სპორტიფორმულა 1

,,არ მგონია, რომ ტვინის ჩასწორება დამჭირდეს“ – ფეტელმა შეცდომებზე და რბოლების შემდეგ ემოციებზე ისაუბრა

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის სიტყვებით, შეჯახება რბოლების ნაწილია, პილოტების ემოციები კი ჩოგბურთელების წამოძახებებისგან არ გამოირჩევა.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა, თავისი ბოლო ტიტული 2013 წელს მოიპოვა. მას შემდეგ, ჩემპიონატში უცვლელად Mercedes-ის პილოტები იმარჯვებდნენ, თანაც ლიუის ჰემილტონი, ამ სეზონში, მეექვსე ტიტულის მოპოვებასთან ახლოს არის.

ამ ფონზე, ბოლო ორი სეზონის მანძილზე, ფეტელი, როგორც ჩანს, საკმაოდ ემოციურად მოქმედებს, რბოლებში კი ავარიების მომწყობი ხდება. თუმცა სებასტიანი უარყოფს ზედმეტ ემოციურობაში დადანაშაულებას და აღნიშნავს, რომ შეცდომები რბოლების ნაწილია.

 „შარშან რამდენიმე შეჯახება დავუშვი, როცა, ალბათ, ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც მსურდა“, – თქვა ფეტელმა. – არ ვიცი, ალბათ ამ მომენტში უცნაურად გამოვიყურებოდი. თუმცა, სინამდვილეში, ეს უბრალოდ, რისკია, რაც რბოლაში ხდება ხოლმე. მაგრამ, ხანდახან რისკი არ ამართლებს.

ამ მხრივ, დიდად არ განვიცდი. არ მგონია, რომ ტვინის ჩასწორება დამჭირდეს ან რაღაც ამდაგვარი. ვიცი, რაც ხდება, როცა საჭესთან ხარ. ვიცი, რაც გავაკეთე. იმედი მაქვს, რომ შეცდომებს აღარ გავიმეორებ. თუმცა ეს უნდა მიიღო და წინ იარო. ჩემთვის ეს რბოლების ნაწილია. ეს ლამაზია, მაგრამ ხანდახან ხისტად ჩანს.

რაც შეეხება ჩემს ემოციებს…მოდით, ერთ მაგალითს მოვიყვან. რაღაც შემიძლია ვიყვირო ემოციურად, მაგრამ ეს ჩოგბურთს ჰგავს, გახსოვთ როგორ ყვიროდა ჯონ მაკინროი? ყველას ყველაფერი ესმის. თუმცა სწორედ შენი ასეთი ემოციური სახე ხვდება პრესაში და ორ კვირაში გეკითხებიან: შენ, რა, სიფიცხის გაკონტროლებაში პრობლემა გაქვს?

დაფიქრდით, სინამდვილეში ეს ხომ უპატივცემულობაა. ორი კვირა ხომ გავიდა,  ბევრი რამის გადაფიქრება შეიძლებოდა. აქ ჩემ მიმართ დამოკიდებულებაზე არ ვსაუბრობ. მთლიანობაში კი, სერიოზულად ამბობთ? რთულია შეგუება“.

ფეტელმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ფორმულა 1-დან წასვლას ჯერ არ აპირებს.

 „მიყვარს რბოლები. მიყვარს ყოველ ჯერზე სასტარტო ბილიკზე გამოსვლა, გრძნობა, რომ ხალხი ბრძოლას ელის. ეს ადრენალინის მოზღვავებას მაძლევს, კვირას დილით მანერვიულებს. დღემდე ვგრძნობ ამას.

კვლავ მსურს წარმატების მიღწევა. გამოვა თუ არა, არ ვიცი. თუმცა ზუსტად ეს მინდა, სწორედ ეს სურვილი განსაზღვრავს ჩემ მომავალს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩემპიონატში მომხდარზე“, – თქვა ფეტელმა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button