ახლო აღმოსავლეთი

ირანის გაზრდილი სამხედრო პოტენციალი აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (ირგკ), აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე, ძალის დემონსტრირების მიზნით მესამე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გამართა. ამჯერად ჩატარდა ახალი თაობის დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების საჩვენებელი გამოცდა.

15 იანვარს დაწყებული წვრთნების („დიდი წინასწარმეტყველი 15“) პირველ დღეს ირგკ-მა ცენტრალური ირანის ტერიტორიიდან გაისროლა ათობით „ახალი თაობის“ ბალისტიკური რაკეტა, რომლებმაც სახმელეთო სამიზნეები გაანადგურეს. ამავე დღეს ირანმა თანამედროვე კამიკაძე დრონები წარადგინა, რომლებსაც სამიზნის განადგურება 4,000 კმ-ზე შეუძლიათ. ეს მანძილი წინა თაობის უპილოტო საფრენი აპარატის შესაძლებლობებს ორჯერ აღემატება. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო კადრები ირანის სახელმწიფო ტელევიზიის სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში გავრცელდა.

16 იანვარს კი ირგკ-ის გასროლილმა ბალისტიკურმა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა გაანადგურეს 1,800 კმ-ის მანძილზე მდებარე ხელოვნური სამიზნეები ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა, ოკეანეში ერთ-ერთი სავაჭრო გემიდან 32 კმ-ის, ხოლო აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდიდან – USS Nimitz 160 კმ-ის მოშორებით სახიფათო მანძილზე დაეშვა.

„შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი, ცხადყოფს, რომ თუ ისლამური რესპუბლიკის მტრები რაიმე სახის ზიანს მიაყენებენ ეროვნულ ინტერესებს, საზღვაო სავაჭრო გზებსა ან ჩვენს მიწას, სწორედ ამ რაკეტებით განადგურდებიან.“ – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაღერმა და დაამატა: „ჩვენ არ გვაქვს განზრახული აგრესიის გამოვლენა, თუმცა ამ წვრთნებით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი აგრესორი, რომელიც თავს დაესხმება ჩვენს ქვეყანას, სრულმასშტაბიანი თავდასხმით უმოკლეს დროში განადგურდება.“

ირგკ-ის მეთაურმა, ჰოსეინ სალამმა თქვა, რომ ელიტური სამხედრო ორგანიზაციის მიზანი, მტრის საბრძოლო გემების, მათ შორის, ავიამზიდების მიზანში ამოღებაა.

12 იანვარს ირანის საზღვაო ძალებმა ორდღიანი წვრთნები გამართეს ომანის ზღვაში, რომლის ფარგლებშიც ირანის ფლოტს შეემატა ახალი უდიდესი სამხედრო ხომალდი, ადგილობრივი წარმოების წყალქვეშა ნავებიდან გაისროლეს ტორპედოები და ჩაატარეს სპეცდანიშნულების ოპერაციები.

ახალი გემი – IRIS Makran, არის 228 მ სიგრძის და ევალება უზრუნველყოს ლოგისტიკური დახმარება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება, სპეციალური ოპერაციების ძალების, სწრაფმავალი კატარღებისა და დრონების გადაყვანა, მარაგების შევსება და ტრანსპორტირება, სამედიცინო დახმარება.

IRIS Makran

აღსანიშნავია, რომ საჩვენებელი სწავლების მეორე დღეს, პირადმა შემადგენლობამ აღმოაჩინა და კამერაზე დააფიქსირა უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი, რომელიც ამერიკული USS Georgia აღმოჩნდა.

8 იანვარს ირგკ-მა სპარსეთის ყურის გასწვრივ გამოავლინა უზარმაზარი მიწისქვეშა სარაკეტო ბაზა, რომელიც ირანელების თქმით „ერთ-ერთია სხვა მრავალი ასეთი ბაზებიდან.“

2020 წელს ირგკ-ის ყუდსის ძალების, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანმა ძალიან სწრაფად განავითარა უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგია.

5 იანვარს ირგკ-მა დრონების სამდღიანი საჩვენებელი სწავლების დროს გამოავლინა ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე, დრონებით აღჭურვილი ვერტმფრენები, რომლებსაც მათი გაშვება ჰაერში შეუძლიათ.

ირანული მედიის თანახმად, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოსცადეს თვითმკვლელი დრონი, რომელიც ომანის ზღვის სანაპიროდან აფრინდა და 1,400 კმ-ით დაშორებული სამიზნე გაანადგურა ცენტრალური ირანის სემნანის პროვინციაში.

გასული წლის ოქტომბერში კი ირგკ-მა პირველად წარადგინა Ababil-2 კამიკაძე დრონებით აღჭურვილი საბრძოლო კატარღები.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button