ავტოსპორტიფილმებიფორმულა 1

“გრან პრი” (1966)

“გრან პრი” ანუ “დიდი პრიზი” არის სპორტული დრამის ჟანრის ფილმი, რომელიც ამერიკელმა რეჟისორმა, ჯონ ფრანკენჰაიმერმა გადაიღო და მისი პრემიერა 1966 წელს შედგა. მუსიკა მორის ჟარს ეკუთვნის. სცენარი-რობერტ ალან არტურს.

ავტოსპორტის მოყვარულთა შორის ეს ფილმი საკულტოდ მიაჩნიათ. ის ავტორბოლებზე შექმნილ ფილმებს შორის საუკეთესოდ ითვლება. ამ ფილმს “ოსკარის” სამი ჯილდო აქვს მიღებული საუკეთესო სპეცეფექტების, ხმისა და მონტაჟისთვის.

ფილმში მოთხრობილია ოთხი ავტომრბოლელის-ფორმულა 1-ის გამოგონილი პილოტის პაექრობის შესახებ, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ჟან-პიერ სარტი (ივ მონტანი)-“ფერარის” ფრანგი ავტომრბოლელი, მსოფლიოს ყოფილი ორგზის ჩემპიონი, რომლის კარიერაც დასასრულს უახლოვნება.

პით ეირონი (ჯეიმს გარნერი)-ამერიკელი პილოტი, რომელიც მონაკოში თანაგუნდელთან, სკოტ სტოდარდთან ინციდენტის გამო გუნდიდან გააგდეს და “იამურას” იაპონური გუნდის წევრი გახდება.

სკოტ სტოდარდი (ბრაიან ბედფორდი)-შოტლანდიელი ავტომრბოლელი, რომელიც მძიმე ავარიაში მოჰყვა მონაკოს გრან-პრის დროს, მაგრამ სპორტული ფორმის აღდგენა და რბოლებში მონაწილეობა მოახერხა, თუმცა ნარკოტიკებს მიეძალა.

ნინო ბარლინი (ანტონიო საბატო) – “ფერარის” იტალიელი ავტომრბოლელი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოტორბოლაში, პერსპექტიული ახალგაზრდა. ჟან-პიერ სარტის თანაგუნდელი.

ვინაიდან თითქმის ყველა ავტომრბოლელს რბოლებზე მეგობარი ქალი ან მეუღლე ახლავს, ფილმშიც გამოჩნდნენ ისინი ჟურნალისტი ლუიზ ფრედრიქსონის (ევა მარია სეინთი), ბიზნესვუმენი მონიკ დელვო-სარტის (ჟენევიევ პაჟი), ფოტომოდელი პეტ სტოდარდის (ჯესიკა უოლტერი) და მომღერალი ლიზას (ფრანსუაზ არდი) სახით.

ფილმში უმეტესი ნაწილი უშუალოდ რბოლებს დაეთმო. საერთოდ, რბოლები დადგმულია, მაგრამ ოსტატურად არის გადაღებული და დამონტაჟებული.

ფილმში 1966 წლის ფორმულა 1-ის სეზონის რეალური რბოლების კადრებია გამოყენებული. ზოგიერთი ავტომრბოლელი საკუთარ თავს თამაშობს. ფრანკენჰაიმერს ინგლისელი გრემ ჰილის ტიპაჟი ისე მოეწონა, რომ მას ფილმში ავტომრბოლელი ბობ ტერნერის როლი მისცა, ამერიკელ ფილ ჰილს კი “იამურას” ყოფილი პილოტის, თიმ რენდოლფის როლი. კადრებში ჩანს ავსტრიელი იოხენ რინდტი. მისი სტარტზე გასვლით იწყება ფილმი, შვედი ჯო ბონიერი, ამერიკელი რიჩი გინთერი, ბელგიაში, “სპაზე” პილოტთა ბრიფინგის დროს, ავსტრალიელი ჯეკ ბრებემი, შოტლანდიელი ჯიმ კლარკი. ზოგიერთები ფილმის გმირების პროტოტიპები გახდნენ. ჯონ სერტისი, კრის ეიმონი, ჯეკი სტიუარტი და ლორენცო ბანდინი, სარბოლო სცენებში ივ მონტანს, ჯეიმს გარნერს, სკოტ სტოდარდს და ანტონიო საბატოს ცვლიდნენ და მათ, რეჟისორის თანხმობით, თავიანთი გვარები მიანიჭეს, შეცვლილი სახით.

იაპონური გუნდის-“იამურას” პროტოტიპად Honda F1 Team იქცა. მის მენეჯერს, იზო იამურას, რომლის სახეც სოიჩირო ჰონდას შთაბეჭდილებით შეიქმნა, ტოშირო მიფუნე ანსახიერებს. ენცო ფერარის პროტოტიპს, აგოსტინ მანეტას კი-ადოლფო ჩელი.

როცა ჯონ ფრანკენჰაიმერმა “გრან-პრის” გადაღება გადაწყვიტა, თხოვნით მიმართა ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელებს, გამოეყოთ მისთვის მანქანები, მაგრამ ამერიკელმა რეჟისორმა ენცო ფერარისგან სასტიკი უარი მიიღო. ამის გამო, გადაწყდა, გადასაღებად ფორმულა 3-ის შენიღბული ბოლიდები გამოეყენებინათ. ინჟინრებმა ეს საუცხოოდ მოახერხეს.

თავიდან ფრანკენჰაიმერს ჩაფიქრებული ჰქონდა “ფერარის” პილოტის გაჩემპიონება და სპორტიდან წასვლა, მაგრამ “კომენდატორესთან” კონფლიქტის გამო, გაბრაზებულმა რეჟისორმა სცენარი შეცვალა და იტალიაში, “მონცაზე” ჟან-პიერ სარტის დაღუპვის და ამერიკელი პით ეირონის გამარჯვების სცენა დადგა.

გადამღები ჯგუფი ფეხდაფეხ დაყვებოდა ფორმულა 1-ის გუნდებს მთელს ევროპაში. როგორც კი რბოლები მთავრდებოდა, გადაღებები იწყებოდა. მხოლოდ აშშ-სა და მექსიკაში არ წასულან. რბოლების გადასაღებად გამოიყენეს მონტე-კარლოს ქუჩების ტრასა, ფრანგული “კლერმონ-ფერანი”, ბელგიური “სპა-ფრანკორშამი”,  ბრიტანული “ბრენდს ჰეჩი”, ჰოლანდიური “ზანდვოორტი” და იტალიური “მონცა”, ტრასის ძველი, ოვალური ტიპის მონაკვეთი, სადაც 1955 წელს ამერიკელი და ევროპელი ავტომრბოლელების დაპირისპირება უნდა შემდგარიყო.

სისწრაფის სცენების გადასაღებად Ford GT 40-ის სახურავმოხსნილი და კამერადამაგრებული ავტომობილი გამოიყენეს.

ავტომრბოლელთა ოთხეულიდან მხოლოდ ივ მონტანს და ჯეიმს გარნერს არ გაუჭირდა სპორტული ავტომობილის მართვა. ფრანგ მსახიობს სატვირთოს მძღოლობის გამოცდილება გამოადგა, ამერიკელმა კი სპეციალურად ფილმისთვის ჯიმ რასელის სარბოლო სკოლის კურსები გაიარა.

მონაკოს გრან-პრის დროს არის ჯეფ ჯორდანის (ჯეკ უოთსონი) “ჯორდან-ბი-არ-ემის” გუნდის პილოტების, პით ეირონისა და სკოტ სტოდარდის პაექრობის კადრები, რომლის დროსაც შოტლანდიელის მანქანასთან შეჯახების შედეგად, ამერიკელის ბოლიდი წყალში აღმოჩნდება. ჯონ ფრანკენჰაიმერს, როცა ის ფორმულა 1-ის ისტორიას სწავლობდა, ძალიან კარგად დაამახსოვრდა “ფერარის” იტალიელი პილოტის, ალბერტო ასკარის ავარია მონაკოში, 1955 წელს, როცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ბოლიდი ზღვაში გადავარდა. კიდევ იყო ერთი შემთხვევა 1965 წელს, როცა ზღვაში ფორმულა 1-ის ბოლიდი აღმოჩნდა. ავსტრალიელი პოლ ჰოუკინსის „ლოტუსი“ გადაეშვა ზღვაში, როცა მონტე კარლოს ტრასის დამცავი თივის ზვინები გაარღვია. სწორედ ეს სცენა გამოიყენა რეჟისორმა ფილმში.

სტივ მაკქვინს ძალიან სურდა “გრან პრიში” როლის მიღება. რეჟისორმა ჯონ სტარჯესმა მას რეკომენდაცია გაუწია ჯონ ფრანკენჰაიმერთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი უთხრა სახელოვან მსახიობს, რის შემდეგაც მაკქვინმა საკუთარი ძალისხმევით ფილმის გადაღება გადაწყვიტა. თვითონაც მონაწილეობდა რბოლებში, როგორც პროფესიონალი ავტომრბოლელი. მეგობრები ჰყავდა პილოტებს შორის და მათი დახმარებით, 1971 წელს შეიქმნა ფილმი “ლე მანი”, რომელსაც სიუჟეტი, როგორც ასეთი, არ გააჩნია. დიალოგები თითქმის არ არსებობს. მთელი ფილმი ლეგენდარული “ლე მანის 24 საათიან რბოლაში“ Porsche-ს და Ferrari-ს პილოტების პაექრობას ეძღვნება.

“გრან პრის” სარბოლო სცენებში, კამერადამაგრებული შლემით, მსოფლიოს 1961 წლის ჩემპიონის, ამერიკელი ფილ ჰილის გარდა, ეფექტური კადრებისთვის, მისი თანამემამულე ბობ ბონდიურანტიც მონაწილეობდა. ერთხელ ივ მონტანის გმირის, ჟან-პიერ სარტის “ფერარიც” გამოაბეს Ford GT 40-ს, აგრეთვე, ეფექტური კადრების გადასაღებად.

ფილმის სცენარის მიხედვით ჩემპიონატი იწყება მონაკოს გრან-პრის გათამაშებით, რომელსაც “ფერარის” ფრანგი პილოტი, ჟან-პიერ სარტი იგებს. მას, ადრე სამჯერ აქვს მოგებული მონაკოს ვიწრო ქუჩებში რბოლა.

პით ეირონისა და სკოტ სტოდარდის ავარიის შემდეგ, ამერიკელ პილოტს ჯეფ ჯორდანი გააგდებს და ის კომენტატორობას იწყებს, თან სარბოლო გუნდს ეძებს ასპარეზობის გასაგრძელებლად. აგოსტინ მანეტა Ferrari-ში მას არ მიიღებს, რადგან ის თანაგუნდელს არ ინდობს. ასეთი დამსაქმებელი კი იაპონელი იზო იამურა აღმოჩნდება. ამასობაში სკოტ სტოდარდი რბოლებს დაუბრუნდება და ჩვეული სიძლიერით განაგრძობს ასპარეზობას.

შემდეგ მოდის საფრანგეთის გრან-პრი, “კლერმონ ფერანის” ტრასაზე, რომელსაც აგრეთვე, ჟან-პიერ სარტი იგებს და პირად ჩათვლაში ჩემპიონატის ლიდერი ხდება. პით ეირონი კი კომენტატორობას ცდილობს.

ბელგიის გრან-პრის სარტი პოულით იწყებს. “სპა-ფრანკორშამზე”, ტრადიციულად გაწვიმდება. რბოლა გართულდება. ფრანგ პილოტს ავარია შეემთხვევა და ორ ბავშვს იმსხვერპლის. გამარჯვებას კი პით ეირონი იზემებს, “იამურას” მოდელით.

ჰოლანდიურ “ზანდვოორტზე” სკოტ სტოდარდი უბრუნდება რბოლებს და პოულ პოზიშენს მოიპოვებს. გრან-პრის დროს ჟან-პიერ სარტისთან პაექრობა მოუხდება. ფრანგი პილოტის ავტომობილს ტექნიკური პრობლემები შეექმნება. სტოდარდი კი რბოლას იგებს. გერმანიაში აშშ-სა და მექსიკაში სტოდარდის წარმაწარმატების შემდეგ, იზო იამურა ოფისში იბარებს პით ეირონს და რბოლების ვიდეოჩანაწერებს აკვირდებიან. იაპონელ სპეციალისტს სურს ამერიკელი პილოტისგან გაიგოს ტრავმისგან არც ისე ბოლომდე გამოჯანმრთელებული შოტლანდიელი ავტომრბოლელის წარმატებისა და სრულიად ჯანმრთელი ეირონის წარუმატებლობის მიზეზი. ეირონი გუნდის უფროსს პასუხობს, რომ მისი მეტოქე უძლიერესი პილოტია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლიდის კოკპიტში სხვის დაუხმარებლად ვერ ჯდება, რბოლაში შეუდარებელია.

დიდი ბრიტანეთის გრან-პრის, “ბრენდს ჰეჩზე” სკოტ სტოდარდი პოულიდან იწყებს და ლიდერობს კიდეც, მაგრამ ნარკოტიკებისგან ცუდად იგრძნობს თავს და რბოლას ეთიშება. პით ეირონი ლიდერობს, მაგრამ მის “იამურას” ცეცხლი გაუჩნდება და ამერიკელი პილოტი ჩერდება. ჟან-პიერ სარტიც ჩერდება. პით ეირონს ჰკითხავს ცუდად ხომ არ გრძნობს თავს, შემდეგ კი მოუტრიალდება შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, უყვირებს “გაეთრიეთ აქედან!” და გააგდებს. ნინო ბარლინი ლიდერობს და იგებს კიდევაც რბოლას. თან ერთი ქულით უსწრებს სარტის და სტოდარდს. ბარლინი გამარჯვებას, მეგობრებთან ერთად, სასტუმროს ფოიეში, ძალზე ენერგიულად ზეიმობს. ამის შემხედვარე ჟან-პიერ სარტი მეგობარ ჟურნალისტს, ლუიზ ფრედრიქსონს მიმართავს: “ნინო, თავს არ იზოგავს გამარჯვებისთის, სკოთი ნარკოტიკებს მიეძალა. ვერ ხედავ ჩვენი ცხოვრების აბსურდულობას?!”

“მონცაზე” იტალიის გრან-პრის გათამაშებით ფილმის დასკვნითი ნაწილი მიმდინარეობს. სარტის ავტომობილი სტარტისას ჩერდება, მაგრამ ფრანგი პილოტი განაგრძობს ასპარეზობას, თუმცა მეტოქეებს ჩამორჩება. სარტი მოახერხებს ჩამორჩენის აღმოფხვრას, გალიდერდება და ამ დროს ავარია შეემთხვევა, რაც მძიმე ტრავმებით და დაღუპვით მთავრდება. აგოსტინ მანეტა, გუნდის შეფი ნინო ბარლინის რბოლიდან მოხსნის. ასპარეზობა გრძელდება. პით ეირონი და სკოტ სტოდარდი პირველი ადგილისთვის პაექრობას განაგრძობენ. საბოლოოდ ამერიკელი პილოტი იმარჯვებს, მსოფლიო ჩემპიონი ხდება და საკუთარ მეტოქეს წარმატებულ რბოლას ულოცავს.

ფილმი მთავრდება ჟან-პიერ სარტის სიტყვებით, როცა ის პით ეირონს მიმართავს: “პით, რბოლებისგან არასდროს დაღლილხარ? მე კი ვიღლები. გესმის, რაზე ვსაუბრობ? ძალიან დავიღალე!”

ბოლო სცენა ასეთია: პით ეირონი დგას “მონცას” სასტარტო ბილიკზე და ისმის ძრავების ხმა, მორის ჟარის მუსიკის თანხლებით. ამერიკელი პილოტი მომავლისკენ იყურება, თან არც წარსულს ივიწყებს.

სინამდვილეში მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატი “ბრებემის” ავსტრალიელი პილოტის, ჯეკ ბრებემის ტრიუმფით დასრულდა. მასთან ერთად, რბოლები მოიგეს ჯეკი სტიუარტმა, ჯიმ კლარკმა და ჯონ სერტისმა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button