კულტურა

ქართლის დარბაზი

დარბაზი დიღომში

ტფილისი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის გამოცემა, 1927

1922 წელს ახლად დაარსებულმა საქართველოს სამხატვრო აკადემიამ გამოსცა პატარა მხატვრული ალბომი, რომელშიაც ნახაზებით და სურათებით ასახული იყო აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის გლეხური საცხოვრებელი სახლი. ეს გამოცემა წარმოადგენს აკადემიის და ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო მუშაობის შედეგს და ანარეკლს, როგორც მეცნიერული საკითხის, ისე მხატვრული ფენომენის, როგორც ასეთის.

მაგრამ, მიუხედავად იმ ფართე პერსპექტივებისა, რომლებიც მაშინ, პირველად გამოქვეყნებული მასალის წყალობთ, გადაიშალა მონუმენტალურ ხუროთმოძღვრების ფორმათა ევოლუციის საკითხის მეცნიერულად დასაყენებლად, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნდა ახლო მივდგომოდით ამ საკითხს, ისე, როგორც ეს შეუძლებლად მიგვაჩნია ეხლაც, როდესაც ფაქტიური მასალა შესამჩნევად გამდიდრდა. ამ გამოცემის გარდა, აგრეთვე სხვა გამოქვეყნებულ გამოცემათა წყალობით. 

წინანდებურად ძირითად ამოცანად რჩება – რაც შეიძლება სრული ფაქტიური მასალის მოგროვება იმ ძირითადი ხუროთმოძღვრული ფონის ნაირ-ნაირი ვარიანტების შესახებ, რომლის სახელი სიმოკლის გულისათვის ჩვენ დავსვით ამ გამოცემის სათაურად (“დარბაზი”) და რომელიც წარმოადგენს სწორედ ყურადღების ცენტრს.

ეს დიღმის დარბაზისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელსაც 5 წლის შემდეგ მეორე, გადამუშავებულ გამოცემად ვუშვებთ, ისე როგორც ამ გამოცემის სხვა რვეულებიც თავის ამოცანად ისახავს მხოლოდ ხუროთმოძღვრული ფორმების გაშუქებას, როგორც ასეთების; ამისდაკვალად ტექსტში მოთავსებულია მხოლოდ ზოგადი ცნობები და ტაბულების საჭირო განმარტებანი. 

ეს გამოცემა მთლიანად მიძღვნილია აღმოსავლეთ საქართველოს ქართული სახლის ძირითად ტიპისადმი, რომელიც როგორც ტრადიციული ფორმა უეჭველია დაკავშირებული იყო ხალხურ რელიგიურ რწმენასთან, რაც ნაწილობრივ ჩანს ეხლაც. არაა დიდი ხანი, რაც არსებობდა თავად-აზნაურთა დარბაზები და აგრეთვე დარბაზები ქალაქებში (ტფილისში, გორში); ეხლა, როგორც ჩანს, მარტო მოგონება ღა დარჩა მათზე. მაგრამ გლეხური დარბაზებიც დაუჯერებელი სისწრაფით ქრებიან, ნამეტნავად უკანასკნელ წლებში, სასოფლო აღმშენებლობის აღორძინების დროს. 6 წლის წინად სოფ. დიღომში, რომელიც ტფილისიდან 9 ვერსტის მანძილზეა დაშორებული, ჯერ კიდევ 5 ცოტად თუ ბევრად შენახული დარბაზი იყო. ეხლა მათგან დარჩა მხოლოდ 3. 

დიღმის დარბაზები 100 წლის აშენებული ძლივს იქნებიან. ერთ მათგანში ბოძზე შენახულია წარწერა: “ჩყნ (1850) წელსა ავაშენე სვიმონ სუთიაშვილმა”.

ამას გარდა დიღმის დარბაზები შემდეგში გადაკეთებული იყო ახალი დროის მოთხოვნისდა მიხედვით. თუმცა ნახაზები ასახავენ ერთს განსაზღვრულს დარბაზს, რომელიც ეკუთვნოდა სუთიაშვილს, მაგრამ აქ მოშორებულია ყველა ჩვენს დროში შეტანილი ცვლილებანი, რომელნიც გამოწვეული იყო სურვილით – სამი მხრიდან მიწაში ჩამჯდარი დარბაზი დაეახლოვებინათ ახალი ტიპის სახლებისთვის. თუმცა ეს ნახაზები, შესრულებულნი აზომვის (1921 წლის სექტემბერში და 1922 წლის ივლისში) მიხედვით, გადმოგვცემენ ინდივიდუალურ მაგალითს, მაგრამ ეს მაგალითი წარმოადგენს ხუროთმოძღვრების ფორმის მონაცემ სახესხვაობის ტიპიურ ანარეკლს. 

დარბაზის აღწერა:

დიღმის დარბაზები ყველაზე უფრო მარტივებია; ისინი დაახლოებით ერთი ზომისაა, ნახევრად მიწაშია აშენებული, შესავალი აღმოსავლეთით აქვთ დერეფრიდან, რომელშიაც ერთს მხარეს გამართულია ბუხარი. შიგნიდან დარბაზი ბოძებით გაყოფილია სამ ნაწილად. საშუალო ნაწილში ჭერი გამოყოფს “გვირგვინის” სახით ცენტრალურ კვადრატს, რომელიც მაღლისკენ კიბე-კიბე მიდის და თანდათან ვიწროვდება და რომელსაც ბოლისა და სინათლისთვის მაღლა ცენტრში “ბანი” აქვს. გვერდის ნაწილებს აქვთ ჰორიზონტალური ჭერი; უკანა ნაწილის კედლის წინ შესავლის პირდაპირ ქვემოთ გამართულია თაღები მსხვილი ჭურჭლის დასადგმელად და სხვ.; მათ თავზე გამართულია თარო, ხოლო მის ზემოთ კედელში პატარა თახჩების რიგია გაყოლებული. ქვემო რიგის თაღებს შუა დატანებულია მრგვალი “კილები” წვრიმალ ნივთებისთვის. დარბაზის გვერდის კედლების მთელ სიგრძეზე გამართულია რამდენიმე დიდი სწორკუთხიანი წალო ლოგინის დასაწყობად, რომელიც იშლებოდა წალოს ქვეშ გამართულ განიერ ტახტებზე. დარბაზის შუა კოჭებს ქვეშ ორი ბოძი დგას: შემოსავლიდან დაშორებული დიდი იყო, ახლობელი – უფრო ვიწრო. ადგილობრივი ძველი კაცების სიტყვით, საბბოძიანი დარბაზებიც ყოფილა – ერთი დიდი ბოძი მდგარა დასავლეთის მხრიდან, ხოლო ორი უფრო ვიწყო ბოძი აღმოსავლეთის მხრიდან, დედაბოძის წინ ჰმართავდენ კერას, რომლის თავზე ჯაჭვის საკიდურზე ეკიდა ქვაბი. არ არის შედარებით დიდი ხანი გასული მას აქეთ, რაც ყველა ეს წარმოადგენდა რთული სახალხო სარწმუნოების ცოცხალ გულს. 

ცენტრალურ ინტერესს დარბაზში ხუროთმოძღვრული და მხატვრული თვალსაზრისით წარმოადგენს ცენტრალური ნაწილის, “გვირგვინის” – დახურვის ხერხი. დიღომში ეს შესრულებულია ოთხკუთხედის მარტივ ფორმაში. მთელი სახურავის პერსპექტივას დარბაზის ცენტრიდან, იატაკის დონედან ბანს ქვეშ ასახავს ტაბულა IV, ხოლო სურათი ტექსტის თავში გვაძლევს სივრცის და სინათლის საერთო შთაბეჭდილებას დარბაზში. შეადარეთ აგრეთვე მეორე, ეხლა უკვე დანგრეული დარბაზის შინაგანი სანახაობის სურათს V ტაბულაზე. მიუხედავად ჭერის ფორმების სიმარტივისა, ყოველი კოჭი და წვრილი შემაერთებელი ნაწილი დიღომში დამშვენებულია სახეებით და ჩამოყალიბებულია დეკორატიულად (იხ. ტაბულა II). უმთავრესი ჩუქურთმა კი თავმოყრილია დედაბოძებზე (ერთი მეორეს დაპირდაპირებულ მხარეებზე) და მათ ზემოთ თავხეებს (იხ. ტაბულა II და სურათი 1, რომელზე ჩანს კუთხეში ბოძის და თავხის შეერთების სრული ფორმა). ამნაირად წმინდა ხუროთმოძღვრულ ფორმებს ემატება დეკორატიული ჩუქურთმა, რომელიც ამშვენებს დერეფნის ბოძებსა და თავხეებს. 

სურათი 1
ტაბულები:
ტაბულა I: სიგრძეზე განაკვეთი და გეგმა სუთიაშვილისეული დარბაზისა სოფ. დიღომში
ტაბულა II: სიგანეზე განაკვეთი, დედაბოძისა და თავხის ჩუქურთმითურთ.
ტაბულა III: ფასადი
ტაბულა IV: ჭერის პერსპექტივა
ტაბულა V: შინაგანი სურათი კოტერაშვილის დარბაზისა.
გიორგი ჩუბინაშვილის რედაქციით
სურათები/ნახაზები: ნიკ.სევეროვის

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button