აღმოსავლეთი

თალიბანი ავღანეთში

თალიბანი, ძირითადად, პრო-პუშტუნებისგან შემდგარი რადიკალური ისლამისტების დაჯგუფებაა, რომელიც 1996 წლიდან 2001 წლამდე ავღანეთს მართავდა. თალიბების მმართველობა ავღანეთში აშშ-ის შეჭრისთანავე დასრულდა. ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასა და ბინ ლადენის მფარველობაში დადანაშაულებული თალიბები დამარცხდნენ და პაკისტანის საზღვრის გასწვრივ გადაჯგუფება მოუწიათ, საიდანაც ისინი აშშ-ის მხარდაჭერილ მთავრობას ქაბულში 18 წლის მანძილზე ებრძოდნენ.

როგორ ჩამოყალიბდა თალიბანი?

თალიბანი 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ავღანელი მოჯაჰედებისა და პარტიზანი ისლამისტი მებრძოლების მიერ, რომლებიც ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის (1979-89) წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ ბრძოლაში თალიბებს ფარულად უჭერდნენ მხარს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და პაკისტანის სადაზვერვო სამსახური (ISI). მოძრაობას, ძირითადად, უერთდებოდნენ ახალგაზრდა პუშტუნები, რომლებიც განათლებას პაკისტანის მედრესებსა და სემინარიებში იღებდნენ.

პოსტსაბჭოთა პერიოდში თალიბანმა ავღანეთში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის (1992-96) დასრულების, სტაბილურობის აღდგენისა და კანონის უზენაესობის აღსრულების პირობას დებდა. 1994 წლის ნოემბერში თალიბებმა დაიკავეს კრიმინალების მიერ მართული ქალაქი ყანდაარი, 1996 წლის სექტემბერში კი ავღანეთის დედაქალაქი – ქაბული ეთნიკურად ტაიჯიკი პრეზიდენტის – ბურჰანუდინ რაბანისგან გაათავისუფლეს, რომელსაც თალიბანი ანტი-პუშტუნური განწყობების მქონე კორუმპირებულ პიროვნებად თვლიდა. იმავე წელს თალიბანმა ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, რომელსაც მულა მუჰამედ ომარი, სასულიერო პირი და ანტისაბჭოთა მოძრაობის გამოცდილი ვეტერანი, ცნობილი, როგორც „მორწმუნეთა მეთაური“, ხელმძღვანელობდა. ეს რეჟიმი, დამხობამდე, ქვეყნის 90%-ს აკონტროლებდა.

თალიბებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უმკაცრესი სამართალი დაამყარეს. მათი იურისპრუდენცია ეფუძნებოდა პუშტუნთა პრეისლამური ტომის კოდექსსა და მკაცრი ვაჰაბისტური დოქტრინებით შელამაზებულ შარიათის ინტერპრეტირებულ კანონებს. რეჟიმმა უგულებელყო სოციალური სერვისები და სახელმწიფოს სხვა ძირითადი ინსტიტუციები და ფუნქციები. ქალები ვალდებულნი გახდნენ ეტარებინათ ჩადრები, იკრძალებოდა მუსიკა და ტელევიზია, კაცებს, კი რომელთაც მიღებულზე მოკლე წვერი ჰქონდათ, ციხეში სვამდნენ.

მსოფლიოს რეაქცია თალიბანის აღზევებაზე

თალიბანის ისლამურმა საამირომ მსოფლიოს მასშტაბით ფართო აღიარება ვერ მოიპოვა. რეჟიმი მხოლოდ საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და პაკისტანმა ცნეს ლეგიტიმურად. ბევრი ანალიტიკოსის მოსაზრებით, ისლამაბადი თალიბანს ხედავდა, როგორც ძალას, რომელსაც შეეძლო გაერთიანებულ ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ინდოეთის, ირანისა და რუსეთის გავლენების თავიდან აცილება.

1998 წელს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო ორი რეზოლუცია, რითიც თალიბანს მოუწოდებნენ ქალების მიმართ ძალადობის შეწყვეტას. იმავე წელს, საბჭომ ალ-ქაიდას მფარველობისთვის რეჟიმს სანქციები დაუწესა. მუჰამედ ომარმა ალ-ქაიდას იმ პირობით მისცა თავშესაფარი, რომ ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ს თავს არ დაესხმებოდა, თუმცა 1998 წელს ალ-ქაიდას ლიდერმა – ოსამა ბინ ლადენმა შეთანხმება დაარღვია, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკაში აშშ-ის საელჩოებს დაბომბვები მოაწყო.

მას შემდეგ, რაც ალ-ქაიდას ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ცნობილი ტერაქტები განახორციელეს, თალიბანის ლიდერმა – მუჰამედ ომარმა აშშ-სთვის ოსამა ბინ ლადენის გადაცემაზე უარი განაცხადა. 2001 წლის ოქტომბერში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში შეიჭრნენ და თალიბანი მალევე დაამხეს. ომარმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო ტერიტორიებს შეაფარეს თავი. აქედან მოყოლებული, თალიბებმა დაიწყეს აჯანყება აშშ-ის მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ. ამ ომში საერთაშორისო სასამართლომ დაჯგუფება არაერთხელ ცნო ბრალდებულად მშვიდობიანი მოქალაქეების ბოროტად გამოყენების, მათი დახოცვისა და ომში ჩადენილი სხვა სამხედრო დანაშაულების გამო.

ვინ ხელმძღვანელობს თალიბანს?

ანალიტიკოსების აზრით, თალიბანის ხელმძღვანელობა, ქვეყნის გარედან განაგრძობს საკუთარი მებრძოლებისა და ოფიციალური პირების კონტროლს ავღანეთის ტერიტორიაზე. 2019 წლის მოხსენებაში, გაეროს თალიბანის მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა: „თალიბანის ხელმძღვანელობამ შეძლო დაჯგუფების ერთიანობის შენარჩუნება“, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა მიზანმიმართულად განახორციელა დაჯგუფების რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერის ლიკვიდირება.

თალიბანის ხელმძღვანელობის საბჭოს რაბარი შურა ეწოდება და უკეთ ცნობილი, როგორც – ქუეტა შურა, რომელიც პაკისტანის იმ ქალაქს ეწოდება, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ-ის ავღანეთში შეჭრის შემდეგ, ომარმა და მისმა თანაშემწეებმა შეაფარეს თავი. გაეროს ანგარიშის მიხედვით, სწორედ ლიდერთა საბჭო იღებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო გადაწყვეტილებას. ამჟამად მას ჰიბათულა ახუნძადა ხელმძღვანელობს (ომარი 2013 წელს გარდაიცვალა და იგი მულა ახთარ მუჰამედ მანსურმა ჩაანაცვლა, რომელიც 2016 წელს პაკისტანში აშშ-ის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა). მას მხარს უჭერენ მოადგილეები: ომარის შვილი – მულა მუჰამედ იაქუბი და სირაჯუდინ ჰაქანი, რომელიც ამავდროულად, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედი სამხედრო დაჯგუფების – ჰაქანის ქსელის აქტიური ლიდერია და ახლო კავშირები აქვს ალ-ქაიდასა და პაკისტანის ISI-სთან.

ხელმძრვანელობის საბჭო აკონტროლებს ცხრა კომისიასა (თალიბანის დამხობამდე არსებული სამინისტროების მსგავსი) და სამ ადმინისტრაციულ ორგანოს. კომისიები, ძირითადად, ფოკუსირებულნი არიან ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. სამხედრო კომისია სათითაოდ ნიშნავს გუბერნატორებსა და საველე მეთაურებს ავღანეთის ოცდათოთხმეტივე პროვინციაში. პოლიტიკური კომისია კი, რომელსაც თალიბანის თანადამფუძნებელი – მულა აბდულა ღანი ბარადარი ხელმძღვანელობს, უძღვება დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებს აშშ-სა და ავღანეთის ამჟამინდელ მთავრობასთან.

რამდენად ძლიერია თალიბანი?

თალიბანმა მათ წინააღმდეგ აშშ-ის სამი სხვადასხვა ადმინისტრაციის ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას გაუძო, რომელმაც შეიწირა 2 400-ზე მეტი ამერიკელი და 1 100 ნატოს სამხედრო. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ავღანეთში დაიღუპა, დაახლოებით, 43 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 45 000 ავღანელი ჯარისკაცი.

მიუხედავად საკუთარი დანაკარგებისა, რომელიც, სავარაუდოდ ათი ათასობით მებრძოლს შეადგენს, ექსპერტების თქმით, თალიბანი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლაა. 60 000-მდე მებრძოლით, იგი აკონტროლებს ავღანეთის 398 რაიონს. 2020 წლის დასაწყისის მონაცემებით, დაჯგუფება რაიონების 18%-ს აკონტროლებს, ავღანეთის მთავრობა კი 33%-ს. დარჩენილი ნაწილები დღემდე სადავო ტერიტორიებად ითვლება.

თალიბანის დაფინანსებისა და მხარდაჭერის წყაროები

თალიბანის დაფინანსების ძირითადი წყარო ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა და ნარკოტიკებით ვაჭრობაა. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ნარკოტიკებით არალეგალურმა ვაჭრობამ თალიბანს $400 მილიონი მოუტანა. დაჯგუფება საკუთარ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობისთვის (მეურნეობა, სამთო მოპოვება) აწესებს გადასახადებსაც. იგი შემოსავალს იღებს უკანანო მოპოვებით, ადგილობრივ ბიზნესებზე ზეწოლითა და გამოძალვით და, მიუხედავად გაეროს დაწესებული უმკაცრესი სანქციებისა, უცხოეთიდან შემოწირულობებით.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ პაკისტანი კვლავ ეხმარება თალიბანს ავღანეთში ინდოეთის გავლენების აღსაკვეთად, თუმცა ისლამაბადი ამ ბრალდებებს უარყოფს.

2020 წლის გაეროს ანგარიშის თანახმად, თალიბანს კლვავ მჭიდრო კავშირები აქვს ალ-ქაიდასთან. თალიბები უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას, რესურსებისა და სწავლების სანაცვლოდ. ალ-ქაიდას ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციებში 600-მდე მებრძოლი ჰყავს, თუმცა მისი ლიდერები, აიმან ზავაჰირის ჩათვლით, სავარაუდოდ, პაკისტანში იმალებიან. თალიბები ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოსაც, რომელიც ალ-ქაიდას მეტოქეა და ავღანეთში, დაახლოებით 2 500 მებრძოლი ჰყავს დარჩენილი.

უჭერენ თუ არა მხარს თალიბანს ავღანელები?

თალიბანის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, დაჯგუფება მაინც სარგებლობდა ადგილობრივების აქტიური მხარდაჭერით. 2009 წლის მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარი (50%), ძირითადად პაშტუნები და სოფლელი ავღანელები, მხარს უჭერდნენ თალიბანს და გამოდიოდნენ საჯარო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თუმცა 2019 წელს ჩატარებული იმავე კვლევის თანახმად, ეს რიცხვი 13.4%-მდე დაეცა.

მას შემდეგ, რაც აშშ და თალიბანი მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ, ავღანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ სამშვიდობო პროცესს. 64% კი თვლის, რომ თალიბანთან შერიგება შესაძლებელია.

რა ელის თალიბანს?

2020 წლის თებერვალში, 18 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, თალიბანის მხრიდან ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტისა და ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების გარანტიის სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის მოლაპარაკებები დაწყებულია, კვლავ არსებობს კითხვები, თუ როგორ გაინაწილებენ თალიბანი და ავღანეთის მთავრობა ძალაუფლებას? რა ბედი ეწევა ავღანეთის დემოკრატიულ ინსტიტუციებს? როგორ იქნება დაცული ქალთა უფლებები და ა.შ. ასევე, გასარკვევია განიარაღდებიან თუ არა თალიბები და შეერწყმებიან თუ არა ისინი ავღანურ საზოგადოებას? ვინ უხელმძღვანელებს ავღანეთის ჯარს? ყველა ამ შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს მოლაპარაკებებზე, რომელიც თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის იმართება ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

გამოყენებული მასალა – The Taliban in Afghanistan

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button