ავტოსპორტიფორმულა 1

მიკ შუმახერი: ,,მამის ჩაფხუტზე შვიდი ვარსკვლავი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა“

Ferrari-ს სარბოლო აკადემიის მონაწილემ, მიკ შუმახერმა, ფორმულა 2-ის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში,  საკუთარი ჩაფხუტის განსაკუთრებულ დიზაინსა და მამის, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის, ამუნიციასთან საერთო დეტალებზე ისაუბრა.

„ჩემი ჩაფხუტის საბაზო დიზაინი 2013 წლიდან უცვლელი რჩება. იმ პერიოდიდან მხოლოდ ფერები შეიცვალა. წელს, აგრეთვე, გვერდით, გერმანული დროშა მოვათავსეთ, რომელიც მამას ჩაფხუტზე კარიერის დასაწყისში და Ferrari-ში ასპარეზობის პირველ წლებში იყო. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი დამატებაა, რომელიც ლივრეას ცოტა რეტროს უმატებს,-თქვა უმცროსმა შუმახერმა.-ზედა ნაწილში შვიდი ვარსკვლავი არის განლაგებული, ისევე, როგორც მამას ჩაფხუტზე. მამაჩემმა ისინი ჯერ კიდევ მაშინ დააწყო, სანამ შვიდი ტიტული მოგებული არ ჰქონდა, ასე, რომ, რაღაცნაირად, ეს წინასწარმეტყველური გამოდგა. ჩემთვის ეს სიმბოლურია, ამიტომ კარიერის დასაწყისიდანვე ამით ვასპარეზობ. ზედა ნაწილში ჩემი ლოგოტიპიც დავამატე.

ნახშირბოჭკოვანი ზოლი სპეციალურად დავტოვეთ, რომ ჩანდეს, ჩაფხუტი რა მასალისგან არის დამზადებული, მაგრამ ის მხოლოდ ახლოდან ჩანს და ვერ დაინახავ, როცა ტრასაზე ვარ.

წინა ნაწილი ჩემთვის უმთავრესია. ისეთი შეფერილობა ამოვირჩიე, რომ ტრასაზე ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიცნოს. თუ მეტოქეები უკუხედვის სარკეებში იხედებიან და მე მხედავენ, ცოტა სხვანაირად იქცევიან. ნერვიულობენ და შეცდომებს უშვებენ [იღიმის]. ასეთი შეფერილობა ჯერ კიდევ კარტინგში მქონდა, იმისთვის, რომ მექანიკოსებს და მამას ვეცნე.

მთლიანობაში დიზაინი ისეთია, როგორსაც მამაჩემი იყენებდა. კარიერის დასაწყისში, რვა წლის წინ, ექსპერიმენტს ვატარებდი: ჩემი პირველი ჩაფხუტი ლურჯი ფერის იყო, შემდეგ, გვერდით ცეცხლის გამოსახულება დავამატე, უკან კი-„ადამიანი-ობობა“. შემდეგ დიზაინი მთლიანად შევცვალეთ, რომლისგანაც, ამჟამად, წინა ნაწილის შეფერილობა დარჩა. ის დიზაინი სხვა ავტომრბოლელისგან წამოვიღე, რომლის ჩაფხუტიც ძალიან მომწონდა. თუმცა ვიცოდი, რომ ამით დიდხანს არ ვიასპარეზებდი და ბოლოსდაბოლოს, მამასთან ერთად მივედით დიზაინამდე, რომელსაც ახლა ხედავთ. ამით კვლავ კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ დიდხანს გამოვიყენებ“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button