ეკონომიკა

ქართული ღვინო რუსეთში

სანამ წერას დავიწყებდე, ვიტყვი, რომ სტატია მოიცავს დამოუკიდებელ საქართველოში მომხდარ მოვლენებს, რადგან, აქამდე, 70 წლის მანძილზე აქტიურად და მიზან-მიმართულად ხდებოდა ქართული ღვინის, როგორც კულტურის უდიდესი ნაწილის განადგურება, მისი ჯიშური მრავალფეროვნების მოშლა, ღვინის მასობრივად ფალსიფიცირება (გეგმების შესასრულებლად). ამ ყველაფრის ფონზე, მაინც არსებობდა, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებდნენ და ქართული ვაზის ჯიშების და ღვინის გადასარჩენად ყველაფერს იღებდნენ.

  საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირდა არა როგორც საბჭოთა პროდუქტი, არამედ, როგორც ქართული, თუმცა პირველ წლებში მსოფლიო ბაზარი ცოტა თამამი განაცხადია. ეს პერიოდი უკავშირდება ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ფალსიფიცირებას და ღვინის, როგორც ბუტაფორიად ქცევას, რადგან ხშირად ქართულ ღვინოს მხოლოდ იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ლამაზ თიხის ჭურჭელში ესხა. რაც შეეხება ექსპორტის ნაწილს, აქ საექსპორტო ბაზრების ავანგარდში, რაღა თქმა უნდა, რუსეთი იყო და მისი წილიც უდიდესი გახლდათ, სხვა ქვეყნები კი პოსტ-საბჭოთა სივრციდან იყვნენ.

ჩვენი დამოუკიდებლობიდან 2006 წლამდე, სანამ ქართულ ღვინოს რუსული  ემბარგო დაედობოდა, ღვინის ბაზარი უდიდეს წნეხს განიცდიდა უპასუხისმგელო მეწაარმეების, მეღვინეების, ბიზნესმენების და მთავრობის მხრიდან და რომ არა რამდენიმე კეთილსინდისიერი კომპანია, რომელიც დღემდე აქტიურად ოპერირებს ღვინის ბაზარზე, ქართული ღვინო ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

რუსული ემბარგო უმძიმესი აღმოჩნდა ქართული ღვინისთვის, გლეხებმა სუბსიდიების და სახემწიფოს დახმარების მიუხედავად დაიწყეს ვენახების გაჩეხვა და სხვა მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მაგრამ საწყისი 2-3 წლის შემდეგ  ქართული ბაზარი დაადგა განვითარების სწორ  გზას, მეტიც, 2006-2013 წლებში წლიდან წლამდე ქართული საექსპორტო ღვინის ფასი იზრდებოდა, ხარისხი უმჯობესდებოდა და, რაც მთავარია, ეს ბაზრები იყო ღვინის მაღალი კულტურის , მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე.

2013 წლიდან ხელახლა გაიხსნა რუსული ბაზარი, რამაც საქართველოს ღვინის ექსპორტის მასობრივი ზრდა გამოიწვია, გაჩნდა ახალი დიდი ქარხნები, რომელთა გაყიდვების 50-60% რუსეთზეა მიბმული, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ზომის და სიღარიბის მქონე ქვეყნისთვის რთულია იმის თქმა, რომ მთლიანად უარი თქვან ადამიანებმა რუსულ ბაზარზე, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსული ბაზარი სახიფათოა, რადგან მის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას და მტერს თუ ეს მოუნდა, ნებისმიერ დროს ჩვენს საზიანოდ გამოიყენებს და რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, ჩვენთვის ეს უფრო მტკივნეული აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, გაუმარჯოს ქართულ ღვინოს და თავისუფლებას!

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button