ავტოსპორტიფორმულა 1

ფორმულა 1-ის უცნობი ბრიტანელი ავტომრბოლელები: პიტერ ერანდელი

პიტერ ერანდელი-ფორმულა 1-ის ავტომრბოლელი, რომელიც Lotus-ის გუნდში ირიცხებოდა. 1962-1963 წლებში მან Formula Junior-ის ბრიტანული ჩემპიონატი მოიგო. 1961 და 1962 წლებში, მან, აგრეთვე, მონაკოს Formula Junior-ის რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. 1966 წელს ფორმულა 1-დან წავიდა, როცა მხოლოდ 11 რბოლაში გამოვიდა სტარტზე, პოდიუმზე ორჯერ ავიდა და ჩემპიონატში 12 ქულა დააგროვა.

 პიტერ ერანდელი ინგლისში, სასექსის საგრაფოს ქალაქ ილფორდში 1933 წლის 8 ნოემბერს დაიბადა და რბოლებში მონაწილეობა, MG-ის ავტომობილით,  21 წლისამ დაიწყო. ის პროფესიონალი გახდა, როცა სამეფო საჰაერო ძალებიდან თადარიგში გავიდა და Lotus-ის და Elva-ს მანქანებს მართავდა.

1962 წელს, Formula Junior-ის ბრიტანული ჩემპიონატი, მან Lotus-22-ით მოიგო. ის ისე დომინირებდა, რომ აკრძალული ძრავების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ერანდელი, შემდეგ, იტალიაში გაემგზავრა და „მონცაზე“ საქველმოქმედო რბოლაში გამოვიდა, რათა მეტოქეებისთვის დაემტკიცებინა, რომ პატიოსანი და ძლიერი მოასპარეზეა. ის ჩავიდა და გაიმარჯვა.

1961-1962 წლებში, მონაკოში, Formula Junior-ის პრესტიჟული რბოლა ტარდებოდა და პიტერ ერანდელმა ისიც მოიგო.

1963 წელს, Team Lotus-თან ერთად,  ერანდელი ფორმულა 1-ის რამდენიმე არაოფიციალურ რბოლაში გამოვიდა, მას შემდეგ, რაც თანამემამულე ტრევორ ტეილორი, პროფესიით საავტომობილო ჟურნალისტი, „ენნა-პერგუზას“ ავტოდრომზე, ხმელთაშუაზღვის გრან პრიზე, ფორმულა 1-ის არაოფიციალურ რბოლაში მძიმედ დაშავდა და ერანდელს მისი შეცვლა მოუხდა. თუმცა პიტერი კონცენტრირებული იყო Formula Junior-ის ტიტულის მოპოვებაზე და Lotus-27-ით ასპარეზობდა. გრან პრის რბოლებში მისი დებიუტი არ შედგა, სანამ ტრევორ ტეილორმა რბოლებს თავი მომდევნო წელს არ დაანება.

1964 წელს, Lotus-ში ჯიმ კლარკის თანაგუნდელობა ძალზე რთული საქმე იყო, მაგრამ მონაკოში დებიუტი მან მესამე ადგილით აღნიშნა და ორ კვირაში, ჰოლანდიის გრან პრიზეც იგივე გაიმაორა. შემდეგ, ორ თვეზე ნაკლებ ხანში, „რეიმს-გუეს“ ტრასაზე, ფორმულა 2-ის რბოლაში, ის მოსრიალდა და ამერიკელი რიჩი გინთერი მას დიდი სიჩქარით დაეჯახა. ბრიტანელმა პილოტმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რამაც მთელი 1965 წლის სეზონი გამოატოვებინა. მიუხედავად ამისა, კოლინ ჩეპმენმა გუნდში ადგილი მას, 1966 წლისთვისა შეუნარჩუნა.

1966 იმედგაცრუების წელი იყო, არაფერი არ გამოდიოდა. არც ერთი ფინიში არ ჰქონდა. იმ სეზონის ბოლოს მან ფორმულა 1 დატოვა. საკუთარ კარიერაში ის სტარტზე 11-ჯერ გამოვიდა და პოდიუმზე ორჯერ ავიდა.

1969 წელს პიტერ ერანდელი ავტოსპორტიდან საერთოდ წავიდა და მოგვიანებით ფლორიდაში გადავიდა, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია დააარსა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პიტერ ერანდელს მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მან მკურნალობა დაიწყო, მაგრამ…2009 წლის 16 ივნისს, კინგს ლინში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა.

პიტერ ერანდელზე ამბობდნენ, რომ კარიერაში მას არ უმართლებდა, თორემ უძლიერესი ავტომრბოლელი გახდებოდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button