ავტოსპორტიფილმები

პოლ ნიუმენმა ფილმში -WINNING ოცნება აისრულა

,,Winning” (,,გამარჯვება“) არის 1969 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს პოლ ნიუმენი, ჯოან ვუდვორდი და რობერტ ვაგნერი ასრულებენ. ფილმის რეჟისორია ჯეიმს გოულდსთოუნი, პროდიუსერი-ჯონ ფორმენი. სცენარი ეკუთვნის ჰაუარდ როდმენს. ფილმის მუსიკა კი დეივ გრუზინს. ფილმში მოთხრობილია ავტომრბოლელზე, რომელიც „ინდიანაპოლისის 500 მილზე რბოლის“ მოსაგებად ისწრაფვის. აქ რამდენიმე რეალური ავტომრბოლელი და რბოლებთან დაკავშირებული ხალხი ჩნდება, მათ შორის ბობი ანზერი, ტონი ჰალმენი, ბობი გრიმი, დენ გერნი, როჯერ მაქლასქი და ბრიუს უოქაფი.

სიუჟეტის მონახაზი

პროფესიონალი ავტომრბოლელი ფრენკ კაპუა (პოლ ნიუმენი) ქმარს ახლადგაცილებულ ქალს, ელორას (ნიუმენის მეუღლე სინამდვილეში ჯოან ვუდვორდი) ხვდება. მძაფრი რომანის შემდეგ, ისინი ქორწინდებიან. ჩარლი (რიჩარდ თომასი), ელორას ვაჟი პირველ ქმართან, ფრენკს დაუმეგობრდება და რბოლებისთვის მანქანების მომზადებაში ეხმარება, მაგრამ ფრენკი მთელ თავის დროს ავტოსპორტს უთმობს და მეუღლეს უყურადღებოდ ტოვებს. თავის მხრივ, ელორა რბოლებში ფრენკის უმთავრეს მეტოქეს, ლუთერ ერდინგს (რობერტ ვაგნერი) ხვდება. ფრენკი მათ სასიყვარულო სცენას შეესწრება და ქარიშხალივით გამოვარდება. წყვილი დაშორდება, მაგრამ ფრენკი ჩარლის მაინც რეგულარულად ნახულობს. ფრენკის სიმწარე უფრო მეტად დააკავშირებს მას უმთავრეს სამუშაოსთან და უფრო მეტად აგრესიული პილოტი გახდება. „ინდიანაპოლისის 500 მილზე რბოლას“ ელორა და ჩარლი თვალყურს ადევნებენ და ხედავენ როგორ იგებს ფრენკი თავისი ცხოვრების უმთავრეს შეჯიბრებას. გამარჯვების შემდეგ, ფრენკი საზეიმო წვეულებას ესწრება. მას მიმზიდველი ქალები გარს ეხვევიან, მაგრამ არ აინტერესებს ეს და გაეცლება იქაურობას. ლუთერი ფრენკს პოულობს და ბოდიშს მოუხდის ნამოქმედარის გამო, მაგრამ ფრენკი მას სცემს. ფრენკი ელორას ეწვევა და თხოვს, რომ ყველაფერი ხელახლა დაიწყონ. ელორა მერყეობს. ფილმი ცივად მთავრდება, რადგან წყვილი ვერ გარკვეულა ურთიერთობაში, სამაგიეროდ, ფრენკ კაპუა Indy-500-ის გამარჯვებულია.

მზადება

ფილმისთვის მზადების პერიოდში, ნიუმენმა და ვაგნერმა ჯიმ რასელის სარბოლო სკოლის კურსები „უოტკინს გლენის“ ავტოდრომზე გაიარეს. მათი მწვრთნელები იყვნენ ბობ შარპი და ლეიკ ანდერვუდი. სახელოვანი მსახიობი სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ავტოსპორტით და სულ მალე შეჯიბრებებზეც კი გამოვიდა, როგორც პროფესიონალი ავტომრბოლელი. მიუხედავად იმისა, რომ ნიუმენი სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა, მან სუპერლიცენზია მაინც მიიღო. პოლ ნიუმენი სიცოცხლის ბოლომდე ასპარეზობდა არა მარტო ამერიკის ტერიტორიაზე გამართულ, არამედ საერთაშორისო დონის რბოლებშიც. ნიუმენი 2008 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა. „ინდიკარში“ მან მეგობარ კარლ ჰაასთან ერთად ძალზე წარმატებული გუნდი-Newman-Haas Racing შექმნა. შედეგად, მისმა გუნდმა ასზე მეტი რბოლა  და ჩემპიონის 8 ტიტული მოიგო. სწორედ „ნიუმენ-ჰაასის“ ბოლიდით მოიგო ჩემპიონის ტიტული ინგლისელმა ნაიჯელ მენსელმა 1993 წელს.

ფილმში „ინდიანაპოლისის მოტორ სპიდვეიზე“ გადაღებული რეალური კადრებიც არის. 2.5 მილის სიგრძის ტრასაზე 1968 წელს ჩატარებული რბოლის მრავალი კადრია გადაღებული. მაშინ ბობი ანზერმა იმარჯვა, Eagle-Offenhauzer-ის ბოლიდით. სტარტის შემდეგ პირველი ავარია კი 1966 წელს არის გადაღებული, როცა გამარჯვება ინგლისელმა გრემ ჰილმა მოიპოვა, Lola-Ford-ით.. ფილმის გამოშვების წელს, 1969 წელს „Indy-500“ მარიო ანდრეტიმ მოიგო, Hawk-Ford-ით.

Borg-Warner Trophy „ინდი-500“-ის გამარჯვებულს 1936 წლიდან გადაეცემა, უფრო სწორად ნამდვილი პრიზის პატარა ასლი, ე.წ. „Baby Borg”. მისი პირველი მფლობელი ლუის მეიერი გახდა.

„ინდი-500“-ის ოთხგზის გამარჯვებულები არიან: ენტონი-ჯოზეფ ფოიტი (1961, 1964, 1967, 1977),  ელ ანზერი-უფროსი (1970, 1971, 1978, 1987) და რიკ მერსი (1979, 1984, 1988, 1991).

2015 წელს „Indy-500“ კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მოიგო, Penske-Dallara Chevrolet-თი. ეს იყო მისი მეორე გამარჯვება. პირველად 2000 წელს მოიგო ჩიპ განასის გუნდის G-Force Oldsmobile-ით.

ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკაში 6.2 მილიონი დოლარი შეაგროვა და იმ წელს 16 საუკეთესო ამერიკული ფილმის რიცხვში შედიოდა.

,,Winning” საინტერესო საყურებელია, მაგრამ მაინც ვერ დაუდგება გვერდით ისეთ ფილმებს, როგორიც არის ჯონ ფრანკენჰაიმერის „Grand Prix” თავისი მსახიობებით (ჯეიმს გარნერი, ივ მონტანი, ბრაიან ბედფორდი და ანტონიო საბატო) და ლი კეცინის ,,Le Mans”, რომელშიც მთავარ როლს სტივ მაკქვინი თამაშობს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button