ავტოსპორტი

ტიანაკი WRC-ის ჩემპიონი გახდა, ნევილმა ესპანეთში გაიმარჯვა

Toyota Yaris-ის ესტონელმა ავტომრბოლელმა, ოტ ტიანაკმა (ნავიგატორი მარტინ იარვეოია), სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, რალიში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, როცა კატალონიის რალიზე მეორე ადგილი დაიკავა, გამარჯვება კი Hyundai-i20 Coupe-ს ბელგიელმა პილოტმა, ტიერი ნევილმა (ნავიგატორი ნიკოლა ჟილსული) იზეიმა.

ტიერი ნევილმა ყველაფრის გაკეთება ცადა, რომ ოტ ტიანაკისთვის გაჩემპიონების შესაძლებლობა არ მიეცა. შაბათს, როცა ქვაღორღიანი სპეცმონაკვეთები მოასფალტებულმა შეცვალა, ნევილი რალის ლიდერი გახდა და ესტონელთან 17.2 წამიანი უპირატესობით დაასრულა. მან კი დასკვნით დოპზე ნევილის ესპანელ თანაგუნდელს, დანი სორდოს (ნავიგატორი კარლოს დელ ბარიო) აჯობა.

სებასტიან ოჟიე (ნავიგატორი ჟულიან ინგრასია, Citroen C3) ტიანაკის შემჩერებელი მეორე ავტომრბოლელი იყო. ფრანგმა პირველი სპეცმონაკვეთიც კი მოიგო, მაგრამ ჰიდრავლიკური სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ მას ბრძოლა საბოლოოდ მიატოვებინა. სებასტიანი მერვე ადგილს დაჯერდა.

კატალონიის რალის შედეგების მიხედვით, ტიანაკი 28 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ოჟიეს. ესტონელი პილოტი WRC-ის ტიტულის პირველი მფლობელია 15 წლის მანძილზე, რომელსაც სებასტიანი არ ჰქვია. 2003 წელს, პეტერ სოლბერგის ჩემპიონობის შემდეგ, ტურნირზე ჯერ ლოები დომინირებდა, შემდეგ ოჟიე. გარდა ამისა, Toyota-სთვის ეს პირველი ტიტულია 25 წლის მანძილზე, 1994 წელს ფრანგი დიდიე ორიოლის და ბერნარ ოსელის ეკიპაჟის ტრიუმფის შემდეგ.

ოჟიეს წარუმატებლობის შემდეგ, Hyundai-ს სამივე ეკიპაჟი, ქვაღორღიან გზებზე, ლიდერი იყო, ლოებმა (ნავიგატორი დანიელ ელენა) კი პარასკევის რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. მაგრამ სორდოსთან ერთად, ელზასელმა, შაბათს პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა, როცა ჯერ ნევილი დაწინაურდა, შემდეგ კი-ტიანაკი. კვირას, მეორე ადგილისთვის, სორდომ ბრძოლაში ტიანაკის გამოწვევა ცადა, მაგრამ ახალმა ჩემპიონმა რალი ისე დაასრულა, რომ მასზე 4 წამით წინ იყო.

ლოებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ფინელმა იარი-მატი ლატვალამ (ნავიგატორი მიკა ანტილა, Toyota Yaris) მეხუთე ადგილი, 6.3 წამიანი ჩამორჩენით დაიკავა და გუნდების ჩათვლაში ტიტულის ბედი ბოლო, ავსტრალიურ ეტაპამდე გადადო. M-Sport Ford Fiesta-ს პილოტი ელფინ ევანსი (ნავიგატორი სკოტ მარტინი) ლატვალასთან მეხუთე ადგილისთვის პაექრობდა, მაგრამ პარასკევს ტექნიკური პრობლემის გამო და შაბათს შეცდომების მიზეზით, მხოლოდ მეექვსე ადგილით შემოიფარგლა.

ესტონელებმა ფორმულა 1 ვერ დაიპყრეს, როცა ბრიტანული ფორმულა 3-ის ჩემპიონი, მარკო ასმერი (წარსულში ცნობილი ავტომრბოლელის, ამჟამად კი პოლიტოსის, ტოივო ასმერის ვაჟი) ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში ვერ დამკვიდრდა, სამაგიეროდ, ოტ ტიანაკის და მარტინ იარვეოიას ეკიპაჟის მიერ უმაღლესი ტიტულის მოპოვებით, მსოფლიო რალის ლიდერები გახდნენ.

ავსტრალიის რალი 14-17 ნოემბერს გაიმართება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button