თავისუფალი აზრი

როგორ გახდა მოწყენილობა, მღელვარება და დეპრესია ახალი ინტერნეტ ტრენდი?

სოციალურ ქსელებში ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების ილუზიის შექმნა მოძველებული ილეთია. 2019 წელს ინტერნეტში მოწყენილი უნდა იყო.

ცოტა თუა რომელიმე პოპულარული ანგარიში სოციალურ ქსელებში დღეისთვის „მოდური“ სულიერი ტანჯვის გარეშე. ვიღაც აზიარებს So Sad Today-ის თვითს (სტატიის პუბლიკაციისას 855 000 გამომწერი), ვიღაც აუცილებლად დაწერს „მეც მასე ვარ“ MyTherapistSays-ის პოსტის ქვეშ ინსტაგრამის კომენტარებში (3,6 მილიონი გამომწერი). ტიმ რობინსონის სკეტჩმა შოუ „I Think You Shoud Leave“-დან უკვდავყო შემდეგი აზრი: თუ აქვეყნებთ ფოტოს, სადაც კარგად ხართ და ხალისობთ, აუცილებლად მიუმატეთ თვითკრიტიკული წარწერა.

ინტერნეტ-მოწყენილობის ეპოქას ახასიათებს გრძნობა, საპირისპირო ე.წ FOMO-სი (ინგლ. Fear of missing out, „რაღაცის გამოტოვების შიში“). არაფორმალური შეთანხმების შედეგად, ინტერნეტში მოდაშია JOMO-ს გამოხატვა (ინგლ. Joy of missing out, რაღაცის გამოტოვებისგან მიღებული სიხარული) და მისი სოციოფობიად წარმოჩენა. თუმცა, მუდმივი პუბლიკაციები იმის შესახებ, თუ რა მოწყენილად და შეშფოთებულად ვართ, შეიძლება „სამარიაჟოდ“ იყოს, მსგავსად პოსტებისა ჰეშთეგით #posivibes self-care (საკუთარ თავზე ზრუნვა) კულტურის ფარგლებში.

არადა, რამდენი კამპანია ჩატარდა საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბრის მოწოდებებით. სოციალურ ქსელთა კოლექტიურმა გონებამ დაიწყო ჭეშმარიტი ემოციური მდგომარეობის შესახებ საუბარი რათა ეჩვენებინა, რომ ფსიქიკური პრობლემები ნორმალურია, მათ მიმართ თანაგრძნობითი დამოკიდებულება შეექმნა და ნეგატიური სტერეოტიპები გაექარწყლა. მაგრამ, სიჩქარეში შეიძლება დაგვავიწყდა ფუნდემანტური განსხვავება მოწყენილობასა და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკის ტერმინებს („შფოთვა“, „დეპრესია“) შორის.

„ადამიანები დეპრესიას მოწყენილობას, ხოლო შფოთვას ნერვიულობას უწოდებენ, არადა მათი პრობლემები ხშირ შემთხვევაში არანაირ კავშირში არ არიან ფსიქიკურ აშლილობებთან. თუკი ჯანმრთელი ადამიანი დარწმუნებულია, რომ დეპრესია აქვს, ცნობს საკუთარ თავს პოსტებში, რომლებშიც დაავადებას არასწორად წარმოაჩენენ ხოლმე. ეს ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს“ – მიიჩნევს ჯიან ჯენიფერ ჯადაიელი, ლიბანში საერთაშორისო სკოლის ასპირანტი და 2017 წლის კვლევის თანაავტორი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები სოციალურ ქსელებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პოსტებს ადევნებდნენ თვალს.

სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო შლიან საზღვარს რეალურსა და მოჩვენებითს შორის – ზოგჯერ, თავად პოსტის ავტორსაც კი უჭირს გარკვევა. სურვილი დაწერო იმაზე, რაც განაწყენებს, შეიძლება მოჩვენებითი კი არა, ნამდვილი ჩანდეს, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ მარტივი ხერხია ინტერენტში „თავისიანი“ გახდეს.

არასწორად ნუ გაგვიგებთ: ყველა მონაცემის თანახმად, ჯერ არასდროს ფსიქიკურ პრობლემებზე ამდენ ადამიანს არ უსაუბრია – განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებიც სოცალურ ქსელებში უმრავლესობაში არიან.

„პიუს ცენტრის“ ახლანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 7 მოზარდი თანატოლების უმთავრეს პრობლემად შფოთვას და დეპრესიას მიიჩნევს. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა გააანალიზა დაავადებათა კონტროლის და ცენტრის მონაცემები და გამოავლინა 15-დან 24 წლამდე ამერიკელების კატეგორიაში სუიციდის მკვეთრი ზრდა. ცენტრებს აგრეთვე მოჰყავთ მონაცემები, რომ ყოველ წელს, ხუთი ამერიკელიდან ერთი ფსიქიკურადაა დაავადებული – ამ დაავადებულებში არა მარტო ახალგაზრდები შედიან. ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაცია იტყობინება, რომ დაავადებული ბეიბი-ბუმერების (მთარგმნ. შენიშვნა – 1946-64 დაბადებული ამერიკელების თაობა) რიცხვმაც იმატა.

ნამდვილად, ახლა უფრო გვიჭირს და სულიერად უფრო ვეცემით, ვიდრე ოდესმე, – ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერზე უფრო ღიად მაინც ვლაპარაკობთ. მაგრამ ინტერნეტში ცუდად ყოფნის მოდამ შეიძლება არაკორექტული თვითდიაგნოსტიკისკენ და სერიოზული დაავადებების უნებლიე ბანალიზაციისკენ მიგვიყვანოს.

„სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი დარწმუნებულია, რომ დეპრესია, ანორექსია ან შფოთვითი თუ ბიპოლარული აშლილობა „მაგარია“ და „განსაკუთრებულს გხდის“ – ამბობს როლა ჯადაიელი, ზემოთხსენებული კვლევის ავტორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი ბალამანდის უნივერსიტეტში (ლიბანი).

კვლევაში შეისწავლეს პოსტები „Tumblr“-დან და „Instagram“-დან, რომლებიც კონკრეტული ჰეშთეგების დახმარებით ფსიქიკურ პრობლემებს დაუფარავად იდეალიზირებენ. მკლევარების აზრით, მიმზიდველი სურათის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არასწორ წარმოდგენას იქმნის ფსიქიკურ დაავადებებზე, ამას კი დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

„ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ძალიან სურს რამე ჯგუფს შეუერთდეს. როგორც ჩანს, სოციოფოობიის თუ დეპრესიის მქონე ადამიანების ჯგუფში მოხვედრა საკმაოდ მარტივია“ – ხსნის ნატაშა ტრეისი, რომელმაც თავადაც ჩამოაყალიბა ონლაინ-საზოგადოება Lost Marbles-ის ბლოგისა და წიგნის (ბიპოლარული აშლილობით ცხოვრების პირადი გამოცდილების შესახებ) გარშემო.

ჩვენ ცინიკურ დროში დეპრესიისადმი და შფოთვასადმი მიძღვნილი მიმები, თვითები თუ პოსტები ინსტაგრამსა და „TikTok“-ში როდია მხოლოდ საკუთარი თავის უკეთესად გრძნობის მეთოდი. გულახდილობა ნდობას იწვევს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომლებიც სასოწარკვეთილად ეძებენ გულწრფელობასა და გაგებას იმ სოციალურ გარემოში, რომელიც მათ მხოლოდ ყრვნის.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ინტერნეტში ფსიქიკურ პრობლემებზე ღიად არ უნდა ვისაუბროთ. ტრეისი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პოპულარული განხილვები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხშირ შემთხვევაში ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან და შესაბამისად, უსარგებლოა.

„საზოგადოებისთვის, ფსიქიკური პრობლემები მცირედი მღელვარება და სუნთქვითი ვარჯიშებია – გვიყვება ის. – ვრცელდება ფსიქიკური დაავადებების ისეთი განმარტებები, რომლებიც სულაც არ გავს იმ ადამიანების გამოცდილებას, ვისაც ეს დაავადებები რეალურად აქვს. ძლიერი მღელვარების სინდრომის შემთხვევაში უბრალო სუნთქვითი ვარჯიშებით ვერ გამოძვრები“.

ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი შეიძლება იყოს, თავად ავადმყოფისთვის ძალიან რთული გადასატანია და მხოლოდ ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევთს თუ შეუძლია დაავადების შედეგების სწორად შეფასება. პრობლემა განა იმაშია, რომ ადამიანები ფსიქიკურ აშლილობებზე სოციალურ ქსელებში წერენ, არამედ იმაში, რომ ისინი დაავადებებს რომანტიზირებენ და სიმპტომებს საკუთარ თავს კონტექსტის გარეშე მიაწერენ. რა თქმა უნდა, ყველა პოსტს სერიოზული ზიანის მოტანა ქარ შეუძლია – არსებობს არაერთი ნიუანსი და გრადაცია.

ბალამანდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ყველაზე სახიფათო და ძლიერი პოსტები შეიცავენ ილუსტრაციას და გმირს, რომელსაც შეიძლება თანაუგრძნოთ. ზუსტად ამიტომ, ძირითადად შეისწავლეს „ფოტოცენტრული“ სოციალური ქსელები, მაგალითად, „Tumblr“ და „Instagram“: იქაური პუბლიკაციები მომხმარებელთა შორის ყველაზე დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. გარდა ამისა, ეს სერვისები ძალიან პოპულარულია მოზარდებს შორის, ისინი კი ამ საფრთხის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან.

კვლევაში პრაქტიკულად სულ არაა შესწავლილი ვიდეომასალა, მაგრამ ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის კონტენტი ზეგავლენას მხოლოდ ზრდის. კვლევის პუბლიკაციის შემდეგ, „Tumblr“ მოდიდან გამოვიდა და მომხმარებლები „TikTok“-სა და „Snapchat“-ში გადაბარგდნენ. ეს პლატფორმები თავდაპირველად ვიდეოკონტენტის გასავრცელებლად შეიქმნა და გათვლილი იყო იმაზე, რომ მაყურებელს ავტორისთვის ეთანაგრძნო და მათი შემქმნელები ზუსტად „Tumblr“-ის მაგალითით იღებდნენ შთაგონებას.

აი ზუსტად აქ კი რეალური საფრთხე იმალება.

ვიზუალური ეფექტებისა და ავტორიტეტული ინფლუენსერების გამო, მართებულია ვივარაუდოთ, რომ ბრენდ Sad Society-ის ექაუნთი (99 ათასი გამომწერი), მაისურები წარწერით Anxiety Queen თუ კულონები ფსიქიკური დაავადების საპატივცემულოდ შეიძლება ბევრად უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე უწყინარი თვითები, რომლებშიც სიზარმაცეს კლინიკურ დეპრესიად ასაღებენ.

ინტერნეტ-მოწყენილობის გრძელი ისტორია

იდეა ლამაზ, მოზარდულ ტრაგედიაზე ახალი სულაც არაა. სკოლებში ხომ გადაიან „რომეოს და ჯულიეტას“ – ჩათვალეთ, ისტორიას ჰიფსტერებზე, რომლებმაც თვითმკვლელობის რომანტიზირება იქამდე დაიწყეს, ვიდრე ეს მეინსტრიმი გახდებოდა. თავისებური, მოდური „ტანჯვა“ 90-იან წლებშიც იყო.

„მოვლენა არსებობს ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც არსებობენ მოზარდება, – მიიჩნევს კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენის უითლოკი, რომელიც ფსიქიკურ დაავადებებზე სოცქსელების გავლენას სწავლობს. – 90-იან წლებში შეჯიბრი მიდიოდა, ვინ იყო ყველაზე დეპრესიული, ყველაზე მოწყენილი, ყველაზე ნერვული, ვისი ოჯახი იყო ყველაზე ცუდი? სტიგმატიზაციაც იყო, მაგრამ ვინ უფრო ცუდად იყო, ვიწრო წრეში არკვევდნენ. ახლა ამისთვის ახალი პლატფორმები არსებობს“.

სოცქსელებში მრავლადაა ადგილები, სადაც მომხმარებლები ერთმნეთს ეჯიბრებიან, თუ ვისი გასაჭირია უფრო მძიმე და ამ აქტივობებში ჩართვას სინათლის სიჩქარით ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა იწყებს. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ უდავოა, რომ ამგვარი კონტენტი ვირალური ხდება.

ინტერნეტ-მოწყენილობასაც აქვს თავის ფესვები: თავდაპირველად, მისი პანთეონი იყო Internet Sad Girls, რომელიც კულტურის საწყის ეტაპებზე მას განაგებდა. ათი წლის წინ უფერული, მელანქოლიური, ყველაზე გაბრაზებული და ნიჭის ქონაზე პრეტენზიის მქონე Tumblr-ის ესთეტიკა იმდენად პოპულარული იყო, რომ საკუთარი პოპ-ვარვსკვლავებიც კი ჰყავდა (მაგალითად, ლანა დელ რეი). „ინტერნეტის მოწყენილ გოგოებს“ არა მარტო თავიანთი მანიფესტი, არამედ ფემინისტური ფილოსოფიაც კი ჰქონდათ. მხატვარმა ოდრი უოლენმა დაწერა ტრაქტატი Sad Girl Theory (ინსტაგრამში მისი იუზერნეიმია Tragic Queen).

ტრაქტატი მაინც და მაინც მხარს არ უჭერდა მოძრაობას, მაგრამ ამტკიცებდა რომ მოწყენილი გოგონების ტრენდი პოლიტიკური პროტესტის ფორმაა. ახალგაზრდა გოგონებმა ბოლოს და ბოლოს მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი ტანჯვა პატრიარქალური დიქტატურის ქვეშ შემოქმედებისა და ინტერნეტ-იმიჯის დახმარებით. ასე დაიწყო სხვადასხვა ინტერნეტ-საზოგადოებათა განვითარება, როგორიც მაგალითად Sad Girls Club (170 ათასი გამომწერი ინსტაგრამში), რომელიც ეხმარება ფსიქიკური დაავადებების მქონე ფერადკანიან ქალბატონებს მხარდაჭერის მოპოვებაში.

მისი დამფუძნებელი, ელის ფოქსი ადრე თავად ასოცირებდა საკუთარ თავს ამ მოძრაობასთან – პრობლემებთან გამკლავებაში სხვა არავინ მოდიოდა დასახმარებლად. „ადრე სირცხვილი იყო „მოწყენილი გოგოობა“. ახლა საზოგადოებამ ღირსება აღიდგინა და გახდა კომფორტული ადგილი, სადაც მიგიღებენ, სადაც შეგიძლია შენი პრობლემები არ დამალო და სხვებთან დაიწყო ურთიერთობა“ – ამბობს ფოქსი.

სუბკულტურა გაიზარდა, გახდა პოპულარული, ხოლო შემდეგ, ბედის ირონიით, განაპირობა როგორც მოწყენილობის, ასევე საკუთარ თავზე ზრუნვის პირფერული მერკანტილიზაცია, რაც აბსოლოტურად ეწინააღმდეგება თავდაპირველ ჩანაფიქრს.

„ზოგჯერ მაწუხებს, რომ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების განხილვა არასწორი მიზეზების გამო სურთ. კომპანიები ცდილობენ, მოწყენილი გოგოების მოძრაობაზე ფული იშოვენ, მაგრამ მათი [გოგოების] ინტერესი მუდმივი არ იქნება“, – გვიხსნის Sad Girls Club-ის მთავარი რედაქტორი ემენი რიჩარდსონი.

„სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ფსიქიკური აშლილობების იდეალიზაცია არის ტრენდი, რომელიც იზიდავს მეტ გამომწერს და გაზრდილი პოპულარობის მცდარ ილუზიას ქმნის“, – ამატებს როლა ჯადაიელი.

თუმცა, საქმე მარტო ახალგაზრდა ინფლუენსერებში არ არის. მართალია, მათი განზრახვები სავსებით კეთილშობილურია, მოვლენის იდეალიზაციაში წვლილი სულ უფრო და უფრო მეტ ცნობილ სახეს შეაქვს – ძირითადად იმ „აღიარებების“ ხარჯზე, თუ თავად როგორ უმკლავდებიან ამგვარ პროგლემებს. მათ აღმერთებს იგივე ახალგაზრდობა, რომელიც იდეალიზირებული პრობლემებისთვის ყველაზე მარტივი სამიზნეა; ცნობილ სახეთა პრობლემები გადმოიცემა, როგორც შთამაგონებელი ისტორიები; მაგრამ, არაა გათვალისწინებული იმ ადამიანთა ცხოვრების სასტიკი რეალიები, რომლებიც ამ პრობლემებით მართლა იტანჯებიან“.

„პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები, როგორც, დავუშვათ მე, იტანჯებიან მძიმე დაავადებებისგან – იყოს თუნდაც ბიპოლარული აშლილობა, – ვერ ცნობენ საკუთარ თავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის რასტირაჟებულ სურათში. ჩემს სიტუაციას ის სულაც არ ასახავს, – გვიხსნის ტრეისი. – ხალხს წამლის გატკბილება სურს – აი, საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ რეალობა სინამდვილეში ასეთია: ბევრი დაავადებული ვერასდროს მიაღწევს რემისიამდე, რომელიც არაა ასე შორს ნაკლებად სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანთათვის“.

იდეალიზაციასა და სტერეოტიპებთან ბრძოლას შორის

არ არსებობს ინტერნეტ-მოწყენილობის გამოხატვის იაფფასიანი და ბრაზმორეული ხერხი. „ინტერნეტში მიმდინარეობს სტერეოტიპების იდეალიზაცია და მათთან ბრძოლა, ხოლო ორივე მოვლენის ცხადი მაგალითები საშუალებას აძლევს ადამიანებს, გარშემომყოფთაგან აუცილებელი მხარდაჭერა მიიღოს, – ხსნის პროფესორი უითლოკი კორნელის უნივერსიტეტიდან. – მაგრამ, არსებობს დიდი, ცარიელი ზონა, და პასუხი კითხვაზე, რა უფრო მეტია: ზიანი თუ სარგებელი, დამოკიდებულია მკითხველზე და მის აღქმაზე.

მოვლენის სრულმასშტაბიან აღმოფხვრაზე საუბარი მიდის – ძალიანაც რომ მოგვინდეს, ეს უბრალოდ შეუძლებელი. როგორც ბევრი სხვა რამ 2019 წელს, ეს მოვლენაც კარგად უნდა იქნას შესწავლილი. რათა არ გადავარდეს იდეალიზაციაში, ტრეისი ცდილობს არ დაკარგოს კავშირი რეალობასთან და გადატანილ გამოცდილებასთან და არაკომფორტულად ყოფნისას სიტუაცია არ შეალამაზოს.

„როგორც კი ეს ხერხდება, ფსიქიკურ დაავადებებზე ონლაინ-საუბრების პოზიტიური და ნეგატიური შედეგები ქრება, რადგანაც რეალური დისკუსია იწყება“ – გვიხსნის იგი.

რიჩარდსონი გვარწმუნებს, რომ „Sad Girls Club“ ყურადღებით აკვირდება თავიანთი პუბლიკაციების სტილს, რათა ისინი არ შედგებოდნენ მარტო მოტივაციური და დამაწყნარებელი სიტყვებისგან, როგორც self-care/self-love (ქართ. „ზრუნვა საკუთარ თავზე“/„საკუთარი თავის სიყვარული“).

უითლოკიც და „Sad Girls Club“-ის ადმინისტრაციაც აღნიშნავს: მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი ასეთ ინტერნეტ-საზოგადოებებში ვირტუალურ მხარდაჭერას იღებს. „ძალიან მალე ხომ არ ქრება ასეთი მხარდაჭერის ეფექტი? ეხმარება თუ არა ის ადამიანს ოფლაინ-ქცევაში უკეთესობისკენ მოძრაობაში? იზრდება თუ არა ალბათობა, რომ ისინი ფსიქოლოგს მიმართავენ? არ ვიცი. მაგრამ ეს საკითხები ძალზედ მნიშვნელოვანია“ – ამბობს უითლოკი.

როგორ შეიძლება გამოგვადგეს ინტერნეტ-მოწყენილობა

არსებობს იმედი, რომ სოცქსელების მომხმარებლებიც და შემქმნელებიც თანდათანობით გააცნობიერებენ, თუ რითი შეიძლება დამთავრდეს ტრენდზე უპასუხისმგებლოდ გაყოლა, როცა საქმე ინტერნეტ-მოწყენილობას ეხება.

ფსიქიკური დაავადებების იდეალიზირებისდამი მიმართული პოსტების დაბლოკვას ცდილობდა Instagram: კერძოდ, იბლოკებოდა ყველა პოსტი ანორექსიის მხარდამჭერი ჰეშთეგ #proana-ს გამოყენებით, ხოლო პირველ ადგილზე ჰეშთეგი #socialanxiety (ქართ. სოციოფობია) მხოლოდ მაშინ გავა, თუკი პოსტში დახმარების თხოვნაა და არა ტანსაცმლის რეკლამა. Tumblr, ცნობილი თავისი ლიბერალური შიდა პოლიტიკით, მსგავსი მიმართულებით მიდის: ვინც ძებნის ველში თეგ #suicide-ს წერს, უპირველეს ყოვლისა ხედავს მხარდაჭერის ჯგუფების გვერდებს და თემატურ რესურსებს.

კანონზომიერებებს, რომელთა გამოც სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, შეუძლია ეს ტრენდი მოთოკოს: ცვლილებებმა სოცქსელების კულტურაში შეიძლება ნაწილობრივ მოაგვაროს პრობლემა, რომელიც თავად გააჩინეს. ბუნებით, ადამიანები არა მარტო ეჩვევიან ახალ გარემოს, არამედ მოთხოვნილებებთან შესაბამისად საკუთარსაც ქმნიან, – განსაკუთრებით კი ვირტუალურ სამყაროში.

„შეგუების უნარით იხსნება ჩვენი საუკეთსო და ყველაზე ცუდი თვისებები, – მიიჩნევს უითლოკი. – შეგვიძლია, მარტივად დავივიწყოთ, რა არის მარგებელი ჯანმრთელობისთვის და სწრაფად შევეჩვიოთ ჭეშმარიტ არაჯანმრთელ გარემოს. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ყველაფერი წესრიგშია, – თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ არის“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button