თავისუფალი აზრი

აჩრდილის თავისუფალი აზრი

 გიფიქრიათ იმაზე თუ როდის ვფიქრობთ? მხოლოდ მაშინ, როცა ძლიერი შეჯახების შემდეგ თვალებს ვახელთ და თავიდანდაბადებულის განცდით ვაცეცებთ. რისი დანახვის იმედით ეს თავადაც რომ არ ვიცით. სწორედ, აქ ვიწყებთ ფიქრს, რადგან ჩვენი მთლიანი ნერვული სისტემაა გაღიზიანებული და ყოველი ნერვული დაბოლოება საღამოს თბილ ნიავსაც გამღიზიანებლად აღიქვამს. ზედმეტად შეგვეხნენ და ეს გვიხსნის გონებაში ყველა დახშულ და ჩარაზულ დარაბას. და თუ ფიქრი დავიწყეთ, გონებაში მოვარდნილ მეწყერსაც უნდა ველოდეთ.

 იქ, სადაც სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს, დუღს. აქ ვერ დადიან მსუბუქად, აქ ვერ ცურავენ ისე ლაღად, როგორც ანკარა მდინარეში, აქ მდუღარე წყალში მოტივტივენი დააბიჯებენ. მზის ამოწვერვამდე ეფინებიან ქალაქს და ჭიანჭველებივით ირევიან ერთმანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენებმორგებული ვმოძრაობ მათ შორის, მაინც მკაფიოდ მესმის დუღილის ხმა. ამის გმგონეს ერთადერთი სურვილი მიჩნდება, იმ მთავარი გაზქურის ჩამრთველის პოვნა და გათიშვა. გაყინულსახეების (დუღილის მიუხედავად) არმიაში სურვილი სურვილად რჩება, მეტიც, რაღაც მომენტში გულის კუნჭულში იკეტება და იმალება. უგრძნობლად მივაბიჯებ ხალხის ზღვაში და მათ სახეებს ვიმახსოვრებ. შენელებულ კადრად ვხედავ როგორ მიწვდის მოხუცი გაყინულ ხელს, როგორ მებლანდება ფეხებში გზააბნეული ბავშვი, როგორ იზრდება მყინვარწვერივით აღმართული მამაკაცის ჩრდილი, როგორ მრავლდება მოძრავი სხეულები ჩემ გარშემო, რომლებიც ერთი მიმართულებით მიიჩქარიან და ყველას სახეზე თევზის თვალებია, არაფრისმთქმელი და გაყინული, ღრმა ძილისგან გამოწვეული ბურუსგადაკრული თვალები და რატომ? რის სანაცვლოდ? გემრიელი ძილის, იმ გემრილელი ძილის სანაცვლოდ, რომელსაც დიდი ხანია მივცემივართ და ჯერ გაღვიძებაზე ფიქრიც არ დაგვიწყია. შიგადაშიგ ცივი ნიავი რომ შეგვაკრთობს და ხელ-ფეხს გაგვაქნევინებს, მთავარია გვეძინოს და ნიავს ვინ ჩივის?! ქართველის გამჭრიახი გონება ტანშესაფარს მუდამ მოძებნის. აი, თავშესაფრისა კი რა მოგახსენოთ?! ან რატომ მივედით თავშესაფრის აუცილებლობამდე? რამ გვაიძულა? უმოქმედობამ, უმოძრაობამ და ყველა იმ ქმედებამ, რომელიც უარყოფითი თავსართით იწყება. ჩვენ კი ყველაზე უკეთ  ასეთი ქმედებები ხელგვეწიფება, რადგან არანაირ ქმედებას არ მოითხოვს. სრული პარადოქსია! ისევე, როგორც ამჟამად ყველაფერი ჩვენ გარშემო.  ანტონიმები დაძმობილებულან და ქცეულან: „უნიჭო ნიჭიერებად“, „განათლებულ გაუნათლებლებად“, „ღარიბ მდიდრებად“, „უმოქმედო მოქმედებებად“, „დადებით მინუსებად“  ა.შ და ა.შ ვინ მოთვლის?! ვინ მოთვლის და ჩვენ! დავსხდებით და მოვთვლით, რამდენიც გენებოთ. მთავარია, სხვა მათემატიკურმა მოქმედებებმა არ იჩინოს თავი, თორემ თვლაში გაწაფულები რომ ვართ, დიდი ლუარსაბიდან მოყოლებული, ვინ არ იცის?! ეჰ, ჩემო ლუარსაბ აი, კაცი კი შენ იყავ! „ხვალ რა ვჭამოთ“- ეს იყო შენი საფიქრალი და მართალიც იყავ, „მეტი რა შეგვრჩება?!“ რადგან კვლავ ფიქრსა და ამ დიდ მოაზროვნეს მოვადექით, კვლავ გკითხავთ, გიფიქრიათ იმაზე თუ როდის ფიქრობთ?

 P.S განა არ გვეყო ძლიერი შეჯახებები გამოსაფხიზლებლად?!

აჩრდილი / 18 წლის

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button