ავტოსპორტისპორტიფილმები

“Le mans” (1971)

სპორტული დრამის ჟანრის ფილმი “ლე მანი” 1971 წელს გამოვიდა დიდ ეკრანზე. რეჟისორი არის ლი კაცინი, სცენარისტი-ჰარი კლაინერი, ოპერატორი-რობერტ ჰაუზერი, კომპოზიტორი-მიშელ ლეგრანი, მთავარი როლის, Gulf Porsche-ს პილოტის, მაიკლ დილეინის  შემსრულებელი-სტივ მაკქვინი. Ferrari-ს გერმანელ ავტომრბოლელს, ერიხ შტალერს ზიგფრიდ რაუხი თამაშობს, ლიზა ბელგეტის-ელგა ანდერსენი. ბიუჯეტი – 7 573 797 დოლარი.

“ლე მანის” გადაღებას წინ პატარა შემთხვევა უძღოდა. საქმე იმაშია, რომ 1966 წელს, როცა ჯონ ფრანკენჰაიმერმა ფილმის “გრან პრი” გადაღება გადაწყვიტა, ამერიკელი ავტომრბოლელის, პით ეირონის როლის შემსრულებელს ეძებდა. რეჟისორმა ჯონ სტარჯესმა სტივ მაკქვინს გაუწია რეკომენდაცია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფრანკენჰაიმერს უკვე ნაპოვნი ჰყავდა მსახიობი ჯეიმს გარნერის სახით და მაკქვინმა უარი მიიღო. განაწყენებულმა მსახიობმა თვითონ გადაწყვიტა სარბოლო თემაზე ფილმის გადაღება. მაკქვინი და გარნერი მეგობრობდნენ, მაგრამ როცა ამ უკანასკნელმა, როლის მიღების შესახებ, სტივს თვითონ შეატყობინა, მას ეწყინა და მათ შერიგებას ორი წელი დასჭირდა.

სტივ მაკქვინი

“ლე მანის” “ოქროსთვის” Ferrari-ს გერმანელი ავტომრბოლელი, ერიხ შტალერი და მოქმედი ჩემპიონი, Porsche-ს ამერიკელი პილოტი მაიკლ დილეინი ასპარეზობენ. 24 საათიანი მარათონი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს და ყოველთვის ნერვული დაძაბულობის პიკზე გადის.

ამ შემთხვევაში დილეინი ორმაგად ნერვიულობს: ერთი წლის წინ, ამავე ადგილას, მისი მიზეზით სერიოზული ავარია მოხდა, სადაც Ferrari-ს პილოტი, მისი მეგობარი პიერო ბელგეტი დაიღუპა. რბოლის წინ მაიკლს რთული საუბარი ჰქონდა ლიზასთან, ბელგეტის ქვრივთან….და ახლა ჩემპიონს უცნაური წინათგრძნობა არ შორდება.

ფილმი 1970 წელს, “ლე მანის 24 საათიანი რბოლის” დროს გადაიღეს.

ფილმის იდეა სტივ მაკქვინს მოუვიდა. სწორედ მან შექმნა ფინანსური საზოგადოება “სოლარ პროდაქშენ” და 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი შეკრიბა, რაც იმ დროს უდიდესი თანხა იყო.

გადაღებისთვის სამი Porsche 917, ოთხი Ferrari 512S, ოთხი Porsche 911, ორი Lola T70, ორი Chevron B16, თითო Ferrari 312P, Porsche 908 და Porsche 914, Chevrolet Corvette და Ford GT40 შეიძინეს.

ავტომრბოლელები ჰერბერტ ლინგე და ჯონათან უილიამსი, რომლებიც Porsche 908/02-ს მართავდნენ, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ, როგორც ყველაზე სწრაფი კინოოპერატორები.

Porsche-ს და Ferrari-ს დაპირისპირების ეპიზოდებს ოფიციალური რბოლის დასრულებისთანავე იღებდნენ. გადამღები გუნდი ფონისთვის რამდენიმე მანქანას არჩევდა და მეტოქეების პაექრობას ახლო ხედით იღებდა.

1970 წელს, რეალური “ლე მანის 24 საათიან რბოლებში”, სტივ მაკქვინი შოტლანდიელ ჯეკი სტიუარტთან ერთად, ერთ ეკიპაჟში ასპარეზობდა Porsche 917-ით, ფილმისთვის კი Gulf Racing-ის ფერებში შესრულებული პროტოტიპი გამოიყენეს. რეალურად მას იოზეფ ზიფერტი და ბრაიან რედმენი მართავდნენ.

Ferrari-ს და Porsche-ს ავარიების სცენებში შენიღბულ Lola T70-ს იღებდნენ, რადგან ის იაფი ღირდა.

სიუჟეტის მიხედვით, ლიზა ბელგეტი ფიქრობს, რომ მისი მეუღლის დაღუპვა მაიკლ დილეინის ბრალია. მომდევნო წელს, ის ახალ მეგობართან, კლოდ ორაკთან ერთად ჩნდება ტრასაზე. სტარტიდან 13 საათის გასვლის შემდეგ, ერიხ შტალერის Ferrari მოსრიალდება და თანაგუნდელ კლოდ ორაკს ტრასიდან გადასვლას დააძალებს, რაც დიდ ავარიაში გადაიზრდება. დილეინისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება ორაკის ავარია, ვერ დაიმორჩილებს საკუთარ Porsche-ს და ბარიერს შეასკდება. დილეინი და ორაკი გადარჩებიან, მაგრამ ფრანგი პილოტის ტარავმა უფრო მძიმეა.

იოჰან რიტერი გადაწყვეტს, რომ რბოლებს თავი დაანებოს მეუღლის თხოვნით და გუნდის მენეჯერი თხოვს მაიკლ დილეინის გერმანელი ავტომრბოლელის შეცვლას.

რბოლის ბოლო წუთებში, Porsche-ს და Ferrari-ს პილოტების დაპირისპირებაა ნაჩვენები. მანქანას 22-ე ნომრით, მაიკლ დილეინი მართავს. ერთ-ერთ Ferrari-ს, რომელიც ლიდერობდა, საბურავი დაეშვება და რბოლას ეთიშება. მხოლოდ ერიხ შტალერი დაუპირისპირდება მაიკლ დილეინის. ლარი უილსონი ლიდერობს, დილეინი უსწრებს შტალერს და მეორე ადგილს იკავებს.

რეალურ ცხოვრებაში სტივ მაკქვინი ნამდვილი ავტომრბოლელი იყო. საკუთარი ფილმების უმეტესობაში, მას სურდა არა მარტო სამსახიობო ნიჭის, არამედ ავტომობილის ვირტუოზული მართვის უნარის დემონსტრირებაც. საკმარისია გავიხსენოთ სცენები ფილმებიდან “ბულიტი” და “თომას ქრაუნის საქმე”.

მაგრამ ეს მხოლოდ პატარა მომენტები იყო და მაკქვინმა დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა კინოლენტა, სადაც საეკრანო დროის დიდი ნაწილი რბოლებს დაეთმობოდა და არა გმირებს შორის დიალოგებს.

რაც მოხდა კიდევაც “ლე მანში”. ფილმი, ვირტუოზულად გადაღებული რბოლებით, პრაქტიკულად სიუჟეტის გარეშეა. იქ არც მაღალფარდოვანი სიტყვებით გადაძახილი და მოწოდებებია. პირიქით, მოღუშული მამაკაცების ყურადღება გადატანილია მხოლოდ იმაზე, რაც საქარე მინიდან ჩანს.

სტივის ოცნება ახდა-ის თვითონ ასრულებდა ილეთებს და საკმაოდ კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით. მაგრამ რას ხედავს მაყურებელი?-დიახ, რბოლები კარგია, მაგრამ რთულია ფილმის ყურება, სადაც რბოლების გარდა სხვა არაფერია.

ჯონ ფრანკენჰაიმერის “გრან პრის”, ასე თუ ისე, სიუჟეტური ხაზი გააჩნდა, ბევრი გმირი და მათი ცქერით, მაყურებელი სარბოლო ძრავების ხმისგან ისვენებდა.

ეს ფილმის ერთადერთი მინუსია, თუმცა ნუ მიაქცევთ მას ყურადღებას, კარგად მოკალათდით და კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რბოლებს უყურეთ!

“ლე მანი” აღიქმება არა როგორც მხატვრული ფილმი, არამედ როგორც დოკუმენტური კადრები, სადაც ავტომრბოლელების ცხოვრების ერთი დღეა ასახული.

ფილმისგან სიამოვნებას მიიღებს ის, ვისაც უყვარს რბოლები და ესმის მისი. უეჭველია, ეს არის ყველაზე პატიოსანი ფილმი რბოლებზე, რაც ოდესმე გადაღებულა.

აზრი არ აქვს კიდევ რამის ახსნას, უბრალოდ ფილმის მთავარ აზრს მოვიყვანთ:

“როცა ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აგდებს, გსურს იფიქრო, რომ ის რაღაც მნიშვნელოვანისთვის აკეთებს ამას.  და რა არის მნიშვნელოვანი იმაში, რომ მანქანას უსწრაფესად მართავდე?

თუ შენ ავტომრბოლელი ხარ, სწორედ რბოლაა შენი ცხოვრება. რაც მანამდე და შემდეგ მოდის, მოხოლოდ რბოლების მოლოდინია”.

“ლე მანში” სტივ მაკქვინმა სრულად გადმოსცა რბოლებისადმი საკუთარი დამოკიდებულება.

სარბოლო სცენებში, სადაც სისწრაფე უნდა ყოფილიყო წინა პლანზე წამოწეული, პროფესიონალი ავტომრბოლელები მონაწილეობდნენ. მათ შორის შვეიცარიელი იოზეფ ზიფერტი, ინგლისელები ბრაიან რედმენი, ვიკ ელფორდი და დერეკ ბელი, გერმანელი კურტ არენსი.

როგორც იცით, გასული საუკუნის 60-იან წლებში “ლე მანის 24 საათიანი რბოლა” ე.წ. “სტარტ ლე მანით” იწყებოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ავტომრბოლელები ავტომობილების მოპირდაპირე მხარეს განლაგდებოდნენ, სასტარტო ნიშანზე მირბოდნენ, ჯდებოდნენ კოკპიტში და ტრასაზე გადიოდნენ. რეჟისორ ლი კაცინს სწორედ ამ მომენტის ასახვა სურდა ფილმში, მაგრამ ბელგიელი ჯეკი იქსი ამ სცენის წინააღმდეგი წავიდა და ახსნა, რომ ეს მომენტი ხიფათთან იყო დაკავშირებული, რადგან ავტომრბოლელები ხშირად უსაფრთხო ღვედების დამაგრებას ვერ ასწრებდნენ, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დასრულებულიყო ავარიის შემთხვევაში.

სხვათა შორის, ფილმის გადაღების დროს, სადაც ორი პილოტის დაძაბული პაექრობა იყო ასახული, ინგლისელმა დევიდ ფაიფერმა, ავარიის შედეგად, მძიმე ტრავმა მიიღო, მარჯვენა ქვედა კიდურის ნაწილის ამპუტაცია დასჭირდა. ფილმში რბოლის დასასრული ზუსტად იმ პერიოდის რეალური რბოლების მსგავსია. 1969 წელს, ფილმის გამოსვლამდე ორი წლით ადრე, “ლე მანის” გამარჯვებული ყველაზე მჭიდრო ფინიშმა გამოავლინა. მაშინ ჯეკი იქსის და ჯეკი ოლივერის ბელგიურ-ინგლისურმა დუეტმა Ford GT40-ით მოიპოვა პირველი ადგილი. მეორე ადგილზე ჰანს ჰერმანის და ჟერარ ლარუსის გერმანულ-ფრანგული წყვილი გავიდა, Porsche 908 მოდელით.

1970 წელს, “სებრინგის 12 საათიან რბოლაში”, თვით სტივ მაკქვინის და ამერიკელი პიტერ რევსონის დუეტმა, მეორე ადგილი დაიკავა Porsche 908/02-ით, როცა ინიაციო ჯუნტის, ნინო ვაკარელას და მარიო ანდრეტის ტრიომ, Ferrari 512S-ით გამარჯვება იზეიმა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button