აღმოსავლეთი

დასავლეთ საჰარას კონფლიქტი: პოლისარიოს ფრონტი მაროკოს წინააღმდეგ

10 დეკემბერს ისრაელი და მაროკოს სამეფო ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამით მაროკო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან და სუდანთან ერთად, გახდება მეოთხე არაბული სახელმწიფო, რომელმაც აშშ-ის შუამდგომლობით ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებს.

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: შეთანხმების ფარგლებში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა აშშ-ის ხანგრძლივი პოზიცია და აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარაზე, რაც, სავარაუდოდ, 2020 წლის ნოემბერში განახლებულ კონფლიქტს მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს შორის კიდევ უფრო გაამწვავებს.

აშშ-მა ოფიციალურად დაამტკიცა მაროკოს ახალი რუკა, სადაც დასავლეთ საჰარა სამეფოს შემადგენლობაში შედის

ალჟირის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა პოლისარიოს ფრონტი რეგიონში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. დასავლეთ საჰარა გაეროს მიერ არათვითმმართველ ტერიტორიათა სიაშია შეყვანილი. ამ პოზიციას იზიარებენ აფრიკის კავშირი, საერთაშორისო სასამართლო და ევროკავშირიც, რომლებიც „დასავლეთ საჰარას მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას“ ემხრობიან, თუმცა ამ საკითხში არანაკლები მოკავშირეები ჰყავს მაროკოს სამეფოსაც (აშშ, საფრანგეთი, თურქეთი და ა.შ), რომლებიც, თავის მხრივ, მაროკოს ტერიტორიულ პრეტენზიას უჭერენ მხარს.

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

1975 წელს ყოფილმა კოლონიურმა ძალამ – ესპანეთმა რეგიონი დატოვა, რის შემდეგაც დასავლეთ საჰარა მაროკოს სამეფომ დაიკავა და მაროკოს, მავრიტანიასა და პოლისარიოს ფრონტს შორის წარმოიშვა სუვერენიტეტთან დაკავშირებული შეიარაღებული კონფლიქტი. ამავე წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა მაროკოსა და მავრიტანიის ისტორიული კავშირი ამ ტერიტორიასთან, ამავდროულად კი გაჟღერდა საწინააღმდეგო მოსაზრება, რომლის თანახმადაც მაროკოს წამოყენებული სუვერენიტეტის პრეტენზია დასავლეთ საჰარაზე არ უნდა გავრცელებულიყო.

პოლისარიოს ფროტნმა საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის თვითგამოცხადებული მთავრობა ალჟირის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბანაკებში შექმნა, სადაც დღემდე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, დაახლოებით, 180 000 ლტოლვილი, რომლებიც თავის რჩენას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების წყალობით ახერხებენ.

1979 წელს პოლისარიომ მავრიტანიასთან მშვიდობა დაამყარა, თუმცა მაროკოს სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლა 1991 წლამდე გაგრძელდა, სანამ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის, გაეროს მხარდაჭერილი ბუფერული ზონის წარმოქმნისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების შეთანხმებას არ მიაღწიეს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ამ შეთანხმების სამივე პუნქტი დარღვეულია.

ბუფერული ზონა

ახლანდელი ვითარება

ბრძოლები 2020 წლის ნოემბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც პოლისარიომ მაროკო შეიარაღებული ძალების დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონაში გაგზავნით 30 წლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. სამეფომ ჯარების შეყვანა მაროკოსა და მავრიტანიას შორის დამაკავშირებელი მთავარი გზატკეცილის უსაფრთხოების გაძლიერებით ახსნა, რომელსაც პოლისარიოს დაჯგუფებები ხშირად ხერგავენ.

რაც შეეხება რეფერენდუმს, იგი ჩატარების წესებზე მხარეთა უთანხმოების გამო დღემდე არ გამართულა. მაროკოს ოფიციალური პირები წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ რეფერენდუმის გეგმა მოძველებული იყო, რის გამოც 2007 წელს მაროკოს სუვერენიტეტის ქვეშ დასავლეთ საჰარას ავტონომიის შექმნა შესთავაზეს, რაზეც პოლისარიოს ფრონტმა უარი განაცხადა.

დღევანდელი მდგომარეობით მაროკოს სამეფო დასავლეთ საჰარას თითქმის 2/3-ს, მათ შორის, ყველა ურბანულ ცენტრს აკონტროლებს, ხოლო პოლისარიოს ფრონტის კონტროლის ზონებს, ძირითადად, ალჟირისა და მავრიტანიის საზღვრებთან არსებული დაუსახლებელი ტერიტორიები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე მაროკო ფოსფატებს მოიპოვებს, რის გამოც, სამეფომ საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში მილიარდები დახარჯა.

მსოფლიოს აზრი ამ კონფლიქტის შესახებ ორად არის გაყოფილი: სამეფოს მხარს უჭერენ ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორებიც აშშ და საფრანგეთი არიან, ბოლო დროს კი ბევრმა სახელმწიფომ მაროკოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საკონსულოს გახსნით (იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ა.შ) სამეფოს სუვერენიტეტი ცნო დასავლეთ საჰარაზე. ამის პარალელურად კი გაერო მოუწოდებს მაროკოს მაქსიმალურად დაიცვას დასავლეთ საჰარას მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, აშშ-ის დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტის აღიარებამ შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს სისხლიანი კონფლიქტი ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, რომელმაც ათი ათასობით ადამიანი მოწყვიტა საკუთარ სახლს, თუმცა ექსპერტების მოსაზრებით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დაპირისპირება მხარეებს შორის კიდევ უფრო გამწვავდეს, რაც რეგიონში მორიგ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.

წყაროები:
Western Sahara conflict in 500 words
War brews in Western Sahara as Trump strikes Morocco-Israel deal

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

Back to top button