ისტორიაკულტურა

საქართველოს ლაშქარი

მსოფლიოში საარსებოდ ყველა ერი თვითგადარჩენის სხვადასხვა საშუალებას ირჩევს. უმეტეს შემთხვევაში არჩევანის გაკეთებაში დიდ როლს ასრულებს ერის ხასიათი, რომელიც თავის მხრივ ძირითადად ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზეა დამოკიდებული. ერის ხასიათს აწრთობს რელიეფური პირობებიც. საქართველოს ბუნება ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, უღრან ტყეებს, ვიწრო ხეობებსა და მაღალ, მიუდგომელ მთებს ჩვენი წინაპრები თავდაცვისთვის აქტიურად იყენებდნენ. თუ ურიცხვ მტერთან დამარცხდებოდნენ, მორჩილების ნაცვლად ტყეებს, ხეობებსა და მთებს აფარებდნენ თავს, სადაც გამოუცდელი მტერი შესვლას ვერ ბედავდა. იქ იკრებდნენ ძალებს, იბრძოდნენ პარტიზანულად და დასუსტებულ მტერს განდევნიდნენ საკუთარი სამკვიდროდან.

საქართველო მსოფლიო რუკაზე


საქართველოში თაობა არ აღზრდილა ისე, ომები და გაჭირვება რომ არ გადაეტანა. მუდმივმა ბრძოლებმა და გასაჭირმა ჩამოგვიყალიბა ქართველებს მტკიცე, შეუდრეკელი ხასიათი, შეგვმატა სიმამაცე, მაღალი ბრძოლისუნარიანობა და განავითარა სამხედრო საქმე, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი თვითგადარჩენის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი გახლდათ. ამ ყველაფერთან ერთად ვითარდებოდა კულტურაც, რისი უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება დაწყებული უნიკალური ქართული ფოლკლორიდან, დამთავრებული შეუდარებელი ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ტექნიკით. ასე ჩამოყალიბდა ქართველი ერი და სწორედ ჩვენი მტკიცე ხასიათის და ბრძოლისუნარიანობის წყალობით მოვაღწიეთ დღემდე მრავლისმთქმელი კულტურით.


სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ხშირად ისმის შეკითხვა: ,,იყო თუ არა რეალურად განვითარებული საქართველოს წარსულში სამხედრო საქმე უმაღლეს დონეზე, თუ ეს უბრალოდ ჩვენივე გამოგონილი გაზვიადებული ჭორია?” ეს შეკითხვა რა თქმა უნდა, მტრების მიერ შექმნილი დიდი ანტიქართული პროპაგანდის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომლის მიზანია ქართველი ხალხისთვის საბრძოლო სულისკვეთების დაცემა. ამ ნაცად მეთოდს რუსეთი უკვე სამ საუკუნეზე მეტია იყენებს, იმ დროიდან, როდესაც პირველად გადაწყვიტა ჩარეულიყო საქართველოს შიდა პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. რომ არა ილია ჭავჭავაძე, ალბათ, მიაღწევდა კიდეც საბოლოო მიზანს ჩრდილოელი მეზობელი – საბოლოოდ დაიმონებდა დეგრადირებულ და გადაშენების პირას მყოფ ქართველ ხალხს. დღესაც იმავე გზით ცდილობენ ჩვენი მტრები საქართველოს საბოლოო დამორჩილებას და ქართველი ერის მორალურ გადაგვარებას. ცდილობენ გაგვიყალბონ ისტორია, წარმოგვაჩინონ სუსტ, უისტორიო და დაჩაჩანაკებულ ერად, ამიტომ ხშირად ისმის დღეს საქართველოში მოსაზრებები, რომ თითქოს, საქართველო იმდენად სუსტი იყო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში – მტერი იპყრობდა, იმონებდა და თურმე საქართველოს სამხედრო ძლიერებაზე საუბარიც კი არ ღირს.

კოლხეთი და იბერია


გადავხედოთ რეალურ ისტორიას პირველი ქართველური სამეფო-სამთავროების გამოჩენიდან დღემდე: კოლხეთის ძლიერებას ადასტურებს არგონავტების მითი – ოქროთი სავსე ქვეყანას მაღალკულტურულ განვითარებასთან ერთად ძლიერი, კარგად აღჭურვილი ჯარიც ჰყავდა, მითუმეტეს, რომ მეტალურგია, განსაკუთრებით რკინის წარმოება ხელს უწყობდა მილიტარისტულ წინსვლას. კოლხეთის ძლიერებას ასევე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპიროზე დაარსებული ბერძნული ახალშენების სწრაფი ასიმილირებაც უსვამს ხაზს კოლხების მხრიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საბრძოლო იარაღები და მონეტებზე გამოსახული მებრძოლები კი, რომლებიც სწორედ კოლხეთის სამეფოს პერიოდით თარითდება ცხადყოფენ კოლხეთის მაღალგანვითარებულ მილიტარიზმს.


ახლა გადავინაცვლოთ ახ. წ I – II საუკუნის იბერიის სამეფოში. საერთოდ, იბერიელები იმ პერიოდის სხვადასხვა უცხოურ წყაროში მამაც, ჩინებულ მეომრებად მოიხსენებიან, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძლიერების ხანაში მყოფი რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს იმდროინდელი მოყვრული ურთიერთობა. ანტონიუს პიუსმა ქართლის მეფე ფარსმან II ქველი რომში მეგობრობის ნიშნად მიიპატიჟა, სადაც მეფემ დიდ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა იბერიელ მებრძოლებთან ერთად. რომაელებს იმდენად მოეწონათ ქართველ მხედართა სამხედრო ხელოვნება, რომ იმპერატორმა ფარსმანს ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, რაც უდიდესი პატივი იყო უცხოელისთვის. მოგვიანებით კი ომის ღმერთის – მარსის ტაძარში ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ძეგლი დადგა.


როგორც ვხედავთ, უძველესი დროიდანვე აკვირვებდნენ ქართველი მებრძოლები თავიანთი პროფესიონალიზმით, სიმხნევითა და სიმამაცით ისეთ დიდ ცივილიზაციებასც კი, როგორიც ძველი საბერძნეთი და ძველი რომია. ეს ტრადიცია არც შემდგომ დაკარგულა, პირიქით, უფროდაუფრო დაიხვეწა ქართული საბრძოლო ხელოვნება, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საქართველოს გადარჩენაში.


ძლიერი ქართული არმია გვხვდება ვახტანგ გორგასლის პერიოდშიც, რომლის დიდი შიშიც ჰქონდათ სპარსელებს. ვასლობის პერიოდშიც კი ძვირად ფასობდნენ ქართველი მებრძოლები. ვის რიგებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, ისინი მოწინააღმდეგეს ატყობინებდნენ – ქართველები იბრძვიან ჩვენს მხარდამხარ, გეშინოდეთო, რითიც ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებდნენ მტერზე.

ქართლელი (იბერიელი) მხედარი


შედარებით მეტი ინფორმაცია მოიპოვება შუა საუკუნეების ქართულ ლაშქარზე. უკვე ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქართველი მებრძოლების გარეგნული მხარე: აზნაურები, რომლებიც პროფესიონალი მებრძოლები იყვნენ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცზე უკეთ ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას, დიდ ყურადღებას აქცევდნენ აღჭურვილობას და ბრძოლაში მდიდრულად შეკაზმულები მიდიოდნენ. ასევე მათი შეიარაღება უფრო მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე რიგითი მებრძოლების. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მეტალურგია, განსაკუთრებით კი რკინის წრთობა ყოველთვის განვითარებული იყო და ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო, ხარისხიანი შეიარაღება ჰქონდათ, რაც ბრძოლაში დიდ უპირატესობას ანიჭებდათ. შემონახული ცნობები იმასაც ადასტურებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხარისხიანი ღუმელები, რაც იძლეოდა საშუალებას უმტკიცესი მეტალისგან ჩამოესხათ საჭურველი და იარაღები. ამიტომ ხშირად მტრებიც და მოყვარეებიც (ჯვაროსნები, სპარსელები, ბიზანტიელები) უკვეთავდნენ ან აიძულებდნენ ქართველებს შეექმნათ მათთვის საბრძოლო აჭურვილობა.


შუა საუკუნეების ქართველი მებრძოლები ფენებად რომ დავყოთ, ყველაზე დაბალი ფენა ასე უნდა წარმოვიდგინოთ: ტანზე ჯაჭვის აბჯარი, რომელიც საქართველოში ყველაზე გავრცელებული აბჯრის ტიპია, თავზე ჩაბალახი, ან ჩაჩქანი, მრგვალი ფარი და ჩვეულებრივი ხისტარიანი შუბით, ან მახვილით, ძირითადად გლეხებს მამაპაპათაგან შემონახული იარაღი ჰქონდათ, ან შედარებით იაფად ნაშოვნი, ან სულაც ხელნაკეთი იარაღი.


შედარებით უფრო შეძლებული გლეხების ფენა უკეთ იყო აღჭურვილი: ჯაჭვის აბჯრის გარეთ მიმაგრებული ფირფიტებიც გვხვდება, ასევე ზედა და ქვედა კიდურების დამცავი საშუალებები (სამკლავეები, საწვივეები). აქ შეგვხვდებიან მედაფდაფეები, მესაყვირეები, მებუკეები, რომლებსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი დავალება აკისრიათ – ლაშქრის ხმოვანი კომუნიკაცია. ჯარისკაცები ქარქაშში ჩაგებული მახვილებით, ხელში კი ნუშისებრი ფარებით და ჰოროლებით, ან შუბებით წარმოგვიდგება თვალწინ, ჩაბალახზე ჩამოფხატული ერთგვარი მუზარადებით.

XII საუკუნის ქართველი მოყმე (მ. წურწუმია – ,,შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი”)


აზნაურები, მეფის ამალა და წარჩინებულები კი ძალიან მდიდულად გამოწყობილნი, ყოველთვის ამხედრებულნი იყვნენ: ჩაბალახზე ზემოდან მდიდრულად მორთული, მოოქროვილი სხვადასხვა ფორმის მუზარადები, ტანი შიგნიდან ჯაჭვის პერანგით, გარედან კი ასევე ლამაზად მორთული ფირფიტებით, სამკლავეებით, საწვივეებით ხელთათმანებით და სხვა თავდაცვის საშუალებებით მორთული. ძვირფას ქამარზე მოსევადებული ქარქაში ჰქიდიათ, ხელთ ტარმოოქროვილი მახვილი უპყრიათ, ზოგს კი ჩაგებული აქვს ხმალი, შუბი უჭირავს. ფარები ძირითადად ნუშისებრი, თუმცა მრგვალიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – ესენიც ძვირფასად მოპირკეთებული. რაც მთავარია ეს ყველაფერი უმაღლესი ხარისხის მეტალისგან დამზადებული. ცხენები შედარებით მსუბუქი აბჯრით არიან შეკაზმულნი.


კავალერია ყოველთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. ძირითადად აზნაურები წარმოადგენდნენ კავალერისტებს, თუმცა ძლიერების ხანაში შედარებით შეძლებულ გლეხებსაც ჰყავდათ ცხენები. კავალერისტები მძიმედ შეჭურვილნი იყვნენ, ძირითადად ნუშისებრი ფარებით აღჭურვილები. მათ ყოველთვის ორი ან სამი იარაღი დაჰქონდათ – ლახტი, შუბი და მახვილი, რომელსაც შუბის დაკარგვის ან გადატეხვის შემთხვევაში ხმარობდნენ. კავალერისტები ცხენებსაც მძიმე აბჯრით ფარავდნენ, თუმცა ძალიანაც არ ტვირთავდნენ. საერთოდ საქართველოში შედარებით მსუბუქი აღჭურვილობა იყო გავრცელებული, რათა მებრძოლებს სისხარტე არ დაეკარგათ, რაც მთავარი კოზირი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნებისა.


დაახლოებით წარმოვიდგინეთ ქართველი მებრძოლების ვიზუალი, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა კუთხეში დამახასიათებელი ტექნიკით მუშაობდნენ მეაბჯრეები, მჭედლები, ამიტომ ყველა კუთხეში დამახასიათებელი, უნიკალური საჭურველი იქმნებოდა. ხშირად გვხვდებოდა ქართული ორნამენტებით გალამაზებული აღჭურვილობა, რომელიც დეკორაციასთან ერთად სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა. მდიდრულად შეკაზმული ლაქარი კი ფსიქოლოგიურ გამარჯვებას ნიშნავდა, რაც ქართული ლაშაქრის მორიგი უპირატესობა იყო ბრძოლის წინ.
რაც არ უნდა ხარისხიანი და უნიკალური აღჭურვილობა ჰქონოდათ ქართველ მეომრებს, ბრძოლებს ურიცხვი მტერის წინააღმდეგ სპეციფიური და გამორჩეული საბრძოლო ტექნიკის გარეშე ვერ მოიგებდნენ, ვერც თავს დაამახსოვრებდნენ უცხოელებს. ნათელია, რომ საქართველოში უძველესი დროიდან ყალიბდებოდნენ პროფესიონალი მებრძოლები. ფაქტია, ჩვენი ქვეყანის ყველა კუთხეში ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული სამხედრო საქმის შესწავლა. პროფესიონალიზმს კარგად შეეწყო ქართული ხასიათიც – სიჯიუტე, სიმამაცე და, ასევე, სისხარტე.
შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოში არსებობდა სამხედრო სამართალი, რომელსაც ყველა მებრძოლი მკაცრად იცავდა. ინდივიდუალურ მომზადებას ყველა წარჩინებული ოჯახისშვილი ხუთი წლიდან იწყებდა. აქ შედიოდა: ცხენის მოვლა, ჭენება, იარაღის მოვლა-შეკეთება და გამოყენება, ნადირობა და სხვა სამხედრო უნარჩვევები. 15 წლის ყმაწვილი უკვე მხედრობის სრულფასოვან წევრად ითვლებოდა.

განვითარებული იყო მეაბჯრის ინსტიტუტიც, თითოეულ მხედარს მინიმუმ საკუთარი მეაბჯრე და აბჯრისმტარებელი მიჰყვებოდა ბრძოლაში.
შუა საუკუნეების საქართველოში ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ვარჯიში თუ თამაშობა: ასპარეზობა, ცხენბურთი, ყაბახი… თუმცა ყველაზე გავრცელებული ვარჯიში მაინც ნადირობა იყო, სადაც მებრძოლებს შეეძლოთ საბრძოლო უნარ-ჩვევების დახვეწა. ასევე, იმართებოდა რაინდული ტურნირები, სადაც მებრძოლები ავლენდნენ თავიანთ პროფესიონალიზმს.


როგორც ჩანს, ქართული მებრძოლი სული არსად გამქრალა: ჩვენი სამხედროები დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო, პროფესიონალ და გულად მებრძოლებად ითვლებიან მთელს მსოფლიოში, რასაც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ქართველების ჩატარებული მრავალი ოპერაცია ამტკიცებს, რაც გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ არმიას, რასაც თვითონ რუსი გენერლებიც არ მალავენ.
საქართველოს ლაშქრის მოკლე ისტორიული მიმოხილვით ამომწურავად გაეცა დასაწყისში დასმულ პროვოკაციულ შეკითხვას პასუხი. ასეა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვის ჰყავდა ძლიერი ჯარი – პროფესიონალი მებრძოლებით დაკომპლექტებული არმია, რომელიც ნებისმიერ მტერს, ნებისმიერ დროსა და ადგილას უწევდა წინააღმდეგობას. მათი წყალობით გადარჩა საქართველო, ქართული კულტურა. დღეს კი სამწუხაროდ, სამხედრო სამსახურს არც ისე დიდი ყურადღება ექცევა არც საზოგადოების და არც მთავრობის მხრიდან. თუ რამდენად საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი ჯარის მუდმივი ყოლა საქართველოსთვის ნებისმიერ პერიოდში, ამას თავად ისტორია გვკარნახობს.

სტატიაში გამოყენებულია მასალები მამუკა წურწუმიას წიგნიდან: ,,შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი”

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button