სპორტი

მარკესმა ავსტრალიაში მოიგო, ვინიალესი ბოლო წრეზე მასთან პაექრობის დროს დაეცა

ფილიპ აილენდზე, გამარჯვებისთვის დაძაბული პაექრობა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ დასრულდა. მასთან ერთად, პოდიუმზე, კელ ქრაჩლოუ და ჯეკ მილერი ავიდნენ.

ავსტრალიური რბოლა MotoGP-ის საუკეთესო ტრადიციებით ჩატარდა-ბევრი ლამაზი ბრძოლა, პოზიციების ხშირი გაცვლა და მარკ მარკესის გამარჯვება. Repsol Honda-ს ესპანელმა რაიდერმა სეზონში მე-11, კარიერტაში კი 55-ე ეტაპი, სტარტზე შეყოვნების მიუხედავად, მოიგო.

ის ლიდერთა სამეულიდან „ამოვარდა“ და პირველ წრეებზე ცოტათი ჩამორჩა, სანამ პელოტონს სათავეში ვალენტინო როსი (Monster Energy Yamaha) და ანდრეა იანონე (Aprilia Racing Team Gresini) ედგნენ. მაგრამ მარკი მალე დაუბრუნდა სამეულს, კელ ქრაჩლოუ (LCR Honda Castrol) კონტაქტით ჩამოიტოვა და მავერიკ ვინიალესს კვალში ჩაუდგა.

Monster Energy Yamaha-ს ესპანელმა რაიდერმა, პოულის ავტორმა, რბოლა ცუდად დაიწყო და ცოტა ხნით მეშვიდე იყო, მაგრამ მაინც სწრაფად დაწინაურდა. მარკესთან ერთად ის მდევრებს საკმაო მანძილით გაცდა-ნათელი იყო, რომ ყველაფერი ბოლოს გადაწყდებოდა. ადრინდელის მსგავსად, მარკი შეტევას არ ჩქარობდა და მხოლოდ ბოლო წრეზე დაწინაურდა. ვინიალესმა კონტრშეტევა ცადა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.

შედეგად, მეორე ადგილი კელ ქრაჩლოუს დარჩა, რომელიც ადრე სწორედ ფილიპ აილენდზე სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, მესამე კი, მჭიდრო ჯგუფში ბრძოლის მოგებით, ავსტრალიელი გულშემატკივრების კერპი, ჯეკ მილერი (Pramac Racing Ducati) გახდა.

პრემიერ-კლასში თავისი საუკეთესო რბოლა მილერის იტალიელმა თანაგუნდელმა, ფრანჩესკო ბანიაიამ ჩაატარა, როცა მეოთხე ადგილი დაიკავა-Pramac-ის გუნდის დებიუტანტს, პოდიუმამდე, 0.06 წამი დააკლდა. ანდრეა იანონემ, Aprilia-ს მოტოციკლით, საკუთარი და ფაუსტო გრეზინის გუნდის საუკეთესო, მეექვსე შედეგი აჩვენა. პროტოკოლში მათ შორის ესპანელი ხოან მირი (Team Suzuki ECSTAR) განლაგდა.

მხოლოდ მათ მოჰყვნენ ანდრეა დოვიციოზო (Ducati Team), რომელმაც ბოლო წრეზე შეცდომის გამო რამდენიმე პოზიცია დაკარგა და ვალენტინო როსი.

პირველივე მოსახვევის შემდეგ, დოვიციოზოს თანამემამულე-თანაგუნდელის, დანილო პეტრუჩისა და ფაბიო კვარტარაროსთვის (Petronas Yamaha SRT) რბოლა დასრულდა: სტარტის შემდგომი შეხლა-შემოხლის დროს, იტალიელი საკუთარი მოტოციკლიდან გადმოვარდა და ფრანგი რაიდერის მოტოციკლს შეასკდა. ექიმებმა ორივე შეამოწმეს და დაზიანებები ვერ აღმოუჩინეს.

ჟოან ზარკომ, ლუჩო ჩეკინელოს გუნდში-LCR Honda დებიუტი მე-13 ადგილით აღნიშნა, ხორხე ლორენსომ (Repsol Honda) მე-16 და ბოლო ადგილი დაიკავა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button