რელიგია

ერთმორწმუნე რუსეთი

     საქართველო და რუსეთი ისტორიულად ქრისტიანული ქვეყნებია, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ წინაპართა მრწამსს და საქრისტიანო თემში მოიაზრებიან როგორც მართლმადიდებელი (ორთოდოქსი) ქრისტიანები. ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებობდა მჭიდრო რელიგიური კონტაქტი, რომელიც არ განსხვავდებოდა იმ პოლიტიკური ურთიერთობებისგან, რომლებსაც რუსეთი საქართველოში აწარმოებდა, კერძოდ, ერთმორწმუნე იმპერია ცდილობდა საქართველოს საკათალიკოსოს განადგურებას, ავტოკეფალიის გაუქმებას, წირვა-ლოცვის და საგალობლების რუსულ ენაზე წართმართვას და მოგვიანებით რწმენის ლიკვიდაციას.

ქართული სამღვდელოება 1923 წელს

     რუსეთის სინოდზე საქართველოს საკათალიკოსოს დაქვემდებარების პირველი მცდელობა მეფე ერკლეს II-ის დროს მოხდა. 1783 წელს მის მიერ ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლის მიხედვით, ქართველ კათალიკოს-პატრიარქს უნდა დაეკავებინა რუსეთის მღვდელმთავრებს შორის მერვე ადგილი ტობოლსკის ეპარქიის მღვდელმთავრის შემდეგ. ამ მუხლის მიხედვით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი იქნებოდა აგრეთვე რუსეთის სინოდის მუდმივი წევრი. რეალურად, საქართველოს ეკლესია ხდებოდა რუსეთის საპატრიარქოს ნაწილი. თითქოსდა უმნიშვნელო პუნქტი იქცა საქართველოს ავტოკეფალიის ჩამორთმევის ყველაზე დიდ მიზეზად. იმდროინდელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I მიიწვიეს რუსეთში. რუსეთში ჩასულ კათალიკოსს მიანიჭეს ეგზარქოსის ტიტული და აკურთხეს რუსეთის სინოდის წევრად. ამ ფაქტის მიხედვით საქართველოს საკათალიკოსო ოფიციალურად ექვემდებარებოდა რუსეთის საპატრიარქოს რაც წარმოადგენდა საქართველოს რუსეთიზაციის პირველ ნაბიჯებს. რუსეთში დამწყვდებულმა კათალიკოსმა ანტონმა გააპროტესტა საქართველოს რელიგიური დამონება, რის გამოც იგი გადაასახლეს და შემდეგ მოკლეს. ამას მოჰყვა 1811 წელს საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმება.

 

გეორგიევსკის ტრაქტატი

   

      1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში და 2 გურიაში, ხოლო 1900-იანი წლებისთვის ვითარება მკვეთრად შეცვლილიყო. საქართველოს საკათალიკოსოს დაქვემდებარებაში იყო მხოლოდ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში . ამავე წელს დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. 1818 წლიდან ქართლის, კახეთის და მცხეთის საეპარქიოები გადაეცა რუს ეგზარქოსს, რომელმაც მრევლის ენაც კი არ იცოდა.

     თუ ქრისტიანული ავტოკეფალური სახელმწიფო დაარღვევს ზოგად ქრისტიანულ წესთა რომელიმე პუნქტს, ან მწვალებლური სწავლებით ჩაანაცვლებს ქრისტიანულ სწავლებას, ან თუ მათი სულიერი წინამძღოლი შეიცლის რელიგიას, ასეთ მძიმე შემთხვევებში იკრიბებიან მაღალიერარქიული სასულიერო პირები, როგორიცაა ანტიოქიის კათალიკოსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი და სხვა მღვდელმთავრები, და წყვეტენ მოცემული ქვეყნის ავტოკეფალურობის საკითხს, ხოლო რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ავტოლკეფალიის ერთპიროვნულად გაუქმება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონიკურ სამართალს. ასევე ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია უარი თქვას ავტოკეფალიაზე თავიანთ მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილების ძალით, მაგარამ საქართველოს საპატრიარქოს ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ავტოკეფალიის მისაკუთრება იყო პოლიტიკური ნაბიჯი. რუსეთის საპატრიარქო ქრისტიანულ მრწამსზე მეტ მნიშვმელობას პოლიტიკას ანიჭებდა და არც არის გასაკვირი მოგვიანებით რუსეთის ეკლესია სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ რომ მოექცა.

კათალიკოსი ამბროსი (ხელაია)

     ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთი საქართველოს წინამძღოლად რუს ეგზარქოსებს აყენებდა, რომლებიც მეტად შეუმწყნბლები აღმოჩნდნენ საქართველოსთვის. ავტორი წიგნისა ,,საეკლესიო საკითხები რუსეთში“ რუს ეგზარქოსებს შემდეგნაირად აღწერს: “თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუს ეგზარქოს-უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ: ევსევი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 200 ათასი მანეთი დატოვა; პავლე, კვერთხშემართულმა ივერიის ეკლესია რომ დაწყევლა და თვითონ, ხალხისგან შეჩვენებული, საქართველოდან გამოიქცა…”. რუსი ეგზარქოსების დროს იხურებოდა მონასტრები, იკრძალებოდა ქართულად წირვა, ქრთამის სანაცვლოდ რუსი ეგზარქოსები სათავისოდ იყენებდბენ ქართველ სასულიერო პირებს, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უმოწყალოდ სჯიდნენ. მეფის რუსეთის დროს საქართველოს რუსი მეფისნაცვალი მართავდა, ამიტომ ხალხის ძირითად საყრდენ და იმედს რელიგია წარმოადგენდა, რაც რუსი ეგზარქოსებისთვის ნათელი იყო, ამიტომ ისინი ცდილობდნენ დაეკნინებინათ და ძირი გამოეთხარათ ქართული ეკლესიისთვის. როდესაც ქართველი მოსახლეობა ხედავდა გადაბირებულ სასულიერო პირებს, დახურულ ეკლესიებს, და რუსულ ენაზე ისმენდა წირვა-ლოცვას, ბუნებრივია, უჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისევ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც ქართულ რელიგიურ ყოფას უფრო ამძიმებდა. რუსი ეგზარქოსები ქართულ ისტორიულ საეკლესიო სიწმინდეებს, როგორც საკუთარ ნივთებს ისე ყიდდნენ, მაგალითად ეგზარქოსმა ევსევი ილინკიმ გელათის ეკლესიის სალაროდან მოიპარა მე-11 საუკუნის უძველესი ქართული სახარების ოქროს მოჭედილობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის იყო ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. რუსეთის საპატრიარქო აქტიურად ძარცვავდა საქართველოს საკათალიკოსოს, ქართველთა ზარალი კი 150 მილიონ მანეთს აღემატებოდა, მაგრამ ნაძარცვში იყო არაერთი შეუფასებელი ნივთი, მაგალითად იმერელ კათალიკოსთა მოოქროვილი შესამოსელი, რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო შეკერილი,ხოლო სამოსის მიტრაზე დამაგრებული იყო უნიკალური ჯვარი,   რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის სამეფო გვირგვინს ამშვენებდა.

 

 

ბოლშევიკები ანგრევენ ქუთაისის საკათედრო ტაძარს

      არაოფიციალური წყაროების მიხედვით მართლმადიდებლური                                                                           ეკლესიის ავის მოსურნე ეგზარქოსმა პავლემ, რომლის სახელსაც უკავშირდება 340-ზე მეტი მოქმედი ეკლესიის დახურვა, ქართული ეკლესია შეაჩვენა, რასაც ქართველი ხალხის პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრიდან. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს წერილი მისწერა ეგზარქოსს, სადაც იგი მას სთხოვდა ან “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”. ამ წერილის გამო ქართველი აზნაური პეტერბურგში დაიბარეს, სადაც სასტუმროში მოკლეს.

     რუსები აქტიურად ილაშქრებდნენ კავკასიის ერთიანობის იდეის წინააღმდეგ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბევრი ქრისტიანი იყო აფხაზთა, ჩერქეზთა, აბაზგთა, ლეკთა და სხვა მთიელთა შორის, მაგრამ მათ წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებით, რუსებმა ყველა ეს ეროვნებები ქრისტიანულ რელიგიას დაუპირისპირეს, რათა კავკასია საერთო რელიგიის საფუძველზე არ გაერთიანებულიყო. ქართველების მეზობლად გორის მაზრაში მცხოვრები ოსები ოდითგანვე იყვნენ შეჩვეულნი ქართულ ღვთისმსახურებას და უმრავლესობა თავისუფლად ლაპარაკოდა ქართულად. ისინი რომ ქართველებისგან განეცალკევებინათ, ეგზარქოსებმა ოსურ ეკლესიებში (რომლებიც 50-60-მდე იყო) ოსურ ენაზე დაიწყეს ღვთისმსახურება და იგი იმდენად დაამახინჯეს, რომ ოსები აღშფოთდნენ და ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს.

     რუსები უმოწყალოდ ექცეოდნენ გადაუბირებელ უჩინმედლო მღვდლებს. მეფის რუსეთის დროს დახვრიტეს მრავალი ბერ-მონაზონი, მაგალითად იმერეთის მღვდელმთავარი და ბოსლევის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი როსტომ დიდი (მანჯავიძე). იგი შემჩნეული იყო იმდროინდელ პატრიოტ აბრაგთან, გრიგოლ აბაშიძესთან თანადგომაში, რის გამოც იგი წირვის შემდეგ მონასტრის ეზოში ჩაცხრილეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბოსლევის ეკლესია დაიხურა და აღარ ფუნქციონირებდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ასევე განთავისუფლდა საქართველოს ეკლესია, მაგრამ ფორმალურად რუსეთი მაინც არ აღიარებდა ჩვენს ავტოკეფალიას. სამ წლიანი დამოუკლიდებლობის დასასრულს, როდესაც რუსებმა მოახდინეს საქართველოს ხელმეორე ოკუპაცია, საქართველო საპატრიარქოსთვის უმძიმესი ჟამი დაიწყო.

 

მარცხნიდან მარჯვნივ: ამბროსი ხელაია, ანტონ გორჯაძე და კალისტრატე ცინცაძე

   

      1921 წლის თებერვლიდან, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისთანავე, კომუნისტები ეკლესიისა და ქართველი ხალხის რელიგიური რწმენის ნგრევას შეუდგნენ. კომუნისტებმა რელიგიის დაკნინება მეფის რუსეთის მმართველობას გადარჩენილი საეკლესიო ქონების ჩამორთმევით დაიწყეს. ეკლესიების დიდი ნაწილი ან მთლიანად დაანგრიეს, ან სამთავრობო შენობად, კომუნისტური პარტიის ოფისად, საწყობად, კლუბად, თეატრად, აბანოდ, სპორტულ დარბაზად ან გომურად გადააკეთეს. არაერთი უძველესი სალოცავი, საკათედრო ტაძარი, ეკლესია, მონასტერი, რომელსაც ყველა ქართველი ეთაყვანებოდა, განადგურდა და შეიბღალა. მათ შორისაა მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერი; ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი; თბილისის საკათედრო ტაძრები; ნიკორწმინდა; ბედია; მოქვი და მრავალი სხვა. კომუნისტები ეკლესიის გუმბათებიდან ჯვრებს ხსნიდნენ და ლენინის ბიუსტებს აღმართავდნენ. ყველა ჯვარი, ზარი, ჩუქურთმა, ხატი და სხვა საეკლესიო ნივთები რუს დამპყრობლებს რუსეთში გაჰქონდათ, სადაც ადნობდნენ და უკარგავდნენ ისტორიულ, უნიკალურ ელფერს.

     საქართველოს ოკუპაციისთანავე დაფუძნდა ,,მებრძოლ ათეისტთა საბჭო“ , რომლისთვისაც დიდი ოდენობის თანხები გამოიყო, რათა მათ გაეწიათ ანტირელიგიური პროპაგანდა, რომელიც დაფუძნებული იყო ლენინის მიერ წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებზე: „რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია სულის არაყივითაა, რომელშიც კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს და ღირსების გრძნობას კარგავენ.“
საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარებამდე ათასობით ეკლესია ფუნქციონირებდა, ხოლო 1922 წელს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ დაიჩივლა, რომ საქართველოში 1500 ეკლესიაღა ფუნქციონირებდა. 29 წლის შემდეგ, 1951 წელს კი  თბილისსში  

კათალიკოსი კალისტრატე (ცინცაძე)

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან, ჰალისონ სოლზბერისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ 100 მოქმედი ტაძარი შემორჩენილიყო. იკრძალებოდა რელიგიური რიტუალები. დაუშვებელი იყო, მაგალითად ბავშვების მონათვლა ან ეკლესიაში ჯვრის წერა (ეს აკრძალვა შემსუბუქდა მეორე მსოფლიო ომის დროს).
კომუნისტები აკონტროლებდნენ სკოლებს. შობის, აღდგომის ან სხვა რელიგიური დღესასწაულის შემდეგ, რომელიმე ბავშვი თუ გამოტყდებოდა, რომ მისმა ოჯახმა იდღესასწაულა, მისი ოჯახი დეპორტაციით ისჯებოდა (ეს დასჯის მეთოდი არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე). აქტიური კომ.კავშირლები აკონტროლებდნენ ტაძრებსა და ინიშნავდნენ მომლოცველებს, ხოლო შემდეგ მათ სიას თავიანთ ზემდგომებს გადასცემდნენ. წარმატებით მუშაობდა „დაბეზღების“ ინსტიტუტი, რომელშიც ერთიანდნებოდნ
ენ კომუნისტი მოსწავლეები. მათ ევალებოდათ თავიანთ ზემდგომთათვის მოსწავლეებზე ინფორმაციის მიწოდება, რის გამოც ისინი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ სკოლაში. სკოლებში არ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია.

     ქართველ სასულიერო პირთა დევნა ოკუპაციის პირველი დღიდან დაიწყო. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დაიჭირეს, გადაასახლეს, აწამეს, სიკვდილით დასაჯეს ან უბრალოდ მოკლეს. კომუნისტები ჩადიოდნენ სოფლებში და მოსახლეობას ერთად კრეფდნენ. პროპაგანდისტები აქტიურად ილაშქრებდნენ რელიგიის წინააღმდეგ, ხოლო მათი პროპაგანდა ვერ სცდებოდა სიტყვებს: „ რელიგია ოპიუმუა, ხალხის საწამლავი“. საუბრის დასასრულს 10-15 თავიანთი აგენტი იწყებდა ყვირილს: მღვდელი, მღვდელი, მოიყვანეთ აქ მოღალატე. გაკოჭავდნენ მღვდლებს და სახალხოდ სცემდნენ, აწამებდნენ, ცეცხლით წვერს უწვავდნენ, ხოლო ვინც პროტესტს გამოთქვამდა ადგილზე ხვრეტდნენ.

     სასტიკმა დევნამ ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოების სული. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ არცერთ სასულიერო პირს არ დაუტოვებია ქვეყანა. ყველა მათგანმა მრევლთან დარჩენა და მათი ბედის გაზიარება არჩია. მათ შორის იყო ქართული ეკლესიის მამამთავარი, კათალიკოსი ლეონიდე. იგი იმავე წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქართველოს საეკლესიო საბჭომ კათალიკოსად ამბროსი ხელაია აირჩია. 1922 წლის თებერვალში კათალიკოსმა ამბროსიმ მემორანდუმითა და თხოვნით მიმართა გენუას კონფერენციას. მან აღწერა ის საშინელი პირობები, რომელშიც წითელი არმიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქართველ ხალხს უხდებოდა ცხოვრება. კათალიკოსმა ამ ფორმით დახმარება სთხოვა ცივილიზებულ სამყაროს. ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე კომუნისტებმა იგი დააპატიმრეს და ერთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს. როდესაც კომუნისტებმა ჩათვალეს, რომ კათალიკოსი ამბროსი გატეხეს, მაშინ მას საჯარო სასამართლო მოუწყეს. შეუძლოდ მყოფმა და ასაკოვანმა პატრიარქმა ისეთი სულიერი სიმტკიცე და გამბედაობა გამოვლინა, რომ მისი სასამართლო ეკლესიისა და ქართველი ხალხის ზნეობრივი გამარჯვებით დასრულდა. კათალიკოსმა ამბროსიმ სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, მძორი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალნო!“. კომუნისტებმა კათალიკოსი ამბროსის სიკვდილით დასჯა ვერ გაბედეს, მაგრამ ციხეში დააბრუნეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

კათალიკოსი კირიონი (საძაგლიშვილი)

     ამბროსი არ ყოფილა ერთადერთი პატრიარქი, რომელსაც კომუნისტები უმოწყალოდ მოექცნენ. მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტ სოლზბერს ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება სურდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ 1952 წლის თებერვალში კათალიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა. ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლეს ქუთაისის მთავარეპისკოპოსი ნაზარი. აგრეთვე 1918 წელს მოკლეს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი და ხალხში გაუვრცელეს, თითქოს მან თავი მოიკლა.

     მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში რუსეთის საპატრიარქოს დიდი ნაწილი ამერიკაში იყო გახიზნული. ისინი არ აღიარებდნენ რუსეთის საპატრიარქოს, რის გამოც რუსეთს დასჭირდა სხვა ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება. 1943 წელ სტალინის პოლიტიკური გადაწყვეტილებით რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ავტოკეფალურობა, რათა შემდეგ საქართველოს საკათალიკოსოს ეღიარებინა რუსეთის საპატრიარქოს ავტოკეფალურობა. სამწუხაროდ, ერთმორწმუნე მეზობელმა არ სცნო საქართველოს ეკლესიის სიძველე და დღემდე საქართველოს ავტოკეფალიის თარიღად 1943 წელს მიიჩნევს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ღვაწლით კონსტანტინეპოლის ეკლესიამ აღიარა საქართველო როგორც ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც აღუდგა წართმეული ავტოკეფალია.

      ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ საქართველოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. რუსებმა მოკლეს ასეულობით სასულიერო პირი, მიითვისეს ჩვენი საგალობლები, შებღალეს ისეთი სიწმინდეები, რომელთა წაბილწვა ურჯულო მტერმაც ვერ გაბედა, მაგრამ მათში ერთი ნათელი გონების კაცი გამოერია, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სიმართლეს და ჭეშმარიტებას ემსახურებოდა. ეს ადამიანი ,,ქართული ეკლესიის ბედის“ ავტორი, ნიკოლოზ დურნოვოა, რომელიც 1908 წელს რუსულ გაზეთ ,,რუსკი სტიაგში“ წერს: ,,მართლმადიდებელი, წმიდა ეკლესიის ყოველი ქომაგი ქედს იხრის გამბედავი ქართველი ეპისკოპოსების, ხალხის მოთხოვნათა და სურვილთა, მათი ჯვარმოსილი ეკლესიის წინაშე, რომელიც თავისი გმირობებითა და მოწამეობით კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის დონეზე დგას, ეს მაშინ, როდესაც მისი მეზობელი სომხები, არა მარტო მართლმადიდებელთა გასაჭირი გახდნენ, არამედ, ამ ბოლო დროს, რომის ეკლესიას უახლოვდებიან“.

 

ნიკოლოზ სანიკიძე

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button