რელიგია

ციხის მღვდელი

ციხის მღვდელი ანონიმურად ყვება იმის შესახებ, თუ რითი გავს კოლონია მონასტერს, შეუძლია თუ არა რწმენას ადამიანის ცხოვრების შეცვლა და რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ მსჯავრდებულებს ღმერთი თავისუფალ ადამიანებზე მეტად უყვართ.

როდესაც უკეთესია, არ იცოდე

როგორ ავირჩიე ციხეში მსახურება? ჩვენთან არაფერს ირჩევ. სადაც გაგამწესეს, იქ წახვედი. ყველაფრისთვის ღმერთის ნება არსებობს. კოლონია სხვა სამყაროდ არასდროს წარმომედგინა, აქ ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ.

მე არ ვიცი არც მუხლი და არც მიზეზი, რომელთა გამოც ჩემმა მრევლმა კოლონიაში ამოყო თავი. ეს აადვილებს მღვდლის ამოცანას, ადამიანს სულიერად დაეხმაროს, აღსარება ჩაიბაროს, აზიაროს, დახმარება აღმოუჩინოს. ბევრი თუ იცი, ეს ცოდნა შენს სევდას ერთიორად ზრდის.

ყოველთვის ცდილობ, ისინი რამენაირად გაამართლო, მათში კარგი დაინახო. ჩემი დიდი ბაბუა მინსკში, საკათედრო ტაძარში მსახურობდა და ყოველთვის ამბობდა: ყველა ადამიანში რაღაც კარგი უნდა იპოვო და ამასთან იმუშაო. დღევანდელი საზოგადოება კი მიჩვეულია, ცუდი დაინახოს. ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა და მორჩა, ჩვენც ამ ცოდვაზე გავიჭედეთ, მივაწებეთ ათასნაირი შტამპი – ქურდი, ავაზაკი… არადა, ყოველი ჩვენგანი დღეში ას ცოდვას ჩადის.

ახალგაზრდობაში მიწევდა იმათთან ურთიერთობა, ვინც ციხიდან ახალი გამოსული იყო. ეკლესიურად ვცხოვრობ, გაზრდითაც მღვდლის ოჯახში აღმზარდეს და კარგად მახსოვს, რომ სამოთხეში პირველად შეაბიჯა ავაზაკმა, რომელმაც თავისი ცოდვები მოინანია. ამიტომ, ციხეში მსახურებისას სირთულეები არ მქონია.

საპყრობილიდან მონასტრამდე

კოლონია შეიძლება მონასტერს შევადაროთ. ერთად ცხოვრობს ერთი და იგივე სქესის უამრავი ადამიანი გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. ყველა მათგანს აქვს სახურავი თავის ზემოთ, საკვები, სამუშაო და დრო ლოცვისთვის. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი იპოვო და თავისუფალი დრო გონიერად გამოიყენო. ზოგჯერ, კოლონიაში მოხვედრის შემდეგ ადამიანები ბოროტდებიან, ხდებიან უფრო სასტიკნი და უხეში. თუმცა, არიან ისინიც, ვინც ამავე გარემოებებში ღმერთთან მიდის, იქაურ ცხოვრებას მონასტრულსას ამსგავსებს, საკუთარ თავზე მუშაობს, სულიერად იზრდება.

მაგრამ, არ არსებობს გარანტია, რომ მორწმუნე ადამიანი კოლონიაში კიდევ ერთხელ არ მოხვდება. რწმენა შეცდომებისგან ვერ დაგიცავს.

ერთ ციხესთან არსებულ ეკლესიაში გვყავდა მნათობები, რომლებიც ახლა უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში არიან. ამჟამინდელი მნათობი კოლონიამდე რამდენიმე მონასტერში იყო. ალკოჰოლის გამო დანაშაული ჩაიდინა, არადა, თავისუფალი რომ იყო, ეკლესიაში მოღვაწეობდა.

პატიმრობის შემდეგ, ადამიანები ბრუნდებიან სამყაროში, სადაც ყველაფერი სულ სხვანაირადაა. მუდმივად უნდა იფიქრო, როგორ გადარჩე – რა ჭამო, რა ჩაიცვა, სად იცხოვრო. სამსახურის პოვნა რთულია, თანაც მალევე გიხსენებენ ძველი მეგობრები. ეს თოვლის კოშტივითაა… სამწუხაროდ, ადამიანი ყოველთვის ვერ უმკლავდება იმას, რაც მას თავისუფლებაზე ყოფნისას პრობლემას უქმნის და კიდევ ერთხელ ჩასდის შეცდომას.

როგორ ხდება ნათლობა კოლონიაში

კოლონიაში ნათლობისთვის ნახევარი წელი ან ზოგჯერ უფრო მეტი დროც ემზადებიან. ეს პროცესი არ გავს ანალოგიურს თავისუფლებაზე – რამდენიმე გასაუბრება და მორჩა. თანამედროვე ადამიანს ძალიან ცოტა დროს აქვს, ყველაფრის შესწავლას ვერ ასწრებს. ჩვენც ხელს ვუწყობთ იმ იმედით, რომ ისინი თავად დაინტერესდებიან მართლმადიდებლობით. მაგრამ, ადამიანთა მხოლოდ 0,01% თუ იწყებს ყველაფრის შესწავლას ნათლობის შემდეგ. ჩვეულებრივ, მოინათლებიან, „პწიჩკას“ დასვამენ და დაივიწყებენ.

მსჯავრდებულებს დრო აქვთ – უმთავრესი რესურსი, რომელიც თავისუფლებაზე სასტიკ დეფიციტშია. აგრეთვე გააჩნიათ წიგნები და საეკლესიო საზოგადოება. ახლა მასში დაახლოებით 200 ადამიანია გაწევრიანებული, იგი ძალიან მყარი და სიცოცხლისუნარიანია. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, გამოცდილებას უზიარებენ. ეს დაინტერესებულთა და მცოდნეთა საზოგადოებაა.

ასეთი საზოგადოებები თავისუფლებაზეც არის საჭირო. ჩვენს ტაძრებში, მორწმუნეები დაყოფილად ცხოვრობენ. ყველას თავისი სამსახური, ოჯახი და სხვა მრავალი ადარდებს…

ჩვენს ეკლესიაში, არაერთხელ ვცადეთ წირვის შემდეგ მრევლთან ერთად დავრჩენილიყავით, ჩაი დაგველია, გვესაუბრა. მაგრამ, ხუთი-ექვსი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი წყალში იყრება. წირვა დამთავრდა და ყველა თავის საქმეზე გაიქცა.

უფრო ძლიერად ცოდვილებს სწამთ

კოლონიაში ყველამ დიდი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ცოდვებს ადამიანი ღმერთამდე უფრო მალე მიჰყავს, თუკი ეს ადამიანი მართლა ნანობს ჩადენილს.

ვისაც ღმერთი ბევრს მიუტევებს, ზუსტად იმას [ღმერთი] უფრო უყვარს.

ზოგჯერ, ადამიანი ყოველდღე განიკითხავს, იტყუება, მერე კი საკუთარ თავს ამართლებს, არიქა და ყველა ასე აკეთებსო. კომფორტულად ცხოვრობს, ყველაფერი კარგად აქვს.

ყოფილა შემთხევა, მოდის კადრი აღსარებაზე: „მამაო, მე ცოდვები არ ჩამიდენია“. ეს ყველაზე უცნაურია. ასეთ შემთხვევებში, ვპასუხო: „აბა, რაღაზე მოხვედი? შენ კანკელის მაგივრად უნდა დადგე…“ დაელაპარაკები და მერე სულ სხვანაირად ჭიკჭიკებენ: „ოჰ, არც კი ვიცოდი, ეგ რომ ცოდვაა“.

ერთადერთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი ვერ მიუტევებს ადამიანს, თვითმკვლელობაა. ამის შემდეგ მონანიება უკვე შეუძლებელია. ყველა სხვა ცოდვის მონანიება და თავისი ცხოვრების გამარტივება არა აქ, არამედ იქ ადამიანს შეუძლია.

როგორ უნდა მოინანიო? საქმით. ჩვენი რელიგიური ცხოვრება მივიდა იქამდე, რომ სანთლებს ვანთებთ. ეს ასე არ ხდება. უნდა იაროთ საავადმყოფოებში, საპყრობილეებში, საქმეს საკუთარი თავიც და დროც უნდა შესწიროთ. კარები ღიაა – თავისუფლად შეიძლება მოხალისე გახდე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ჰოსპისებში და სტაციონარებში მოწყალების დების გარდა სხვა ადამიანებიც დადიოდნენ.

რა საჭიროა წირვა და მსახურება

ამბობენ, რომ ღმერთი იქაა, სადაც ცხოვრება ყველაზე რთულია. მაგალითად, კოლონიაში, ჰოსპისში, ონკოლოგიურ განყოფილებაში… მე ასე არ ვფიქრობ – ღმერთი ყველგანაა, სადაც კი ეძებენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი ბევრი მაძებარია.

შესაძლებელია, ადამიანი რწმენამდე მიიყვანო, მაგრამ ამისთვის საქმეა საჭირო. როგორ სწავლობს წერას ბავშვი? თავდაპირველად, რაღაცეებს ჯღაბნის, არადა უკვე მთელი სიტყვის დაწერა შეუძლია. ასეთია სულიერი ცხოვრებაც. გვაქვს მარხვა, ღვთისმსახურება, საეკლესიო წესები. ღმერთთან მისასვლელად, საჭიროა მათი დაცვა.

მექანიკურად, ძალდატანებით, მაგრამ ყოველდღიურად. კვირაობით ეკლესიაში სიარული, მარხვისას ხორზე და რძეზე უარის თქმა. ნაყოფსაც მიიღებთ, ხუთ-ათ წელიწადში; ნათელი გახდება, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი. თუმცა, ამ ყველაფრის დაძალება არ შეიძლება – ყველაფერი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. კოლონიაშიც ასეა: ტაძარში მოდიან ისინი, ვისაც ეს სურს.

დახმარება თავისუფლებაზე

ჩვენს კოლონიაში პატიმრები მთელი ქვეყნიდან იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებიდან. ამიტომ, მიჭირს ჩემი მრევლის ბედის გაგება. ისინი კოლონიას ტოვებენ და ჩვენ ერთმანეთს აღარ ვხვდებით, თუკი ამას თავად არ მოინდომებენ.

ყოფილა შემთხვევები, როცა გათავისუფლების შემდეგ ჩემს ეკლესიაში მოდიოდნენ, სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ. გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ ეკლესიაში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა საქმეში გვეხმარებოდნენ.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში რეაბილიტაცია ასეა მოწყობილი – არ არსებობს ერთიანი ცენტრი, არსებობს ცალკეული ტაძარი. გათავისუფლების შემდეგ, ადამიანი მშობლიურ მხარეს უბრუნდება. ჩვენი ამოცანაა, რომ იქ იგი აუცილებლად მივიდეს მღვდელთან. თუ რამე კითხვა ან პრობლემა აქვს, აუცილებლად დაეხმარებიან.

პატიმრებს ჩვენი ეკლესიის მრევლიც ეხმარება. აღდგომისას, ბიჭებს კვერცხებს, პასკებს და ტკბილეულს უგზავნიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესასწაული ჩემი და თქვენი სახლებით არ შემოიფარგლება.

როცა ურთიერთობის ან დახმარების თხოვნით წერილს მიგზავნიან, ჩვენს ტაძარში არსებულ სპეციალურ კონვერტში ვათავსებ. ნებისმიერს შეუძლია, აიღოს ეს წერილი და ადამიანს კეთილი სიტყვით ან თბილი ტანსაცმლის გაგზავნით დაეხმაროს.

როცა ყველაფერი კარგად არის, ხდება, რომ გულქვები ვხვდებით. მსჯავრდებულებთან ურთიერთობა გაფხიზლებს, ადამიანი თითქოს თავიდან იბადები და მარტო საკუთარ თავზე აღარ ფიქრობ. ჩვენს დროში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

Взгляд Изнутри“-ის მასალის მიხედვით

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button