, 2001 წელს კი თვით დონალდ კემპბელის ცხედარი იპოვეს. Bluebird-ი აღადგინეს და მუზეუმს გადასცეს.

The World’s Fastest Indian (2005)

რეჟისორმა როჯერ დონალდსონმა, ბერტ მანროს „ინდიელ მზვერავს“, პატივი ფილმში-The World’s Fastest Indian (მსოფლიოში უსწრაფესი ინდიელი) მიაგო.

უსწრაფესი ახალზელანდიელი მოტომრბოლელის, ბერტ მანროს არაჩვეულებრივი ცხოვრება აღწერა რეჟისორმა.

არავის გაკვირვებია, როცა ავსტრალიაში დაბადებულმა რეჟისორმა, დონალდსონმა მოტოციკლები და მოტორბოლა ფილმის თემად აირჩია, რადგან თვითონ თავგადაკლული მოტომოყვარული იყო და „ინდიელი მზვერავის“ მფლობელიც.

დონალდსონმა ფილმი იმ ადამიანს მიუძღვნა, რომელსაც 600 კუბურ-სანტიმეტრი მოცულობის ძრავიანი Indian Scout-ით, ყველაფრის გაკეთება შეეძლო. 1920 წელს შეძენილი და სრულად გადაკეთებული სარეკორდო მოტოციკლით ახალზელანდიელმა ბერტ მანრომ, 1967 წელს, ბონევილის დამშრალი მარილის ტბაზე, 183.586 მილ/სთ სიჩქარე განავითარა. ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელი რჩება-არავინ ყოფილა ასეთი სწრაფი. უფრო მეტად შთამბეჭდავია ის, რომ რეკორდის დამყარების პერიოდში, მანრო 68 წლის იყო.

დონალდსონი, მანროს პირველად 1971 წელს შეხვდა, როცა კინოდოკუმენტალისტი და მისი პარტნიორი, მაიკ სმითი ახალი ზელანდიის ქალაქ ინვერქარგილში გაემგზავრენ, მას შემდეგ, რაც გაიგეს ბონევილში მანროს გმირობის შესახებ.“მაიკს Norton-ი ჰყავდა, მე ჩემი Indian-ი, ორივემ ამ „მოხუცზე“ შევიტყვეთ. მას წერილი მივწერეთ და ინვერქარგილში დაგვპატიჟა“,-წერს დონალდსონი.

დონალდსონი ამბობს, რომ მანროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისდამი ინტერესის გამოჩენამ, საკუჭნაოდან თავისი Scout-ი გამოიყვანა და დაქოქა. „ძრავა ჩვენთვის კარგად, მაგრამ მანროს მეზობლებისთვის ცუდად მუშაობდა, რადგან მისმა ხმაურმა ისინი გამოაღვიძა და უყვიროდნენ, ჩაექრო, რადგან მათ ძილი დაუფრთხო. როცა ბერტმა ძრავა გათიშა, აი, მაშინ კი გაისმა „მაღალფარდოვანი“ ფრაზები მოტომრბოლელის მისამართით, რადგან ღამის 11 საათზე ასეთი ხმაურიანი ძრავის ჩართვა მიზანშეწონილი არ იყო“,-იხსენებს დონალდსონი.

მანრომ დონალდსონი აღაფრთოვანა: ,,ვიცოდი, რომ ხმელეთზე რეკორდი დაამყარა. 1971 წელს ის უკვე მოხუცი იყო, მოტოციკლი მოძველებული, მაგრამ მან დაობება არავის და არაფერს აცალა“,-თქვა დონალდსონმა.

დონალდსონმა The World’s Fastest Indian-ის სცენარი დაწერა. ცოტა ხანში მას ფილმის დაფინანსება შესთავაზეს, მაგრამ რეჟისორმა ყველა მოთხოვნა უარყო, რადგან ხელნაწერის შეცვლა, მარკეტინგული თვალსაზრისით, არ სურდა. მან მოცდა ამჯობინა და ბოლოსდაბოლოს, მანროს ისტორია ფილმად აქცია.

მან სცენარი ოსკაროსან მსახიობს, ენტონი ჰოპკინსს გაუგზავნა (1983 წელს ისინი ერთად მუშაობდნენ ფილმში-The Bounty, მელგიბსონის გვერდით). ჰოპკინსს ძალიან მოეწონა სცენარი. ,,უამრავი ფსიქოპატი და გადარეული პიროვნება ვითამაშე და აღარ მინდა ამის გამეორება. დავიღალე,-თქვა ჰოპკინსმა-ძალიან ბედნიერი ვარ. ბერტ მანროს ხასიათი და ფილოსოფია ცემ ტემპერამენტს შეესაბამება“.

ჰოპკინსს იმდენად მოეწონა სცენარი, რომ ჩვეული ჰონორარის ნაწილის მიღებაზე დათანხმდა. ამით ის დონალდსონს დაეხმარა, რადგან რეჟისორმა, The World’s Fastest Indian-ის დასამთავრებლად თანხა საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

 „ვფიქრობ, როცა ხალხმა ჩვენი საკუთარი სახსრებით ფილმის გადაღების შესახებ გაიგო, უფრო მეტად დაინტერესდა შინაარსით“,-თქვა დონალდსონმა. რეჟისორმა ფილმში მთელი სული და გული ჩადო. ხანშესული მანროს დიდი ხნის ოცნების ასრულება უმაღლეს დონეზე არის გადმოცემული. ,,მთელი ჩემი ცხოვრება რაღაც დიდის გაკეთება მსურდა…რაღაც უფრო დიდის და სხვებზე უკეთესის“,-ჰოპკინსის გმირი ფილმში ამბობს.

ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ, აუცილებლად ნახეთ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button