ეკონომიკასოფლის მეურნეობა

საქართველო აგრარული, აგრალური თუ სასოფლო ქვეყანაა?

სათაური საბჭოთა სტერეოტიპია, რომელიც მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა დაამკვიდრეს „საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“-თან ერთად და, ამასთანავე, საბჭოთა ინტელიგენციას ფალსიფიცირებული ღვინით, ხოლო საბჭოთა არმიას დაბალი ხარისხის ჩაით ამარაგებდნენ.

საქართველოში სოფლის მეურნეობა და ზოგადად აგრარული სფერო ქმნის მშპ-ს 7-9%, ხოლო ამ 7-9%-ის შემქმნელი კი თითქმის ნახევარი საქართველოა (ანუ ისინი ვინც სოფელში ცხოვრობენ – 42%). მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს ეკონომიკაში მოსახლეობის  დაახლოებით ნახევარი ქმნის 7-9%-ს, ხოლო მეორე ნახევარი 91-93%, შესაბამისად, უკანასკნელის შემქმნელნი ბევრად მდიდრები არიან.

ქართული სოფლის მეურნეობის ძირითადი გამოწვევებია:

1. პატარა მიწები, რომლებიც დაქსაქსულია.

2. მიწების გასხვისებაზე რეგულაციები, რაც აფერხებს გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის განვითარებას და აიაფებს ქართულ მიწებს.

3. განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების არქონა.

არ არის აუცილებელი, რომ ქვეყანას უზარმაზარი ტერიტორიები ჰქონდეს ძლიერი სოფლის მეურნეობისთვის. ნათელი მაგალითია ნიდერლანდები, რომელიც საქართველოზე 35%-ით პატარაა, სოფლის მეურნეობის ექსპორტი კი 85 მილიარდი დოლარია (საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2,16 მილიარდი დოლარი იყო 2016 წელს), აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფერს მოსახლეობის მხოლოდ 2% აკეთებს.

რაც შეეხება მიწების გასხვისების აკრძალვას, ეკონომიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი მავნებლობაა, ხოლო პოლიტიკურად შეიძლება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მივაწეროთ ის აჟიოტაჟი რაც ამ საკითხმა გამოიწვია. არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა სადაც უცხოელებზე მიწების გასხვისების გამო სახელმწიფოს მისი არსებობის პრობლემა შექმნოდა. პროცენტულად ყველაზე მეტი უცხოელებზე გაყიდული მიწა ავსტრალიაშია. დაახლოებით 28%, რასაც თუ გადავიანგარიშებთ, საქართველოზე დიდი ტერიტორია გამოდის, თუმცა არავის გასჩენია სურვილი იქ, რომ თუნდაც დეფაქტო სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა, რისიც ძალიან ეშინიათ ქართველ რუსეთუმე აქტივისტებს, რომლებიც გულზე მუშტების რტყმევით იცავენ ქართულ „ქონიან“ მიწას.

განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების არქონა, ზოგადი პრობლემაა საქართველოში და ვერც სოფლის მეურნეობა ვერ გამოირჩევა ამით, თუმცა ეს ის პრობლემაა, რომელის მოგვარებასაც  დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფერმერი, რომელსაც თუნდაც 5 ჰა მიწას ამუშავებს და პროდუქტს ქმნის, ვერასდროს გაუწევს კონკურენციას ფასში და, მითუმეტეს, რაოდენობაში იმ თურქ ან ამერიკელ ფერმერს, რომელსაც 5000 ჰა მიწა გააჩნია, შესაბამისად, ქართველმა ფერმერებმა აქცენტი ხარისხზე უნდა გააკეთონ, რომლის მეშვეობითაც პროდუქტი ძვირი იქნება და თავის ადგილს დაიკავებს მაღალ საფასო სეგმენტში. აქედან გამომდინარე, მცირე ფერმერული მეურნეობები არ ამართლებს და ისინი უნდა გამსხვილდეს.

ბოლოს, საქართველოს აგრარული სექტორი ვერ ჩაითვლება განვითარებულად იქამდე, სანამ ქართველების 2% არ იქნება ამ სექტორში დასაქმებული და ქართველი გლეხები არ შექმნიან  მაღალხარისხიან, ჯანსაღ პროდუქტს, რომლის ექსპორტიც განხორციელდება მუმბაიდან-ვაშინგტონამდე.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button