ავტოსპორტისპორტიფილმები

“მამაკაცი და ქალი”

ფრანგული მელოდრამატული ჟანრის ფილმი, რომელიც რეჟისორმა კლოდ ლელუშმა გადაიღო, 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე. კანის კინოფესტივალზე ამ ფილმმა მთავარი პრიზი-“პალმის ოქროს რტო” დაიმსახურა და ორი “ოსკარი” მიენიჭა საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და უცხოური ფილმისთვის.

ან გოტიეს და ჟან-ლუი დიუროკის როლი ანუკ ემემ და ჟან-ლუი ტრენტინიანმა შეასრულა.

ფილმის მიხედვით ან გოტიე რეჟისორის თანაშემწეა, ჟან-ლუი დიუროკი-ავტომრბოლელი. ორივე ქვრივია. ისინი სრულიად შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს დოვილში, სადაც მათი შვილები, ფრანსუაზი და ანტუანი სკოლაინტერნატში სწავლობენ.

კლოდ ლელუშმა ფილმის სცენარი კი დაწერა, მაგრამ შემდეგ სულ იმპროვიზაციაზე ააგო. მოიმარჯვა კინოაპარატი და მსახიობებს ფეხდაფეხ დაყვებოდა. თან სრული თავისუფლება მისცა. ისინი დიალოგებს თვითონ ადგენდნენ.

სცენარის მიხედვით ჟან-ლუი დიუროკი ექიმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტრენტინიანმა გაბედა და ლელუშს მისი გმირის პროფესია შეაცვლევინა. ის ავტომრბოლელი გახდა.

ჟან-ლუი ტრენტინიანმა ოსტატურად გამოიყენა გასული საუკუნის 60-იანი წლების შუალედში ავტოსპორტის ნამდვილი “ბუმი”, საკუთარი ოჯახური ტრადიციები და ამით ფილმის პოპულარობის დონე საგრძნობლად ამაღლდა.

კლოდ ლელუშმა ეფექტური კადრები გადაიღო ავტოდრომზე სარბოლო ავტომობილების ტესტირების დროს, იმ პერიოდის “ლე მანის 24 საათიან რბოლაზე” და მონტე-კარლოს რალის დროსაც. ამ კადრების გადაღებისას ტრენტინიანსაც და ლელუშსაც კონსულტანტად ანრი შემენი მოევლინა, პროფესიონალი ავტომრბოლელი, სარბოლო გუნდის მფლობელი და მსახიობი.

ახლა, რაც შეეხება ტრენტინიანების ოჯახურ ტრადიციებს. ჟან-ლუის ბიძა, მორის ტრენტინიანი, ცნობილი ავტომრბოლელი იყო, უნივერსალური ტიპის პილოტი. მას ფორმულა 1-ში მონაკოს გრან-პრი ორჯერ აქვს მოგებული. 1955 წელს მან, Ferrari-ს ბოლიდით, Lancia-ს იტალიელი ავტომრბოლელი, ეუჯენიო კასტელოტი და Maserati-ს დუეტი-ფრანგი ჟან ბერა და იტალიელი ჩეზარე პერდიზა დაამარცხა (მაშინდელი წესების მიხედვით, პილოტებს საჭესთან ერთმანეთის შეცვლა შეეძლოთ)  და სეზონის ბოლოს მე-4 ადგილზე გავიდა.

1958 წელს, Cooper-Climax-ით, მორის ტრენტინიანმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მონტე-კარლოს ქუჩებში. ამჯერად ფრანგმა პილოტმა Ferrari-ს ორი ავტომრბოლელი, იტალიელი ლუიჯი მუსო და ინგლისელი პიტერ კოლინზი ჩამოიტოვა. ეს სეზონი მორის ტრენტინიანისთვის ნაკლებად წარმატებული იყო მაინც. მან მე-7 ადგილი დაიკავა.

მანამდე, 1954 წელს, მორის ტრენტინიანისა და არგენტინელი ხოსე-ფროილან გონსალესის ეკიპაჟმა, Ferrari- 375-Plus-ის ავტომობილით “ლე მანის 24 საათიანი რბოლა” მოიგო.

სწორედ მორისმა შეაყვარა ჟან-ლუის და მის ძმას ავტოსპორტი, სპორტული ავტომობილის მართვა ასწავლა. მოგვიანებით ჟან-ლუიმ საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობა დაიწყო და ბიძისგან მიღებული რჩევები ყოველთვის ახსოვდა.

ფილმის “მამაკაცი და ქალი” ყველა ეპიზოდში ჟან-ლუი ტრენტინიანი თვითონ მართავს სპორტულ ავტომობილს. ასეთი კი სამია: Ford Mustang-ი, Ford GT40 და Formula 3-ის ბოლიდი. ყველა ფრანგულ სარბოლო გუნდს ეკუთვნის.

სწორედ Ford GT40-ს და Formula 3-ის ბოლიდს ცდის ჟან-ლუი ტრენტინიანის გმირი ავტოდრომზე. მისი პარტნიორი ანრი შემენი კი Ford Mustang-ით მოსდევს.

ჟან-ლუი დიუროკის მონაწილეობა “ლე მანის 24 საათიან რბოლაში” იწყება სასტარტო ბილიკზე ავტომობილების განლაგებით და პილოტების მიერ მათთვის განკუთვნილი, დანომრილი ადგილების დაკავებით. კადრში, რომელიც 1965 წელს გამართულ რბოლას ასახავს, რამდენიმე ცნობილი ავტომრბოლელი ჩანს. მათ შორის, მექსიკელი პედრო როდრიგესი, ბელგიელი ოლივიე ჟანდებიანი, ამერიკელი დენ გერნი. სრულდება ე.წ. “სტარტ ლე მან” ანუ მირბენა სარბოლო ავტომობილთან, სალონში ჩაჯდომა და ტრასაზე გასვლა.

1965 წელს სარტის ტრასაზე მარათონული რბოლა, ავსტრიელი იოხენ რინდტის, ამერიკელების, ედ ჰაგასის და მასტენ გრეგორის გამარჯვებით დასრულდა. ეს ტრიო Ferrari-250-LM-ით ასპარეზობდა.

იმ პერიოდის ავტომრბოლელები უნივერსალურებად ითვლებოდნენ. ასეთია ჟან-ლუი დიუროკიც. ის მონაწილეობს არა მარტო საგზატკეცილო რბოლებში, არამედ რალიშიც. ამ სახეობაში, როგორც იცით, მანქანას მართავს მძღოლი, გვერდით კი ნავიგატორი ზის და მას “ლეგენდას” კარნახობს. თუმცა ისინი ხანდახან ერთმანეთს უცვლიან ადგილებს. ფილმში ეს მომენტიც არის ნაჩვენები. ჟან-ლუი დიუროკი და ანრი შემენი რიგრიგობით მართავენ რალისთვის განკუთვნილ Ford Mustang-ს,

ფილმში ისიც არის ნახსენები, რომ 1966 წლის მონტე-კარლოს რალიზე MINI Cooper-ის სამივე ეკიპაჟმა ადგილები არავის დაუთმო, მაგრამ ტექნიკური შემოწმების შემდეგ შეჯიბრების რეგლამენტის დარღვევა აღმოუჩინეს ყველას და შედეგები გააუქმეს. ამგვარად, მონტე-კარლოს რალის გამარჯვებულად პაული ტოივონენისა და ენსიო მაკანდერის სკანდინავიური ეკიპაჟი აღიარეს. ისინი Citroen-ID-ს მოდელით ასპარეზობდნენ. სხვათა შორის, პაული ტოივონენი, 80-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი ავტომრბოლელის, ჰენრი ტოივონენის მამა არის.

1986 წელს კლოდ ლელუშმა ფილმის გაგრძელება გადაიღო და მას “მამაკაცი და ქალი 20 წლის შემდეგ” უწოდა. აქ უკვე ან გოტიე საკუთარ ქალიშვილს, ფრანსუაზს ეხმარება ფილმის გადაღებაში, რომელიც მისი და დიუროკის ურთიერთობაზეა აგებული. ჟან-ლუი დიუროკი  და მისი ვაჟი ანტუანი კი FIAT-ის ტესტდრაივერები არიან. ანტუანი, პარალელურად, ფორმულა 1-ის კატამარანით ასპარეზობს. ამ ფილმში ჟან-ლუი დიუროკი პარიზი-დაკარის რალი-რეიდზე გამოსასვლელად ემზადება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button