ავტოსპორტისპორტი

მავერიკ ვინიალესმა მალაიზიის გრან პრი მოიგო

2019 წლის სეზონში, მავერიკ ვინიალესმა Monster Energy Yamaha-ს მეორე გამარჯვება მოუტანა, „ასენზე“ რბოლის შემდეგ, როცა მალაიზიის გრან პრის დისტანციის უმეტეს ნაწილს ლიდერობდა.

რბოლის უმთავრესი მოვლენები სტარტზე გადაიშალა, როცა პოულის ავტორი, ფაბიო კვარტარარო (Petronas Yamaha SRT) მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მარკ მარკესი (Repsol Honda) კი, ორი მოსახვევის შემდეგ, მეთერთმეტედან მეექვსეზე გადავიდა. მოულოდნელად, ლიდერი Pramac Racing Ducati-ს მრბოლელი, ჯეკ მილერი გახდა, რომელსაც უკუ სწორ მონაკვეთზე ჯერ ვინიალესმა, შემდეგ კი მარკესმა გაასწრო. მთავარ რბოლამდე ცოტა ხნით ადრე, მარკმა საკუთარ უმცროს ძმას, ალექსს Moto2-ში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

ლიდერობისთვის ბრძოლა რბოლაში არ გამოვიდა-ვინიალესი შეცდომებს არ უშვებდა და ნელ-ნელა წინ მიიწევდა, ფინიშთან უპირატესობა სამ წამამდე გაზარდა. მარკ მარკესი, მშვიდად, ფინიშთან მეორე მივიდა. მესამე ადგილისთვის პაექრობის დროს, ანდრეა დოვიციოზომ (Ducati Team) Monster Energy Yamaha-ს რაიდერის, ვალენტინო როსის და Team Suzuki ECSTAR-ის მრბოლელის, ალექს რინსის ზეწოლას გაუძლო.

პირველი რიგიდან სტარტის შემდეგ, Petronas Yamaha-ს რაიდერებმა რბოლა მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე დაასრულეს, თანაც ფრანკო მორბიდელი კვარტარაროზე წინ აღმოჩნდა. ფინიშის შემდეგ ფრანგი მოტომრბოლელი საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანდა. პირველ წრეებზე ჯეკ მილერმა მარკესის წინააღმდეგ გაიბრძოლა, მაგრამ შემდეგ, რინსთან კონტაქტმა მერვე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

Top-ათეული დანილო პეტრუჩიმ (Ducati Team) და ხოან მირმა (Team Suzuki ECSTAR) „დახურეს“. ესპანელი რაიდერი ფრანგ ჟოან ზარკოსთან (LCR Honda) შეჯახების გამო დაჯარიმდა. ეს უკანასკნელი კი ქულათა ზონაში იმყოფებოდა, სანამ დაეცემოდა.

MotoGP-ის წლევანდელი სეზონის ფინალური ეტაპი ვალენსიაში, 16-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც გუნდურ ჩათვლაში ტიტულის მფლობელი გამოვლინდება-მანამდე კი Ducati Honda-ს 2 ქულით უსწრებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button