თავისუფალი აზრი

დანაშაული, როგორც რუტინა

დღეს 2019 წლის 17 მარტია. ორას წელიწადზე მეტი გავიდა საქართველოს პირველი ოკუპაციიდან. მალე შესრულდება ასი წელი, რაც ბოლშევიკურმა ჭირმა თავის დანაშაულებრივ გზაზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც იმსხვერპლა. ჯერ კიდევ მოუშუშებელია აგვისტოს ომის მიერ მოყენებული ჭრილობა. ჯერ კიდევ ოკუპირებულია საქართველოს ტეროტიროების ოცი პროცენტი, ქართული სახელმწიფოს განუყრელი ნაწილი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.     

და მაინც, რაოდენ სამწუხაროც ეს არ უნდა იყოს, დღემდე, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, თითქოს რუსეთი უდანაშაულო თეთრი ანგელოზია, რომელსაც იმპერიალისტული შტატები „მასონებისა და სოროსის“ გავლენით ყველანაირად ებრძვიან.

ცოტა ხნის წინ, გადავწყვიტე, თანამედროვე რუსულის სახელმწიფოს ოცდარვაწლიანი ისტორიისთვის გადამეხედა; გამომერკვია, რას აკეთებდა რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. შედეგები დიდად ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ. როგორც ადრე, დღესაც რუსეთისთვის დანაშაული მხოლოდ რუტინაა.

რუსეთის მეგობრობა-მტრობაზე და კარგობა-ცუდობაზე საუბრისას, პრორუსული პოზიციის ყველაზე აქტიური და აგრესიული დამცველებიც კი აღიარებენ, რომ მართალია საბჭოთა კავშირში 37 მანეთად აქეთ-იქით ფრენა იყო შესაძლებელი, პირველი სოციალისტური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას არაერთი მინუსი ჰქონდა. ეს მცირე დათმობაა, ერთგვარი სტრატეგიული მანევრი, რომელსაც მოსდევს იმის მტკიცება, რომ დღევანდელი რუსეთი საერთაშორისო არენაზე კარგი საქმითაა დაკავებული, უსამართლობას ებრძვის, დაჩაგრულებს ეხმარება.

ამ მითის გასაქარწყლებლად, გადავწყვიტე ჩამომეთვალა და გამეანალიზებინა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები დაწყებული 1991 წლის 25 დეკემბრიდან, ანუ საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის დღიდან. პრინციპულად არ ვეხები საბჭოთა და მეფის დროს . ჯერ ერთი იმიტომ, რომ სტატიის ზომა ერთიორად გაიზრდება და შეიძლება, რიგითმა მკითხველმა მოიწყინოს. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სულ რაღაც ოცდარვა წელიწადში რუსული სახელმწიფოს თანამედროვე ფორმაციას საკმარისი ცოდვები დაუგროვდა როგორც სხვა, ასევე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.

დავიწყოთ 90-იანი წლებიდან, კერძოდ კი, 1992–1993 წლების აფხაზეთის ომით. საქართველოს ისტორიაში ზოგადად ეს პერიოდი, განსაკუთრებით კი 90-იანების პირველი წლები ტრაგიზმით არის აღსავსე. სამოქალაქო ომს დაემატა სეპარატისტული მოძრაობები, რომლებსაც აქტიურად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციამ საბჭოთა დროს კარგად ნაცადი მეთოდებით – სამხედრო მრჩეველებისა და ინსტრუქტორების, პირადი შემადგენლობის, იარაღისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებით, ხოლო შემდეგ დიდსულოვანი მედიატორის როლის თამაშით, რომელსაც თურმე თავისი უმცროსი მეგობრების შერიგება სურს.

გამოდის, რომ რუსეთის მთავრობა უხეშად ჩაერია დამოუკიდებელი სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის) შიდა საქმეებში გაეროს ან იმავე ქვეყნის მთავრობის თხოვნისა და ნებართვის გარეშე. ფაქტია, რომ რუსული მხარის ჩარევას დაპირისპირებაში გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი მაინც ჰქონდა. იმ ტრაგიკული დროის მიერ მოტანილ შედეგებს დღესაც ვიმკით: ათასობით ადამიანი, რომელმაც სახლ-კარი და სამსახური დაკარგა. ათასობით დაღუპული, მათ შორის სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირები, ქალები და ბავშვები. დღემდე გაპარტახებულია აფხაზეთი. არაფერი გასაკვირი, მხოლოდ რუსული ხელის ეფექტი.

პოსტ-საბჭოთა არენაზე რუსეთი მხოლოდ საქართველოთი როდი შემოიფარგლა. თვალსაჩინოა მოლდოვის ერთ-ერთი რეგიონის, დნესტრისპირეთის მაგალითი. 1980-იან და 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სეპარატისტული მოძრაობა გააქტიურდა და საბოლოო ჯამში, მოლდოვისგან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა კიდეც. აქაც კრემლის მიერ უკვე ბანალურად ქცეული სცენარი: რომელიღაც ეთნიკური ჯგუფი აცხადებს, რომ იჩაგრება და დამოუკიდებლობასთან ერთად, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობაც სურს. მალევე, რეგიონში ჩამოდიან მოხალისეები რუსეთიდან, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი დამთხვევის გამო კარგად შეიარაღებულნი არიან და სამხედრო საქმეც კარგად ესმით. ოჰ ეს დამთხვევები!

ეს ყველაფერი ხდებოდა არა პუტინის, არამედ ელცინის დროს, რომელსაც დღეს ლიბერალად მოიხსენიებენ და თვლიან, რომ მისი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის ინტერესებს არ ატარებდა. როგორც ჩანს, ქვეყნის ინტერესებზე და ლიბერალიზმზე მოსკოვს ყველასგან კარდინალურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს. მაგრამ, 90-იანების მიწურულს, რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თანამდებობა დატოვა და მემკვიდრედ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მაშინ კიდევ ახალგაზრდა ვლადიმერ პუტინი დატოვა. პუტინმა შოვინისტ და იმპერიალისტ წრეებს იმედები არ გაუცრუა და ელცინის პოლიტიკა არათუ გააგრძელა, არამედ წინამორბედს ბევრად აჯობა კიდეც.

გავიხსენოთ 2014 წელი, არც თუ ისე დიდი დრო გავიდა. რუსეთმა ყველანაირი მორალური თუ სამართლებრივი ნორმის დარღვევით ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს ძალიან გაუკვირდა – სხვის საქმეებში ჩარევა და სხვისი ტერიტორიის მიტაცება კრემლში უკვე ტრადიციადაა ქცეული. ეს საქციელი უფრო თავისი ცინიზმით არის შემაძრწუნებელი. ჯერ ერთი, „რეფერნდუმად“ წოდებული ცირკი, რომელზეც, თურმე, ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან შეერთების სურვილი გამოთქვა. სისულელეა. რეფერენდუმის ჩატარების დროს, ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა არაერთი სამხედრო შენაერთი. ოღონდ, ჯარისკაცებს სამხარეო ნიშნები არ ჰქონდათ – ეტობა, თავისთვის იყვნენ და არც ერთი სახელმწიფოს ინტერესებს არ ატარებდნენ. ის, რომ ეს სინამდვილეში რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენლები იყვნენ, არანაირ ეჭვს არ იწვევს; მით უმეტეს, რომ ჯერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არ ყოფილან, ხოლო ანექსიიდან რამდენიმე წლის შემდეგ მაინც აღიარა, რომ დიახ, რუსი ჯარისკაცები ყირიმში თურმე უკვე მაშინ იყვნენ, ოღონდ, მხოლოდ კეთილშობილი მიზნებით. მაგრამ, რუსეთის მიერ ყველანაირი წესის დარღვევას უკვე შევეჩვიეთ, აღარც გვიკვირს. მე უფრო მაკვირვებს ის ცინიზმი, რომელსაც კრემლი უკრაინის მიმართ ბოლო წლებში ავლენს. აგრესია საქართველოს მიმართ გასაგებია. გასაგებია სხვა ნებისმიერი ქვეყნის მიმართაც. კარგი ურთიერთობა არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყნებთან კრემლს არ ჰქონია. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთსა და უკრაინას კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. მოსკოვის ერთგული პროპაგანდისტები დღე და ღამე საუბრობდნენ ორი ერის სამუდამო ძმობაზე, ერთმანეთის მიმართ ერთგულებაზე. ცარიელი და ფუჭი სიტყვები. როგორც კი უკრაინას მცირედი პრობლემები შეექმნა, რუსეთმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა. წარმოიდგინეთ, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა გაქვთ და ერთ დღეს, როცა რაღაც შეგემთხვათ, მან აიღო და თქვენი ბინის ერთი ოთახი შეიერთა – არიქა, ჩემიაო. დაახლოებით იგივე სიტუაციაა. უბრალოდ ამაზრზენი.

კარგი, სხვები მოსკოვის ელიტას არ უყვარს, ეს უკვე გავიგეთ, ან უნდა გაგვეგო მაინც. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთში არ ადარდებთ არც საკუთარი მოქალაქეები. ბევრის მთქმელია ერთი პატარა ისტორია. პოსტდამის აღების შემდეგ, მსხვერპლის ხილვისას, თურმე, დუაიტ აიზენჰაუერს ჟუკოვისთვის უკითხავს, ეს პოსტდამი რა ჯანდაბათ გინდათ, ამდენი ხალხი რომ დაღუპეთო? ჟუკოვმა უპასუხა – „არა უშავს, რუსი ქალები კიდევ გააჩენენ“. კომენტარები ზედმეტია. თუმცა, ჩემი ყურადღება მიიქცია არა მარტო ამ ფრაზამ, არამედ არც თუ ისე დიდი ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა.

1990-იან და 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ომების გამო რუსეთი ჩეჩენი ტერორისტების სამიზნედ იქცა. საყოველთაო ცნობილი ბესლანის და სხვა ტერაქტები, მაგრამ, რთულია ვუპოვოთ ლოგიკური ახსნა ვოლგოდონსკის ტერაქტს. საქმე იმაშია, რომ 1999 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ვოლგოდონსკში საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქეს. განსაკუთრებით საინტერესო აქ ის ფაქტია, რომ 1999 წლის 13 სექტემბერს, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, გენადი სელეზნიოვმა გამოაცხადა, რომ თურმე ქალაქ ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს. აი ასე – არანირი ტერაქტი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ, დუმაში თურმე უკვე ყველაფერი იცოდნენ. სელეზნიოვის განცხადება ბევრ ეჭვს ბადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც სამართლებრივი დევნის გამო 2000 წელს ბრიტანეთში გადავიდა, თავის წიგნებში წერდა, რომ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს სახლების აფეთქებაში წამყვანი როლი აქვთ. 2006 წელს, ლიტვინენკო ლონდონში, სკრიპალებზე თავდასხმის მსგავსად, ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. უბრალო დამთხვევები ან შეცდომა? შეიძლება, ამას ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ, დამთხვევები და შეცდომები უკვე ძალიან ბევრი მოგროვდა.

ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, რატომ არ არის ნახსენები აგვისტოს ომი. არა, აგვისტოს ომი მე არ დამვიწყებია და როგორც ყველა ჩვენთაგანს, არც არასდროს დამავიწყდება. უბრალოდ, ბოლოსთვის მოვიტოვე. ჭრილობა და ტკივილი ახალია, ბევრად უფრო მტკივნეული, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ საჭიროა. ხოდა, აუცილებელია, ობიექტურად განვიხილოთ. საერთოდ, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში რუსეთმა არა მარტო დე ფაქტო, არამედ დე იურე მონაწილეობა მიიღო საომარ კონფლიქტში, როგორც ერთ-ერთმა მხარემ. და მაინც, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრისთვის კრემლმა წესიერი მიზეზის მოფიქრებაც ვერ მოახერხა. გამოაცხადეს, თითქოს ქართულმა მხარემ გაუგებარი მიზეზის გამო რუს მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოდა, თურმე ზუსტად ამიტომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია. ამ მონაროშის ალოგიკურობასა და სიცრუეზე ისედაც ბევრი დაიწერა, მე კი მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ. რუსეთში შემორჩენილი თავისუფალი მედია საშუალებებიდან ერთ-ერთის, რადიოსადგურ „მოსკოვის ექოს“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოსთან ომის გეგმის შემუშავების ბრძანება ჯერ კიდევ 2005 წელს გაიცა“, ხოლო 2007 წლის თებერვალში, მისივე თქმით „ცხადი გახდა, რომ საქართველოსთან ომი გარდაუვალი იყო“. სხვა არაერთ ირიბ და პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად, ვენედიქტოვის სიტყვები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ აგვისტოს ომი წინასწარ დაგეგმილი და კარგად გათვლილი სვლა იყო და მხოლოდ რუსეთის იმპერიალისტურ წრეებს ემსახურებოდა.

აგვისტოს ომზე ბევრი ითქვა და დაიწერა. რთულია, რამე დაამატო. ეს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი დარტყმა იყო. დარტყმა, რომლის შედეგებსაც მომავალში კიდევ არაერთხელ მოვიმკით. უნდა გვახსოვდეს, ვინ და რატომ მოგვაყენა ეს დარტყმა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ჩვენი მეგობარი არ არის და ალბათ, ვერც ვერასდროს იქნება. ისტორია დაუნდობელი მასწავლებელია და აჯობებს, დასკვნები ამ გაკვეთილის შემდეგ მაინც გამოვიტანოთ.

ნიკა ბურდული / 17 წლის

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button