კულტურასაზოგადოება

ბერძნები საქართველოში

ქართველებსა და ბერძნებს უხსოვარი დროიდან ჰქონდათ კავშირები, რასაც ოქროს საწმისის მითიც მოწმობს. ბერძნების პირველი დასახლება საქართველოში შავი ზღვისპირეთის კოლონიზაციას უკავშირდება, სადაც მათ ბერძნული ახალშენები (ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი და ა.შ.) დააარსეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, მოხდა მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია.

დღევანდელი ბერძნების წინაპრები საქართველოში რამდენიმე ეტაპად შემოვიდნენ და ძირითადად წალკის რაიონში დასახლდნენ. მათი შემოსვლა უკავშირდება 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომს, რომლის დროსაც ქრისტიანები იდევნებოდნენ და ჩრდილო აღმოსავლეთის ვილაიეთებიდან ამიერკავკასიის რეგიონში მოუწიათ მიგრირება. ისინი ძირითადად ქართულ ნასოფლარებს ირჩევდნენ, სახლდებოდნენ და იყენებდნენ მიტოვებულ წისქვილებს, კარაქის სადღვებებს და ა.შ. სოფლებს კი მშობლიური სოფლების სახელებს არქმევდნენ, მაგალითად, თეზს – ავრანლო, წალკას – გუნიაკალა, კოხთას – სანამერი, ქვემო ახალშენს – კირაკი, ზემო ახალშენს – ბაშკოი, ეძვენა-სოფელს – შიპიაკი, უწყლოს – სანტა, გველფარეხას – კუშჩი, საბატეს – დარაკოვი…

საქართველოში მცხოვრები ბერძნები ძირითადად ორ ჯგუფად: ბერძნულენოვნებად (ელინოფონები) და თურქულენოვნებად (ურუმები) იყოფოდნენ. ელინოფონები საუბრობდნენ პონტოს კილოკავზე და ცხოვრობდნენ: სანტაში, ნეოხარაბაში, გუმბათში, ტარსონში (წალკის რაიონი), საკირეში, გორაში (დმანისის რაიონი), ივანოვკაში, დიდსა და პატარა ირაგაში, ჯიგრაშენში, ვიზიროვკაში, ალექსეევკის ნაწილში (თეთრიწყაროს რაიონი), ოფრეთში (მარნეულის რაიონი), მიქელწმინდაში (ახალციხის რაიონი), ციხისჯვარში (ბორჯომის რაიონი). ასევე, აფხაზეთსა და აჭარაშიც. რაც შეეხებათ ურუმებს, ისინი ძირითადად წალკის რაიონში ცხოვრობდნენ.

ბათუმელი ბერძნები | ფოტო: konkursi2013.wordpress.com

რელიგიურად ბერძნები ძირითადად ქრისტიანები, კერძოდ მართლმადიდებლები იყვნენ. მათთვის XIX საუკუნის 40-იან წლებში 12 სამრევლო დაარსდა. აღსანიშნავია, რომ მათ მზა სალოცავები დახვდათ, რომლებიც არც კი გადაუკეთებიათ ისე აქციეს საკუთარ სამრევლო ტაძრებად.

ბერძენთა ძირითად უძრავ ქონებას მიწები წარმოადგენდა, რომლებიც დღემდე შენარჩუნებული აქვთ. ისინი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეწეოდნენ. ოჯახის ყველა მამაკაცი წევრი იღებდა სეზონურ ხვნა-თესვაში მონაწილეობას. სოფლის მეურნეობისადმი ასეთი დამოკიდებულება ბერძნებმა დღემდე შეინარჩუნეს და საქართველოში მცხოვრები ბერძენთა უმეტესობა კვლავ ამ საქმიანობას ეწევა.

ბერძენი ქალები და ბავშვები იღებენ ჩაის მოსავალს საქართველოში,ჩაყვა, 1905–1915 წლების პერიოდი.ფოტოგრაფი – სერგეი მიხაილოვიჩ პროკუდინ–გორსკი. | ფოტო: konkursi2013.wordpress.com

1930-იან წლებში საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა საქართველოში გახსნილი ბერძნული მოქმედი ბერძნული სკოლები, თეატრები, ტიპოგრაფიები, პედაგოგიური ტექნიკუმები. 40-იან წლებში კი პონტოელი ბერძნები შავი ზღვისპირეთიდან გადაასახლეს. ვითარების გაუმჯობესება 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც დაარსდა  კომკავშირის თბილისის ქალაქკომში ბერძნული სექცია, რომელიც, ფაქტობრივად, ბერძნული ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო.

ბერძნები ჩამოსახლებიდან საკმაოდ მოყოლებული საკმაოდ სტაბილურად ვითარდებოდნენ. იზრდებოდა მათი რაოდენობაც. 1926 წელს საქართველოში 54 000 ბერძენი ცხოვრობდა. მათი რიცხვი 1990-იან წლებამდე იზრდებოდა. 1989 წლის მონაცემებით კი საქართველოში უკვე 100 000 ბერძენი იყო დასახლებული. ბერძნების რაოდენობის კლება გამოიწვია განსაკუთრებულმა აქტიურობამ სამშობლოში დაბრუნების საკითხში, რაშიც საბერძნეთის მთავრობაც უწყობდა ხელს. მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს სწორედ ბერძნული მთავრობის ძალისხმევით, აფხაზეთში მცხოვრები თითქმის 14 700-ვე ბერძენი დააბრუნეს სამშობლოში.

ამჟამად საქართველოში 15 000-მდე ბერძენიღაა დარჩენილი. მათგან თბილისში ცხოვრობს 3 800, აჭარის ტერიტორიაზე – 2 200, ქვემო ქართლში კი – 7 500.

1990-იანი წლების დასაწყისში ბერძნების ემიგრაციას ხელი შეუწყო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილმა ატმოსფერომ, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, ისინი მომავალს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ასევე, ხშირი იყო კრიმინალის დონე მათ წინააღმდეგ, იყო გაქურდვების, უძრავი ქონების მითვისებისა და მკვლელობების შემთხვევებიც, თუმცა ბოლო პერიოდში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად სიტუაცია დარეგულირდა.

ამ პრობლემების გამო წალკის რაიონი თითქმის სრულად დაიცალა ბერძნებისგან და ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სახელმწიფო ენის არცოდნა. საკომუნიკაციოდ ძირითადად რუსულს იყენებენ, ამიტომ უჭირთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სრულად აღქმა და მათი ჩართულობა. ახალგაზრდები კი ვერ ხედავენ ამ რეგიონში განვითარების პოტენციალს, ამიტომ არ სწავლობენ ქართულს. სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ბერძნებით დასახლებული წალკის რაიონი სპეციფიკური პრობლემებითა და განსაკუთრებით მძიმე კლიმატური პირობებით გამოირჩევა. უმუშევრობის დონეც მაღალია, ამიტომ, ძირითადად, საბერძნეთიდან ნათესავების გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით ირჩენენ თავს. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ვითარება ნელ-ნელა უმჯობესდება, რაზეც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროექტებიც მეტყველებენ.

ბერძნები წალკიდან. 1949 წელი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან, ნატალია ვაწაძის კოლექცია. | ფოტო: netgazeti.ge

გამოჩენილი ბერძნებიდან აღსანიშნავია მთელ საბჭოთა კავშირში განთქმული სახალხო არტისტი, დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი და საქართველოში ემიგრირებული მომღერალი ანასტასა ბაკალადი.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button